Saturday, July 8, 2017

დამიბრუნდა იმედი და...

იშლებოდა იმედი და სევდა
ჩემს ფანჯრებთან დილით სარეცხს ფენდა,
გაიტაცა, ატრიალა ქარმა,
გააშრო და მზეზე გაახამა,
დამიბრუნდა იმედი და ღამე
ოცნებების ვალსში გავატარე.

Wednesday, July 5, 2017

ბებიას!

ეჰ, შერეული ამინდივით ვიქცევი ძილად,
სიზმარში, ცხადში საჩეჩელზე ვატარებ ფთილას,
ბებოს ხმა მესმის, -  გაისწორე თავშალი ბალღო,
- მისი ხელები შუბლს ეხება და ისევ მათბობს.
ორაგულივით დაწინწკლული ველები მახსოვს,
ყაყაჩოები ამშვენებდა მინდორს და ახოს,
დღეს აღარა აქვს იმ ყვავილებს სუნი და ფერი
და სიზმარშიაც ჩემს ბებიას ამაოდ ველი.



Tuesday, July 4, 2017

აგვისტოო! (საბავშვო)

აგვისტოო, ცხელო, მწველო,
შემოდგომის მაწეველო,
სოფლად შრომის გამწეველო,
მზის ცის თაღზე ამწეველო.
მთების წყაროთ მიაქვთ ბუღი,
გვიბრუნდება სიოდ, ქარად,
ბაღში შესვლას არარა სჯობს,
გამოგვივსებ ხილით კასრსაც.
აგვისტოო, სულის ლხინო,
ატმად, ვაშლად, ყურძნად ლხინობ,
ფერცვალობის მადლი გვიხმობს,
ავთოს, ლევანს, სოფოს, ნიკოს!

Monday, July 3, 2017

უზადო იყო ჩემი სხეული (იესოს)

უზადო იყო ჩემი სხეული,
თეთრი ყვავილი 
და ბროწეული,
ძირს გათრეული,
უზადო იყო ჩემი სული,
სუფთა და ნაზი, 
ვით წყაროს თვალი,
გაწამებული,
ურწმუნობით და 
სიძულვილით ავსებულ კაცთა,
და კიდევ სხვათა, -
ბინძური კასტა,
გამიროკაპდა, 
თუმც ცრემლი ენთო 
უთვალავ თვალთა,
მნათობთა მნათთა,
ვინც გამამართლა.







Sunday, July 2, 2017

ეს ყოველივე ამოვიკითხე ერთი პოეტი ქალის თვალებში

მე დავინახე მის თვალებში მოზრდილი შუქი,
თვით პოეზიას შემოეცვა კრაველის ქურქი
და სამწუხაროდ, ის ტყდებოდა ყოფის კრისტალში
წინ მოდიოდა ცვილისფერი სახე მიმქრალი,
ბავშვთა ბაგეებს, ჩანასახის უმწე პოზაში,
დახრჩობა  სურდათ ალერსსა და ერთ ნაზ კოცნაში
კოშკზე პიზაში სულ სხვანაირი ამინდი იდგა,
ზეცა აფენდა აქ მიწაზე თოვლისფერ მიტკალს.
მაია დიაკონიძე
2.07.2017 წელი



ვერ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გვექნა...

ვერ შეაჩერებს ვერაფერი დროის დინებას,
ცხოვრება გვკბენს და ხან ბავშვივით ენას გვიჩლიქავს,
ბატონი ჩვენი, ამოგვაცმევს წინდებს შალისას,
ხან შეგვახურებს და პიგმენტებს გვიცვლის კანისას,
ხან გულში ხანჯალს, როგორც მკვლელი დაგვიტრიალებს,
ხან სხივებს გვესვრის და ვარსკვლავებს ვუცქერთ დიადებს,
და ჩვენი ყოფნაც ზოგჯერ ხდება, ალბათ, სათუო,
ვერ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გვექნა უნდა უთუოდ.


Saturday, July 1, 2017

თუ დაინახავ, ვიღაცას უჭირს

თუ დაინახავ, ვიღაცას უჭირს,
ნუ დაინანებ, გახსენი მუჭი,
არავინ იცის, სად, რომელ დროში,
შენს საკუთარ შვილს დასჭირდეს გროში,
მერე წაგწვდება ცრემლები ხორხში,
რომ დაიმოკლე სინდისის მორჩი,
სჯობს ამ ქვეყნიდან წახვიდე ლაღი,
მადლობას გეტყვის დიდიც და ბალღიც.