Monday, March 30, 2015

არიფანა

ჩვენ ზღაპრების სამყაროში
ვთამაშობდით არიფანას,
ყვავილების მეფე იყავ,
ზეცა გვქონდა, ბავშვებს, ბანად.
სტუმრად გვესხდა ვარსკვლავები,
მზე გვიკრეფდა ოქროს თავთავს,
მე შროშანში ვეხვეოდი,
მთვარემ ვარცლში მაბანავა.
ფერად-ფერად ხალიჩებზე
ბედმა ბევრჯერ გაგვატარა...
შენ - ყვავილთა მეფე იყავ,
მე - პატარა დედოფალა.


სისველე ატყვია ქუჩებს

სისველე ატყვია ქუჩებს,
სისველე ატყვია გულსაც,
დარდობენ ღრუბლები ცაზე,
ხეები გლოვობენ უტყვად.

Sunday, March 29, 2015

ბავშვობის გემიდან გაქცევას ვაპირებ

ნესტიან ქუჩებში შევიგრძნობ სისველეს,
ცრემლების ნაკადი შეერწყა ამინდებს,
ბავშვობის გემიდან გაქცევას ვაპირებ,
შუქნიშნის ფერები, თითქოს, თვალს მარიდებს.
გავრბივარ- მწვანეა... ვჩერდები- წითელი...
დრო გადის, არაფერს არა აქვს მნიშვნელი,
წვიმა  თუ ჩარეცხავს ხელნაწერ ტრაფარეტს,
ნაღველს და სისველეს ჩემს გულს რომ ამატებს.


Saturday, March 28, 2015

გიხაროდეს, საქართველოვ!

ჰაი, ხელში ჯოხი მომცეს,
უცებ ყლორტი გამოიღო,
ვაზის ძირი მეგონაო,
საქართველოს ფესვი იყო,
ჩაკირულა შიგნით გული,
ქართველის და არა სხვისა,
ქარვისფერი მტევნის წვენით
გავსებულა ღვინის სირჩა.
ცაში აწვდილ  ნერგში ვხედავთ
ჩვენს მომავალს, სიტყვას ღვთისას,
გიხაროდეს, საქართველოვ,
მეციხოვნევ ნინოს ჯვრისა!

Monday, March 23, 2015

ოდა წმინდა ნინოს

უმაღლესო, უნაზესო,
თოვლის ფიფქო,
სულთა თანავ!
შენი შვილი,
მონა ღვთისა,
შეგავედრებ მამულს, განა!
ატმის რტოო, ედემს რგულო,
სულის თქმა ხარ, თვალის ჩინი,
დაგვითესე პურის ყანა,
უკან დაგვრჩეს გასაჭირი!
შენი თვალის ნაშუქია,
საქართველო, მიწა ვაზის,
შენი გულის  ნაჟურია,
მთების წყარო, თავს რომ დაგვდის.
შენი ნაზი ღიმილია
მზის სხივები, მთებს რომ დრეკენ,
შენ, სიმტკიცევ, ქართლის ზღუდის,
შენ, შუქურავ, სიკეთისა,
ყველა შენი შვილები ვართ,
შენს ნატერფალს სისხლით ვიცავთ.
შენით ვხარობთ, შენით ვცოცხლობთ,
შენით ბრუნავს დედამიწა,
შენ, ნაწილო, ჩვენი სულის,
მოვლენილო მაღლა ციდან!

უმწეონი ცას შევყურებთ

ჩინი მოგვცა უჩინოთა,
აგვიხილა ცოდნით თვალი,
მაგრამ ვაი, თვალახილულთა, 
მოგვიღუნავს ცოდვის რკალი.
სიტყვას ყური აღარ ვუგდეთ,
ღმერთმა რწმენით მოგვაბარა,
ბოროტმა კი- დრო იხელთა,
შეებრძოლა ღვთიურ ძალას,
დღეს ეშმაკი მახეს გვიგებს,
თავის სივრცეს აფართოებს,
ჩვენ, ცოდვებში ჩავარდნილნი, 
უმწეონი ცას შევყურებთ.


Saturday, March 21, 2015

გამიჭირდება

გამიჭირდება გითხრა" მიყვარხარ",
დაფნის გვირგვინი გაზაფხულს ერგო,
შენ კი-დამჯდარი თოვლიან მთასთან,
ცივი ქარივით ყინულებს ვერ თმობ.