Tuesday, November 6, 2018

უიმედოებს

მე მივდიოდი და არ ვიცი, საით ვიდოდი,
ცაზე არ ჩანდა აღარც მთვარე, აღარც ვარსკვლავი,
ჩვენ, უკუნეთში მიმავალებს, მგზავრნი გვიწოდეს,
გატანება კი დაენანათ მცირე საგზალის.


Monday, November 5, 2018

ვერ უპოვია სამართალი

ფეხებზე ლოდებდაკიდული ვეძებთ სამართალს
და ამ ლოდებსაც ალესვიათ ზედა პირები,
ვერ უპოვია სამართალი ვეღარც სანათას,
უმოწყალოდ რომ დაუხოცეს ვაჟიშვილები.

ყველა ხიბლშია თუ მეჩვენება?!

ყველა ხიბლშია თუ მეჩვენება?
იპყრობს ეპოქას ხრჩოლვა-ხველება,
სასუნთქი აღარ რჩება ჰაერი,
გაჯერებულა თავის საქები
სიტყვით და ქვეყნის არ ჩანს მომგონი,
რომ შეაწიოს ცოტაოდენი.

Sunday, November 4, 2018

გოგონა, რომელსაც ადამიანების ენა არ ესმოდა (ჩანახატი)

                                   მაია

        მაიას მეგობრები არ ჰყავდა და სარკეს დაუმეგობრდა. გახსნიდა სარკეს, მრგვალს, გარშემო ჩუქურთმებით მორთულს, ბებიას ნაჩუქარს და იქიდან მომზირალ ორეულს ესაუბრებოდა. მოუყვებოდა ბაღის ამბებს, ბაღში ერთი წელია უკვე, რაც დადის, მარტო თვითონ ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა, ორეული კი დუმდა და დუმდა, თევზივით პირში წყალი ჩაეგუბებინა. იცოდა მაიამ, რომ ორეულები არ ლაპარაკობენ, ამიტომ არც სთხოვდა მეგობარს, მელაპარაკეო. მაგრამ ერთხელ ძალიან, ძალიან მოუნდა, მას ხმა გაეცა. იმ ღამით მაიას მაია ესიზმრა, სარკეში კი არა, ცხადად დაინახა, თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგონა თავისთან იხმობდა ყვავილების ველზე. გაიქცა მაია მეგობართან შესახვედრად, დაკრიფეს ყვავილები გოგონებმა, ისაუბრეს, იცინეს, იმხიარულეს. კმაყოფილმა გაიღვიძა, მეგობარი შევიძინე, რომელთანაც ლაპარაკი შემიძლიაო, დღისით, როცა მეგობარი ძალიან მოენატრებოდა, გახსნიდა თავის ჯიბის სარკეს და ესაუბრებოდა თავის ორეულს, ღამით სიზმარში პატარა მაიასთან ერთად მთა-ველს შემოივლიდა, ვარსკვლავებიან ცას უყურებდა, მაია ვარსკვლავების სახელებს ასწავლიდა, ყველა მცენარის, ყვავილის სახელიც ასწავლა, გოგონას ცოდნით ევსებოდა უჯრედები, სხეულის ნაწილები, რიგში ეწყობოდნენ ნივთები და საგნები, - არა, ჯერ ჩემი სახელი ისწავლე, არა - ჩემიო. ეძახოდნენ, - ყველაფერი იცოდა გოგონამ, ყველასი და ყველაფრის ენა ესმოდა, ადამიანების გარდა, მათი ენა კი ვერაფრით ისწავლა.

სამწუხაროა..., მინიმა

სამწუხაროა, რომ ეშვება ფარდები ტყვიის,
გაჯერებულა ტყვიით სისხლი, ძარღვებში ყივის,
ამის ბრალია თუ ხალხს თვითონ შეჰყრია სნება, -
ტაში დაუკრას წარმატებულს, სხვას ფურთხი ხვდება.

Saturday, November 3, 2018

ქარი და კლდე (საბავშვო ზღაპარი)

    ქარი და კლდე

 ქარი და კლდე მეგობრები იყვნენ. მოფრინდებოდა ქარი, მოუყვებოდა მეგობარს მთისა და ბარისას, ის ხომ ცნობილი მოგზაური იყო. აუცრემლიანდებოდა თვალი კლდეს, მეც მინდა, სადმე წავიდე, ეს ქვეყანა ვნახოო, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა. ხანდახან გაიქნევდა ფეხს, მოსტყდებოდა ნატეხი, ჩამოგორდებოდა ძირს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა, როცა სევდა მის გულში ძალიან მძლავრობდა. ქარიც აქაქანდებოდა, -  რას შვრები, კაცო, ეგ გოროხი ვინმეს თავზე არ დაეცესო, - შეშფოთდებოდა კლდე და გაიღიმებდა, როგორც შეეძლო, უფრო სწორედ, გაიღრიჯებოდა, ამ შავ გოლიათს სიცილიცა და ღიმილიც უცნაური ჰქონდა. მეგობარი ხასიათზე რომ მოეყვანა, აცქმუტდებოდა ქარი, ხან ერთ კალთაზე მიაფრინდებოდა, ხან მეორეზე, შეუღიტინებდა, ახითხითდებოდა მაშინ კლდე, უცნაურ ხმებს გამოსცემდა, მის ნაპრალებში ხომ ქარი დასეირნობდა. ჭიდაობაც ძალიან უყვარდათ მეგობრებს, შეეჭიდებოდნენ ერთმანეთს, ქარი ქარიშხლად გადაიქცეოდა ხოლმე, უბაგუნებდა კლდეს, ხან ერთი მხრიდან შემოუვლიდა, მუშტებს ურტყამდა, ხან -  მეორე მხრიდან, ქოჩორშიც წასწვდებოდა, წვერზეც წამოარტყამდა, მაგრამ რას უზამდა? ის ხომ კლდე იყო, ამაყად მდგომი, საუკუნეების მანძილზე გამოწრთობილი. მიუშვერდა ჟანგიან გულს ქარს და - მირტყიო,  -  ეუბნებოდა. არ ზოგავდა ძალებს ქარი, მაგრამ რა? კლდე სიცილით კვდებოდა, იცინოდა და იცინოდა, გუგუნებდა და გუგუნებდა. შორს ბარში ისმოდა მისი ხმა. მხოლოდ ღამე კვნესოდა და ტიროდა, მარტოობისგან გათანგული.
     ერთ დღეს ძალიან მოიწყინა კლდემ, სევდიანი დახვდა მეგობარს, არწივებიც კი არ იკეთებენ ჩემს თავზე ბუდეს, არავის მოვწონვარო, მაშინ ქარმა ჯიბიდან საჩუქარი ამოიღო და კლდეს მიაწოდა, უფრო სწორედ,  მის კალთებზე იის თესლი მიმოაბნია, იქნებ გაიზარდოსო. დადგა გაზაფხული და კლდის ერთ კალთაზე ია ამოვიდა. გული გაუთბა კლდეს, ახლა იცოდა, ვისზე ეზრუნა. მეგობარი რომ მოვიდა, გულაჩვილებულს ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან, მადლობა უთხრა, ეს რა სიკეთე მიყავიო. ჭიდაობისას ხშირად შეჩერდებოდა, მეგობარს აფრთხილებდა, ჩემი ია არ დააზიანოო. მოეწონა იასაც მზრუნველ კლდესთან ცხოვრება, გამრავლდა, მთელ კლდეს მოედო, ლურჯი ყვავილებით აყვავილდებოდა ხოლმე გაზაფხულზე, გარშემო სურნელს აფრქვევდა. ერთხელ მოსეირნე დედა-შვილმა ჩაუარა, აღფრთოვანებულები შეაჩერდნენ ლამაზ ბუჩქებს, - იების კლდეო! -  წამოიძახა გოგონამ. მას მერე კლდეს ეს სახელი დაერქვა. გულგილად არავინ ჩაუვლიდა ხოლმე გვერდზე. ისიც ამაყად გადახედავდა ხოლმე მნახველებს, - შეხედეთ, რა სილამაზე ხარობს ჩემს გულზეო, - მისი კვნესაც აღარ ესმოდათ ბარში, ღამ-ღამობით გულს რომ უწუხებდათ.

Friday, November 2, 2018

ნოემბერი (საბავშვო ზღაპარი)

                         ნოემბერი (ზღაპარი)

   შემოდგომას სამი ქალიშვილი ჰყავდა, სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი. ყველა სხვადასხვა ხასიათისა და ზნისა იყო. გაისეირნებდნენ ხოლმე ბაღში ქალიშვილები, მაგრამ იქიდან ყოველთვის ერთმანეთზე გაბრაზებულები ბრუნდებოდნენ. მივიდოდა სექტემბერი დედასთან და შესჩივლებდა, დები დამცინიან, ასე შილიფად რატომ გაცვია, ეს ყვავილებიანი კაბა რაღად გინდა, ხომ არ გავიწყდება, შემოდგომის შვილები რომ ვართ, ცოტა მეტი ჩაიცვი, თორემ რომ გიყურებთ, გვცივაო! მაგრამ სექტემბერს ვინ რას გააგებინებდა? ის ხომ გოგო-ბიჭების საყვარელი თვეა! სწავლა იწყებაო და აბა, ბავშვებს ყვავილები ხომ სჭირდებათ, მასწავლებლებს მიართვან და გული გაუხარონო, ამიტომ ცდილობდა, ყვავილები არ გამოლეულიყო ბაღებში, სადაც თავს იწონებდნენ ნაირფერი ასტრები. შეიძლება არ იცით და ბერძნულად მათი სახელი ვარსკვლავს ნიშნავს და როგორც ძველი ბერძნები ამბობდნენ, ისინი ვარსკვლავიდან გადმოყრილი მტვრისგან შეიქმნა. სექტემბერში ბაღებში ასევე გამოულევლადაა ქრიზანთემები! მოგწონთ, ალბათ, გეორგინებიც! მათ დალიასაც ეძახიან, ბუთხუზა და არაბუთხუზა ყვავილებით. უხაროდა სექტემბერს ბავშვების სკოლაში გაცილება, შეუმჩნევლად ეფერებოდა მათ თავზე, გოგონებს პატარა ნაწნავებს აუპრეხდა, ვინც ნაწნავებს ატარებს, სხვებს - შუბლზე გადმოყრილ თმებს გაუსწორებდა, ბიჭებს კი აუცილებლად მოუტყაპუნებდა მხარზე, ჭკვიანი და დიდი ბიჭი გაიზარდეო.
       ოქტომბერს მხრებზე ჟაკეტის შემოსხმა უყვარდა, ფეხებზეც თბილად ეცვა, ცხიკინი არ დავიწყოო. ბებიას მოქსოვილ წინდებს აჩვენებდა დებს, შემომხედეთ, რა ჭრელი წინდები მაქვს, ქვეყნის ყველა ფერი შიგნით არისო, ყვითელი, წითელი, მწვანე, ნარინჯისფერი და ა. შ. მათი ბებია კი, როგორც მოგეხსენებათ,  წელიწადი იყო, იცოდა თავისი შვილიშვილებისთვის რა ტანსაცმელი მოექსოვა და შეეკერა, მას ხომ სხვა შვილიშვილებიც ჰყავდა. მარტს ენძელებით და იებით მოჩითული საბანი შეუკერა, ივლისს -  ყვითელი, აი, მოწეული ყანის ფერი, მას ხომ ხალხი მკათათვეს ეძახის! სხვა დანარჩენი თვეებიც უსათუოდ გეცოდინებათ! უყვარდა ოქტომბერს მოსავლის აღება, კალათების წაღებაში ეშველებოდა იმ პატარებს, რომლებიც უფროსებს ეხმარებოდნენ ხილის კრეფაში, მიაწვებოდა ზურგიდან, კალათასაც მიაშველებდა ხელს და მირბოდა პატარა, არც კალათა ამძიმებდა და არც სიარული უჭირდა. - რა ყოჩაღიაო, - იძახოდნენ მისი შემხედვარე ბებიები და პაპები. ნოემბერი დებს შორის ყველაზე ბრაზიანი და ჭირვეული იყო, შავი ღრუბელივით მოიქუფრებოდა, არაფრით იყო კმაყოფილი, განსაკუთრებით იმაზე ბრაზობდა, რომ პატარებს ვერაფრით ახარებდა. ჩაწვებოდა ჰამაკში, სახლის ეზოში რომ ეკიდა და ატრიალებდა თავის ნებაზე ქარსაც, ღრუბლებსაც, ამინდსაც.
      ნოემბრის ერთ დილას ბიჭი კაკალა და ძაღლი მურა ტყეში ფიჩხის შესაგროვებლად წავიდნენ. მამას ცოტათი მაინც მივეხმარებიო და კარგა დიდი კონებიც შეკრა, ზურგზე მოიკიდა და სოფლისკენ თავქვე დაეშვა. მურა ხან წინ გარბოდა, ხან უკან ჩამორჩებოდა, ემანდ ვიმემ ჩემი მეგობარი არ შეაშინოსო. მოულოდნელად კაკალას  წინ რამოდენიმე ბიჭი აღიმართა, დიდი თვალებით და უცნაური გამომეტყველებით, თითქოს მიწიდან ამოძვრნენო, - ეს ფიჩხი აქ დატოვე, ჩვენიაო, - უთხრეს. გაუკვირდა კაკალას, ესენი ვინღა არიანო, ტვირთი ზურგიდან მოიხსნა, ძირს დადო და საჩხუბრად მოემზადა. აყეფდა მურა, გაიქცა მომხდურთაკენ, კბილი უნდა ეტაცა ერთ-ერთის ტანსაცმელისათვის, მაგრამ ის ისე ოსტატურად დაუძვრა, ძაღლსაც გაუკვირდა, ეს ადამიანია თუ სხვა სულიერიო. ყეფის ხმაზე ტყეში მოსიარულე ნოემბერი მივიდა მოჩხუბრებთან. რას ხედავს, რამდენიმე ჭინკა კაკალას ეომება, წაეხმარა ბიჭს. მაშველად ქარი მოიხმო, იმან დაუბერა, დაუბერა, ჭინკები სულ აქეთ-იქით მიყარმოყარა, მერე მოკრიფა და მდინარეში მოისროლა. გაახსენდა ნოემბერს, რომ ჭინკობისთვეს ხალხში ტყუილად როდი ეძახიან! ამ თვეში ამოიყრებოდნენ ხოლმე ჭინკები მიწიდან, მაგრამ დედა შემოდგომა მათ მდინარეში მოისროდა, რომ არავისთვის არაფერი დაეშავებინათ. ნოემბერი ხომ მაშინ ძალიან პატარა იყო, ახლა კი ამ საქმეს თვითონაც კარგად გაუმკლავდებოდა! კაკალას ფეხი სტკენოდა, ბიჭუნა ბორცვზე ჩამოჯდა, გზის გაგრძელება არ შეეძლო. მარტო დაეშვა ძაღლი სოფლისკენ, მანამდე კი, სანამ მურა მაშველს მოიყვანდა, ნოემბერმა უშიშარ ბიჭს შემოდგომის ხმელი ფოთლები მიაფარა, არ შესცივდესო, თან დარაჯობდა, სიბნელეში არავინ შეაშინოსო. მალე მურამ ტყეში კაკალას მამა ამოიყვანა და ბიჭი სახლში წაიყვანეს. გაიცინა ნოემბერმა, რამდენიმე დღე ამის მერე კარგ ხასიათზე იყო, კაკალა გადავარჩინეო. მას მერე თავისი მისიაც გააცნობიერა: გაჭირვებულ ადამიანებს უნდა დაეხმაროს, ტყეში დაკარგულებს გზა ასწავლოს, გაცივებული გაათბოს, შეშინებული დაამშვიდოს, ჭინკებთან და ავსულებთან მებრძოლებს მხარში ამოუდგეს, ჭინკები კი წყალში მოისროლოს, სანამ მომავალ წელს ისევ არ ამოვლენ მიწიდან, რათა არ დაავიწყდეთ ადამიანებს, - ბოროტებაც არსებობს. ამიტომ, თუ ნოემბერში კარგი ამინდი გამოვიდა, ესე იგი იცოდეთ, ნოემბერი რომელიმე გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარა და კარგ გუნებაზეა.

11/2/18 10:48 PM