Friday, July 10, 2015

საიდუმლო ოთახი ( თავი II )

                                                          II თავი 
    ეს იყო წერილი, რომელიც ჩემ კაბინეტში, საწერ მაგიდაზე იდო. შევამჩნიე, რომ ოთახში ფანჯარა იყო ოდნავ შეღებული, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ დაკეტილი დავტოვე, რადგან დილით საკმაოდ ციოდა, არ მახსოვდა ასეთი წერილი თუ საერთოდ მიმეღო ან აქ დამეტოვებინა, ავანთე შუქი, ჩავჯექი ტყავის შავ სავარძელში და დავიწყე კითხვა, წერილი დაწერილი იყო ძველ გაყვითლებულ ფურცელზე, ბურთულიანი კალმით, იგი იუწყებოდა, რომ მამაჩემს სასწრაფოდ უნდოდა ჩემი ნახვა და როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავდი, უნდა ჩავსულიყავი, ყურადღება მივაქციე იმას, რომ წერილი სწრაფი, გაკრული ხელით იყო დაწერილი და, რაც მთავარია, არ ჰგავდა მამაჩემის კალიგრაფიას.
   მამა და სახლი, სადაც გავიზარდე, 17 წლის ასაკში დავტოვე. ბავშვობიდან მინდოდა გავმხდარიყავი პროფესიონალი გამომძიებელი, რასაც მამა ეწინააღმდეგებოდა, ეს ჩემი ოცნება იყო, მაგრამ არაფერი არ გამომივიდა, ჯარში მსახურების შემდეგ მუშაობა დავიწყე მშენებლობაზე, დაუღალავმა შრომამ მალევე ნაყოფი გამოიღო და მთავარი ინჯინერი გავხდი, ამისთვის ღამით სწავლა მიწევდა. ასე გამქონდა თავი.
   მეორე დღესვე სამსახურიდან დავეთხოვე, ჩავჯექი ლუკმა-პურის ფულით შეგროვებულ და ნაყიდ ჩემი ოცნების  1967 წლის "შევროლე იმპალაში" და გავეშურე ვესტჰემისკენ. გზად კი ვფიქრობდი თუ რატომ უნდოდა 18 წლის უნახავ მამას ჩემთან სასწრაფოდ შეხვედრა და ვგრძნობდი, რომ რაღაცა წესრიგში არ იყო, ამიტომაც ვღელავდი.
    მამას პატარა სახელოსნო  ჰქონდა, სადაც იარაღებს ამზადებდნენ, სანადირო თოფების გაკეთებით კი ნამდვილად განთქმული იყო მამაჩემი, ამიტომაც შეძლებულად ვცხოვრობდით. როდესაც ძველ სახლთან მივედი, ხელები ამიკანკალდა, მანქანიდან გადმოვედი და კარზე დავაკაკუნე, არავინ არ გამომეხმაურა, ურდული ჩამოვწიე, კარი ღია აღმოჩნდა და სახლში შევედი, საოცარი სიჩუმე სუფევდა, გამიკვირდა რადგან მამაჩემი ძალიან მხიარული და ხუმარა კაცი იყო და მუდამ სტუმრები ჰყავდა, ახლა კი მთელი სახლი საეჭვოდ დუმდა, გავაგრძელე გზა სასტუმრო ოთახისკენ, თან მამას ვუხმობდი, პასუხი  ვერ მივიღე, ოთახში, რომ შევედი, ყველაფერი არეული დამხვდა,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, ვიფიქრე, მოსამსახურეების დაუდევრობის ბრალია- მეთქი, გავედი სამზარეულოში და შევძრწუნდი, ჩემს წინ საშინელი სანახაობა გადაშლილიყო...

საიდუმლო ოთახი (თავი I ) ავტორი: სოფიო ჭელიძე

                                                       I თავი    
    მშენებარე სახლის წინ ვიდექი, შუბლზე ოფლი ჩამომდიოდა, უჩვეულოდ ცხელოდა ამ გაზაფხულზე ბრიტანეთში, დაღლილი და მოთენთილი ვიყავი, სამუშაო დღე კი სულ რაღაც 45 წუთში მთავრდებოდა და ერთი სული მქონდა როდის გამოვიცვლიდი ამ ჭუჭყიან სამუშაო ფორმას, მივიღებდი შხაპს და წავიდოდი ბილთან ბარში კონიაკის დასალევად, ეს ჩემი დღის საყვარელი ნაწილი იყო.
     ბრაიტონი საკმაოდ წყნარი ქალაქია, ბარები საღამოობით ხალხით ივსება, კლიენტების უმეტესობა სამუშაოსა და რთული დღის შემდეგ მოდის აქ დასალევად და გასართობად. ჩემი საყვარელი ბარი პატარა და ძალიან ჩვეულებრივი იყო, აქ ვერ ნახავდით ლაპარაკის მოყვარულ საზოგადოებას, ყველა თავისი პრობლემებით იყო დაკავებული და ჩაფიქრებული. ბილი ამ დაწესებულების მეპატრონე გახლდათ, ის ხასიათით ტიპიური ინგლისელია, ჩვენ ბავშვობიდან საუკეთესო მეგობრები ვიყავით, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. ერთმანეთს ძმებივით ვგავდით: ორივე მაღალი, ერთნაირად კარგი აღნაგობის, შავი თმით, მსგავსი სიარულის მანერითა და ცოტა უხეში, მაგრამ კაცური ნაკვთებით, ბევრს ერთმანეთშიც ვეშლეებოდით კიდეც, როდესაც ჯარში ვმსახურობდით, ჩვენს სახელებსაც ხშირად ურევდნენ. მას-შეინს, ხოლო მე -ბილს მეძახდნენ, მაგრამ ამაზე არ ვბრაზდებოდით, გულიანად გვეცინებოდა ..
   მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 35 წლის დაღვინებული და ცხოვრებისგან დაღლილლი მამაკაცები ვიყავით, არ გვყავდა ცოლები და საღამოებს ხშირად ერთმანეთთან ლაყბობაში ვატარებდით.
   ერთ საღამოს, როდესაც მე ბილის ბარიდან ჩემს ბნელ და ცივ სახლში დავბრუნდი,
აღმოვაჩინე ერთი უცნაური რამ...

Wednesday, July 8, 2015

სიყვარული მუდმივია და აჩქარებული (ჩანახატი)

   სიყვარული მუდმივი და აჩქარებულია. რატომ? იმიტომ რომ შენ თუ არა, შენს გარშემო მაინც ვიღაცა აუცილებლად შეყვარებულია, აჩქარებული იმიტომაა, რომ შეყვარებულების მიზანი ერთადერთია, ცოლად მოიყვანოს ან გათხოვდეს, ახლოს იყოს საყვარელ ადამიანთან, მერე როგორ განვითარდება მოვლენები, აღარა აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ ის არსებოობს!

გოგონა, რომელიც უყვარდათ (ესე)

      გოგონა დილის ნიავივით ნაზი იყო. დიდი მწვანე თვალები ჰქონდა, ქერა თმები,
სუსტი, გრძელი მკლავები, მაღალი ფეხები, სწორედ რომ იდეალური ქალი იყო, ნორჩი, მიმზიდველი. თაყვანისმცემლებიც არ აკლდა, მაგრამ მათ შორის ერთი ყმაწვილი გამოირჩეოდა, ჭკვიანი იყო, გოგონას კი სწორედ გონიერ ბიჭები მოსწონდა, ამიტომაც მეგობრობდნენ. გოგონაც ძალიან ნიჭიერი იყო, უნივერსიტეტში კარგად სწავლობდა, ფრიადოსნის სტიპენდიას იღებდა.დრო გადიოდა, მისი გულის დაპყრობა კი ვერავინ შესძლო, გიორგი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, აქტიურობდა, მუდმივად სიყვარულს და პატივისცემას უმტკიცებდა, თუმცა გოგონას მხოლოდ, როგორც მეგობარი ისე მოსწონდა.ბიჭი სოფლიდან იყო ჩამოსული, დიდი შრომისუნარიანობით გამოირჩეოდა, იუმორიც ჰქონდა, ცოტა კარიერისტიც იყო, ნანას რამდენჯერმე სთხოვა კიდეც ცოლობა, მაგრამ გოგონამ ეს ყველაფერი არასერიოზულად აღიქვა.უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მათი გზები გაიყარა. ნანამ, როგორც წითელდიპლომიანმა, კვლევით ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა, გიორგი იქაც აკითხავდა ხილმე, ხანდახან, თავის მობეზრებაც არ უნდოდა ქალისთვის. ამასობაში ნანამ ერთი ბიჭი გამოარჩია თაყვანისმცემლებს შორის და გათხოვდა. გულდაწყვეტილმა ყმაწვილმა, რომელიც რვა წლის განმავლობაში ცდილობდა ქალის გულის მოგებას, მიულოცა გაბედნიერება და უთხრა:- თუ როდისმე გაგიჭირდა, დამირეკე, აუცილებლად დაგეხმარებიო.- ქალს ესიამოვნა კიდეც ყოფილი თაყვანისმცემლის ასეთი ყურადღება, თითქოს გულიც დაწყდა, მას რომ არ გაჰყვა ცოლად.
      ცუდი დრო დადგა საქართველოში. ყველას ახსოვს 90-იანი წლები, შიმშილი, ომი, გაჭირვება. გიორგის კარიერა წარმატებული გამოდგა. სულ უფრო წინ მიიწევდა თანამდებობრივ საფეხურებზე. ნანას უჭირდა, ორი ბავშვი ეყოლა, მეუღლეს ბევრი სული ჰყავდა სარჩენი: ცოლ-შვილი, დედ-მამა, ნათესავებიც დახმარებას სთხოვდნენ, ვერ აუღო ალღო ცხოვრებას, ოჯახის რჩენას ვერ ერეოდა, ნანამ გადაწყვიტა სამუშაო ეშოვა და რაღაცით მაინც შეხიდებოდა მეუღლეს. ბევრი ეძება, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. ნაცნობობა იყო საჭირო. გაახსენდა გიორგი და მისი ბოლო სიტყვები, ძალა მოიკრიბა და დაურეკა, გული უფანცქალებდა, იმედებით იყო სავსე. მაღალი თანამდებობის პირის სიტყვები ასეთი აღმოჩნდა-- რა დროს შენი მუშაობაა, შვილებს მოუარე.-. ქალი გაოგნებული დასცქეროდა ტელეფონის ყურმილს, თვალებში ცრემლი მოაწვა, ეს იყო სასოწარკვეთის ცრემლი, რომლის დანახვა და გაგება ძალიან ცოტას შეუძლია..თვითონვე შერცხვა, იმედი რომ გაუცრუვდა.  ასე წაიშალა მისი ცხოვრების ისტორიაში ერთი სიყვარულის ფურცელი,. იყო კი ეს სიყვარული,  ზრუნვა საყვარელ ადამიანზე თუ შურისძიება ერთ დროს მის უარმყოფელ ქალზე?!, პასუხი ვერ გაეცა ამ კითხვაზე, ბოლოს მიხვდა, რომ  სიყვარული ნამდვილად არ არის ასეთი, ის ხომ ათბობს და არ აცივებს, ის ხომ ნათელია და არა ბნელი, ის ხომ უსასრულოა, დაუსაბამო და არა ჩაკეტილი დროასა და სივრცეში!

Saturday, July 4, 2015

ენიდან ასხლეტილი სიტყვა

არ მიყვარს ენიდან ასხლეტილი სიტყვა,
ქვეყანას მოუტანს ზიანს,
არ მიყვარს შური და ომი,
შერიგება არის შორი,
არ მიყვარს უმიზნო დევნა,
თან სდევს პიროვნების რღვევა,
არ მიყვარს უაზრო ძილი,
დრო უნდა დავუთმოთ ღვიძილს,
არ მიყვარს სიცრუეში ყოფნა,
თვალებს რომ ლიბრი ბორკავს,
არ მიყვარს როდესაც გტკენენ,
მერე კი ბოდიშებს დებენ,
არ მიყვარს მეწყვილის ღალატი,
სიტყვა რომ იწყება არათი,
არ მიყვარს მდიდართან კამათი,
ღარიბს რომ არაქათს გააცლის
მერე კი ვახტანგურს გადადის.
არ მიყვარს სიკვდილთან თამაში,
მასთან რომ გახვალ დამკაში,
არ მიყვარს ცრემლი და ტირილი,
სიძნელეს  დაუხვდი ღიმილით,
არ მიყვარს მლოცველი მთხოვნელი,
ღვთისგან რომ სიმდიდრეს მოელის,
არ მიყვარს ავსიტყვა კაცი,
სიხარულს ხელიდან გაცლის,
არ მიყვარს ქურდი და ბოზი,
რომ დგება უბიწოს პოზით,
ვერ ვიტან ფლიდსა და მქირდავს,
სიტყვით და საქმით რომ გწირავს,
არ მიყვარს მამიკოს ბიჭი,
თავს რომ მოგაწონებს "ნიჭით",
მიყვარს სიყვარული ნამდვილი,
წმინდა, როგორც ქეთევანის მანდილი.

,

Thursday, July 2, 2015

საფერავი

ჭურს მოხადა პაპამ თავი,
შავი ღვინით სავსე დოქი
შემოუდგამს სტუმრებისთვის
მაგიდაზე ფიცით, ლოცვით.
წელს საფერავს მოუცია
არნახული მოსავალი,
ნახელავი შეუფასონ,
მერე ნახონ, თუნდაც, მკვდარი,
მალე სამი მეგობარი
ღვინით სავსე თასით ხელში
მარნის კარში გამოვიდა,
სიმღერით და ბეჭის რხევით.
-ასეთ ღვინოს ვერსად ნახავ,
დაადგინეს მოხუცებმა,
საფერავის ჯიში ლოცეს,
გადაიქცნენ ყმაწვილებად.,
.



მოდის სიყვარული


ფიცის კასკადებით, გრძნობის აფეთქებით,
მოდის სიყვარული, თავის აფექტებით,
ცრემლით, სიხარულით, ჯერ არდანახული,
ჯერ არგაგონილი, მოდის ჭირნახული,
ზოგჯერ აგონიით, ზოგჯერ საღ გონებით,
ხანაც სისულელით, ხანაც შთაგონებით,
ხანაც მოცინარი, ხანაც სევდიანი,
მოდის სიყვარული, ნაზი, პირმზიანი.
.