Thursday, April 11, 2024

მზესუმზირა მზეს!

სხივი იფრქვევა შენი თვალიდან,
წამოსკუპულხარ გორზე,
გადმოგვცქერიხარ ეშხით მაღლიდან,
ეალერსები წნორებს.
მე დანატრული შენი სითბოსი
ქვევიდან გიწვდი ხელებს,
შენს ნაკვალევზე მეც მოვდიოდი,
ტრფობად რომ გამახელე,
თავს ვატრიალებ, სულ შენ გიყურო,
შენი სხივები მნუსხავს,
მადლი მოგვფინე შენ ზეციურო,
ნუ დამადინებ კურცხალს.

გყავის შენ შენი ამალა,
ვარსკვლავების და მთვარისა,
გულზე მედები წამალად,
მზეო, სიცხადევ ჯვარისა.
ააბრჭყვინ-ააბზიალებ,
გამაქრობელო ჯავრისა,
ჯვრის მადლი ზეცად ციალებს,
იმედად თოთოს აკვნისა.






,

Wednesday, April 10, 2024

 ჩემი ბავშვობის ყაყაჩო,

ადრე გულზე რომ მეფინა,

გაფერმკრთალდა და ხარაჩოც

ჩამონგრეულა ზევიდან.

დარბაზიც ვერ ავაშენე, -

ვიარე, ფიცარნაგებზე,

ყაყაჩო მაინც ამშვენებს,

იმ ჩემი სახლის ნანგრევებს.


Tuesday, April 9, 2024

ხევსურული აკვანი (კორნე)

ხევსურული აკვანი (კორნე)

,,და სანამ შევდგები სულეთის შარაზე
ერთხელ მოვიხედავ და ისე,უბრალოდ,
მძივ - ღილებს დავკოცნი აკვნის კამარაზე,
სააკვნე ქალ - ვაჟი გვიმრავლე უფალო“.
(ნოდარ ოდიშელიძე)

განთქმული პედიატრი მარიამ უგრელიძე ამბობდა , რომ ,,ხევსურებს ბავშვების მოვლის ძალიან ჯანსაღი სისტემა აქვთ“. ბავშვის გაზრდა წარმოუდგენელი იყო აკვნის (აკავანი, კორნე) გარეშე. ჩვილ ბავშვთა საწოლი აკვანი რწევის პრინციპის მიხედვით ორი სახეობის იყო, მომრგვალებულ ფეხებიანი , რომელიც საქართველოში მომთაბარე ტომებს უნდა გაევრცელებინათ,(სავარაუდოდ მონღოლებს) და აკვნის ძველი სახეობა,რომელიც უსაგოგაო საწოლი იყო.
ბავშვის აკვანში პირველად ჩაწვენისას,ოჯახის უფროსი ქალი აცხობდა ქადებს. ქადას ბავშვს თავთან დაუდებდნენ და დალოცავდნენ ჩვილს, ბავშვის დაცვის თვალსაზრისით გავრცელებული იყო აკვანზე ავგაროზის დაკიდება. აკვანს უმთავრესად ნაყოფის მომცემი მსხლის ან კაკლის ხისგან აკეთებდნენ. წესად ყოფილა იღბლიანი აკვნის განათხოვრება,ხევსურეთში კი გვარს გარეთ აკვნის გატანა იკრძალებოდა საგვარეულოს ბედ - იღბლის სხვა გვარზე გადასვლის შიშით.
მასალა მოამზადა თიანეთის მხარეთმცოდნეობის

მუზეუმის თანამშრომელმა -
ნუკრი ფაშურიშვილმა

თამუნა ჭოველიძეს!

 შენ ყვაოდი, შენ ნაზობდი თეთრი კვირტი,

ღამით ფერცვლილს გეხვეოდა სავსე მთვარე,

შენ ჰგალობდი, ლოცულობდი ღმერთთან მირქმით,

ერთგულებით თავი მზესაც შეაყვარე.


შენ მზეგოგოს არ გაცალეს დაღვინება,

ამ ქვეყანას მარადიულ კვირტად შერჩი,

და როდესაც ეს აპრილი ატირდება,

.ვაზის ცრემლად დაიღვრები რწმენად ჩვენში.

ვით დაიდოს აქ სამარე?!


სიყვარული თუ არ იცი!!!
სიყვარული თუ არ იცი,
მე როგორღა გასწავლი,
თუ არა სცემ პატივს უფროსს,
შენს ცასა და მიწას,
ბევრმა მკერდზე დაიჭედა
ისარი და სამსჭვალი,
ზოგი კიდევ სამშობლოსთვის
არ გაანძრევს თითსაც.
სიყვარულში გაგვზარდეს და
დაგვირწიეს აკვანი,
რა გამოლევს ქვეყანაზე
ეშმაკსა და მქირდავს,
ვინ დაუდო გულწრფელ გრძნობას
მიწიერი სამანი,
როდის წავალ საიქიოს,
არც არავინ მკითხავს.
მაგრამ სანამ აქა ვარ და
ქვეყანა ბევრს მავალებს,
ხან ეთერში ვლივლივებ და,
მიწის არ ვარ, ცისა,
მიპასუხე, ღმერთო ჩემო,
ერთი კითხვა მაწვალებს, -
ვით დაიდოს აქ სამარე,
ვინც არა ჩანს ღირსად..
მაია დიაკონიძე
9.04.2024 წელი

Sunday, April 7, 2024

რიწა (აფხაზეთი)

რიწა

ყავას ვსვამ, სევდით გადავცქერი 
წვიმიან ქუჩას,
და მახსენდება რიწა, როგორც 
თვალმწვანე ქალი,
რომ იზიდავდა სილამაზით 
მეგობარ უჩას,
რომ აურია მან უთვალავს 
გზაცა და კვალიც.

თვალმწვანე ქალი, მის თვალებში 
ლაციცი სხივთა,
და არეკლილი მათ სიღრმეში 
ტირიფთა ტევრი,
მას შევცქეროდე, მის ნაზ მკლავებს, 
ისევ ეს მინდა,
რომ სიყვარულით შემომხვიოს 
ჩემმა დამ ხელი.
მაია დიაკონიძე
7.04.2024 წელი



Saturday, April 6, 2024

ვცლიდით და ვცლიდით!

ვცლიდით და ვცლიდით!

სიზმრებს შორისაც ისევ სიზმარი, -
თითქოს მზის შუქი პეშვებით მასვეს,
- მიყვარხარ ძლიერ! -  ასე მითხარი,
ვცლიდით და ვცლიდით თასს ვნებით სავსეს.
ღამით კი მთვარე ვარსკვლავთ ამქარით 
წინ მიგვიძღოდა შორეულ ცაში,
და სიყვარული მხოლოდ ამგვარი,
ლამპარს გვინთებდა დაკარგულთ გზაში.
საფირონის ფერს მოისხამს ალვა
და მოშრიალე ფრთებს ლაღად გაშლის,
მოიპარება დღის შუქი ქარვად,
რომ გადმოგვასხას ცის ნამი სათლით.
რომ ვიბანაოთ, როგორც ბავშვებმა
მზის სხივებსა და უკვდავებაში
და ირეკლება თვალში გარსებად, -
მარადისობის ბნელთან რევანში.
მაია დიაკონიძე
6.04.2024 წელი