Saturday, December 4, 2021

სურვილით ვიწვი (სატრფიალო)

სურვილით ვიწვი, რომ გნახო ისევ,

რომ არასოდეს გამიშვა ხელი,

ხელჩაკიდულნი დავეშვათ მტკვარზე,

და ლურჯ ტალღებში გავცუროთ გემით.

 

გავუყვეთ ქუჩებს ნაწვიმართ, სველებს,

აღარ მომცილდე არასდროს გვერდით,

ჩვენს ნაკვალევში ჩაყოფენ ტერფებს,

შეყვარებული გაივლის ბევრი.

 

ახლა კი დუმხარ, არაფერს ამბობ

და მიუყვები სველ ქუჩებს მარტო,

და სიყვარულის იმ უთქმელ სიტყვებს

გარეთ მოარულ ლანდებს თუ ანდობ.


ცაში ვიწექი (ერთსტროფიანი, სატრფიალო)

ცაში ვიწექი მე ამ ღამეს, თეთრი ღრუბელი,

ათასი თვალი მთვარის შუქში მაბანავებდა,

ნეტავ, თუ ვიყავ ცის ტატნობზე ქალი ვრუბელის,

რომელიც მხოლოდ ქარის ველურ ვნებას დანებდა.


ახალი წელი დგებაო, იანვარს ემღერებაო, კარს შემოგვიღებს სიკეთე,

ნაღველი გაქარწყლდებაო. სახეზე ბაგეს ღიმილი, დარდი წაიღოს ძველმაო, ოჯახებს ხვავი,ბარაქა, ქართველ ერს გამრავლებაო! მისამღერი: მრავალჟამიერ ერსაო მრავალჟამიერ ჭერსაო მრავალჟამიერ, მრავალჟამიერ მრავალჟამიერ ერსაო. ყოველი დილა უღრუბლო, გალობა ანგელოზთაო, წყალობა დღესა ყოველსა, მეფობა სიყვარულსაო ახალი წელი დგებაოო ყველა ოცნება ხდებაო სანთელს დავანთებთ საუფლოს, უფალი გადმოგვხედავსო.. მისამღერ: იგივე ახალი წელი დგებაო გვიგზავნის ათას ფერსაო ცაზე დახატულ ვარსკვლავებს ტკბილეულს ბევრზე ბევრსაო... უფალმა ღმერთმა დაგლოცოთ ლხინი ამრავლოს ჩვენსაო ქართული ჰანგი ცას ასწვდეს მრავალჟამიერ ჭერსაო,. მისამღერი: იგივე მისამღერი: იგივე.ე


 ახალი წელი დგებაო, 

გვიგზავნის ათას ფერსაო,

 ცაზე დახატულ ვარსკვლავებს,

სპეტაკ თოვლს თეთრზე თეთრსაო.


ახალი წელი დგებაო,

ყველა ოცნება ხდებაო,

სანთელს დავანთებთ საუფლოს,

იებს მოისხამს ზეცაო.

.



სილამაზით და სიკეთით

შეგვამკობს ქართველ ერსაო.

Friday, December 3, 2021

ნეტავ?!


 ნეტავ, პოეტურად წასვლა როგორია,

კარებს მივუხურავ ღამეს,

ყურში ჩავჩურჩულებ ლამაზ ბეგონიას,

უკვე აღარც მინდა რამე!


მე შენს ძებნაში გავილიე (სატრფიალო)

მე შენს ძებნაში გავილიე, როგორც ფოთოლი,
ქარის ტალღებს რომ აჰყოლია, გიჟივით აშლილს,
უკიდეგანო სამყაროში ძებნით დაღლილი,
ბნელში მივწექი და ჩრდილებში ჩავინთქე ღამის,
მაგრამ უცბად შენ დაგინახე, თეთრი რაინდი,
სხივი აანთე და თვალებში შემომანათე,
იმ ღამეს მივხვდი, ჩემს თავს უკვე აღარ ვეკუთვნი
და ყველგან ვეძებ შენი თვალის მნათობ ანარეკლს.

მეორე ვარიანტი

მე შენს ძებნაში გავილიე როგორც ფოთოლი,
ქარს აყოლილი, მომლოდინე შეხვედრის ჟამის,
უკიდეგანო სამყაროში ძებნით დაღლილი,
ბნელში მივწექი და ჩრდილებში ჩავინთქე ღამის.
მაგრამ... უცბად შენ დაგინახე, თეთრი რაინდი,
შემომხედე და წამიკიდე მე ტრფობის ალი,
იმ ღამეს მივხვდი, ჩემს თავს უკვე აღარ ვეკუთვნი,
შენ მოგიძღვენი საპატრონოდ გული და თვალი.


ბებია (ასი სიტყვა)

  ჩამჭკნარი თითები ხელში ჩამიდო, ისე მომესალმა, ვისი ბიჭი ხარო, მკითხა, კარგად ვერ გხედავ, გამოიწიე, მზის შუქზე შეგხედოო. ცრემლი მომაწვა, - შენი შვილიშვილი, ვანიკო ვარ, - ვუთხარი. გულში ჩავიკარი დაპატარავებული. ავათვალიერე, სუფთად ეცვა. რას საქმიანობ, ბებია?- ვკითხე, ერთხანს ხმას არ იღებდა, მერე თვალები მოჭუტა და მიპასუხა, -  რას უნდა ვაკეთებდე მარტო ამ ეზო-კარში, სიკვდილისთვის ვემზადებიო. -  ყურადღება აღარ მოუქცევია ჩემთვის, ჭიშკრისკენ გაეშურა, ეზოდან გავიდა, იქვე პაპაჩემის გაჩორკნილ სკამზე დაჯდა, შორს მთებისკენ დაიწყო ცქერა, მივედი, გვერდზე დავუჯექი, მეც თეთრონ მთებს გავხედე, რომელთა დავიწყებაც ვერ შევძელი. -  ვის ელოდები ბებია? - ვკითხე, - შვილიშვილს, - მიპასუხა, -  სხვა ქვეყანაშია წასული, მალე ჩამოვა, ტანი მიგრძნობს... დიდხანს ვისხედით გარინდული. საღამოხანს ადგა, ხელზე ხელი მომკიდა, სახლში შემიყვანა...

ვეცემით, ვდგებით (ჩანახატი)

  რაც არ უნდა ვთქვათ, ხანმოკლეა ეს წუთისოფელი, დროის ფასი არ ვიცით და ხშირად უაზროდ ვფლანგავთ, მაშინ როცა გაფაციცებული უნდა ვიყოთ, თითოეული წამი სიკეთისთვის გამოვიყენოთ, საგზალი წავიყოლოთ იმ ქვეყანას წარმავალებმა. მახსოვს ბავშვობაში ხშირად ვეცემოდი, ხუთსართულიან სახლში ვცხოვრობდით მეხუთე სართულზე, სანამ ავიდოდი, ლიფტი არ იყო, კიბეებზე ასჯერ დავეცემოდი, მუხლები სულ გადატყავებული მქონდა და არ ვიმჩნევდი, ავდგებოდი, მაინც ზევითკენ მივიწევდი, იქ ხომ ჩემი მშობლები მელოდებოდნენ, ასეა ჩვენი ცხოვრება, ვეცემით, ვდგებით, მაინც ვაგრძელებთ გზას, მერე კი წავალთ ჩვენს დამბადებლებთან, სანამ აქ ვართ კი არ შევიმჩნიოთ დაღლა და ტკივილები!

და ახლაც ისევ, ვეცემი, ვდგები,
გული სიყვარულს და ალერსს ითხოვს,
თუმცა ვიგემე ტკივილი ბევრი,
ბრძოლას მოვიგებ, მაინცა ვფიქრობ.
მაია დიაკონიძე
3.12.2021წ