Thursday, July 31, 2014

ფარჩებად ჰყრია

ტიროდა ზეცა და ლურჯი ფარჩა,
სადღაც შორეთში, მთის იქით დარჩა,
ზღვას შემოსცმია ფერები მწუხრის,
აფრები, თითქოს, ქედს უხრის წუხილს..
გაუტაციათ შავ ზვირთებს ბავშვი,
დედის ცრემლები აწყდება ნაპირს,
პატარას თვალი შემორჩა ღია,
მისი სამოსი ფარჩებად ყრია.

რადა ლაღობ, უფლის ჩიტო?!

- რადა ლაღობ, უფლის ჩიტო,
რად ჭიკჭიკებ, რადა მღერი?!
- დილით ბიჭი დაიბადა,
ასახელოს უნდა ერი!
მამულს რწმენით ემსახუროს,
ღვთიურ სიტყვას მისცეს ფასი,
სიყვარული ჰქონდეს მუდამ
ჯერ ღმერთის და მერე კაცის.

ციცქნა ბიჭი(საბავშვო)

ციცქნა ბიჭი მუშტებს იქნევს,
ემუქრება კატის ცინტალს,
შენ დარჩები კოკროჭინა,
მე მივწვდები ღრუბლის ფთილას,
რომ გავხდები მუხის ხელა,
კუნთს დავიდებ ბატიბუტად,
მე დავდგები გამრჯე კაცი,
შენ კი, ივლი უსაქმურად.
თაგვის ჭერა შენ არ იცი,
თევზი ვეღარ მოგართვიო,
ანკესი რად გამიფუჭე,
სარჩენი მყავს ოჯახიო.

მუხრანის ზემოთ

რაც არ მესმოდა

მუხრანის ზემოთ ტყე არის ლურჯი,
მუხრანის ქვემოთ მწვანეა მდელო,
გზებზე თამაშობს, ბინდს იკრებს ნისლი,
მგზავრს, გვიან მავალს, მგელივით მტერობს.
მშვილდად მოზიდულ მთებს ვეტყვი სალამს,
ყაყაჩოს, წითელს, ჩავიკრავ გულში...
გთხოვ მაპატიო, ღმერთო, ყოველი,
რაც არ მესმოდა ურწმუნოს, გუშინ.
მაია დიაკონიძე
31.07.2014 წელი

Wednesday, July 30, 2014

მე არ გპატიობ

მე არ გპატიობ, გულს, გატეხილს,
სარკეში ჩემი ცხოვრების ნატეხებს ვხედავ,
მაგრამ მაინც მიჭირს მათი გადაგდება,
ისინიც შენი ნაჩუქარია.


Sunday, July 27, 2014

დეპრესია (სახუმარო)

მომერია დეპრესია,
პრესის ქვეშ ვარ
შინ და გარეთ,
ირგვლივ მუქი ფერებია, -
ეს სამყარო მიგებს მახეს.
ეს რა იყო, არ ვიცოდი,
სევდა ისევ მომეძალა, -
ღამით სულმთლად აღარ მძინავს,
ამერია დრო და ხანა.
ნეტავ ჩვენი წინაპრები
თუ იცნობდნენ ამგვარ საფრთხეს...
გამოწერდნენ შვილებისთვის
იმთავითვე  თოხის აბებს.

Saturday, July 26, 2014

ღალატი (სახუმარო)

როგორც ქარი, ბნელ ოთახში,
დიდ მარულას გამართავს,
ზოგი ქმარიც, თუ  ენდობი,
ღალატის ქსელს დაართავს,
მერე თვითონ გაებმება,
ხდება სხვისი მორჩილი,
შენს ქმარს, ქალო, სხვას ნუ მისცემ,
თორემ გელის "პროფილი".