Thursday, July 10, 2025

ვით მივატოვეთ...

ვით მივატოვეთ ჩვენი ჯვარ-ხატი,

ოქროს ყანები, ველი ამარტის

და სხვის მიწაზე დავიარებით,

გულგასენილნი ნაიარევით.


ზურგს უმაგრებენ  ერთმანეთს მთები,

მწყემსი კეთილი ზედ ნისლებს წველის,

ძუძუგამშრალთ რომ რძე მიაწოდოს,

ბედის ამარა არ მიატოვოს.


აურზაურით გადიან წლები,

თავისას გვთხოვენ წინაპართ ძვლები,

უპატრონეთო ზეცას და მიწას,

ნუ დაამსგავსებთ დაკარგულ რიწას.

15.06.2025 წელი

მინიმა

 მინიმა

შენ თუ არად მიგაჩნივარ,
რად მოგაბა მე საბელი?!
რომ გგონია ზოგი ჩია,
მერე არის დასაბმელი!
მაია დიაკონიძე
10.07.2025 წელი

სახუმარო

 სახუმარო!

ვერ სთხოვ ვერავის ვერაფერს,
სიტყვას დაადეს ფასი,
ვიყავი ძიძაც, მებაღეც,
ვუყარაულე სათიბს.
მაგრამ ბალახიც არ მომცეს,
ირემმა მისცა ირემს,
ალბათ, უფალო, შეგცოდე,
ვეხმარებოდი ვირებს!
მაია დიაკონიძე
9.07.2025 წელი

Wednesday, July 9, 2025

ნაადრევად არ დაზამთრდეს გულში, ავტ. ხათუნა შავგულიძე

ნაადრევად არ დაზამთრდეს გულში
ნაადრევად ჩამოთოვა თითქოს...
თავს მახსენებს იდუმალი სევდა-
ეჰ, რამდენი დაზამთრება იყო,
ეჰ, გაზაფხულს რა ფერები სდევდა...
სულს ათასი მოგონებით ვითბობ,
გარეთ კიდევ უსასრულოდ ბარდნის-
ეჰ, როგორი სიყვარული იყო...
ეჰ, როგორი განშორების დარდი...
ეჰ, რამდენი საყვარელი სახე
შეერია იმ გარდასულ მითებს...
გული ახსნის მოგონებას სარქველს
და მათ თვალებს ვარსკვლავებად მინთებს.
გადაწვდება ფიქრი მშობელ მხარეს,
დამიბინდავს თვალს ცრემლების ფარდა
და ეს ლექსიც, განა არის რამე
უსაშველო მონატრების გარდა?..
მაგრამ...მაინც წელს დათოვა ადრე-
შეერია ფიქრს ფარული კვნესა...
დაგვიდგება გაზაფხულიც მალე
და იმედი ძველ იარებს კემსავს.
ასე იყო ჩვენამდე და ხვალეც
გაგრძელდება, რაც დაიწყო გუშინ...
ოღონდ, სითბო არ ჩაგვიქრეს მალე-
ნაადრევად არ დაზამთრდეს გულში...
ხათუნა ❤

Tuesday, July 8, 2025

საუკუნეს გატოლებულ მარი აბრამიშვილს!

 საუკუნეს გატოლებულ მარი აბრამიშვილს!

ზიდე სამშობლოს ტვირთი შენ მძიმე,
არ მოგიხრია არასდროს ქედი,
თვალმარგალიტად აკინძულ მძივად
შემომანათე დღეს შენი ლექსით.
ქალის უნაზეს ფრთებით და მკერდით,
ლაღი სიმღერით ლახვრავდი მსახვრალს,
შენი შემწე ხომ იყო თვით ღმერთი,
დღეს მაღლა ციდან გვაფარებ კალთას.
მაია დიაკონიძე
8.07.2025 წელი

,,კუნწულა" ლექსებიდან:

 ,,კუნწულა" ლექსებიდან:

- სიყვარულია სულთფორიაქი, -
ჩაიღიმილა ბებერმა მუხამ,
- ნუშ-ატმები რომ შემომცინებენ,
მაშინვე გავშლი წელსაც და მუხლსაც.
მაია დიაკონიძე
7.07.2025 წელი
-------------------
მთელი არსით რომ მივენდე,
მან გამომჭრა ზუსტად ყელი,
,,ხამს მოყვარე მოყვრისათვის"
ნათქვამია ძველისძველი,
ჭირში თუ არ დამიდექი,
მაშინ ჩემგან რაღას ელი?!
მაია დიაკონიძე
28.05.2025 წელი
-----------------------------
კოცნის გრიგალი გიგზავნე,
შენ კი ხელები მაჭმიე,
მე გიგროვებდი ცის ნამებს,
შენ ღიმილს გადამაჩვიე.
ამას გთხოვ, ღმერთი იწამე, -
ზეცის კარიბჭეს მაწვიე,
7.07.2025 წელი
---------------------------
გული ავივსე ცვარით და ნამით,
ამ დილით ბაღში აყრიათ ვარდებს,
ვით ბადრი მთვარე ვსავსეობ ამით,
ახალი ლექსით იმედებს ვბადებ.
მაია დიაკონიძე
6.07.2025 წელი
-------------------
აღარაფერი მესიზმრება,
დრო- ჟამს დავნებდი,
ნეტავ, რამდენი ეღირება
ოქროს ყანები,
ბაბუაწვერა და ყაყაჩო
ქარებ-ალებით,
პეპლების ფრთებით,
რა ხანია, რომ ვემალები.
მაია დიაკონიძე
26.06.2025 წელი
----------------------------
უკვე ჩამიქრა ამ გულში ცეცხლი,
გამომერია ოქრო და ვერცხლი,
აღარც ჭიკჭიკი ჩამესმის მერცხლის,
უიმედობის გავმხდარვარ მსხვერპლი.
მაია დიაკონიძე
18.06.2025 წელი
------------------------
ნემსივით ჩავკარგულვარ თივის ზვინში,
და იქ კი მიპოვის ვინმე?!
მაინც ხომ არ მიშველის ვაი-ვიში,
ვიტოვებ სიცოცხლის იმედს!
მაია დიაკონიძე
14.06.2025 წელი
--------------------------
ზევით და ზევით მივიწევ,
სანამ ნიავი ირწევა,
რა კარგი არის, ჭირიმე,
შენ მკლავზე ჩამოძინება.
მაია დიაკონიძე
8.05.2025 წელი
-------------------------
დაგვიანებულს არა აქვს ფასი
საქმეს, პირობას, არც თუნდაც ლექსსაც,
გამწყდარა უკვე მოთმენის ძაფი,
ყოველი სიტყვა მესობა ეკლად.
მაია დიაკონიძე
23.05.2025 წელი
--------------------

დაე...

დაე...
ჩანთა დავკარგე ოცნებებით,
სურვილით სავსე,
ზარდახშა, სავსე ლალ-ზურმუხტით,
იაგუნდებით,
ვერ გავექეცი ეშმას თვალებს,
სისხლიანს, ნავსებს,
ისევ მომდევდნენ ჯოჯოები
გრძელი კუდებით.
ამ სიზმრად ნახულს შევაგებე
დილის ლოცვანი,
არ დამანახო, დედაღვთისავ,
კაცნი ნიღბებით,
დაე, მე ვიყო ამ ცხოვრების
გემის ბოცმანი,
და სულიწმინდის დიდი მადლის
მდაბლად მიმღები.
მაია დიაკონიძე
3.07.2025 წელი