Wednesday, June 4, 2025

მინიმა, სახუმარო

 სახუმარო

ამერია მგონი რამსი,
აღარ ვიცი ლექსის ფასი,
მოუწონარს იწონებენ,
მოსაწონს კი იწუნებენ,
ამერია, მგონი, რამსი,
აღარ ვიცი ლექსის ფასი.
მაია დიაკონიძე
27.05.2025 წელი

მინიმა

 ***

მთელი არსით რომ მივენდე,
მან გამომჭრა ზუსტად ყელი,
,,ხამს მოყვარე მოყვრისათვის"
ნათქვამია ძველისძველი,
ჭირში თუ არ დამიდექი,
მაშინ ჩემგან რაღას ელი?!
მაია დიაკონიძე
28.05.2025 წელი

მაგრამ სამშობლოვ! პატრიოტული

 მაგრამ სამშობლოვ!

მე ცისარტყელას ვხატავ და ვქარგავ,
თუმცა აღარ ვარ პატარა ბავშვი,
არ დამეკარგოს ფერების ქარგა,
ყვავილს ვაგროვებ ვარდების ბაღში.
დარდები გაქრეს ჩემი გულიდან,
მე ყოველ ღამით ამასღა ვნატრობ,
მაგრამ, სამშობლოვ, ჩემი გულისავ,
დარდებს დარდები ებმება რატომ?..
მაია დიაკონიძე
2.05. 2025 წელი

ზმანება

 ზმანება

წამლავს ვენახს, ასხამს შაბიამანს,
მე კი იქვე კუტკალიებს დავდევ,
თან ჭიგოზე მოტეხილ ტოტს აბამს,
- გამთელდიო, - ეფერება ტანზე.
პაპამ თავზე დაიხურა ქუდი,
მეც მაფრთხილებს, არ ვირბინო მზეზე,
არ ვაცილებ მოხუცს თვალებს წუთით,
სიყვარულით მასში უფალს ვეძებ.
თეთრი წვერით და მაღალი შუბლით,
სათნო მზერით, ვით არ არის ღმერთი?!
მზეს გადასულს რკინის ტარზე შუბის,
ჭრიჭინების კრიმანჭული ერთვის.
კაკლის ჩრდილში ველოდებით ბებოს,
მალე ისიც გამოჩნდება გზაზე,
არ წამართვა, ეს ზმანება, ღმერთო,
სინათლით და სიხარულით სავსე.
მაია დიაკონიძე
4.06.2025 წელი

სხვა მკის, პატრიოტული

 სხვა მკის...

,,აქშა", სულ ტყუილად ვიძახით,
ვერ ვუმკლავდებით ყვავებს,
მოგვტირის ოშკი, იშხანი,
სხვა მკის ჩვენს ოქროს ყანებს.
ცაო, მაგ ლურჯი თვალებით,
დღეს საქართველო მიმზერს,
სულს ნუ ამომხდი წვალებით,
მკლავზე სამშობლო მიწევს.
მაია დიაკონიძე
2.06.2025 წელი

სატრფიალო ლირიკიდან: მიყვარდი

 სატრფიალო ლირიკიდან:

მიყვარდი
მიყვარდი, როგორ მიყვარდი,
შენ შორს გეჭირა თავი,
მაღლა მზე - მთვარე იყავი,
მე დაკარგული ნავი.
ჩამომხედე და იმ თეთრ შუქს,
რაც გულში ჩამიკიდე,
როგორც გულისთქმას ედემურს,
ვატარებ კიდით-კიდედ.
სიყვარულს დიდი ძალა აქვს,
საჯილდაო ქვას ასწევს,
,,არ მიყვარხარო", - არა თქვა,
,,მიყვარხარ" - მითხარ ასჯერ.
მაია დიაკონიძე
3.06.2025 წელი

მინიმა

 გადავიარე ნაწვიმარზე, როგორც მზის სხივმა,

წვეთები მზეზე აბრჭყვიალდა, ამყვა ჭრიჭინა,
ბალახმა მწვანედ ველ-მინდვრებში გაიბიბინა...
მე ეს სამყარო, ვით ანგელოზს ხელში მიჭირავს.