Wednesday, January 13, 2016

მხოლოდ მაშინღა გიცან

მე შევერიე ღრუბლებს,
აიმღვრა ცა და მიწა,
სულმა დაკარგა ეგო,
წვიმის ცრემლებად იქცა,
გადმოიღვარა ციდან,
ყვავილს საშველი მისცა,
როცა ამოხველ გულში,
მხოლოდ მაშინღა გიცან.

Saturday, January 9, 2016

ჩემი ლექსის გულშემატკივარი

ჩემი ლექსის გულშემატკივარი
დილიდან ცუდ ხასიათზეა,
ცივა, ოთახში გათბობა არა არის,
ლოგინიდან ამოძრომაც კი ეზარება
და იქ მესიჯობს თავის მეგობრებთან.
ახალამდგარი თავის ლამაზ ხელებს მომხვევს, 
თვალებში შემომხედავს და მეტყვის "არა უშავს,
სხვა დროს უკეთესს დაწერ", უსიტყვოდ გრძნობს
ფიასკოს, ჩემს ნაჯახირალს რომ ახლავს თან,
რადგან ან ნიჭი მაკლია ან ვერ გავრკვეულვარ
თანამედროვე პოეზიის წიაღსვლებში.
ისიც, ჩემი ახალატოტილი ვერხვის ხე, ხანდახან,
როცა ლექსს სადმე კონკურსზე ვაგზავნი,
იმედით გადმომხედავს ხოლმე, თუმცა მის გამოხედვაში
გაკიცხვაც იგრძნობა, "ნეტავ რას იწუხებ თავს?!"
ალბათ ასე  ფიქრობს და იქნებ მართალიცაა,
ჩემი პატარა, ჩემთვისაა პატარა, თორემ უკვე დიდია,
ჩემი ახალატოტილი ვერხვის ხე, რომელსაც ძალიან უყვარს
აკაკი წერეთელი და "თორნიკე ერისთავის" კითხვის დროს 
ყოველთვის ტირის, სხვა მისი ტოლებისგან განსხვავებით,
არ მინდა გულნაკლული რჩებოდეს ჩემი ნაცოდვილარის გამო.
არა, ლექსის, როგორც მე ვეძახი, წერას თავი უნდა დავანებო!


Tuesday, January 5, 2016

ღვთისმშობლის ხატთან ვილოცებ

ღვთისმშობლის ხატთან ვილოცებ,
სანთელად ჩამოვიქნები,
ფიქრი ცისაკენ გამაფრენს, -
დღესა ვარ, ხვალ არ ვიქნები.
თმაზე ჭაღარა დამათოვს,
სულში იკვნესებს ზამთარი...
მაგრამ იმ იებს რა ვუყო,
საკოცნელად რომ მზად არის?!.
მაია დიაკონიძე
5.01.2016 წელი

Sunday, January 3, 2016

მოგილოცავთ ახალ წელს!

მოგილოცავთ ახალ წელს,
თქვენი შრომა დაფასდეს,
სიხარულს და ბარაქას
ღმერთი მოგცემთ ასმაგად,
რწმენა მოგცეთ იესომ,
ახალგაზრდებს, დიდებსო,

ული გქონდეთ სავსეო,
რომ მოგშორდეთ მავნეო.

მომენატრები!

ისევ დაბერავს თებერვლის ქარი,
ხეს ჩაუდგება სიცოცხლის წყალი,
მინდორში ლურჯი ამოვა ია,
კვლავ მონატრების დადგება დილა.
მე ავტირდები, როგორც ის  ქარი,
გაზაფხულის რომ აღვიძებს ლოდინს,
ჩემი სხეული მოისხავს იებს,
შავი მიწა კი თავისთან მიწვევს.




თოვლი და ზღვა

თოვლმა დაფარა ზღვა,
ტალღებს შეეკრა სუნთქვა,
ასეთი ნაზი თეთრი, 
უნდა ატაროს ფრენით.
გაასრიალა ზღვამ
თეთრი სპეტაკი ფრთა,
მალე დაემსხვრა ხელში
თოვლი წმინდა და თეთრი.

სიყვარულის სიმღერა

თუკი სიყვარულს შემპირდები,
სუნთქვას მომაგებებ იასამნის,
ვარდებს სამაისოს გადმომაფრქვევ,
თავს არ მომაბეზრებ ახირებით,
მეც ველს გადაგიშლი გვირილების,
თვალებს მოგანათებ ლურჯი იის,
ბაღი გავაშენოთ ყვავილების,
სანამ სიყვარულის ალი იწვის.