Tuesday, January 3, 2023

საბენეფისე ექსპრომტად ხათუნა შავ – გული – ძეს! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 საბენეფისე ექსპრომტად ხათუნა

შავ – გული – ძეს! იქნებ შენა ხარ უფლის მიერ შექმნილი ევა, ერთ არსებაში მოქცეული ცხრა ნეტარება?! წინაპარს შენსას შეეშალა გვარის შერჩევა , შენს ქათქათა გულს ,,შავი" როგორ გაეკარება? ქ. თესალონიკი, 19 ივლისი, 2020 წელი

შენ უხმოდ წახვედი... ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 შენ უხმოდ წახვედი...

შენ უხმოდ წახვედი,--არც მჯერა ნამდვილად... თუმც ახსნა არ გინდა,არ არის საჭირო, შავით შემოსილი მოველ ძველ ადგილას, ჩვენი სიყვარული მინდა დავიტირო. გარდაცვლილ ოცნებებს დავნამავ ცრემლებით, თვალებს დავუხუჭავ,იმედებს ნატყვიარს... ბაგეს, ათრთოლებულს, ვიჭამ გახელებით, შენი კოცნის კვალი ჯერაც რომ ატყვია. თავს არ დავიმცირებ,ბედ--იღბლის ძაგებით, არცა ვარ ბოლო და არცა ვარ პირველი... ჩემამდეც რამდენმა ჩაიცვა ძაძები, რამდენს გაუფრინდა იმედის ფრინველი. იმ ხესთან მოვედი,მუდამ რომ ვხვდებოდით, ჩემი მარტო მოსვლა, ხეს გაუკვირდება... რამდენჯერ, დილამდე, ალერსით ვტკბებოდით, ახლა ხისთვის ახსნა ხომ გამიჭირდება. მე არაფერი მაქვს,მასთან დაფარული, არც შენზე მგონია,რომ სულ მთლად დაეცი, დაბრუნდი და მოწმეს,--ჩვენი სიყვარულის, სულ ყველა კითხვაზე პასუხი გაეცი. ელგუჯა ციგროშვილი. ქ.თესალონიკი. 08.01. 2013 წელი.

Monday, January 2, 2023

ჩიტუნას ყელი ასტკივებია, ანუ ჰუგო და ვერდი, მაია დიაკონიძეს, ავტ.ზაზა ფელიშვილი

 1527. / ჩიტუნას ყელი ასტკივებია, ანუ ჰუგო და ვერდი /

( რაღა დავმალო და ამ ლექსის დაწერასაც კონკრეტული მიზეზი გააჩნია, სამწუხაროდ--- ცუდი: პოეტმა, მწერალმა, მხატვარმა და საუკეთესო ადამიანმა მაია დიაკონიძემ გვაცნობა, რომ მგონი სურდო დაემართა, რისი ვარაუდის მიზეზსაც ყელისტკივილი აძლევს... )
***
,,წადიო!"--- უთხრა ტკივილს ყელისას,
ბულბულმა, მჯდარმა სასააროდ,
რომ სინარნარის ხმა ვერ მეღირსა,
განა მე კაჭკაჭის ჩხავილს ვყვარობ?!
მოსაღერია წვრილი ნისკარტი,
გასაშლელია ტურფა ფრთა ოქროს,
შესაფერია ბაღჩა მზით მნათი,
ჰანგის გარეშე ასე რომ ორჭოფს.
ნიავი ბუმბულს ელამუნება,
მცირე ბრჭყალები ყლორტს ჩაჰბღუჯვია,
მზის სხივს კოკორი ეხრამუნება,
ცა კი ლურჯ შხეფით გასაწუწია.
ამ დროს რა უნდა ჩიტთან მაგ ტკივილს?
მსურს მოიღეროს მაესტრომ მკერდი,
ის ჰანგი მინდა სულს რომ დამივლის,
გამახსენდება ჰუგო და ვერდი...
02.01.2023 წ. სოფ. ქიწნისი.
ზაზა ფელიშვილი

მეჯლისი, სატრფიალო

 მოვედი მეჯლისზე, შენ იქ არ იყავი

და დამხვდა ფიფქების ზღვა,

იმ თეთრ ფანტელებში გედივით შევცურე,

რაღა დამრჩენოდა სხვა.

ამ დროს შენ გამოჩნდი და ხელი მომკიდე,

მადლობით ავხედე ცას,

ამიხდა, ასე რაც მინდოდა, ვინატრე,

მე, შენ და ფიფქების ზღვა.





Sunday, January 1, 2023

ნეტავ, ანგელოზთ დააცვდათ ფრთები?!

 ნეტავ, ანგელოზთ დააცვდათ ფრთები, 

ღმერთთან ნატვრები რომ აღარ მიაქვთ?

სად გახირულან ჩვენი ლოცვები,

სიტყვას ვერ ვამბობთ ლაღსა და ფრთიანს.

ჭურვების ბოლი დამდგარა ცაზე,

სადღაც პატარებს სცივათ და შიათ,

ურჩხული ქშენს ჩვენს დედამიწაზე,

მიტომ ვერ ვხედავთ ჩვენც ზეცას მზიანს.



უცნობის ლექსები, დახეული ქაღალდი, ზღვაზე

 ქარიშხალი ვარ და სხეულზე ისე გევლებით,

მსურს წაგიყვანოთ სამოთხეში, ბაღში ედემის,

მაგრამ ვერაფერს რომ ვერ გავხდი თქვენზე შეტევით,

წვიმად ვიქეცი და  და მოგილბობთ მაგ გულს ცრემლებით.

 

ვიცი, რომ თქვენთვის მე ვარ ხორცმეტი

და მოგლეჯილი მტკივა სხეული,



ზღაპრების გმირი მეგონა თავი (მეორე ვარიანტი)

წლების წინ, პეპლის ფერებით მთვრალი,
ვმუსაიფობდი იისფერ ქართან,
ზღაპრების გმირი მეგონა თავი, -
ტანთ სადედოფლო მემოსა კაბა.
ლეიბების ქვეშ ვეძებდი მარცვალს
(მუხუდოს ნაცვლად მიწყობდნენ ღერღილს),
სიყვარულის გზას იღბალი ასცდა,
ხელთ შემატოვა ბამბუკის ღერი.
სადღაც ბიჭუნა უკრავდა ხეზე
და იქვე ძოვდა წიქარა ხარი,
დედინაცვლის ხმას რამდენიც ვენდე,
იმდენი ცრემლმა ამიწვა თვალი.
იყო დრო, როცა მიყვარდა დევი,
ტკბილი ზღაპრების მძლეთამძლე გმირი,
ხელმარცხიანი, ზოგჯერ კი - ქველი,
ალერსიანი თვალებით ვირის.
ერთმა ზღაპარმა კენჭად მაქცია,
რომელიც მყისვე ჩაყლაპა თევზმა
და ჩემი, ვითომ ინკარნაცია,
თბილი რძესავით ბოროტმა შესვა.
ბალღამიც ხშირად დასხმია  ნექტარს,
მრავალჯერ ავცდი ეპოქას დროში,
კონკიასავით ვინამე ცრემლად,
როცა დავკარგე ძვირფასი ქოში.
გადაცრეცია ცინცხალი ფერი
უმშვენიერეს პაწია ზღაპარს,
სად წითელქუდას ჩაყლაპავს მგელი,
მონადირე კი არა და არ ჩანს...
სად დედინაცვალს არ უყვარს გერი,
წიქარა ვეღარ  ერევა ღვართქაფს,
გამოსტეხია სალამურს გვერდი,
ჯარა კი - ცოდვა-მადლისას ართავს.
ყინვის დედოფლის ზვიადი ნება
თითქოს სამყაროს დასასრულს უცდის,
კარებთან სხედან კაი და გერდა,
ვით მოყვარული სიამის ტყუპი.
ის კი, რაც გულში ვერ ჩაეტია,
მზეებრ აინთო მარჯნის ცისკართან,
ფიფქიაც ვიყავ, ნაცარქექიაც,
ჩიტი მზეწვიაც, ოქროსნისკარტა.
წლების წინ, პეპლის ფერებით მთვრალი,
ვმუსაიფობდი იისფერ ქართან,
ზღაპრების გმირი მეგონა თავი, -
ტანთ სადედოფლო მემოსა კაბა.
მაია დიაკონიძე
9.05.2019 წელი