Thursday, October 31, 2013

სევდა

მოგონებებს დააფრინდა ჩიტი,
ამოკენკა, დამიტოვა სევდა,
გულს მიწვრილებს კოდალას ხმა ტყეში,
კაკ-კუკ, კაკ-კუკ, - გულის ფიცარს ჭედავს.
დაუბერავს შემოდგომის ქარი, -
ფოთლებივით ამიკენწლავს ფიქრებს.
მიწა საბანს დაიფარებს მალე,
მე კი ნაღველს თავშალივით ვიხვევ.

Wednesday, October 30, 2013

ჩამტყდარა ხიდები

ჩამტყდარა ხიდები, ერთმანეთს ვეღარ ვცნობთ,
არ გვესმის ამ ქვეყნის ტკივილი, გოდება,
ჩაკეტილ სახლებში, ფიქრების საყრელზე,
გულქვა სიმარტოვე სარკმელთან მოდგება.
უგრძნობი სამყარო  გამშრალი თვალებით,
ფულზე დაგეშილი ძაღლური ალღოთი,
სულს ითქვამს წამებით, ჩქარობს და გვაბრუნებს...
ციყვივით, ნაღველით ტყის პირებს გავყურებ.

ეთერივით გვეხვევა ანგელოზთა კრებული

დედამიწა ტრიალებს, ლურჯ ბურუსში ეხვევა,
ძალი, სიტყვა ღვთიური ძირს ჩამოდის ლექსებად,
ეთერივით თანა გვდევს ანგელოზთა კრებული,
ზრუნვით ყველა ჩვენგანზე და უხორცო სხეულით.
ხან სიზმრებში მოდიან სიკეთეზე მლოცველნი,
ცხოვრების გზას სახავენ, ძილშიც ჩვენთან მყოფელნი.
ხანაც დღისით, წმინდანი, შეგვამკობენ ნათელით,
მხარს გვიმშვენებს თითოეულს სხივთა შარავანდედი.
ღმერთის მადლით გვფარავენ, სიყვარულით გვათბობენ,
ბოროტისგან გამოხსნას ჩვენთა სულთა ლამობენ,
ვაზის შტონი დაგვირგეს, უფლის სიტყვით დახუნძლეს,
ნეტარების ძალით და ქრისტეს ჯვარით გვაკურთხეს.






ინტონაციური ლექსები

ვარდი დააზრო ყინვამა,
ძირს მოცელილა ბალახი,
მზე ვიღას უნდა ესტუმროს,
წინ ეგებება ტალახი.
 

           ========
ვარსკვლავებს ეთამაშები,
ქვეყნად არა გყავს ტოლია,
შენ მზე და მთვარე მოხიბლე,
თავზე გვირგვინი გქონია.

           ========
ქარებს ცელქობა მოუნდათ,
ღრუბლებს წამოჰკრეს ხელია,
მიწამ წყურვილი მოიკლა,
ახლა მნათობის ჯერია.

Monday, October 28, 2013

ყველას ლოცვა გზას იპოვის ღმერთთან

დააკვირდით სანთლის ალის ლიცლიცს,
მლოცველივით, ზოგი სწრაფად იწვის,
ზოგი წვეთ-წვეთ იღვენთება ნაზად,
ზოგის ტკრციალს ცეცხლიც დიდი ახლავს,
ზოგი ფეთქავს ვარსკვლავივით ნელა,
დროდადრო რომ ცის ტატნობზე ელავს,
ზოგიც ქრება, ისე სწრაფად ქრება,
სიტყვის თქმასაც ვეღარ ასწრებს ღმერთთან,
მაგრამ ლოცვა არ დარჩება ქვევით,
სანთლის ალი მაღლა ღრუბლებს სწვდება,
ანთებულა დედამიწა, იწვის
და ხელები გადიქცევა ფრთებად.

Saturday, October 26, 2013

მე შემოდგომამ ამკინძა ფიქრად

მე შემოდგომამ ამკინძა ფიქრად,
მოგონებები აშლილა ქვიშის,
ქარი სახეში შემაყრის ფოთლებს,
თითქოს ბუნებაც ჩემსავით ტირის...
სიკვდილის სუნი დამდგარა ტყეში,
ნეკერჩხლის ფოთოლს დაეტყო წყენა,
ჩემს გულს შეზრდია სიშავე მიწის,
სევდის ღრუბელი იღვრება ცრემლად.

შემოდგომა

ქარმა ღრუბლები გარეკა,
ტირიან, როგორ ტირიან,
ცრემლი ჩამოსდით ხეებსაც, -
თავის სიშიშვლეს ჩივიან,
ფოთლებს, აკინძულს მძივებად,
მიწა გულმკერდზე დაიფენს,
ჩაშავებული ფერებით
გლოვის მიზეზსაც გაგვიმხელს,
ღრუბლები ქარმა გარეკა,
ტირიან, როგორ ტირიან...
მზე შემომჯდარა კოფოზე, -
ჩვენთვის სინათლის სხივია.