Saturday, November 19, 2022

მამას!

 შენ შემოჰფანტე თეთრი თოვლი ჩემთან ამ დილას,

ბარდნიდა ისე, უთოვია არასდროს ოდეს,

შენა ხარ ალბათ ეს ზამთარიც, ჩემი ნათლიაც,

შენი შვილობა დამანათლე (ნათელი გქონდეს).


მკრთალ ნაფეხურებს მოვყვებოდი მე შენსას თოვლში,

ცა აირია, ქარაშოტმა დაჰბერა ცივმა,

მე შენს ლოდინში ფანჯარასთან  ვდგავარ, კვლავ ნორჩი,

ისევე მოხვალ, მომიხატავ იებით მინას.

 

მოხვალ და ზაფხულს ჩამისახლებ ნაზამთრალ სულში,

ააბრიალებს მზის სხივები ოცნების ნაპირს,

და შენს ნაჩუქარ ფერად ფანქრებს მოვიწყვდევ მუჭში,

დაბადების დღეს მომილოცავ ისევე, მამი!




სონეტი

მე არეული ფიქრი ვარ შენი,

და ვარსკვლავებად მოვდივარ ცაში,

ხან დაგატყდები მეტეორებად,

როგორც ფიფქები მოწყენილ ზამთრის.

ავტალახდები მინდორი, ეზო,

ჩავირეცხები რიონში, მტკვარში,

და როცა ჭიქით წყალს მოგაწვდიან,

ჩემს გემოს იგრძნობ წვეთებში მაშინ.


ჩვენი სხეული, ჩონჩხი და წყალი,

ჩონჩხს დამარხავენ, შეხედე ჩანჩქერს, -

გაუსწორე ჩვენს სულებს  თვალი.



რა არის ცრემლი?!

რა არის ცრემლი,წამოსული ზეციდან ნამი,
და ჩვენს თვალებში არეკლილი თავსხმა წვიმები,
იმიტომ ვტირით,  დაგვრჩა მშობელთ, წინაპართ ვალი,
გვაწვება მხრებზე, შუბლს გვიცვარავს ოფლის მძივებით.
შეინახეო, ხელის გულზე ატარე ეს ცა,
ეს მიწა-წყალი, დიდ შოთას რომ ფეხით უვლია,
ვინც რომ ზვარს ჰყიდის, ფესვებს აჭრის მოტირალ ვენახს,
ის მკვლელი არის საქართველოს, დიდი ილიას! 



თეთრი ვარდები (სატრფიალო)

თეთრი ვარდები
თეთრი ვარდები, — სიყვარულის ერთი მიზეზი,
შენს მორთმეულებს აეწიათ თანდათან ფასი
და რომ გეგონა შენ რაღაცა მცირე, მიზერი,
იმ ვარდის ფურცლით შევავსე და ვიგემე თასით
შენი განწყობა, შენი სული, შენი სიკეთე,
მოგონებებმა იფეთქა და არაფრით გაქრა,
ნეტავ რა არის ჩვენი სულიც, ერთხელ იელვებს
და შემომხვდები თეთრ ვარდებით აღსავლის კართან,
მაია დიაკონიძე
19.11.2022წელი


 

Friday, November 18, 2022

სამშობლოს!

არ ვიცი, რატომ, ქუხდი და წვიმდი,
რატომ ფეთქავდი მაჯებში ვენად,
ათასწლეულებს ხელდახელ ქმნიდი,
შენ იყავ ჩემი სისხლიც და ვნებაც.
გირწევდი აკვანს, ვხარობდი ვაზად,
ხან გეხვეოდი მე თვითონ ჭიგოდ,
სულს დაგითმობდი სიცოცხლის ფასად,
.შვილებისაგან შენც ამას ითხოვ.


ეს პატიება! (სატრფიალო), ,,გაცივდა გული", სიმღერა დაწერა და შეასრულა გიული ერგემლიძემ

 ეს პატიება

გაცივდა გული, თუ ყინულის ლოლოდ გადიქცა,
შემომეშველე, თუ გინდა რომ ისევ დაადნო,
შენ მე გსახავდი სიყვარულის სუნთქვა-არილად,
მიღალატებდი, არ მეგონა, ალბათ, არასდროს.
მაგრამ არ იყავ, როგორც ვხედავ, უფალი- ღმერთი,
შენც შეგპარვია ჭია ცოდვის, ურცხვად ღალატის
და თუ ოდესმე გაპატიე, იფიქრე ერთი, –
რომ ყველა დაღმართს ამ ქვეყანად მოსდევს აღმართი.
თუ სიყვარულში გაერია, რაც არ შეჰფერის,
თუ ყველა ხატი შენი სახის იწვის, გიზგიზებს,
თუნდ გაპატიო მე მოკვდავმა, დიდი ღალატი,
იმედი გაქვს, რომ სასუფევლად ღმერთი მიგიღებს?!
არ ვიცი მართლა, რაა ჩვენი ბოლო და წერა,
რა აწერია ჯოჯოხეთის დახშულ კარებს და,
შენი შემწე და გადამრჩენი იყოს უფალი,
ეს პატიება ჩემს ძალებს კი აღემატება.
მაია დიაკონიძე
18.11. 2022წელი

ელგუჯა ციგროშვილის მოკლე ბიოგრაფია

  პოეტი - ემიგრანტი, ელგუჯა  სტეფანეს  ძე  ციგროშვილი, დაიბადა საქართველოში, ქ. თელავში, 1953  წლის  3  ივლისს. დააამთავრა თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტი (1976 წ.) და თბილისის სასულიერო სემინარია ( 1993 წ.). სხვადასხვა დროს მუშაობდა წითელწყაროს რ-ნის სოფ. არხილოსკალოსა და ქვემო ქედის საშუალო სკოლების მასწავლებლად, ასევე,  წითელწყაროს განათლების განყოფილებაში, დირექტორის მოადგილედ თელავის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმსა და იყალთოს პროფტექსასწავლებელში;  რუსთაველის საზოგადოების თელავის რაიონული ორგანიზაციის (თავ-რე – გოგი შათირიშვილი ) პასუხისმგებელ მდივნად; დემოგრაფიული საზოგადოების კახეთის სადროშოს ( თავ-რე, მწერალი ლადო მრელაშვილი) პასუხისმგებელ მდივნად; თელავის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს. 1994 წლიდან დღემდე, 28 წელი,  იმყოფება ემიგრაციაში,  საბერძნეთში, ქ.თესალონიკი. არჩეული იყო ქართული დიასპორის კონფედერაციის თავმჯდომარედ; 2010 წელს მან დაარსა და გახლდათ  ქ. თესალონიკის ვაჟა-ფშაველას სახელობის ქართული საკვირაო სკოლის  ხელმძღვანელი და პედაგოგი. 

2011 წელს მისი თაოსნობით ქ. თესალონიკში ჩატარდა  ,,ვაჟაობის" სახალხო დღესასწაული.

    იგი არის სამი პოეტური კრებულის ავტორი: ,,მე მოვინატრებ" , სატრფიალო ლირიკა  (თბილისი, 2022წელი, გამომც. ,,მწიგნობარი"), ,,ოღონდ ნუ დამიღონდები"( თბილისი, 2023 წელი, გამომც. ,,მწიგნობარი"), ,,მე ვარ ადამი", 100 რჩეული ლექსი (2023 წელი, შპს ,,გრადაციის" სტამბა")

 ელგუჯა ციგროშვილის ლექსები დაბეჭდილია: ლიტერატურული ალმანახი ,,ხორნაბუჯი" (2021 წელი, თებერვალი, N10) , საზოგ,- ლიტერ. ჟურნალი ,,ოლე"(2021 წელი, N 4) ლიტერატურული ჟურნალი ,,ანეული" , 2022 წელი, N 2) გაზეთი ,,გზა" (2023 წელი, 1 მარტი), ,,ლიტერატურული მესხეთი" (2023 წელი, დეკემბერი, N13).

ელგუჯა ციგროშვილი გახლავთ მრავალი პოეტური კრებულის თანაავტორი, ,,რომ არ მიყვარდე", 1, 2 ტომი (თბილისი, 2021, 2022), მინიატურული პოეზია, ტომი 2 (2022წელი),  ლექსის აკვანი, ტომი 9, 11 ( თბილისი, 2022, 2023 წელი), ,,21-ე საუკუნის პოეზია"(2023 წელი) და სხვა.

  2014 წელს  ელგუჯა ციგროშვილი ქ. თესალონიკის ემიგრანტთა შორის ჩატარებული ლიტერატურული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულიც გახდა. 

  2022 წელს, როგორც წმინდა ნინოს ფესტივალის ლიტ. კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს მას გადაეცა წმინდა ნინოს ჯვრის მედალიონი.

     ქ   2013 წელს, დაბადებიდან 60 წლის თავთან დაკავშირებით , საქართველოს დიასპორის სამინისტროსგან გადაეცა მილოცვის სიგელი, როგორც საპატიო ემიგრანტს. 

   2023 წელს ქ. თესალონიკში, სადაც ის ცხოვრობს და მოღვაწეობს ამჟამად, 2023 წლის დეკემბერში გადაეცა საპატიო ემიგრანტის წოდება.