Tuesday, June 7, 2016

ტკბილი გურია


წიგნის ფურცლებზე ამოვნიშნე
მთების სითეთრე,
სავანეთია,
მინდვრის ყვავილებს ამოვუღე
ყვითელი გული,
დასაბამიდან,
გნოლი დავაფრთხე და
თავად დავფრთხი,
როგორც კურდღელი,
უმანკოების ფერით მოსილი,
ამოვულესე ქვევრებს თავი, -
ვერ დაეტია...
ჩემს გულში მოჩქეფს
მაჭარივით
ტკბილი გურია.




დედავ, წმინდავ!

დედავ, წმინდავ, სასოებავ,
ჩემს სანუკვარ სურვილს გესავ,
სიცოცხლეზე მეტი არის
ჩემთვის ქვაც კი დიდი სხალთის.
თავზე ადგას ნათლის სვეტი,
ბურჯი ჰქონდა უფრო მეტი,
მაგრამ დრომ და ავმა ჟამმა,
შლილი უფსკრულს გაატანა.
მეტად აღარ გაგვიმეტო,
შვილი ვიღას უნდა ენდოს,
იქნებ მშობელს თვალის ჩინი
დაუბრუნო დიდი ჩინით.
მოთქმასა და თხოვნას ვბედავ,
განუმტკიცე ქართველს რწმენა,
ნუ დაგვტოვებ უიმედოდ,
ქართლის თავზე მზე რომ ენთოს!.

ზეცას ვუთხარი მადლობა

ალვის ტოტებად აყრილმა,
ხელი აღვაპყარ მაღლა,
ზეცას ვუთხარი მადლობა,
ძუძუ მაწოვა მანაც.
მიწას, ჩემს გამზრდელს,
ვაკოცე, ფესვი ჩავჭიდე მაგრად,
დალოცვილი ხარ, დედაო,
არ მიგატოვებ არად,
ნიავო, შენზეც ვილოცებ,
შენც ხომ მიმღერე ნანა?!

ჩვენი სიყვარული (სიმღერა)

დავიშალე ნაწილებად,
დავიშალე ფერებად,
შენს კალთაზე დავიღვარე,
მომენატრა ფერება,
ტუჩები გაქვს თაფლზე ტკბილი,
მიყვარს მათთან შეხება,
სიყვარული ჩვენი, კარგო,
მაღლა ზეცას ეხება!

გულგატეხილმა, შენი სიშორით

გულგატეხილმა, შენი სიშორით,
ფრთები გავშალე, საფრენად მზად ვარ,
სულ ნუ იქნება გზები იოლი,
დაგელოდები სამოთხის კართან,
სულს ამოვივსებ თეთრი ფიფქებით,
ყინვას და ავდარს არ ვუშინდები,
მინდა გავთელო გზები სიშორის,
იმედით სავსე ღმერთს მივენდობი.



Friday, June 3, 2016

ჩამოვიხიე გაზაფხული თეთრი მკერდიდან

ჩამოვიხიე გაზაფხული თეთრი მკერდიდან,
როგორც ფურცელი კალენდარის,
ცისკენ მივმართე თვალთა ისარი,
სურვილი ჩავთქვი მე საფიცარი,
სხეულის ტანჯვას დავაყოლე მდუღარე ცრემლი.
ძარღვში კოლტივით გამეჩხირა ჩუმი სიკვდილი,
სულში ჩამავლო ბასრი ბრჭყალი, დამაიმედა,
წყნარად წახვალო ამ ქვეყნიდან, არა გაქვს ვალი,
მეც ფრთაშესხმული მას მივენდე, პარენქიმებმა
როს უარი უთხრეს  სიცოცხლეს, ბარგი შევკარი
და ზეცისკენ ავიღე გეზი, ღმერთის იმედად.
ღვთის ანგელოზი მომევლინა თეთრი ბაფთებით,
გვერდზე დამიწყო მე ცოდვები ამვლელ-ჩამვლელის.
ყველა მათგანი შენიცაა, მითხრა ღიმილით,
მათ ჩადენაზე თუ პასუხობ მხოლოდ ქირქილით,
კიდევ დაგრჩაო ბევრი საქმე, ტოტი სიკეთის ჯერ არ გაზრდილა, 
იყავ იმედით,  გადამაფარა თეთრი ფრთები, მოზაიკების!
  




Thursday, June 2, 2016

გაქცევა მინდა

გაქცევა მინდა, გაქცევა მინდა,
უნდა დავადგე ღვთისაკენ ბილიკს...
ზარი მეძახის კრიალა ციდან,
მაგრამ მიჭერენ ხელები რკინის...