Wednesday, May 3, 2023

დედას და მამას!

ტონალობაში: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა... ლა, სი, დო,

და მოგონების ჯაჭვი უნდა ამ ხმამ დამკიდოს,

ფორტეპიანოს ეხებოდა როცა კლავიშებს,

და ახლაც ის ხმა ნაზი, სანდო არსად არ მიშვებს.

დედას თითები როცა ხტოდნენ მწყაზარ ჩიტებად,

დიოდნენ ხმები ხან თეთრ და ხან შავ კლავიშებად,

მახსოვს ის ხიდი, ქვევით ტბა და თეთრი დუმფარა,

დედის სახეს რომ ახლა ლანდად გადაეფარა.

ჩვენ და ჩიტები სიცივისგან თოვლში რომ ვთრთოდით,

ვეღარ ვუძლებდით მამაჩემის მერანის ლოდინს,

ასე მეგონა, ვუყურებდი ბავშვობის ზღაპარს,

დედა და მამა იმ ლურჯ მერანს ზღაპარში გაჰყვა. 







Tuesday, May 2, 2023

ჩემს ებრაელ მეგობარს!

 თუ კი არსებობს მეგობრობით კაცის ცდუნება,

შენზე ერთგული მეგობარი არ მეგულება,

ამოგიქარგავს საქართველო გულში სურებად,

შეგიფიცია სიყვარული და ერთგულება.

განა არ ვიცი, როცა მღერი, როგორა გტკივა,

უსაქართველოდ ნათენები ყოველი დილა,

კვლავ  გენატრება მხიარული სუფრა ქართული,

კედლებზე ძველი წარწერები ასომთავრულით.

გადაჭდობილი ხელი ხელზე, უკვდავი ფიცი,

ამ მეგობრობის ფასი ჩვენ ხომ ოდითგან ვიცით.

მეიდანი და რიყე, ტივი, მტკვარი, ბორანი,

შემოგრჩა გულში ვით თილისმა ღირსსსახსოვარი.






ქუთაისს

 ,,გიყვარვარ, თუ არ გიყვარვარ", გეკითხები,

 ცეცხლს მიკიდებს შენი ტანი კენარი,

ხელთ მიპყრია ბალახვანის სახლის კლიტე,

შენს კვალს ვეძებ, ვით ძაღლი მაძებარი.

სად ხარ ჩემო ია, ია, გხმობ აიად,

სიყვარულის და ვარდების ქალაქო,

დღეს გვირილის უნდა შევკრა გვირგვინები,

მაღლა ცაში მზის სხივს გავეთამაშო.

შენს მიწაში განისვენებს დავით მეფე,

ბაგრატის ხომ შენთანა დგას ტაძარი,

და მე მაინც თუ გიყვარვარ, პასუხს ვეძებ,

პასუხს ვეძებ და ის მაინც არ არის.




ბედია ასეთი ვერაგი

 მოხვეტეს ქარებმა გზა-შარა,

ფოთლები აყარეს-დაყარეს,

როგორც ამ ცხოვრების გრიგალმა, 

მე და შენ უნდობლად გაგვყარეს.

მე ქორდა, შენ კიდევ წრეწირი,

შეგეხე, შენი კი ვერ გავხდი,

დავრჩი მე ცალი და წყვეტილი,

ბედია ასეთი ვერაგი.

,




Monday, May 1, 2023

შენ დაიფარე, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

შ ე ნ   დ ა ი ფ ა რ ე!

 

მინდა  ვადიდო, ვინც სამყაროს  ნათელი  მისცა,

ვინც  ც ი ს ა რ ტ ყ ე ლ ა  მოგვიხატა  ლამაზ  ფერებით;

შენ  დაიფარე, შ ე მ ო ქ მ ე დ ო,  ქ ა რ თ უ ლ ი  მ ი წ ა,

ქ ა რ თ ლ ო ს ი ს  მოდგმა, — ც ა ს რომ  უცქერს  მადლიერებით!

 

დასიცხულ  მინდვრებს  მოაპკურე  სიცოცხლის  ც ვ ა რ ი,

ციურ  მ ა ნ ა ნ ა დ  მოგვივლინე მ ა დ ლ ი   ყოველთა...

გ ა გ ვ ი ჯ ე ი ლ ე, მოღალული, ბ ე ბ ე რ ი   მ ტ კ ვ ა რ ი,

ა რ ა გ ვ ი ს   ს ი ს ხ ლ ი  გადაუსხი  ს ვ ე ტ ი ც ხ ო ვ ე ლ თ ა ნ!

                                    

 ქ. თესალონიკი, 11. 01. 2016  წელი

ციკლიდან:,,კუნწულა ლექსები", ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ციკლიდან:,,კუნწულა ლექსები"


სხეულში გრძნობები ვეღარ დაეტია,

ტრფობისკენ გვიხმობენ სურვილის ზარები, 

ასეთ დროს ,,მესამე" ყოველთვის მეტია,

ჩავკეტოთ გულების ოთხივე კარები.

ელგუჯა ციგროშვილი

ქ. თესალონიკი, 1.05.2022 წელი

          ---------------------------------------------

ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები"

მატარებს ბედი არეულ გზებით,

ზურგზეც გამაძრო ტყავი ცხრაპირი...

მხოლოდ შენ მელი იმ მოთმინებით, -

ვით გზააბნეულ ტალღას ნაპირი!

ელგუჯა ციგროშვილი

ქ. თესალონიკი, 19.05. 2022 წელი

         ----------------------------

ღამეა, მთვარის ცელქმა სხივებმა

უკვე ჩარეკეს ხევში წყვდიადი

და გადმოგორდა მთების იქიდან

მთვარე, ვით მეკვლის ბედის ხმიადი.

ელგუჯა ციგროშვილი

ქ. თესალონიკი, 24.10. 2012 წელი

მინიმები

 იცი, გელოდები, მალოდინებ,

ცვარივით როგორ გავბრწყინდები,
ნეტავ, ქვა თუ არის ეს სოფელი,
ასე რად იცვლება ამინდები.
               ================
დაჭრილი ვარ, ვხედავ, შხამიანი ისრით,
შხამს კი ჩემი მოძმე ასპიტივით ისვრის,
მე კი მინდა მუდამ ვუყურებდე ირისს,
არ შეშურდეთ ჩემი, არც მე  მშურდეს სხვისი.