Sunday, May 29, 2016

სიტყვა

სიტყვა დავწერე ფერადი,
მუზებთან დავდე ფიცი,
ჩამოვიშორე სიბრიყვე,
გონი დავტვირთე ფიქრით,
ჩემი ცხოვრება გაქრება,
სიტყვა დარჩება, ვიცი.

Saturday, May 28, 2016

ფულისთვის გაყიდული სინდისი

ფულისთვის გაყიდული სინდისი,
სულის წილ მიღებული ქონება,
მითხარი, რისთვის გჭირდება,
თუ კი არ გელის ცხონება?!

ვისთანა ხარ, ვისთვის მღერი?!

ვისთანა ხარ, ვისთვის მღერი,
როცა დედას გული სტკივა,
როცა შენს ძმას მგლები გლეჯენ,
კარი მტრისთვის გაგიღია.
ვისთანა ხარ, ვისთვის მღერი,
ზარი ისმის ქართლის დედის,
დაუფლითავს ხორცი ტყვიას,
შენ კი მტრების გულზე გძინავს..

მთის ჰაერივით მჭირდები ახლა

მთის ჰაერივით მჭირდები ახლა,
სულს კაეშანი ჩრდილივით ახლავს.
როგორც ირემი, გეძახი, გელი,
შენთვის სათქმელი შემომრჩა ბევრი.

მოვიხსენი სადედოფლო სამკაული

მოვიხსენი სადედოფლო სამკაული,
თან წაიღო სილამაზე უღვთო დრომან,
ტვირთი მაწევს ხარ-კამეჩის სათუთ მხრებზე,
ცხოვრება კი ადიდებულ ტალღებს მოჰგავს.
ოცნებისთვის მაინც დამრჩა გულის სითბო
და ბავშვივით კვლავ მახარებს ზღვების კენჭი,
გავიხადე მე სამოსი სადედოფლო,
მზად ვარ ახლა, ვატრიალო უფლის კევრი.

მიყვარს

მიყვარს, როდესაც ზღვა არის ლურჯი,
ცისარტყელებად ირწევა მზეზე,
თოლიასავით მოჩანს ფრეგატი,
მე კი, სივრცეში შენს სახეს ვეძებ.

Saturday, May 21, 2016

ვინ შეძლებს ჩახმახს გამოკრას ხელი?!

გაჩხერილი ვარ ლულაში ტყვია,
მინდა დავხვრიტო სამშობლოს მტერი,
მაგრამ ვაი, რომ ძმა არის ჩემი, -
ვინ შეძლებს ჩახმახს გამოჰკრას ხელი?!