Monday, November 30, 2020

ავტ. ტარიელ ხარხელაური

 ვიდრემდის ქარები მლოკავენ,

ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები...
გულო,შენ მჭირდები მბორგავი,
გულო, შენ ტყუილად მეღლები.
გულო, რა ნისლებში დაცურავ,
ცრემლები რა შენი საქმეა,
სიკვდილი შენ გიდგას მსახურად,
სად ეძებ?! - შენს ზურგთან, აქვეა...
გულო, სხვას ვის უნდა შევჩივლო,
ვიფრინოთ, ვიდრემდის ფრთებია,
გულო, შენ მჭირდები, შეშლილი,
სიკვდილით ლაჩარნი ჰკრთებიან,
გულო, შენ მჭირდები მბორგავი,
ვიკმაროთ, რაც დამიკვნესია.
ნუ ვზოგავთ, როცა არ გვზოგავენ -
დათმობა დიაცთა წესია.
ვემზადოთ მსოფლიო ომისთვის,
კარგია, იფხიზლებ,კანკალებ,
ბორკილი მზადდება მონისთვის -
შენ დაბადებამდე გასწავლეს.
ვიდრემდის ქარები მლოკავენ,
ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები,
გულო, შენ მჭირდები მბორგავი,
გულო, რა ტყუილად მეღლები.

Sunday, November 29, 2020

მე მივდიოდი, შენ მიდიოდი...

მე მივდიოდი, შემ მიდიოდი
და მივდიოდით ჩვენ ყველა მზესთან,
არ იყო ღამე, არ იყო დღე და
მარადიული იქ იყო ზეცა.
მე მივდიოდი, შენ მიდიოდი,
მივიჩქაროდით ზეცაში მზესთან,
და დაეწია ვიღაცას ღამე,
ვეღარ გააქრო უკუნი მზემაც.
მე მივდიოდი, შენ მიდიოდი,
გვართმევდნენ ჩვენ წილ სხივსა და მზესაც,
ამიტომ დარჩა უკუნი დღესაც,
კაცობრიობის ძირმწარე სევდად.


Saturday, November 28, 2020

გმირო, რომ წირავ სიცოცხლეს!

 გმირო, რომ წირავ სიცოცხლეს,

შენ არ მოკვდები, იცოდე,

შენთან შეხვედრა არ უნდა,

არც მტერს და არცა სიკვდილსა,

მუხლს მოგიყრიან კლდეები,

დედაც კი აღარ ტირისა,

მოგეგებება თამარი,

როგორც ძესა და მზის შვილსა.



სიზმარი (28 ნოემბერი)

 ამ ღამით სიზმარში ვნახე, თითქოს ბავშვები: გოგონა და ბიჭი მომაბარეს, მაგრამ ვერ მოვუარე, ჯერ გოგონა მომიყვანეს, თვეების იყო, ხან იქით გადაცოცდებოდა, ხან აქეთ, უკან დავსდევდი, მერე უცებ თვალსა და ხელშუა გამიქრა, მოულოდნელად, ამ დროს იქვე მყავდა, თვალწინ, თავზარდაცემული ვეძებდი, ბოლოს მითხრეს, პატრონმა წაიყვანაო, მერე ბიჭი ჩამაბარეს, ყოჩაღი, ისიც დავკარგე, გარეთ ვიპოვე, მიწა ამოეთხარა და შიგნით იწვა, ძლივს ამოვიყვანე იქიდან, დავბანე, გავასუფთავე, მაგრამ ისიც წამართვეს. ტანჯვაში გამომეღვიძა, მივხვდი, რომ ჩემს გარდაცვლილ და-ძმაზე იყო ეს სიზმარი, მამა ღმერთმა წაიყვანა ორივე, ვერ შევძელი მათი დახმარება, ნათელში იყვნენ

Friday, November 27, 2020

ავტ, ირმა კვაშილავა

 მე არც მოსვლა მითხოვია და არც წასვლა,

არც მოფრენა და არც გულიდან გაფრენა...

არც ფერები მითხოვია დასახატად,

არც ნოტები სულის ძარღვზე დასაკრავად...

შთაგონება დაითესა, გაიზარდა,

აყვავილდა ვით ბუჩქნარში ნაზი ია,

მიეშველე, იქნებ წყურვილს ვეღარ იკლავს,

მიეშველე, არ დაეწყოს აგონია,

სიყვარულის მოლოდინში ჭკნება სული

მოლოდინში იკარგება სიყვარული.


Thursday, November 26, 2020

მეგობრობის შესახებ, ავტ. ვაჟა შაქარაშვილი, ფეისგვერდიდან

 დილა მშვიდობისა, საქართველო!

მოჩვენებითი მეგობრობა, ანგარებითი ძმაკაცობა, დამალულ სატევარს მაგონებს, ჩამოჰგავს. - ყალბ მეგობართა ნაცვლად, ღამეული სიჩუმე შემომრჩა. რატომ? - იმიტომ, რომ იგი მუნჯია. გულისტკივილით უთქვამს, უბრძანებია გენიოს მწერალს, - ყველაზე ერთგული ძილი და სიკვდილია. არაფერს გპირდებიან, ყველაფერს ასრულებენ...
დიდი ფუფუნება, უფლის წყალობაა ნაღდი, ნამდვილი მეგობარი, რასაც რომ გაფრთხილება სჭირდება.
ანტონიუსმა ეროსს, თავის ერთგულ მსახურს, უბრძანა განეგმირა იგი. ამის ნაცვლად, მან, საკუთარ თავს გამოუტანა მძიმე ვერდიქტი - თავად ეროსმა მოიკლა თავი, ზეადამიანური სიმამაცე-თავგანწირვის მაგალითით ანთებული ანტონიუსი თავად წამოეგო საკუთარ მახვილს.
- სიცოცხლეგანაწამებ ჰერაკლეს, მისივე ნების შესატყვისად, შესაბამისად, მეგობრებმა მოუმზადეს სარეცელი. მწყობრად დაწყობილ ხეთა გროვას ვაჟმა ჰელესმა და მეგობარმა ფილიქტეტემ შეუნთეს ცეცხლი, რითაც ბოლო მოუღეს სასტიკ სატანჯველს. ეს, ბუნებრივია, უმძიმესი ხვედრი გახლდათ ჰერაკლეს მეგობარ ფილიქტეტესთვის, თანაც ამ უკანასკნელმა ვალდებულად სცნო, მეგობრისთვის ამდაგვარი მძიმე ნაბიჯი გადაედგა.
- ჰიპოკრატემ ცნობილ ფილოსოფოსსა და მეგობარ-ემპილოკლეს, თვითმკვლელობის ჩასადენად, რომელიც ასევე აუტანელი ტკივილებისგან იტანჯებოდა, საწამლავის მიცებაზე უარი განუცხადა; თუმც ემპილოკლემ სიცოცხლე მაინც თვითმკვლელობით მოისწრაფა - კლდიდან გადაეშვა უფსკრულს. სწორედ ამის გამო დაწერა ჰიპოკრატემ ცნობილი „ჰიპოკრატის ფიცი“, სადაც მკაცრად ილაშქრებს თვითმკვლელობის წინააღმდეგ და ავადმყოფის ბოლომდე მკურნალობას მოითხოვს.
ძველ რომში მეგობრობა მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეეძლოთ, მონებს შორის მეგობრობა იკრძალებოდა, რამეთუ მათ შორის მეგობრობა შეთქმულებად აღიქმებოდა, იმპერიისთვის საფრთხის შემცველი გახლდათ.
მეგობარი მოვალეა, გზად ჩამორჩენილს დაელოდოს, უდროო დროს ჩაძინებული - გამოაღვიძოს, თუ საჭიროა - შემოუძახოს. მეგობრად ვერ მიიჩნევა, ვინც ბრმად გიკატუნებს თავს, ყველაფერზე გეთანხმება, ამას ხომ საკუთარი ჩრდილიც შესანიშნავად ახერხებს! ისე კი, კაცმა რომ თქვას, დიდსულოვნად, მეგობრის პატიებაც უნდა შესძლო, რაც მხოლოდ ერთეულებს ხელეწიფებათ. ჩინგიზ-ხანს მისმა მეგობრებმა ვან ხანმა, ჯამუხამ, ქუჩარაიმ და ალაიხანმა სამ-სამჯერ უღალატეს, მან კი სამ-სამჯერვე აპატია.
ნაღდ მეგობარს ნარ-ეკლით გადავსებული საწუთისოფლო ბილიკები გამოარჩევს ორგულისაგან.
მოერთჯამეთ დაგილოცავთ, მეგობრებო!
ჩვენს მეგობრებს გაუმარჯოს, რომლებიც მზად არიან ჩვენს ფეხზე წამოსაყენებლად, თავად წაიქცნენ!

Wednesday, November 25, 2020

ერთსტროფიანი

 თავს იწონებენ სიმდიდრით და ოქროულობით,

ვერა ხვდებიან, რომ მიჰყიდეს ეშმაკს სულები
და სამოთხეში მოხვდებიან ერთეულები.