Monday, June 9, 2025

მინიმა

 ზევით და ზევით მივიწევ,

სანამ ნიავი ირწევა,
რა კარგი არის, ჭირიმე,
შენ მკლავზე ჩამოძინება.
მაია დიაკონიძე
8.05.2025 წელი

Friday, June 6, 2025

წვიმა

 წვიმა

სულ დავეძებდი ყვავილებს,
მაგრამ მარგუნეს ეკლები,
გაწვიმებას თუ აპირებს, -
ცით წამოსულან მეკვლენი.
მათგან მოველი საჩუქრებს,
იწვიმებს უხვად, ღვარულად,
წვიმის ნაწვეთებს ჩაუქებს
გაუმართიათ მარულა.
ალერსით მეფერებიან,
პირზე მკოცნიან ხალისით,
არ დამტოვებენ ცრემლიანს,
სულს მივსებს ედელვაისი.
მაია დიაკონიძე
6.06.2025 წელი

Wednesday, June 4, 2025

შენ, სიკვდილო!

შენ, სიკვდილო!
შენ, სიკვდილო, უენოვ,
რომ მაზიხარ ბუზივით,
გამაოცო, გეგონოს,
დიდი იალბუზივით.
იცი, რომ შენს საცეცებს,
ვერავინ ვერ დაუსხლტა,
ახლაც თვალებს აცეცებ,
ჩემზე ფიქრობ, რა უნდა.
ჯერ სიცოცხლე ჩემს ძარღვში,
ისევ ისე ლამაზობს,
ჩაგიარო დემარშით,
დღეს მე ამას გთავაზობ.
მაია დიაკონიძე
19.05.2025 წელი

მინიმა

 ,,კუნწულა" ლექსებიდან

დაფარულია ბევრი რამ,
როგორც ცხოვრების წესია,
ზოგი ვითომდა ბერია,
ვერავის ვერ შეეწია.
ზოგი ღარიბი, გლახაკი,
მთით გადმომდგარი ვერძია,
იმან ქნა სხვისთვის აღაპი,
ვერავინ წამოეწია.
მაია დიაკონიძე
21.05.2025 წელი

დაბადების დღეს მილოცავ ახლა, სატრფიალო

 სატრფიალოების ციკლიდან:

დაბადების დღეს მილოცავ ახლა!

დაბადების დღეს მილოცავ ახლა
და ამ საკვირველ სტრიქონებს მიძღვნი,
თითქოს მაცვია აისის კაბა,
ყელზე მკიდია ღრუბლების მძივი.
დეკემბერია და მაინც მათბობს
ძირს დაფენილი ქათქათა თოვლი,
,,მიყვარხარ", ყველა ბწკარედში ამბობ
და თეთრ ფიფქებად იმედი მოდის.
ვით შევეპუო ყინვას და ზამთარს,
ვით ვერ გავუძლო ცდასა და ლოდინს,
დღეს ამ თოვლიან თეთრ მთებად დამდგარს,
მეც დაგიძახებ: ,,მიყვარხარ, მოდი!"
მაია დიაკონიძე
11. 12. 2024 წელი

მინიმა

 ,,კუნწულა" ლექსებიდან

დაგვიანებულს არა აქვს ფასი
საქმეს, პირობას, არც თუნდაც ლექსსაც,
გამწყდარა უკვე მოთმენის ძაფი,
ყოველი სიტყვა მესობა ეკლად.
მაია დიაკონიძე
23.05.2025 წელი

სამშობლოს! (პატრიოტული)

 სამშობლოს!

ვით ბებერ ტოტიას, შენც ისე გერჩიან,
ვინ ასე, ვინ ისე, გწიწკნის და მიჰქარავს,
ღალატს არ მთხვეოდი, ათასჯერ გერჩია,
შენ ჩემო ბებერო, ერთგულო წიქარავ!
სიყვარულს არა აქვს სასრული, სამანი,
და თუნდაც მე ერთმა ამ გულში გინახო,
არ მინდა არც ლუკმა არავის არამი,
როცა ჩემს თვალებში მზესავით ციაგობ.
შოთას გზას მივყვები, ვით ქალი ასმათი,
ფიცით ვარ შეკრული უზადო გმირებთან,
მიხმობენ ზარები თმოგვით და რაბათით,
ვიცი, რომ ქართველი არ გადაჯიშდება.
მაღლდება ოცნება მეშვიდე ცათამდის,
შხარა და უშგული თერგივით ხმაურობს,
ხმლით და ჯვრით მოსულხარ გმირულად აქამდე,
ილიას, ვაჟას და აკაკის მამულო!
მაია დიაკონიძე
26.05.2025 წელი