Saturday, March 14, 2015

მაია (მოთხრობა)

        პატარა გოგო იყო მაია. თვალებში მზე ედგა, გაზაფხული უყვაოდა. სულში მთის წმინდა წყარო მოჩუხჩუხებდა, ბუნება უყვარდა და ბუნებასაც უყვარდა. გავიდოდა მინდორში, ეჩურჩულებოდა ხეებს, ყვავილებს, სიყვარულს უმტკიცებდა, არასოდეს მიგატოვებთო. საღამოობით დაჯდებოდა აივანზე, მთებს გასცქეროდა, მათკენ მიუწევდა გული.
        გაიზარდა მაია. დიდი ქალი დადგა. ქალაქში გადასახლდა. სოფლისთვის აღარ ეცალა. ახლა ქალაქის სახლის აივნიდან გასცქეროდა მთებს, მათთან სიახლოვეს ნატრობდა. საქმე არ უშვებდა.
       დაბერდა მაია. მხოლოდ თვალები დარჩა დიდი, მეოცნებე, ისეთი, როგორიც მთებია. თვითონ დაპატარავდა, დაჩიავდა. ახლა შვილიშვილები არ ტოვებდნენ ფიქრებთან მარტო. ერთხელ პატარა მაია მივიდა წიგნით ხელში, და ჰკითხა: - ბებო, ჭიამაიას ხომ ჩვენი სახელი ჰქვია, დარის გამოცნობაც შეუძლია, ჩვენ რატომ არ გვაქვს ფრთები, რომ გავფრინდეთ, წვიმის მოსვლა გავაგებინოთ პეპლებს, რომ დაიმალონ?! - ჩვენც გვაქვს ფრთები, - უპასუხა დიდმა მაიამ, - ოღონდ ამას გვიან ვხვდებით, თუ კარგი გოგო იქნები, შენც გაფრინდები, ჩემო ანგელოზო! - მოეფერა ბავშვს, თვითონ კი უჩუმრად მთებს გახედა, ცრემლები ჩაუდგა დიდ თვალებში.
      უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ დიდ მაიას. მიუყვებოდნენ მთის ბილიკებს. ახლა კი ჩაიხუტებენ მთები თავის უძღებ შვილს.

Friday, March 13, 2015

დიაკონიძეების საყურადღებოდ!

    თუ ვინმე დაინტერესებულია ჩვენი გვარის წარმოშობის ისტორიით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შტო თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბნიდანაა. როგორც მამა გვიყვებოდა, თურქობის დროს აჭარიდან გამოქცეულა ვინმე ალე დიაკონიძე, დაფუძნებულა და გამრავლებულა, ამ სოფელს ალისუბანი დაერქვა. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს, არ ვიცი, მაგრამ ისტორია ასეთია.
    წელს ბაკურიანში გავიცანი ქალბატონი ნაგინი სოლომონიძე, რომელიც სოფელ დიაკონიძეებში ყოფილა გაზრდილი, როგორც მან თქვა, სოლომონიძეები და დიაკონიძეები ერთი გვარია, დიაკონიძეებმა სოლომონიძედ გადაიკეთეს გვარი თურქების შიშით. დიაკონიძეების უდიდესმა ნაწილმა აჭარა დატოვა და იმერეთში ჩასახლდა.მას ძალიან გაეხარდა, ჩემი გვარი რომ გაიგო.კიდევ ერთმა ქალბატონმა მაღალმთიანი აჭარიდან, რომლის გვარიც სოლომონიძე იყო, სახელი არ მახსოვს, ჩემი გვარის გაგების შემდეგ თქვა, ნათესავები ვყოფილვართო. მაშინ ამისთვის არ მიმიქცევია ყურადღება, ახლა გამახსენდა. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. იქნებ ვინმემ მეტი იცით ჩვენი გვარის შესახებ?!

გაზაფულში დამალულო სევდავ!

გაზაფხულში დამალულო სევდავ,
მოსასხამი შემოგიცვამს ჭრელი,
ხან იებში ამოფეთქავ ველად,
ხან ხარხარებ ჩახლეჩილი ყელით.
ზეცა თითქოს დაუფარავს ნისლებს,
მთებში ისევ ზამთრის სუსხი მეფობს,
შემომაცვი მოსასხამი ჭრელი, -
მაღლა ცისკენ გავუყვები ბექობს..

Thursday, March 12, 2015

ყმაწვილებს

ზეციური მამა გვფარავს,
არ გვივიწყებს სიკეთეს,
ბოროტებას ნუ ჩაიდენ,
ეშმაკი დროს გიხელთებს.
მადლი უფლის ხელში არის,
უხვად დაგვასაჩუქრებს,
თუ იცხოვრებ ღვთის მცნებებით,
სამოთხის კარს გაგიღებს.
დაუნდობელ, სასტიკ დროსაც
გაკვეთილის სახე აქვს,
თუ გამოცდას ჩააბარებ,
შენ საუფლო სახლში ხარ.
მაგრამ ცოდვის შეკავება
არ ყოფილა ადვილი,
ვერ თმობ? მაშინ გელოდება
სათანადო ადგილი.
ამ აზრიან  შეგონებას
დარიგების სახე აქვს,
თუ კი კარგად მოიქცევი,
ამ ცხოვრებას გაიტან.


დიალოგი

ვერაფერს გეტყვი კარგსა და ახალს,
ღრმა ძილით სძინავს ნაომარ ქალაქს,
დარდს გაუშლია არწივის ფრთები,
მე კი, უძლური, შიშისგან ვკრთები.
რა ბედი ელის წვიმიან ქალაქს,
ღვთის კალთა თუ კი, ვეღარა ფარავს,
სისხლის წვეთივით დამშრალა ჭები
და წყურვილს ჩვენსას ლოცვით-ღა ვშველით.

Saturday, March 7, 2015

ეძინა ქალაქს (სიმღერა დაწერა და შეასრულა ნატალია ჭელიძემ)

ეძინა ქალაქს

გზად შემოდგომის ამინდი იდგა, -
ქარი აფენდა ფოთლების საბანს,
აჟრიალებდა დანესტილ მიწას,
ნისლს უხდებოდა ცისფერი კაბა.
და სიმარტოვე არღვევდა ქუჩებს. -
წლებს მიათრევდა - ასსა და ათასს,
ციოდა. წვიმდა. იქნებ სტკიოდა,
მაგრამ ღრმა ძილით ეძინა ქალაქს.
მაია დიაკონიძე
7.032015 წელი

Thursday, March 5, 2015

არა მინდა რა

ნაბიჯს ვეღარ ვდგავ, ფეხად მრუდი ვარ,
ხმას ვერ გამოვცემ, თითქოს უტყვი ვარ,
საქმე ხელიდან აღარ გამომდის,
სარკეს ვუყურებ, ნეტავ რა მომდის?!
არა მინდა რა, სულშია ლპობა,
ადამიანის დავკარგე ნდობა,
საფლავებიდან მესმის ძახილი
და უნდა მივცე მეც მოძახილი.