Saturday, April 6, 2024

სალაღობო

მოფრინდა ლურჯი ანგელოზი,

ყაყაჩოს ველი მომატარა,

წყალი უკვდავების მასვა კოვზით,

თავზე ვევლებოდით მოლს პატარას.

სახე სოსანივით უბრწყინავდა,

ხელებს უმშვენებდა ოქროს კვერთხი,

ზეცის ზარ-ზეიმი მუნ მინავლდა,

ზღაპრის სამყაროდან გამოვედი.

ისევ მასზე ფიქრმა ამიტანა,

ისევ განაცრისფრდა მზისქვეშეთი,

შემყარა სიყვარული იმისთანა,

ვეღარვინ ვპოვე მისებრ მეტი ..






სიმღერა (ხალხურ მოტივებზე)

 სიმღერა (ხალხურ მოტივებზე)


ჯავრს ნუ შამაჭმევ შავ ღრუბლის,

როდემდე უნდა იწვიმოს,

მამფენ ყვავილებს ალუბლის,

მზეო, აუშვი მიმინო!

მის მწვანე თვაკლებნაყურებ,

იქნება, მეც გავიღიმო.


ლექსმა მაწვალა

 მოცოცავს ნისლი ქარაფზე,

ზედ დაკიდებულს მეხვევა,

ახლა ვიფიქრო კალამზე,

დამშლის უძირო ხევებად.

მაგრამ სანამდე ძირს წავალ,

დამეხუჭება თვალები,

მანამდე ლექსმა მაწვალა,

ვიტყვი, მას ვენაცვალები.


Friday, April 5, 2024

რაც უნდა მეცადა

 დავამთავრე მე შენთან ლაპარაკი,

ალბათ შენც ჩემთან,

გამოვკეტე ამ გულის ალაყაფი,

თუმც სითბო შემრჩა,

სადავესათვის ხელი არ გამეშვა

ძალიან მეწადა,

თუ  არ ჩქარობდი შენ ჩემთან შეხვედრას,

რაც უნდა მეცადა.



Thursday, April 4, 2024

ვწერ და ვტირი...

 ვწერ და ვტირი


ვწერ და ვტირი, ვწერ და ვტირი,
ჭრილობებზე ვიყრი მარილს,
საყვედურს ჩემს თავზე ვიტყვი,
დამეხილა ეზო-კარი.
აღარც ძაღლის ყეფა ისმის,
ხმის გამცემიც არვინ არის,
ძახილი რომ მესმის მიწის,
როგორ დავრჩე გულ-მშვიდ-წყნარი.
ვწერ და ვტირი, ვწერ და ვტირი,
ჭრილობებზე ვიყრი მარილს,
საყვედურს ჩემს თავზე ვიტყვი,
დამეხილა ეზო-კარი.
მაია დიაკონიძე
4.04.2024 წელი

Wednesday, April 3, 2024

სამშობლოვ, მე ის მადარდებს!

 ჩემზე კარგადაც ხატავენ, 

ჩემზე კარგადაც წერენ,

სამშობლო, მე ის მადარდებს,

რა იქნება ჩვენს მერე.

თუ იგიზგიზებს ისევე 

მარადიული ცეცხლი,

უცნობი ჯარისკაცების

საფლავზე -  თასი ვერცხლის..

ჩემზე კარგადაც ხატავენ, 

ჩემზე კარგადაც წერენ,

სამშობლო, მე ის მადარდებს,

რა იქნება ჩვენს მერე.



Monday, April 1, 2024

ცაო!

 ცაო, მე შენი ნახვა მწყურია,

შენი ყურება არა მწყინდება,

თუ დავიბრუნებთ დიოსკურიას,

მოგიწევს ცაო გაამინდება.

ჩემი ოცნება შენს ლაჟვარდს ერთვის

და ცისარტყელას ფერში ბანაობს, 

ისევ უდგანან გმირები ხერთვისს,

რომ მტრად მოსული დაასამარონ.

განა შავღრუბელთ გიცვალეს ფერი,

ზურმუხტ-ფირუზი აყრია გორებს,

ოქროცურვილი ალაზნის ველი

მზეს თბილ კალთაში კვლავ ჩაიგორებს..