Monday, December 30, 2013

თბილისს!

დუმს და სიჩუმე იღვრება ირგვლივ,
გარინდულია მეტეხის ხიდი,
მტკვარს უხილავი დიდება ათრობს
გარს შემორტყმული ქალაქის დიდის.
მტერს და მოყვარეს უხვდება მედგრად,
თავს არ დაუხრის ომების დესპანს,
ხოლო სიკეთის გვირგვინით ამკობს,
ვისაც სამშობლოს სიავე ნესტრავს.
ისევ დაისხავს დიდების მარცვლებს
ვაზი, სიტკბოთი თბილისს რომ ავსებს,
კვლავ გაიზრდება ათასი გმირი,
დედა ქართლისა დალოცავს მნახველს.

Friday, December 27, 2013

მიწავ, შენი გვაქვს ვალია!

დედა ბუნების მხევალთა,
მიწავ, შენი გვაქვს ვალია,
პურს გვაჭმევ, შენით ვსაზრდოობთ,
გეწვევით დღეს თუ ხვალეა.
სანამ შენს გულზე დავდივართ,
სანამ ხორცს გვითბობს მზე-ქალა,
მუდამ შენზედა ვილოცებთ,
შენი დაგვრჩება ბეგარა!.

Monday, December 23, 2013

ნაზფურცელა (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

ქალწულივით მორცხვად რომ იღიმები,
ნაზფურცელა, შენ ედემის კოკორო,
ამ თავკერძა ნიავს როგორ შებმიხარ,
გინდა, ყველას უკარება ეგონო?!
ვიცი, მარად სიყვარულით სავსეა
შენი გული, ტრფიალების მორევი,
თავს იწონებ, სამაისო ვარდი ხარ, -
შენც გულისწორს თბილ ქვეყნიდან მოელი.

ვაზის დიდება

ღრუბლების მიღმა გამოვაღებ სამოთხის კარებს,
თუ არ გამიქრა იმედი და წყალობა ღმერთის,
ჩემი გალობა ალაზანის სიმღერას ერთვის,
ნაზამთრალ მინდვრებს კაცის ხელი, მარჯვენა ეტრფის.
ვაზის დიდებას ვერ გააქრობს ყინვა და სუსხი,
ღეროს ჯანიანს ჩაუდგება სიცოცხლის წყალი,
ცრემლიან რტოებს ვეფერები და ჩუმად ვეტყვი,
შენ საქართველოს ფესვი ხარ და იზარდე, ამინ!

მე შენ მიყვარხარ

მე შენ მიყვარხარ, თუმცა უკვე არ მაძლევ სალამს
და შენს თვალებში ვერ ვკითხულობ ფრთათეთრ სონეტებს,
წარსულზე სევდამ გამოლია ამ სიტყვებს ძალა,
გულნატკენი და არეული გონს ვერ მოვეგე...
შეჰყრიხარ სიკვდილს, არ ვიცოდი, რა ფერი ჰქონდა,
ანდა სურნელით რატომ ჰგავდა წითელ პიონებს,
იისფერ ნისლში მიიწევი უსიტყვო მოთქმად,
ჩემი ოცნების გაუშლელი ვარდი გიწოდე...

Friday, December 20, 2013

მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ!

მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ,
სამშობლოს მიწას ბურჯად ვადგივარ,
მუხის ფესვები მიმაგრებს სხეულს,
მძლავრი ტოტებით დავიცავ ეულს,
ქვეყანას ჩემსას, ოცნების თვალით,
ვუმზერ, გამხდარა სამოთხის ბაღი,
აღარ ასხდება ყვავები ალვებს,
მისი გულისთვის სიცოცხლეს დავლევ.

Tuesday, December 17, 2013

გილოცათ ბარბარობას!

ზამთრის დღეა, მშვენიერი დეკემბერი,
ფიფქი ცვივა, გადუპანტავს მთა და ველი,
"სამებისკენ" მიიჩქარის ერი-ბერი,
ბარბარობის დღესასწაულს ყველა ველით.
ზარი რეკავს თუ ქალწულის ნაზი ხმებით,
თეთრი თოვლით გვეფერება დეკემბერი,
ფრთებს შეისხავს ჩვენი ლოცვა, ზევით ელის, -
ღვთიურ მადლით გაბრწყინებულს სკიპტრა შვენის!