Saturday, November 12, 2022
ადამიანი როდესაც გიყვარს!
Friday, November 11, 2022
მგონი უნდა ვინადირო!
მგონი უნდა ვინადირო ჯიხვზე, ნიამორებზე,
მერე იქნებ ბედიც ვცადო შევარდენზე, ქორებზე,
თორემ ვხედავ, რომ ცხოვრებას დაეკარგა ხალისი,
რომელ ორმოს მიადგები, ვერ განსაზღვრავ, არ იცი.
მინდვრად მინდა დავდგა ჩემთვის ოცნებების კარავი,
დამნათოდეს მზე და მთვარე ვარსკვლავების ამალით,
და კოსმიურ სიჩუმეში კრიმანჭულის ჰანგებით,
დედამიწას ქართველები სამუდამოდ დავრჩებით.
შემოგიკედლე! (სატრფიალო)
შემოგიკედლე და ჩემს გულში მოგეცი ბინა,
ვით ფრთამოტეხილ უბინაო საწყალ მზეწვიას,
და ბედნიერად მითენდება ყოველი დილა,
შენი ჟღურტული იადონზე უამესია.
მე ძველებურად განთიადზე ნეტარად ვფრინავ,
მეგებებიან სიხარულით მზე და ნაძვები,
დაუსაბომო სიჩუმეში სიყვარულს სძინავს,
ასე იქნება, ჩემო, სანამ ჩემთან დარჩები.
.
ვისმინე შენი მიეთმოეთი,
მერე მივეცი ტეხილ ტეხურას.
Thursday, November 10, 2022
რად მიმატოვეთ?!
რად მიმატოვეთ ღამის ჩრდილებო,
გამოეკიდეთ ხიდგაღმა ანძას,
მე, ჯერეთ ბავშვი, ვიფარებ საბანს
და გავურბივარ ვიღაცას სადღაც.
ხან თავს მესხმოდა ტურა და მგელი,
ალიონისას ვხუჭავდი თვალებს,
მაგრამ ბავშვობის ის ვითომ მტერი,
უკეთესია ამ მწარე ცხადზე.
ვაჟო! (სატრფიალო)
ვაჟო, შენ რომ გიყვარდი და
ხელს მთხოვდი, ის ქალი ვარ,
როგორც ხედავ, თვალში ია,
ვარსკვლავები ჩამიქრა.
შენ კი ისევ ჯეელი ხარ,
ვერა ვძღები ყურებით,
როგორც მაშინ, ახლაც ისევ
ყურში მედუდუნები.
ნეტავ, ჩემი გაგიჟება
თუა შენი მისია,
რომ მიყვარდი სიგიჟემდე,
შენ არც კი გაგიგია.
ეს ამბავი ჩემმა გულმა
და თვალებმა იციან,
მაგრამ თავი, როგორც ხედავ,
დღესაც არ გამიცია.