Saturday, April 8, 2023

ამიტაცე ხელში (სატრფიალო), სიმღერა დაწერა გიული ერგემლიძემ

 ამიტაცე ხელში, გამაფრინე ქარში,

ლურჯი ყვავილები დამაწიე გზაში,

ტრიალებდეს ირგვლივ ოქროს მზე და მთვარე,

შენმა ტრფობამ მომცეს მეტი სითამამე.

სიკაშკაშეს ზეცის შეედრება რამე,

შენს თვალებში როცა ვხედავ ვარსკვლავს ამდენს,

როცა შენი თმები ჰგავს აქატს და გიშერს,

მოურთვიხარ ვერცხლის ქამარ-ხანჯალ-შიმშერს.

მწვანე მოლი, ველი გაგვეფინოს ფეხქვეშ,

მწვერვალების თოვლი ბრწყვიალებდეს მზეზე,

და იწვოდეს ზეცა ყაყაჩოთა ალით,

ვიტყვი, შენი დარი ქვეყნად არვინ არი.



Friday, April 7, 2023

მინიმა ( ფილოსოფიური)


თუ კი ნაღდად გიყვარს,

მნიშვნელოვანია,

სად სვამს წერტილს, სად მძიმეს,

ყველა ოვაცია, 

ყველა ფიქსაცია, -

რას წერს, ან რა გულით იწერს.

და თუ კი არ გიყვარს,

მაშინ სულერთია,

თუნდაც ზღაპრებს წერდეს დიდებს.





Thursday, April 6, 2023

იაკობ გოგებაშვილის პრემია, 2023წელი

 იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით გამოცხადდა კონკურსი „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მოსაპოვებლად.
კონკურსის პირობებსა და ვადებზე კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სსიპ ,,შემოქმედებითი საქართველოს“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე გრიგალაშვილმა ისაუბრეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, გარდა ნომინაციისა „საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის“. ამ ნომინაციაში განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს).
კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან რვა ნომინაციაში და გაიცემა 11 პრემია. საკონკურსო ნომინაციებია:
1.საუკეთესო პოეტური კრებული;
2.საუკეთესო პროზაული კრებული (გაიცემა სამი პრემია);
ა) ყველაზე პატარებისთვის, 3-6 წელი;
ბ) პატარებისთვის, 7-12 წელი;
გ) ყმაწვილებისთვის, 13 +;
3.საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (გაიცემა ორი პრემია);
ა) ყველაზე პატარებისთვის, 3-6 წელი;
ბ) პატარებისთვის, 7-12 წელი;
4.საუკეთესო საბავშვო დრამატურგია;
5.საუკეთესო დებიუტი;
6.საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო კრებული;
7.საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი;
8.საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის.
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა არის 5000 ლარი (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 2023 წლის 14 მარტიდან 2023 წლის 28 აპრილის 18:00 საათამდე საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს მხოლოდ 2022 წელს წიგნად გამოცემული ნაწარმოებები, როგორც ელექტრონული ფორმით, ისე - ნაბეჭდი წიგნის სახით სამ ეგზემპლარად სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფისში (მისამართი: ვ. დოლიძის ქ. #28), ხოლო ნომინაციებში „საუკეთესო საბავშვო დრამატურგია“ და „საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი“ კონკურსანტს შესაძლებლობა ექნება, გამოგზავნოს პიესებისა და ინოვაციური პროექტების მხოლოდ ელექტრონული ვერსიები. ელფოსტის მისამართია - docs@creativegeorgia.ge.
საკონკურსო ნაწარმოებები ნაბეჭდი წიგნის სახით სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფისში მიიღება საკონკურსო განცხადებების მიღების ვადის დასრულებამდე ყოველ პარასკევს, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.
კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით - ngadilia@creativegeorgia.ge ან ტელეფონით - +995555 383029.
ლიტერატურული კონკურსი „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მოსაპოვებლად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით, მესამე წელია, იმართება და წლიდან წლამდე მისდამი ინტერესი იზრდება.
2022 წელს კონკურსში მონაწილეობისთვის „შემოქმედებით საქართველოს“ 50-მა განმცხადებელმა მიმართა, 2021 წელს - 37-მა. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას, ტრადიციულად, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი მასპინძლობს.
საკონკურსო პირობები და ფორმულარები იხილეთ ბმულზე: https://cutt.ly/R85TIhL

მე მომწონს შენი თვალი და შუბლი, (სატრფიალო)

 მე მომწონს შენი თვალი და შუბლი,

ასე უწყვეტად რომ მაყრის სხივებს,

და ამ სამყაროს  ყველა გზა, კორდი,

შენს სახეს, მკლავებს, სიყვარულს იტევს.

და მიხარია, რომა ხარ ერთი,

რომ შენნაირი აღარსად სახლობს,

შენა ხარ ჩემი სამყაროს ცენტრი,

და აღარაფერს აღარა ვნაღვლობ.

ვიცი, რომ ჩემთან მოგიყვანს ღმერთი,

ამინთებს თვალში მზესა და მთვარეს,

და სულიწმინდის სახება თეთრი

შენზე გამოვლით ჩემამდე აღწევს.



სულს სიყვარული ჩაუსახეს (სატრფიალო)

სულს სიყვარული ჩაუსახეს ფრთათეთრ მერცხლებმა,
იასამნების სუნი მატკბობს, კვირტის ყოველის,
და შენც მომიხმობ მზის სხივიდან, სადღაც შორიდან,
და მეც გეძახი, საყვარელო, აჰა, მოვედი.
ნუთუ სასრული არ ექნება შენდამი გრძნობებს,
მინდა რომ გავლხვე შენში, როგორც თეთრი ყინელი,
ნურაფერს მეტყვი, ვიცი უკვე, შენც მალე მოხვალ,
რომ განვიცადო გრძნობა არაამქვეყნიური.

ოლივია (ზღაპარი)

                                                                  ოლივია 

                                                                (ზღაპარი)

    იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდა, მხოლოდ ზღვა იყო და მიწა. ადამიანები თევზს იჭერდნენ და ისე იკვებებოდნენ. ერთ ზღვისპირა სოფელში მზეთუნახავი ცხოვრობდა.  მოდიოდნენ მისი ხელის სათხოვნელად ჭაბუკები სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ მისი გულის მონადირება ვერავინ შეძლო. გადიოდა ყოველ საღამოს მზეთუნახავი ზღვის ნაპირას და თავის საბედოს ელოდა. ერთ დღეს საშინელი ჭექა– ქუხილი ატყდა. როცა ზღვა დაწყნარდა, ნაპირზე სასეირნოდ გასულმა ოლივიამ, ასე ერქვა მზეთუნახავს, კვნესა გაიგონა. ხმას გაჰყვა და მზეჭაბუკი დაინახა ზღვის პირას მწოლიარე. თანასოფლელებს სთხოვა დახმარება. დაჭრილი ჭაბუკი მის სახლში გადაიყვანეს. მოუარა, უმკურნალა. ფეხზე დააყენა. უსაზღვროდ შეუყვარდა ახალგაზრდა კაცი მზეთუნახავს. განათლებული იყო ჭაბუკი.უყვებოდა გოგონას ამ მთისას და იმ ბარისას, საიდან იცი ამდენიო, უკვირდა ქალს. ღმერთების შვილი ვარო, ეტყოდა ხოლმე ვაჟი. ოლივია თვალებში მუდარით შეაჩერდებოდა. ხომ დარჩები ჩვენთანო, ჰკითხავდა. აქ დარჩენის უფლება არა მაქვსო. პასუხობდა მზეჭაბუკი. ერთ დღესაც ისევ საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა. მას მერე ყმაწვილი კაცი აღარავის უნახავს. მართლა ღმერთების შვილი იყოო, ამბობდნენ იქაური მაცხოვრებლები. დადარდიანდა ოლივია, ცრემლები წამოსცვივდა თვალებიდან, იმ ადგილას, სადაც ცრემლი დაეცა, ხეები ამოვიდა, მოისხა შავი ნაყოფი, ოლივიას თვალებივით შავი და პრიალა. როცა გარდაიცვალა, მის საფლავზე ნაირ-ნაირი ყვავილები გაჩნდნენ: იები, გვირილები, ნარცისები, ზამბახები. დაუბერავდა ქარი, მოჰფანტავდა მათ თესლს დედამიწის ოთხივ კუთხით. თითქოს დიდი სიყვარულის ნაწილი გადაჰქონდა ქალაქებსა და სოფლებში, მზეჭაბუკი კი, ჭექა-ქუხილის ღმერთის შვილი, წვიმით უმასპინძლდებოდა ამ სოფელს, რათა ყვავილები გამრავლებულიყვნენ დედამიწაზე, ნიშნად მისი და ოლივიას სიყვარულისა, ყველა შეყვარებული გაეხარებინათ,.აი, ასე გაჩნდა ყვავილები. ისინი დიდი სიყვარულის ნაყოფია.

Wednesday, April 5, 2023

ტიციანს!

ტიციანს!
შარვლის ჯიბეში პორტსიგარი,
გულის ჯიბეში - მიხაკი,
ტყვია საკმარია ორი გრამი,
ეშმამ აიფარა ნიღაბი.
რითმებს მივუყვები აცაბაცა,
რომ გამომესარჩლო, მეყოფა,
არა და აღარ გადანათდა,
მოჩანს საიდუმლო სერობა.
ვწელავ მატარებლის ლიანდაგებს,
იქნებ დრო მოგცენ საკმარი,
იქ ვინ დაგიგებდა ფიანდაზებს,
ყინვამ გაგიმზადა აკვანი.
მაია დიაკონიძე
5.04.2023 წელი