Thursday, April 28, 2016

ველის ყაყაჩო (ვუძღვნი ემიგრანტ ქალებს)

სიყვარულშიაც არა გყავს ტოლი,
ყანები, ველი ვნებით დაფარე,
სილამაზის ხარ, შენ დედოფალი,
წითელკაბაში გამოწყობილი
ჩვენი გულების ნაწილს ატარებ.
თუმცა გარედან ძლიერი ჩანხარ,
ნაზი ხარ, უნდო, გრძნობებსათუთი,
სიტურფით, გულით ქართველ ქალს ჰგავხარ,
ყველა ყვავილში გამორჩეული,
უსამშობლოოდ გიჭირს სიცოცხლე.

.

Wednesday, April 27, 2016

ყაჩაღი ქარი

ყაჩაღი ქარი, ნაძარცვით ხელში
სახლში ბრუნდება, კლდეებში ბუდობს,
დალეწილ ტოტებს  ჰაერში ისვრის,
სტვენით, ღმუილით საყვარელს უხმობს.
მიეგებება დალალდაყრილი დალი,
უმზადებს მიჯნურს საუზმეს,
ხელაღებული შეყვარებული
მას ყაბაჩას და რიდეს აჩუქებს.
კლდის ქიმზე ერთად ჩამოსხდებიან
ქარი და დალი, დალალდაყრილი, -
მოუხვევია ლურჯი მანდილი
და გადასცქერის მიწას ქადილით.

Monday, April 25, 2016

ჩემი ბებო

ფართიფურთით მოდის ფუთით
ჩემი ბებო, საამური 
ტკბილი ხმით და გულისყურით
მაკვირდება, ალღო მდედრის
არ ატყუებს, სიყვარული 
ვერ დავმალე და ალმური
ამივიდა მე სახეზე, გამიკვირდა.
ბებო, ჩემი გულთმხილავი,
ჩემი დიდი მხარდამჭერი
მოდის გზაზე ფართიფურთით
დიდი ფუთით და მოცვივა 
თვალებიდან ალმასები, 
ცრემლი წმინდა!

ჩემი ტკბილი ბავშვობა

ჩემი სოფლის ყაყაჩომ
მიწა კოცნით დაახრჩო,
გააწითლა ყანები,
ერთურთს შენაცვალები.
მირბი-მორბის თვალები,
გრძნობასაყოლილები,
მიცინიან ბავშვები,
გზასთან დაჩოქილები.
წყაროს წყალზე მისული
ქვის კიდეზე დავჯდები,
შხეფი-შხეფად დიოდეს,
ცვრად ზედ გადმომდიოდეს,
ნაკად-ნაკად სხივები
მეფრქვეოდნენ ფერებად,
ჩემი ტკბილი ბავშვობა
თავზე მომეფერება.

არ წამოეკრა ფეხი

როცა საკუთარ გულს მძევლად უტოვებ სხვას,
ის სხვა იმ ძაფებს ჭრის, რომლის მოქსოვაც გწადს...
სურვილებიან ფარდაგს ძირს გავუფენდი, ევლო,
არ წამოეკრა ფეხი, ამოჰყოლოდა ფერდობს.
რომ არ გაჭროდა ტერფი დანის პირზე და ქვებზე,
ზიარებოდა სითბოს, რუჯი მიეღო მზეზე,
გაჰნათებოდა ბნელი, გადმოეხედა მთვარეს...
მძებნელი სიყვარულის მე უმისობით მავსებს.







Sunday, April 24, 2016

ღმერთმა დაგლოცოს შენ, საქართველოვ!

ხერთვისს ხარობენ ხოდაბუნები,
ხოხობს შეუსხამს თეთრი საყელო,
მწვანე ბალახის ხვართქალებს მოლი...
ღმერთმა დაგლოცოს შენ, საქართველოვ!

ბზობის მადლი

ბზობის მადლი გვედგას ქვაბით,
შიგ ვაწობდეთ ყველა პურსო,
ერთურთს გადავაწოდებდეთ...
ეს მოუკლავს ბოროტს გულსო.