Friday, May 5, 2023

ლურჯი ფერი

 ლურჯი ფერი

ფერი დააკლდა თითქოს პალიტრას,
შენი თვალების აღარ ჩანს ლურჯი
და ტილოებიც თითქოს ატირდა,
როცა დააკლდა მონასმი ფუნჯის.
ისროდა შხეფებს წვიმა დილიდან,
ვიჯექი სკამზე ქვასავით მუნჯი,
არა ჰყოფნიდა მხოლოდ სიცილად
ჩემი დარდები მათხოვარს ქუჩის.
როგორც ნაერთი ბმა იონურის,
არამეტალის და ბრმა მეტალის,
არარა იყო აქ ხელოვნური,
ბოძს მიკრობოდა, როგორც მედალი.
ელვას გაეპო იმისთვის მკერდი,
ხელნი ჯვარივით ბოძზე დაეწყო,
გარეთ ისმოდა ოპერა ვერდის,
ლურჯ ფერს იმისი სული აევსო..
მაია დიაკონიძე
5.05.2023 წელი

ესპანეთი

 მინდოდა მენახა სარაგოსა, 

ბილბაო, ვალენსია, მადრიდი,

კორიდა, ტორერო, ის რაც მგოსანს,

ცად აფრენს, ატრიალებს ქარივით.

სულში ჩამეზიდა ვარსკვლავები,

ქალები - ვარდები  მენახა,

მზეზე გაეშალათ გრძელმკლავები,

ახლად ამწვანებულ ვენახად.

ფლამინგოც მეცეკვა მათთან ერთად,

დამენთო ვნებების მაყალი,

მე რომ მაძგერებდა ერთ ლურჯ ვენად,

აქ იყო, ყველაფრის წამალი.


,



Thursday, May 4, 2023

თვალებში მოგიჩანს პოეზია,

და პოეზია თავად შენ ხარ,

თვალები მბრჭყვინავი მოზერია,

სახსოვრად დამიტოვე ეგ ცა.

წახვედი, სხვისი ქუდი დაიხურე,

წაიღე თან ჩემი გული,

შენი სახლის კარიც გამოხურე,

გამოგტირებია ჭური.

არა და ძაფები ხომ არ დაწყვეტილა,

მიწა ხომ გეძახის, გებმის,

ლექსების ბოლოს მრავალწერტილად,

უკან დაგაბრუნებს გემი.

ოჰოიდა, სიტყვები არ გაცუდდეს,

საწყისი ხომ არის სიტყვა,

მაინც  რაც გინდა არაკუნე,

შენს ცას ნუ ამჯობინებ სხვის ცას.


Wednesday, May 3, 2023

სახლო! (პატრიოტული)

 სახლო!


ვეღარ გხედავს გულის თვალი, 

ვეღარ გწვდება ჩემი მზერა,

სახლო, ვისზედ მიმინდიხარ?!

სად მიმაგდო ბედისწერამ?!

გადაკარგულს მეძებს ქარი,

არევია ზენა, ქვენა,

აღარ რეკავს სოფლის ზარი,

ვეღარ შეგვკრებს ერთად ყველას.

მოსტეხია ირემს ფეხი,

ტყუილად უხმობს კაცად მშველელს,

პატრონი რომ აღარ ჰყავს,

სახრავს ძაღლი სხვაგან ეძებს.

ლიბოს გველი შესჩვევია,

ის დარაჯობს ახლა ედემს...

მაგრამ ღმერთი არ გაგვწირავს,

სიკვდილად ვით გაგვიმეტებს?!

სიკვდილი ყველას ხვედრია

 საკვირველია ცხოვრება,

ხან ჭალა, ხანაც კლდენია,

თუ კი გვეღირსა ცხონება,

სიკვდილი არაფერია.

რად მინდა ლუკმა არამი,

ვმღერდე სიმღერას სევდიანს,

ბატკანი ვიყო აბრამის,

სიკვდილი ყველას ხვედრია.




მინიმა

 გადაექანა ჩემი გული უფსკრულისაკენ,

მერე კი ისევ ჩხარა-ჩხურით უკან დაბრუნდა,

როცა პირველად დავინახე მაგ თვალთა სარკე,

ვიგრძენ, ეს გული სიყვარულით როგორ გაბრუვდა..




,







სევდის ცრემლი (სატრფიალო)

 სევდის ცრემლი ჩამომკიდა მთვარემ,

უხმაუროდ რომ ანათებს არეს, 

ზოგჯერ დუმილს სჯობს ხმაური დიდი,

ორ გულს შორის რომ გაიდოს ხიდი.

შენ მითხარი და მეც გეტყვი რამეს,

სიყვარულით შევხვდეთ ამ ლურჯ ღამეს,

და გავცუროთ გედებივით წყალში, 

მე  თეთრი და შენ კი გედი შავი.