Wednesday, May 31, 2017

რატომ უნდა გვჭირდებოდეს ნატვრა?! (ავტ. სოფიო ჭელიძე)

  ძალიან მიყვარს ნაძვის ხე, ფერად-ფერადი სათამაშოებით აჭრელებული, მათში არეკლილი ჩვენი ოცნებები, ჩემი, შენი, ყველასი, ნათურების ციმციმი, თვალისმომჭრელი სილამაზე, ფუმფულა და თან ჩხვლეტია ნაძვის ხე...  წიწვებთან შეხება მომწონს, მაცოცხლებს, ვგრძნობ, რომ ვარსებობ... ბებია ახალი წლის წინა დღეს სხვადასხვა ქსოვილებისგან ნაჭრებს გამოგვიჭრის და გვირიგებს, სურვილები ჩაიფიქრეთ და ნაძვის ხეს გამოაბითო, ჩვენც სიამოვნებით ვასრულებთ მის თხოვნას, ჩემი ბებია აქაური არ არის, საახალწლოდ ჩამოდის ხოლმე, - მის ოჯახში, მის ქვეყანაში თურმე ასეთი ტრადიცია ყოფილა, თანაც სტუმარს ხომ არ ვაწყენინებთ, მით უმეტეს საყვარელ ადამიანს. ... სიმართლე გითხრათ, მომწონს კიდევაც ეს საქმიანობა და ფაციფუცი, ჩვენს ნაძვის ხესაც შეემატება ხოლმე ახალი ატრიბუტები,
    დავაკვირდი და ჭრელ-ჭრელი ნაჭრები ყოველწლიურად მატულობს, ჩემი ძმები ჩუმ-ჩუმად ერთს კი არა, ორს და სამს გამოაბამენ ხოლმე ჩვენს მზეთუნახავს, ნელ-ნელა გავმრავლდით კიდეც და ახლა უამრავი ჭრელი ნაჭერია შებმული ჩვენს ნაძვის ხეზე, მაგრამ აღარ არის ის მთავარი, ნაძვის ხის წვეროსთან,
    წელს ბებია აღარ ჩამოვიდა, ყველანი ნაღვლიანად შევცქეროდით ნატვრის ნაჭრებით დახუნძლულ ნაძვის ხეს, ნუთუ აღარასოდეს ასრულდებოდა ბებიას სურვილი თუ ის უკვე ასრულდა?! -  ჩვენ ხომ ყველანი ერთად ვიყავით, მთელი ჩვენი დიდი ოჯახი, ამ ახალი წლის ღამეს. ავდექი, ცისფერი ყვავილებით მოხატული ნაჭერი ამოვირჩიე და ნაძვის ხის წვეროსთან შევაბი, სწორედ იქ, სადაც ბებიას ნატვრის  და სურვილების სამფლობელო იყო... სევდა-ნაღველ მოწოლილ გულში კი კითხვა დამებადა და ჩემი სასწრაფოდ შეთხზული ლექსი წავიმღერე გულში:      

                                                  რატომ უნდა გვჭირდებოდეს ნატვრა?
                                                  ღმერთს ხომ ჩვენი უსიტყვოდაც ესმის,
                                                  ჩვენს გულებში რჩება რჩეულ კადრად,
                                                  თანამგრძნობი კაცისაც და ღმერთის,
                                                  ვისაც ღამით სულ არ სძინავს ფიქრით,
                                                  ცდილობს, ყველას  ცოტა მაინც არგოს,
                                                  რატომ უნდა გვჭირდებოდეს ნატვრა,
                                                  იქნებ, ყველამ ერთი კედრი დავრგოთ,
                                                  რომ შეისხას ოცნებებმა ფრთები,
                                                  თორემ მერე არ აღმოჩნდეს გვიან,
                                                  ნატვრის ნაჭრით დახუნძლული კედრის
                                                  ქვეშ ბებიას, მადლით სავსეს, სძინავს.
      რატომ უნდა გვჭირდებოდეს ნატვრა, ჩვენ ხომ ბედნიერებისთვის ვიბადებით?!
                                               



საქმე

დილიდან ვსაქმიანობ,
მინდა საქმეში დავმალო
სახე, თვალები, წყენა,
საქმეში ბევრი რამე იმალება,
ბევრი რამე გვავიწყდება,
ის, ალბათ რასაც თავს არ ვუმხელთ,
რასაც ვცოდავთ, რასაც მივტირით,
საქმეში ჩვენც აღარ ვჩანვართ,
ვეღარ გვამჩნევენ,
ჩვენ ვართ საქმე
და საქმე ვართ ჩვენ,
ვუჩინარდებით საქმეში,
ვბერდებით და მხოლოდ
ჩვენი სიკვდილის მერე
ხვდებიან, რომ
საქმე და ჩვენ
ერთად წავედით.


Monday, May 29, 2017

მე მეშინია

მე მეშინია აისბერგების, კიდევ სიმაღლის, კიდევ ატომის,
ვიღაცის ტვინში სქემის დაწყობის,  გაბათილების ჩვენი რაობის,
სიზარმაცის და უნიათობის, ბრაზის, ზიზღის და კაცთარდანდობის,
ბოროტების და უკეთურების, თავი რომ ხდება უბედურების.

უპირატესობას ვანიჭებ!

გულის ხვეულებში ჩავიკეცე ერთი-ორი მონოლოგი,
მსჯავრდებულივით დავაკვირდი ჩემს ცრუ ცხოვრებას მიკროსკოპით,
ვადარებ შექსპირის დირექტივს ჩემს უნდილ ნაბიჯებს, ვაბიჯებ
საზღვარს და უპირატესობას მორალს და ეტიკეტს ვანიჭებ.


Sunday, May 28, 2017

ერთსტროფიანები

ავანთებ სანთელს და გავჩუმდები, 
მამა ღმერთს ჩემი უსიტყვოდ ესმის,
შენ კი, ბოროტო ადამიანო,
რად აღგიჭურვავს სიტყვები ნესტრით.

მძივებს შორის, მძივებს შორის,
მაინც რჩება სივრცე და 
ამ სივრცეს, როგორც მძივებს, 
მხოლოდ ძაფი იჭერს.

გავტყდები ისე, როგორც გატყდა ოდესღაც მამა,
როცა დანისლა მაღალი მთა სეტყვამ და წვიმამ,
ღვარცოფმა გულში ჩაატანა ღორღი და რკინა,
ნაომარ ველზე მეც მის გვერდზე დავიდებ ბინას.


რა ცოდვებმა ამოგვზიდა მიწიდან,
ან რა ცოდვით ვწვებით ისევ მიწაში,
ღირს კი ნეტავ, ეს ცხოვრება ღიმილად,
თუ კი კაცის სიკეთეს არ იწამებ.

Thursday, May 25, 2017

უფალს!


კალოზე არის ნალეწი,
ჩვენი არსობის პურია,
გმადლობ, რომ გამოიმეტე,
მუდამ გვშია და გვწყურია,
ყანა მზის ცვარში გვიკურთხე,
მწყერი ჩაგვისვი კალთაში,
მადლისმქმნელს მიეც მშვიდობა,
ბალღი აცურე კარაქში.





ამაღლება

ამაღლება, წარმოგვიდგა ცა ნაკრებად მზის და მთვარის,
სხივებს მიჰყავთ ზევით-ზევით მაცხოვარი, მხსნელი კაცის,
ჩვენს იმედად და ოცნებად რჩება ღმერთი, ქვეყნად ერთი,
ამაღლება, -  მისი სიტყვა დაივანებს ათას მკერდში.