Tuesday, November 7, 2017

ო, დედოფალო!

ო, დედოფალო, გითესია ქვეყნად სიკეთე,
სიცოცხლის ნერგი უდრტვინველად ატარე მუცლით,
მოგაპყრობ მზერას, ვერ მამჩნევდე ვერასდროს თუგინდ,
შენი სახეა ჩემი ღვინო, ზეთი და პური.
თვალების შუქი გამიფანტავს ტანჯვას და წუხილს,
რომელიც მავსებს სასოებით ცოდვილს და უღირსს,
ბრმას მომეც ხედვა, არწივივით, მახვილი,  ბასრი,
ვიცნო ეშმას ძე, სანამ შვილებს კეთილზე აცრის.


Monday, November 6, 2017

ლურჯი ბუშტი (ზღაპარი)

   ცაში პატარა  ლურჯი ბუშტი მიფრინავდა, სწორედ ის, სოფო-გოგომ რომ გაუშვა ბებიასთან, მასთან მივა და გაეხარდებაო. წითელი და ყვითელი თავისთვის დაიტოვა, დედასთვის უნდა მიეტანა (დედასაც ძალიან უყვარს ბუშტები, ერთად ითამაშებდნენ). ყველა ბუშტი მამამ უყიდა ერთ მაღაზიაში, რომელსაც "სურვილების კიდობანი" ჰქვია. იქ მოხუცი კაცია გამყიდველი, რომელიც სოფოს ძალიან, ძალიან მოსწონს, რადგან ყოველთვის იღიმება და კამფეტებს ჩუქნის, თანაც ჩვეულებრივს კი არა,  თეთრს წითელი ზოლებით,  ბებია რომ ჩუქნიდა, სწორედ ისეთებს. სამსახურიდან შესვენებაზე გამოსულ მამას დაემშვიდობა და სახლისაკენ მოჰკურცხლა. შორი მანძილი არ ჰქონდა გასავლელი, უყვარდა ამ გზაზე მარტო სიარული, გზისპირას მდგომ ალვებს ესაუბრებოდა, რა მაღლები ხართო, ძალიან მოსწონდა ისინი, მაგრამ ახლა გზაზე ჩრდილი შენიშნა, ვიღაცის ჩრდილი, უზარმაზარი, მის პატრონს კი ვერ ხედავდა, ჩრდილი ძალიან გრძელი იყო, დასასრული არ ჰქონდა, გოგონა ცდილობდა გზა განეგრძო, მაგრამ ის ავისმომასწავებლად გაწოლილიყო მის წინ, თითქოს ემუქრებოდა. შეშინებულმა გოგონამ უკან მიიიხედა, ავდარი მოჰყვებოდა, ღრუბლების ჩრდილიაო, გაიფიქრა და ფეხს აუჩქარა. - ჩქარა წადი სახლში! - ეძახოდნენ ხის ტოტებზე ჩამომსხდარი ჩიტუნები, - ჩქარა წადიო! - ეძახოდნენ ბაჭიები და ციყვები, თვითონაც რომ თავშესაფარს ეძებდნენ. გაიქცა გოგონაც, მაგრამ დაეწია ქარბორბალა, დაატრიალა თავის ბუშტებიანად და შორს, შორს წაიყვანა. როცა გონს მოვიდა, ცა დაინახა, ლურჯი ცა, მიწაზე იწვა, მიიხედ-მოიხედა, სულ მარტო იყო, მომჩვარული, გახეთქილი ბუშტებიც მის ხელთან ეყარა. გული დასწყდა, დედას ვეღარ გავახარებო, მაგრამ მალე ახალი სადარდებელი გაუჩნდა, სახლში როგორ დაბრუნებულიყო, არ იცოდა. ქარიშხალს გადაევლო, მზე ათასფერად ანათებდა ნაწვიმარ ველს. სველი  და ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეხამუშა, დედას ეწყინება, ასე რომ დამინახავსო. გონს მოგება ვერ მოასწრო, რომ ლურჯი ბუშტი დაინახა, ბებიასთან რომ გაგზავნა ზეცაში. გამოეკიდა, იქნებ დავიჭიროო, ბუშტი ხან ქვევით ეშვებოდა, - აი, ახლა მოვეჭიდებიო, -  ფიქრობდა სოფო, ის იყო ხელი უნდა ეტაცა, რომ ბუშტი ისევ ზევით მიიწევდა. მისდევდა სოფო-გოგო ბუშტს, მისდევდა, ოფლში გაიწურა, მოულოდნელად თავისი სახლის წინ აღმოჩნდა. გახარებულს ბუშტი სულ გადაავიწყდა. კარებზე დააკაკუნა, დედა გამოეგება, გეძებდი, სად დაიკარგეო, გულში ჩაიხუტა გოგონა. დედის ხელებში მოქცეულმა ცალი თვალი  ბუშტისკენ გააპარა, ის უკვე ზევით ასულიყო. მოეჩვენა, რომ თვალი ჩაუკრა და დაემშვიდობა. მალე თვალსაც მიეფარა, - ალბათ ბებიასთან ეჩქარება, - გაიფიქრა გოგონამ.

Saturday, November 4, 2017

არც სიყვარულის არ ვარ ზიარი

არც სიყვარულის არ ვარ ზიარი,
არც თოვა მიყვარს ისე, ვით უწინ,
მზე შემოდგომის თავზე დამცქერის,
ბედნიერ წუთებს ფოთლებში ვუცვლი,

Friday, November 3, 2017

პაპა (ზღაპარი)

                                              პაპა (ზღაპარი)

    პაპას ხუთი შვილიშვილი ჰყავდა, უყვარდა პატარები, მათი გულისთვის მთებსაც კი შესძრავდა. შვილიშვილებსაც უყვარდათ პაპა, განსაკუთრებით, პატარა დიტოს. ყველგან თან დაჰყვებოდა მოხუცს, იქნებ რამეში დავჭირდეო. გვიანი შემოდგომა იდგა. გაჭირვეულდა კაცი, ტყეში უნდა წავიდე, შეშა ჩამოვიტანო, რაც მოვიმარაგეთ, არ გვეყოფაო. თანაც უნდოდა, ზამთარში, ბუხრის პირას ჩამომჯდარს, როცა სოფლად სამუშაოები ნაკლებადაა, შვილიშვილებისთვის ხისგან ჭადრაკის ფიგურები გამოეთალა. ამ საქმისთვის მასალის ჩამოტანაც გადაეწყვიტა. პატარა დიტომაც ისურვა, პაპას თან გაჰყოლოდა. 
     დილაადრიან დაადგნენ გზას. მაღლა-მაღლა მიიწევდა ურემი. დიტოს გასაკუთრებით უხაროდა ის, რომ პაპას მისთვის ჭადრაკის ფიგურები უნდა გამოეთალა, თორემ ეს ძველისძველი თამაში მისთვის უკვე  ესწავლებინა  წინაპრების ნაქონი ჭადრაკით, რომელიც უკვე გაშავებული და მწყობრიდან გამოსული იყო. გზადაგზა ბიჭი მოსვენებას არ აძლევდა კაცს, 
    -  რომელი ხისგან ითლება ფიგურები? -  ისიც პასუხობდა:
    - ნებისმიერი ფოთლოვანი ხის გამოყენება შეგვიძლიაო ამ საქმისთვის: ვერხვის, თხილის, არყის, მაგრამ ყველაზე გამძლე მაინც მუხისა და რცხილის გამოვა. 
    მზე კარგა ამოსული იყო, ტყეში რომ შევიდნენ. პაპამ შეშის მოჭრა დაიწყო, ბიჭმა  მივეშველებიო, ფიჩხის შეგროვება გადაწყვიტა. ბილიკი შენიშნა, იმას გავყვები, უსაფრთხო იქნებაო. გზადაგზა ჩამობნელდა, ბიჭი ისე გაერთო მუშაობაში, ვერ შენიშნა, უღრან ტყეში როგორ აღმოჩნდა, მიიხედ-მოიხედა, ვეღარაფერი გაარჩია, შიშისაგან თვალები დაუბნელდა, აღარ იცოდა საით წასულიყო. იქვე კუნძზე ჩამოჯდა. უცებ მის წინ ბიჭუნა აღიმართა.
   - ვინა ხარო, - ჰკითხა, - აქ საიდან გაჩნდი? - დიტოს გაეხარდა ადამიანის დანახვა, ალბათ, აქვე ცხოვრობსო, გაიფიქრა და გახარებულმა სახეზე შეხედა. უცხოს თვალების ელვარებამ ცოტა გააკვირვა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, 
  - დიტო მქვია, - უპასუხა, - პაპასთან ერთად ამოვედი, შეშას ვჭრით, 
   - მერე აქ როგორ მოხვდი? - კვლავ ჰკითხა ბიჭმა, - არ იცი, რომ ეს ტყის მეფის სამფლობელოა?! 
   -  არ ვიცოდი, - უპასუხა დიტომ და გაკვირვებულმა თავი გადააქნია,  - ასეთი რამ არც გამიგია!
   - ჭადრაკის თამაში თუ იცი? - დაეკითხა ბრჭყვიალათვალება, 
   - ვიცი!, - უპასუხა ბიჭმა, თუმცა შეკითხვა მოულოდნელი იყო მისთვის ამ დაბურულ ტყეში. 
   - აბა ამას შეხედე, - უთხრა ბრჭყვიალათვალებამ. შარვლის ჯიბიდან სარკე ამოიღო და  თვალებთან მიუტანა. დიტომ სარკეში ჩაიხედა და გაქვავდა.
       ელოდა პაპა შვილიშვილს, ელოდა, რომ არ გამოჩნდა, იქით გასწია,  საითაც ბიჭი წავიდა. ბილიკი შეამჩნია. იმ ბილიკს გაჰყვა, იარა, იარა და ისიც უღრან ტყეს მიადგა. ჩამობნელდა, კაცმა სინათლე დაინახა, იქით წავიდა, გზადაგზა შვილიშვილის სახელს იძახდა, არავინ ეპასუხებოდა. მიადგა ქოხს,  ფანჯარაში შეიხედა, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და რას ხედავს: ქურქში გამოწყობილი კაცი მაგიდას მისჯდომია და სადილობს, პატარა ბრჭყვიალათვალებიანი ბიჭუნა იქვე ხის კოლოფზე ჭადრაკის ფიგურებით: ეტლით, ლაზიერით, მხედრით, პაიკებითა და მეფით თამაშობს. ამათაც ყვარებიათ ჭადრაკი, დავუძახებ, ვკითხავ, ჩემი დიტო ხომ არ უნახავთო. კარებზე დააკაკუნა, კარები უკბილო დედაბერმა გაუღო, რა ჯოჯოს ჰგავსო, გაიფიქრა კაცმა, 
     - პატარა ბიჭი ხომ არ გინახავს? - ჰკითხა, 
     - არა, - უპასუხა უკბილო დედაბერმა და ისე გაიცინა, მოხუცს ტანში გააჟრიალა.- მოდი, ჩემს ბატონს და იმის ვაჟს  დაეკითხე, იქნებ იმათმა იცოდნენ რამე. 
      შევიდა პაპა სახლში, თან ფიქრობს,  ბატონყმობა დიდი ხანია გადავარდა და ნეტავ, რა ბატონზე მელაპარაკება ეს ქალიო. სტუმარისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. კაცმა თვითონ დაიწყო საუბარი, ჯერ მიესალმა მასპინძლებს, მერე შვილიშვილის  ამბავი იკითხა. 
    - შენ იმ ბიჭის პაპა არა ხარ, ჭადრაკის თამაში რომ იცის? - ჰკითხა ბრჭყვიალათვალება ბიჭმა. 
      - კი, - უპასუხა კაცმა, თან გაეხარდა, სცოდნია ჩემი დიტოს ამბავიო. 
     - აბა აქ ჩაიხედე, - უთხრა პატარამ და ჯიბიდან ამოღებული სარკე მიუტანა თვალებთან. უკანასკნელს ის იყო სარკეში უნდა ჩაეხედა, რომ ყურებში ჩაესმა ხმა, 
    - არ ჩაიხედო!  -  შეწუხდა მოხუცი, სარკე ხელით გაწია და ოთახი მოათვალიერა, ნეტავ, ეს ხმა საიდან მოდისო. უცებ კუთხეში შვილიშვილი დაინახა, გაქვავებული, მხოლოდ თვალებიდან გამომავალი სხივი იძლეოდა იმედს, რომ ცოცხალი იყო.  
     - რა გიქნიათ, ჩემი ბიჭისთვის, თქვე უღმერთოებოო! - დაიძახა პაპამ და შვილიშვილისკენ გაიწია. უცებ შემოცვივდნენ მელიის ქურქებში გამოწყობილი პატარა კაცუნები და მოხუცებული შეკრეს. 
    - ეხ, თქვე ჭინკებო, დამაცადეთ ერთი, რა გიქნათ, - გაიძახოდა კაცი, მაგრამ ვერც ხელებს ანძრევდა და ვერც ფეხებს. ასე შეკრული კიდევ დიდხანს იწვა ოთახის კუთხეში, სანამ მასპინძელი სადილობას არ მორჩა. შემდეგ მან ჭინკებს უბრძანა, სტუმარი მის წინ დაესვათ, აათვალიერ-ჩამოათვალიერა მოხუცებული და ჰკითხა: \
   - ჭადრაკის თამაში თუ იცი? 
    - კი, - ამაყად უთხრა პაპამ.  ტყის კაცმა საუბარი განაგრძო:  
     - თუ აქ დარჩება შენი ბიჭი, ჩემს ბიჭთან იმეგობრებს, ჭადრაკს ითამაშებენ, კარგად გაერთობიან, მაგრამ რადგან ასე გინდა შვილიშვილის წაყვანა, ჭადრაკი მეთამაშე და თუ მომიგებ, ბიჭს დაგიბრუნებო. - გაუკვირდა პაპას,  ნეტავ, ტყის მეფეს ჭადრაკი ვინ ასწავლაო, ტყის მეფე რომ იყო, ამას კი მიხვდა, თავისი პაპის მონაყოლიდან ახსოვდა: ერთხელ უღრან ტყეში მოვხვდი და იქ ტყის მეფე გავიცანიო.  მერე ისიც გაახსენდა,  ჭადრაკის თამაში ვასწავლე და მიტომ გამომიშვაო.  ასე იმართლებდა თავს ერთი თვით დაკარგული. ულვაშებში ჩაეცინა, ახლა ეს მე როგორ მაჯობებს, პაპაჩემმა კი ასწავლა ჭადრაკის თამაში, მაგრამ მეც ხომ იმან მასწავლაო.  
     გაიმართა მატჩი, ხან პაპამ მოიგო თამაში, ხან - ტყის მეფემ. თანაბრად იბრძოდნენ. მაინც ტყის მეფეა, ნიჭიერი ყოფილაო, ფიქრობდა პაპა. ერთი პარტია დარჩენოდათ, ვინც მოიგებდა, ის რჩებოდა გამარჯვებული. 
   -  მხედრით ითამაშე!  - ისევ ჩაესმა ყურებში უჩინარის ხმა, 
    - ახლა ლაზიერით, -  ხმა ყველა სვლას კარნახობდა და აი, სანუკვარი შამათიც. 
      - ამ სვლებით, ხომ ის კაცი თამაშობდა, მე რომ ჭადრაკი მასწავლა, - წამოიძახა ტყის მეფემ. 
    - მე იმის შვილიშვილი ვარ, - უთხრა კაცმა. გაიხარა მასპინძელმა. შვილს უბრძანა, პატარა დიტო გაეთავისუფლებინა. მალე ბიჭი პაპას ჩაეხუტა.
      ასე გაიცნეს დიტომ და პაპამ ტყის მეფე და მისი შვილი. მასპინძლებმა ტყის ბოლომდე მიაცილეს სტუმრები. პაპა-შვილიშვილმა ეს ამბავი საიდუმლოდ შეინახეს. ასე გადაარჩინა ჭადრაკის თამაშის ცოდნამ ისინი გასაჭირს.

       
               უცხო სიტყვები:

ჯოჯო, ჭინკა, ტყის მეფე - ზღაპრული პერსონაჟები, ტყის ბინადარნი
ჭადრაკი - ძველისძველი, ახლაც პოპულარული გონებრივ-ინტელექტუალური თამაში
მეფე, ლაზიერი, ეტლი, მხედარი, პაიკი - ჭადრაკის სათამაშო ფიგურები
პარტია - ერთი ხელი ჭადრაკის თამაში
შამათი - მეფეს აღარ აქვს თავდაცვის საშუალება, წაგება

მომღერალი ბიჭუნა (ზღაპარი)

                                        მომღერალი ბიჭუნა (ზღაპარი, ეძღვნება ჰამლეტ გონაშვილის ხსოვნას)

   ერთ სოფელში ერთი ბიჭი ცხოვრობდა, მამა არა ჰყავდა, დედას მუდამ მხარში ედგა,  ხან სამწყემსურში მიდიოდა, ხან ქალაქში გაჰყვებოდა ოჯახისთვის საჭირო ნივთებისა თუ სხვა რამის შესაძენად. ერთხელ ბაზარში მოხუცებულმა კაცმა სალამური აჩუქა, რახან ასეთი კარგი ბიჭი ხარ, დედას ეხმარები, შენ გქონდეს, ცხოვრებაში გამოგადგებაო.მას მერე სალამურის დაკვრა შეუყვარდა. მის ხმას სხვადასხვა ფრინველების ჭიკჭიკს ამსგავსებდა, დაიმღერებდა შაშვი, ისიც სალამურის სტვენას ააყოლებდა. დაიმღერებდა ტოროლა, -  იმასაც. სად არ ნახავდით ბიჭუნას სალამურით ხელში, მთებსა თუ ველებში, სოფლის ახლოებში. მისი სახლის გვერდზე კაცი ცხოვრობდა, შესანიშნავად მღეროდა, თავის ხმით ატკბობდა მთელ სოფელს. ბიჭუნა სალამურის ხმას შეუწყობდა ხოლმე მის სიმღერას, ადამიანის ენა ხომ მისთვის ყველაზე ნაცნობი იყო.
        ერთ საღამოს პატარა მუსიკოსი ბაღში მოხვდა, დაინახა ვარდის ბუჩქზე ჩამომჯდარი პატარა ყვითელი ჩიტუნა, თავი გვერზე დაეხარა და ისე სულისშემძვრელად მღეროდა, ბიჭს თვალებიდან ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლი. გადაწყვიტა თავისი გულისტკივილიც გაეზიარებინა ჩიტუნასათვის და სალამურის ნაცვლად თავისი სიმღერა ააყოლა მის ხმას. ჩიტუნამ თითქოს გაიგო ბიჭის სულის ამოძახილი, ხან ბიჭუნა მღეროდა, ჩიტი პასუხობდა, ხან - პირიქით. მას მერე ხშირად ნახავდით ვარდების ბაღში მომღერალ ბიჭს. მარტო ბულბულის კი არა, სხვა ჩიტების ენაც გაიგო ბიჭმა, ყველა ფრინველს ესაუბრებოდა. მათი გაჭირვება ესმოდა. ასე ისწავლა ბიჭუნამ ფრინველების ენა. ის კი არა და, ყვავებსაც კი ელაპარაკებოდა. რამდენჯერ დაუტოვებინებია ყვავისა და ქორისთვის წიწილა და ქათამი! არწივებიც პატივს სცემდნენ, -  სადაც ბიჭი ცხოვრობდა, იმ სოფლის საძოვრიდან ცხვარსა არ გაიტაცებდნენ.
     გაიზარდა ბიჭუნა.  ცნობილი მომღერალი გახდა. ვისაც ერთხელ მაინც მოესმინა მისი გულშიჩამწვდომი ხმა, არასოდეს დაავიწყდებოდა. მისი ხმის ტემბრიც კი საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა გარშემომყოფებზე. უცხო ქვეყანაში  გადაწყვიტა გამგზავრება. გემით უნდა გადაელახა უკიდეგანო სივრცე. ერთხელ ღამით კაიუტიდან გამოვიდა, თითქოს ვიღაცის ძახილი შემოესმა, გემბანზე დადგა, დაიყვირა უცნაური ხმით, ეს სიმღერას ნამდვილად არ ჰგავდა. მოულოდნელად თოლიების გუნდი შემოეხვია კაცს. გამყინავი ხმით ესაუბრებოდნენ, ფრთების ფართქალით აყრუებდნენ იქაურობას. კაცმა გემის კაპიტანი მოიხმო, უთხრა, ქარიშხალი გვიახლოვდება, გემმა გეზი უნდა შეცვალოს, თორემ ჩაიძირებაო. მგზავრები გაკვირვებას ვერ მალავდნენ, საიდან იცი ეს ამბავიო. თოლიებმა მითხრესო, პასუხობდა კაცი. მართლაც,  მეორე დღეს ქარიშხალმა გვერდზე ჩაუარა გემს, ყველა მადლობას ეუბნებოდა. - მოდით, გადამრჩენელ ჩიტებს გავუმასპინძლდეთ, -  შესთავაზა კაცმა მგზავრებს. მეზღვაურებმა ბადით თევზები დაიჭირეს და გემბანზე დაყარეს. კაცმა წაიმღერა. სად იყო და სად არა, თოლიების მთელი გუნდი გაჩნდა. თეთრი ფრინველებით გაივსო იქაურობა. მას  მერე კაცს ხშირად უწევდა მოგზაურობდა გემით, გემბანზე გამოსულს ხშირად სტუმრობდნენ თოლიები, მისი ხელიდან მიირთმევდნენ პურს. მეზღვაურებმა მას კაცი-თოლია შეარქვეს.

Thursday, November 2, 2017

შემოდგომას გაუმარჯოს ღვინოსავით ფერიანს!

არ მჩვევია წუწუნი და
არც ტირილი მჩვევია,
გავატანე ამ ცხოვრებას
წლები, -  ჩემთვის ბევრია,
არც გაზაფხულს ველოდები,
ნამიანს და ცვარიანს,
არც ზაფხული აღარ  მიყვარს,
თავს მაბეზრებს ძალიან.
შემოდგომა შემიყვარდა,
ოქროცურვილ ფერებით,
ზომიერი ჰავითა და
ღვაწლმოსილი ტყეებით,
თუმცა ყურებს ვეღარ მიტკბობს 
მოლაღურის ჟღურტული 
და ყვავების უფრო მესმის
ყრანტალი და ყურტული,
მაინც უფრო ჩემია და
ჩამისახლდა წლებია,
შემოდგომას გაუმარჯოს,
ღვინოსავით ფერიანს.





Wednesday, November 1, 2017

შემოდგომა შემოვიდა

შემოდგომა შემოვიდა,
შარიშურობს ქარი და
აღარ გამოიდარა და
აღარ გაიამინდა,
მზემ თვალები მოწურა და
წამოწოლა ინება,
ნუღარ გამომაღვიძებთო,
დიდ შავ ღრუბლებს მინებდა.
გოგო მოდის -  დედოფალი,
წითელ-ყვითელ შლეიფით,
ხალიჩა აქვს დაგებული,
ვაჟი ხვდება ზეიმით,
და ერთმანეთს სიყვარულის
მისცეს იმათ პირობა,
აღარავის სტკიოდა და 
აღარავის სციოდა.
შემოდგომა შემოვიდა,
შარიშურობს ქარი და
უცებ გამოიდარა და
უცებ გაიამინდა,