Friday, October 1, 2021

დიდი ხანია, მე შენ გეძებდი (სატრფიალო)

 დიდი ხანია, მე შენ გეძებდი,

გიწერდი ლექსებს, ღამ-ღამ ვტიროდი,
ხანდახან როცა მავიწყდებოდი,
თვალში იებად ამომდიოდი,
და უცებ, როცა შენ დაგინახე,
- ის არის, არა?! - ეჭვით ვფიქრობდი.

შენ ხარ ერთადერთი (სატრფიალო)

 სიცოცხლის და სიყვარულის ფერში

შენ გიპოვე, შენ ხარ ერთადერთი,

დათოვლილი თმებითა და მხრებით

გადმოვლახე სევდიანი გზები

და შეჩერდა უცნაურად წამი,

დაგინახე და ჩიტივით შევკრთი,

შევიკარი უცნაური ძალით,

სათქმელი მაქვს შენთვის ბევრზე-ბევრი.



რიწა!

 რიწას!


მე სიყვარულის ფრთებით ვიფრინე,

გზად შავი ხვრელი აღმოვაჩინე,

ხახა დაეღო სიცივის უფსკრულს,

მზე დაემალათ უჩინმაჩინებს.

ყინვას და ნამქერს დაეხშო რიწა,

გულებში ცეცხლი აღარ ღვიოდა,

ცრემლის წვეთებით გავსებულ მიწას 

მაინც ნათელი გადასდიოდა.



კაფიობა, დავით გასიტაშვილი, მაია დიაკონიძე

 არც ცივია, არც ცხელია,

არც მწარეა,
არც ტკბილია,
არც მყარია, არც რბილია,
ჩემო ძმაო ნუ გგონია,
ქალის ცნობა ადვილია!
გორელი

ცივი არის, რომ არ უყვარს,
ცხელი არის თუ სულს სდაგავს,
გაზაფხულის ყვავილია,
თუ კი მის სულს დაინახავს.
მწარე არის, თუ ღალატობს,
ერთგულისთვის ტკბილზე-ტკბილი,
მწიფე ყურძენივით მოსჩანს,
შემოდგომის არის ხილი.
მყარი არის, თუ შვილს უჭირს,
რბილი, ხანდახან კი მკაცრი,
შვილის სულის ყვავილია,
სამშობლოსთვის ვაჟკაცს გაზრდის.,
ასე, თუ კი დაინახავს
კაცი ცოლში ვარდს და აპრილს,
არ ექნება შეფერხება,
გამოცნობას გახდის ადვილს.




მოდიოდი ერთხელ ზამთრის ველზე (სატრფიალო, პაემნების სერიიდან)

მოდიოდი ერთხელ ზამთრის ველზე,
მუხლებამდე ეფლობოდი თოვლში,
იჩქაროდი და მეც არ მეძინა,
გეფრქვეოდა ვარსკვლავების ხომლი.
გინათებდა გზას სანთლების შუქიც,
გამომკრთალი ჩემი ფანჯრებიდან,
და შენ გრძნობდი ჩემი გულის ქუხილს,
თოვლის ხრეში ეყრებოდა მინას.
როგორც იქნა, შემოხვედი სახლში,
ჩამოჯექი ბუხართან და გათბი,
შენს მლავებში ჩავესვენე უხმოდ,
მოგანათე ეს თვალები ხარბი,
რომ ჩემი ხარ, სამუდამოდ ჩემი,
არაფერში, არაფერში გაგცვლი,
დე, ჩვენს მიღმა დრომ იდინოს მხოლოდ,
შენ კი ჩემთან სამუდამოდ დარჩი.

ვინ მოსთვლის ნეტავ! (სატრფიალო)

 ვინ მოსთვლის ნეტავ, რამდენი დღე ვათენ-ვაღამე,

რომ შენ მეპოვე, გავიარე რამდენი იარდი,

ვარსკვლავებიც კი დამყურებდნენ, მკრთალნი, ჩახჩახა,

შენ ცამ ჩაგყლაპა, თუ  ამ მიწამ, აღარსად ჩანდი.

და უცებ ერთ დღეს მე მივიღე შენგან წერილი,

გადაკარგულხარ ცხრა მთასა და ცხრა ზეცის იქით,

და მაშინ მივხვდი, შენ იყავი ჩემი რჩეული,

მეფის ასულის გადამრჩენი მამაცი პრინცი. 







ალალი იყოს, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ალალი იყოს!

1.ჭაბუკებს მზერით დაფერფლავდი
ისე, ვით ელვა,
უკვდავების ვაშლს მოგართმევდნენ,
ოღონდ გენება,
მოგონებებმა მომაკითხეს,--
ჩემსავით ძველმა,
იქიდანაც კი თვალსა მჭრიდა
შენი მშვენება.
2.ნეტავ სადა ხარ,სად გაგრიყა
ბედ-ღბლის წყალმა,
(ჩემსავით მორცხვი,
შენ აბა სად გემახსოვრება...)
იქნება დევმა მოგიტაცა,
გონჯმა და მყრალმა
და მის კერაზე ჩამოჰბერდი
მთელი ცხოვრება.
3.იქნებ მზეჭაბუკს ერგო შენი
ტურფა სხეული,
ბროლის სასახლის გამოგიხსნა
ფართოდ კარები...
ისევ კიაფობს შენს თვალებში
ცეცხლი ჩვეული?
ბედნიერი ხარ? თუ გაჩნია
სულზე ბზარები?
4.თუკი წლების წინ ვერ მოგართვი
თეთრი ვარდები,
ალალი იყოს ახლა ჩემი
ლექსის ბწკარედი...
შენ ვერც გაიგებ,ასე ძლიერ
თუ მედარდები,
ამდენი ხანი
მე სულ ფიქრით დაგატარებდი.
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.07.09.2016 წელი.