Sunday, February 2, 2025

ბაბუაწვერა, ჩანახატი

  ბაბუაწვერა, ჩანახატი

მახსოვს, ბავშვობაში, ერთხელ დედასთან ერთად მინდორში ვსეირნობდი. მუჭშეკრული მივედი და ვერაფრით გამახსნევინა ხელი. გაუკვირდა, რას ვმალავდი მუჭში. ბოლოს ვუთხარი, ბაბუაწვერა მაქვს და არ მინდა გაფრინდეს მეთქი. მაშინ მასწავლა, გახსენი მუჭი და წერილი გაუგზავნე ვინმეს, ვისაც გინდა, თან სათქმელი დააბარეო. მას მერე ბაბუაწვერას რომ მოვიქცევდი მუჭში, წერილებს ვაგზავნიდი, ხან ბებიასთან პაპასთან, დედასთან, მამასთან, მოკითხვას და სიყვარულს ვატანდი, როცა მათგან შორს ვიყავი.
ახლაც არ მინდა ბაბუაწვერა ხელიდან გავუშვა, მუჭში მყავს მომწყვდეული, მაგრამ ციური ცაში უნდა დაბრუნდეს!

ზამთრის ეტიუდი

ზამთრის ეტიუდი
დაატრიალა ქარმა საჩეჩელი,
სულ ფთილა-ფთილად მიაწყო თოვლი,
თითქოს აკუწა ყინვამ მაჩეტეთი,
შემოასწორა გვირისტი ქობის.
სადაფის კაბა ნაძვმა შემოისხა,
ზამთარი ხეებს უვლის და ზომავს,
გამოანათა ცად თეთრმა ონიქსმა,
ქარი კი უკრავს კლდეებში ორღანს.
მაია დიაკონიძე
29.01.2024 წელი

,








ელგუჯა ციგროშვილის ლექს-კომენტარი

 Cico Vardashevi

ნეტა ვიცოდე რა ხდება შენ თავს
ყველა სტრიქონში
ყველა სიტყვაში
გოდებას ვხედავ,
სალაღობო თქვი, რამე, 
სამყარო ისედაც გვტანჯავს, 
ნეტა ვიცოდე გულს რაღათ იკლავ!

ელგუჯა ციგროშვილი
Cico Vardashevi კომენტარის პასუხად ციცო ვარდაშევს :
( რობაი )
თუკი სამყარო კვნესის და გოდებს ,
მე სალაღობოს ვით ვიტყვი ოდებს ?!
როცა სხვა ტირის , რა გამაცინებს ,
ღმერთს ყველა სტკივა , ~
ვინც ასე სცოდეს!
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
18 . 01 . 2025 წელი .

მე და ჩანჩქერი

მე და ჩანჩქერი
მივდექ, მოვდექ, შევუშვირე მკერდი,
ჩანჩქერის ქვეშ დავისველე კაბა,
ჩამოვუჯექ მერე წყლის ჭავლს გვერდით,
ჩანჩქერმა რომ მომცეს თავის ძალა.
ჩვენ ორ შორის გაბმულია ძაფი,
მექაჩება, მიხმობს მალი-მალად,
მაგრამ ხშირად როგორ მივალ, რავი,
მთებში თოვლი ჩამოუშვებს ფარდას.
მე კი გული მხოლოდ მისკენ მიწევს,
ველოდები ახლა ზამთრის წასვლას,
მერე წყალში დავისველებ წვივებს,
ის დამითვლის ოცდაცამეტ მალას.
მაია დიაკონიძე
31.01.2024 წელი

ლექს-ექსპრომტი, ღვინომა თქვა...

ლექს-ექსპრომტი
ღვინომა თქვა: ჩემი ბედი, -
ქართველს როგორ ვყვარებივარ,
არ მოსდისო მეტისმეტი,
ცამდე ავუმაღლებივარ.
მართალია, არ ეკუთვნის,
ვინც მტერს არ ჰკას: ,,წიო, წიო",,
ყანწით შესვას -ვინაც პური,
ოფლის ღვრაში მოიწიოს.
მაია დიაკონიძე
31.01.2025 წელი

აღდექ, ქართველო!

 აღდექ, ქართველო!

გადაიქუხა, ვინღამ აღარ გადაიქუხა,
ჯალალედინმა, შაჰ-აბასმა, გაგვხადეს ლუკმა,
მაგრამ ისევ დგას ფესვმაგარი დიადი მუხა,
არ ეპუება დროს უხიაგს, უზნეოს, უკმარს.
ვერ გადაფარა მისი მწვანე ფერები რუხმა.
არ უშინდება მეხთა ტყორცნას და ჭექა-ქუხილს,
ზეცად აზიდა საქართველო წმინდანთა ზურგმა,
ახლა კი ვისმენთ ობოლ-ქვრივთა ვაება-წუხილს.
აღდექ, ქართველო, და მორკალე სამყაროს თაღი,
დროშა ქართველთა ფრიალებდეს ვით ბაირაღი,
მიწა თამარის და დავითის - სამოთხის ბაღი,
ამ დედამიწის არის სისხლი, ხორცი და ძარღვი.
მაია დიაკონიძე
31.01. 2025 წელი

Saturday, February 1, 2025

ვერ მიხვდი?!

ვერ მიხვდი?!

ვერ მიხვდი?! - ცაში რჩება ციური,
აქ მხოლოდ ზოგჯერ დროებით მოდის,
ჭუჭყი გვეკვრება  ამქვეყნიური,
გამოსასყიდად დროს ვკარგავთ ცოდვის.

კეთილს ვერ ვხედავთ, მხოლოდ ბოროტს ვბჭობთ,
მხოლოდ სიავე გვიჯდება ძვალში,
საქმნელად კარგის მუდამ ვორჭოფობთ,
ეშმაკი გვიდგას უთუოდ კვალში.

და ვფანტავთ ჩვენი სულის სმარაგდებს,
ვაძლევთ უღირსებს, დავუყრით ღორებს,
და ვიღებთ მერე უკან არაფერს,
სულის ტკივილებს სად მოვაძოვებთ?!
მაია დიაკონიძე
28.01.2025 წელი