Sunday, December 6, 2020

სულში ჩამომდგარა დეკემბერი

 სულში ჩამომდგარა დეკემბერი,

ჩემი უხილავი სევდა,

ვეღარ გადავლახე ბარიერი,

მიყვარხარ, რომ უნდა მთქვა.

ფოთლებს აერიათ გზა და კვალი,

ფეხქვეშ დამეფინენ ნოხად,

ვუთხარი, გარეთ დგას დეკემბერი,

ახლა ველოდები თოვას.

და აგერ, ფიფქებიც შემოფრინდნენ,

შესცივდათ თოვლის ქვეშ ფოთლებს,

ღმერთო, მომივლინე გაზაფხული,

სევდისგან საშველი მომცეს.





ერთსტროფიანი

 შენ, დაკარგულო ჩემო თავო, 

სადღა გეძებო,

იქნებ, ყვავილში,
რომ დაყნოსა 
პატარა ბავშვმა?!

ერთსტროფიანი

ბევრისთვის არ ვარ საინტერესო,
არც ფული არ მაქვს და არც ღიმილი,
რომ საჩუქრებად ჩამოვარიგო
მოწონების და თბილი სიტყვისთვის,
მე ხე ვარ, ფოთოლშემოძარცვული
და აღარა მაქვს ალბათ ის ხიბლი.

Friday, December 4, 2020

ერთსტროფიანი

 თაგვებივით სორო-სორო შეგვაძვრინეს,

თვითონ დარჩათ ტყე და ველი,
ცხოვრებისგან, სამწუხაროდ,
კარგს არაფერს აღარ ველი.

ერთსტროფიანი

 იასამანი უყვარდა

ჩემს დას

და ძოწის მძივი,

ჩემს ძმას აისი,
იყო მზის შვილი,
მეც მოტრფიალე
გახლავარ მზისი.

სახუმარო(სიმღერა)

 ჩემთვის არა გცალია, უკვე კარგა ხანია,

უკვე კარგა ხანია, სხვის გულს იპყრობ ვარდიანს,

შეუკეთე ღუმელში და ჩაიწვი უბეში

ჩემი გული სნეული, იწვის კარგა ხანია.

შენი არის სუყველა მანია და ტანია,

მე კი, გადარეული, ვტირი კარგა ხანია,

ერთხელ გამოიხედე, მენატრები ძალიან,

ახლა სხვებმა იტირონ, მანიამ და ტანიამ.

მისამღერი: 

გელოდები, ძვირფასო, უკვე კარგა ხანია,

დრომ ვერ მომცა ნუგეში, მოსვლა შენი ვალია.

Tuesday, December 1, 2020

იავნანა (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

 ანგელოზო დედის, დაიძინე, გესმის?

ღვთიშობელი გეძახის, სიყვარულის მთესავი,

შენთვის, ჩემო ერთავ, გულის პერანგს ვკემსავ,

გახდეს როგორც რვალი, ეშმამ არ გცეს თვალი,

მზის სხივო და ფიქრო, ანგელოზებს ვიხმობ,

ჩადგეს ყველა ქარი, ცხენს ვთხოვ ფაფარაყრილს

რომ დაგიდგეს მცველად, ავი იქცეს ფერფლად.

მისამღერი: 

მზის სხივო და ფიქრო, 

სახლის კერას მითბობ,

ალუბლის გაქვს ლოყები,

ტუჩი - ლალი, ძოწები,

თვალში - იის კონები, 

მაგრად ჩაგეკონები.