Wednesday, November 9, 2022

ნუ ტირი, მამა!

მე შენს თვალებში ცრემლებს ვხედავ, რად ტირი, მამა,
ნუთუ ვერ მოგეც სათანადო სასო, ნუგეში,
კენტად რომ დარჩი, ეს გატირებს, ქვითინებ ამად, –
მარგალიტები ჩაგიწყვია ცისფერ გუგებში.

ხან მარტოობა საკვამურში გამკრთალი ბოლის
შემოგვეჭრება, ტანში გვცრის და გვატირებს, გვზაფრავს,
და ვეძებთ დედის ნაფეხურებს ყველა კუთხეში,
შენც და მეც, ობლად დავრჩენილვართ, ნუ ტირი, მამა.

ამ შემოდგომას დარჩენია ხეზე ფოთოლი,
შეხედე, როგორ ბრწყინავს, როგორ ანათებს,
მგონია, მასაც ჩაუცვია ფერადი კაბა,
რომ უმზადებდა დედა ნატიფ ლილის მაქმანებს.

და ფეხაკრეფით, როცა ქარი მოიპარება,
შენს მაგიდაზე აყრის ლამაზ წითელ ყაყაჩოს,
არ გაგიკვირდეს, შენს გულში თუ აპარპალდება, –
ის ცეცხლი, ძველი სიყვარულის იევ გდარაჯობს.

განა რა არის მარტოობა, ასე რომ გვთანგავს,
ასე რომ გვართმევს სულს კვირტებს და აყრის ტრამალს,
როგორც მოვდივართ ამ ქვეყანას, ისევე წავალთ,
ერთს გეტყვი მხოლოდ, შეიშრე ცრემლი, ნუ ტირი, მამა!








არც რაი მიკვირს (მინიმა)

არც რაი მიკვირს არასდროს, 
არც რაი გამიკვირდება,
წუთისოფელი ასეა, 
ხან თენდება, ხან ბინდდება,
მაგრამ ღალატით დამცრალი
გული არასდროს მშვიდდება.

Tuesday, November 8, 2022

დედაჩემს თეთრი ხელები ჰქონდა

 დედაჩემს!

დედაჩემს თეთრი ხელები ჰქონდა,
ვარდის სურნელი სდიოდა ხელზე,
და ახლა როცა ძალიან მიჭირს,
ვარდების ბაღში დედაჩემს ვეძებ.
დედაჩემს ლურჯი თვალები ჰქონდა,
სიო დაჰქროდა მღელვარე ტბებზე
და ახლა, როცა ძალიან მიჭირს,
უკიდეგანო სივრცეში ვეძებ.
დედაჩემს მარჯნის ტუჩები ჰქონდა,
მარგალიტებით ანთებდა ზესკნელს,
და ახლა, როცა ძალიან მიჭირს,
მარჯნის ნაპირზე დედაჩემს ვეძებ.
სული ბავშვივით უმანკო ჰქონდა,
ახლა მაღლაა, მაღლაა მზეზეც,
და ახლა როცა ძალიან მიჭირს,
ზევით ზეცაში ანგელოზს ვეძებ.
მაია დიაკონიძე
8.11. 2022წელი

Monday, November 7, 2022

არ გაეღვიძა, არ გამეღვიძა

 მე ჩავიარე პანთეონთან და 

მიწიდან მწარე კვნესა მომესმა,

ნუთუ ეს დარჩა, ნუთუ ეს დარჩა, 

ჩვენი ბრწყინვალე საქართველოდან?!

და მე უბრალო მგზავრი გავოგნდი, 

მეგონა ღამე იწვა თილისმად,

არ გამეღვიძა, არ გაეღვიძა, 

ხმა მოისმოდა მარტო მიწიდან!

Sunday, November 6, 2022

ხან სიცოცხლეა, ხან კი წვა და გარდაცვალება — ნეტავ, რა არის სიყვარული?!

 ნეტავ, რა არის სიყვარული?! გუშინ შვილმა დამისვა შეკითხვა, ზუსტი განმარტება ვერ მივეცი და ალბათ ვერავინ ვერც მისცემს, ღამით ვიფიქრე და დღეს ლექსი ჩავწერე, გთავაზობთ:

ხან სიცოცხლეა, ხან კი წვა და გარდაცვალება
ნეტავ, რა არის სიყვარული, თუ არა ელვა,
ამოღებული ქარქაშიდან ბასრი ხანჯალი,
ტკივილებით რომ ძარღვებსა და ლურჯ ვენებს სერავს,
ხან აღმაფრენა, ღრუბლებს მიღმა ჩიტი ფრთამალი.
მეხია, ციდან მოვლენილი, დაგცემს და გაგცემს,
ვერ დამალავ და თვითონაც ვერ დაემალები,
მშვიდობა არის, ომი არის, ზავდები არცერთს,
და თვითონ იწვი ზეცის თაღზე მნათეს სანთელი.
მოფრენილია ლურჯი ტყიდან ლურჯი ფრინველი,
და ყურებს გიტკბობს ჭიკჭიკით და საამო ხმებით,
ხან სევდის ხმაზე ამღერდება, ვით კორსიკელი,
მისი ცხოვრებაც ხან ზევითსვლა, ხან ჯოჯოხეთი.
დაგივლის გულში და შენს სხეულს გათანგავს ვნებით,
გტკივა სისხლძარღვი, გტკივა ნერვი და თითო კუნთი,
და თუ ცხოვრებას შენი ასე ტანჯვა ენება,
ჰფიქრობ, რად გერგო განაჩენი ასეთი კუშტი.
და მაინც გიყვარს, ვერ იცილებ იმაზე ფიქრებს,
დღეა, ღამეა, ვერაფრით ვერ გამოიდარა,
სიყვარულისთვის საბრძოლველად ძალებს ვერ იკრებ,
გინდა, ჩაგაცვან შროშანივით თეთრი სუდარა.
ხან სამფლობელოს გადაუვლი ზღაპრების, მითის,
აბესალომის და ეთერის გშურს კიდეც ბედი,
ვერანაირად ვერ იმშვიდებ ეგოიზმს, სინდისს, —
გსურს იყო მისთვის მნათი მზეც და სამყაროს ცენტრიც.
გვაბრუებს, გვატკბობს, ხან კი მწარედ ვიწყევლით თავბედს,
და ჩვენი ყოფა კვლავ ხელშია მაღალი ღმერთის,
და თუ კი მაინც სიყვარული შემოგხვდა გზაზე,
ვმადლობდეთ უფალს, განა არის ის ყველას ხვედრი?!
---------------------
და ელის დღესაც მზეჭაბუკის მზერას ქალთამზე,
ირეკლებოდეს მის თვალებში დიდრონი მთვარე,
და დაწოლილებს ღია ცის ქვეშ, მწვანე ბალახზე,
არ დაავიწყდეთ სიყვარულის ის ერთი ღამე.
მაია დიაკონიძე
6.11. 2022წელი

Saturday, November 5, 2022

სისუსტეა, ეს გრძნობებიც, ვიცი

 სისუსტეა, ეს გრძნობებიც, ვიცი,

სისუსტეა ცრემლები და სევდა,

და როდესაც ისე ძლიერ გვიჭირს,

თავზე ღმერთი გადაგვისვამს ხელს და,

ვიგრძნობთ სითბოს, სადღაც გულის კართან,

რომ ეხება ყველა კუნთს და ძგიდეს,

და წამოვა სიყვარული ღვარად,

თითო ყლუპი იქნებ ყველას მივცეთ!


,



მე შენი ლექსის მწყემსი ვარ!

 ლექსის მწყემსი


მე შენი ლექსის მწყემსი ვარ,

ფართე იალაღს გავუშლი,

კრავივით გულში ჩავიკრავ,

ლამაზია და სათუთი.

ჩამოვატარებ წყალივით,

ყველამ მოიკლას წყურვილი,

იგრძნონ მაგ მთების სილაღე,

და შენი გულის დუღილი.