Tuesday, May 13, 2025

,,ლიტერატურულ საქართველოში" გაგზავნილი მასალა

 

ლექსი გამიდიდგორდა!

 

მეგონა, რომ ლექსსა ვწერდი,

ლექსი მწერდა თვითონდა,

რომ შევახე ქაღალდს წვერი,

ლექსი გამიდიდგორდა.

 

სიყვარულის ოდას ვწერდი,

ცად მაფრენდა იორღა,

მწუხარება შემრჩა ძეწნის,

ბედმა ვერა იღონა.

 

უკვდავების წყალი მასვეს

ანგელოზთა რიკოთთან,

განდევნიდნენ ბოროტს, ავ ზნეს,

ჯვარს სახავდნენ იკორთას.

 

არ მწყალობდა ქვეყნად ბედი,

თუმც ვერ მძლიეს იოლად,

ლექსო, მუდამ თანა მდევდი

მაჟორად და მინორად.

 

მეგონა, რომ ლექსსა ვწერდი,

ლექსი მწერდა თვითონდა,

რომ შევახე ქაღალდს წვერი,

ლექსი გამიდიდგორდა.

3.05.2025 წელი

 

 

 

მე მწამს!

 

მე მწამს დიდი სიყვარულის,

რომ დაანთებს ველზე დიდგორს,

ბასიანის ბრძოლის ალი

არ ჩამქრალა, ისევ გვიხმობს!..

ამ ფიქრებით დამათენდა, -

ნაპერწკალი მენთო გულში,

ცას გავხედე, მერე მიწას, -

ისევ ღამე იწვა ხნულში.!

 

 

 

არაგვს!

 

                                                  დამწუხრებულმა, არაგვო,

                       რო გნახე, გავიხარეო,

                              სრულიად გამოვიცვალე,

                     წელშიაც ავიხარეო.

                                                    ვაჟა-ფშაველა

 

ჩემთვის იყავი თითქოს არავინ

და თან იყავი ჩემთვის რამდენი,

ჩამოდიოდი თეთრი არაგვი,

მატკბობდა შენი შემოგარენი.

 

თავს ჩავიხრჩობდი შენს ლაღ ტალღებში,

ოღონდ ალერსი ჩემთან გეცადა,

დუმილი დამხვდა მე შენს თვალებში,

მტკვარივით ვეღარ მოველ მცხეთასთან.

 

შენს თითო კენჭსაც ვეთაყვანები,

მოვდივარ, ვკოცნი, ხელით ვეხები,

ამწვანდებიან როცა ყანები,

ჩამოწველიან ნისლებს დევები...

 

ხელებში ღრუბლებს ათამაშებენ,

შენ გარშემო  რომ გორები წვანან,

ჩემი ოცნების სახლს ავაშენებ,

ვაჟიკას ფეხი დაიდგა სადაც.

მაია დიაკონიძე

17.04.2025 წელი

 

 

ზღაპარი

(ვაჟა-ფშაველას)

 

ლურჯია ჩემი ზღაპარი,

შიგ ჯადოსნური რაშებით,

ჭენებით ჩამოივლიან

სულ მზეჭაბუკი ვაჟები.

მათ შორის ერთი იქნება

ბრძენი, ჭკვიანი მინდია...

რომელსაც ,,სიბრძნე- სიცრუის"

ტვირთი ბეჭებზე ჰკიდია.

ისა გრძნობს, წუთისოფელი

ნათელია თუ ბინდია...

სწორედ ის ერთი მიყვარს და

სწორედ ის ერთი

მ ი ნ დ ი ა !

მაია დიაკონიძე

13.07.2021წელი

 

სურათის აღწერა

 

სადღაც ღრუბელი ატირდა,

ჩამოემხო და გაქრა,

მზემ გამოიხმო ახლიდან,

შემოამატა ამქარს.

 

ცა დაიფარა ღრუბლებით,

ჰგავდნენ ხუჭუჭა  კრავებს,

თითქოს უფალი ზეცაში

ფარას უღებდა კარებს..

 

მოაგელვებდა ღრუბლებზე

თეთრონს—- მმუსვრელი ავთა,

უფლისგან ჩვენთან მოგზავნილ

წმინდა გიორგის ჰგავდა!!!...

მაია დიაკონიძე

8.07.2024 წელი

 

დედაჩემს!

 

აბლაბუდები ეყარა ნისლის

და ღამეს უფრო მთვარიანს ხდიდა,

რა აწუხებდა მცხუნვარე ივლისს,

საბანს პატარა ბავშვივით  მხდიდა.

 

ბაბუაწვერა ბალიშად მერგო,

თეთრი გვირილა მეყარა ტანზე,

მწვანე ბალახი ქვეშაგად მეგო,

თვალები ჩემი ეკერა ცაზე.

 

ვხედავდი კოსმოსს, ვხედავდი დედას,

თავსასთუმალთან თეთრკაბა მეჯდა

და დედაჩემის უზღვავი სევდა,

გადამქცეოდა სინდისის ქენჯნად.

მაია დიაკონიძე

30.06.2024 წელი

 

შენ არაგვივით მოჰყეფდი!

 

შენ არაგვივით მოჰყეფდი,

მე მტკვარსა ვგავდი ფიქრიანს

და მხოლოდ სვეტიცხოველთან

ერთად ყოფნობამ გვიწია.

 

შევერთდით გულაჩვილებით,

შენ - ონისე, მე - ძიძია,

თავსაც კი მოგაშვილებდი,

ოღონდ არ გეთქვა: - სხვისია.

 

ოღონდ სულ შენთან მეთია,

გვხუროდა ცა ვარსკვლავების,

მაგრამ ცხოვრება მეტია,

ვიდრე მოხვევნა მკლავების.

მაია დიაკონიძე

23.06.2024 წელი

 

ვინც კი გვყავდა...

 

ვინც კი გვყავდა კარგი კაცი,

ყველას თოფით დავედევნეთ,

ტყვია, მოგვხვდა ხელში რაც კი,

დავაჭედეთ მერამდენედ.

 

რაღად გვიკვირს, ვცხოვრობთ ცუდად,

ჩვენი თავიც გავიმეტეთ,

გონს მოვეგოთ დროზე უნდა,

თორემ ვეღარ ვნახავთ ედემს.

 

 

 

შენ რომ მაჩუქე

 

შენ რომ მაჩუქე,  იმ წითელ ვარდს, 

დღემდე აქვს ფერი,  

ტკბილ მოგონებას  აწმყოსაგან

ვერ  მიჯნავს ფარდა... 

და ყველაფერი,  ჩვენ გარშემო, 

თუნდ გახდეს  მტვერი, 

შენ ჩემს ხსოვნაში  სულ დარჩები

იმ  წითელ ვარდად!

მაია დიაკონიძე

19.05. 2023 წელი

 

ვაი, ვერ გამოვიცანი!

 

ფარისევლობენ, თაფლობენ,

გალობენ, როგორც ბულბულნი,

ჩუმ-ჩუმად გულში ავობენ,

მზადა აქვთ ტყვია-შურდული.

 

ვაი, ვერ გამოვიცანი,

ბევრი, კეთილი მეგონა,

შემლეწეს გულის ფიცარი,

ავისგან ავი მერგო რა.

 

შუბლის ძარღვი აქვთ გამწყდარი,

ხელში ლომი და ბარი აქვთ,

გარეთ დარსა თუ  ავდარში,

საფლავის მთხრელნი არიან.

მაია დიაკონიძე

30.04.2025 წელი

 

მგელს!

 

ვერ გაგხადეს შენ დარაჯი ეზოს,

უწვრთნელია, ვიცი, შენი ჯიში,

მგელი იყო, ძაღლზე უთქვამთ, ერთ დროს,

არა მჯერა, თუნდაც დამცენ მჯიღი.

 

საყელური დაიმშვენა ძაღლმა,

კუდის ქიცინს არ ეშვება ახლაც,

ოღონდ იყოს თბილადა და მაძღრად,

იხტუნავებს ცირკში მაღლა-მაღლა.

 

შენ კი მგელო, არ მიიღებ ლუკმას,

არამს, კუთვნილს ღატაკის და ობლის,

რა ვუთხარი დროს, უჟმურს და  უკმარს,

ფეხაკრეფით ქვეყნად მიდი-მოდის.

 

შეგამჩნიეს, თავს აფარებ არტანს,

ადამიანს, როგორც ეშმაკს უფრთხი,

არ დანებდე, ჩემს იმედებს გატან,

თორემ კაცთა  გაგიმზადეს ყულფი.

მაია დიაკონიძე

26.02.2024 წელი

 

ბაბუაჩემი

 

ბაბუაჩემის თოფი მახსოვს, მისი სიათა,

მერე ერთხელაც უკუნ ბნელში გადაინათა,

ბაბუაჩემის ჩამოვარდა ციდან ვარსკვლავი,

მას მერე მის დამნახველი არვინ არ არი.

 

ჩხვერავდა მიწას ჩვენი ხარი - მისი ნაზარდი...

ვასაფლავებდით, ჩავძახოდი: - ,,ბაბუ, სადამდი",

გაჭირვებისას ჩქარა ფეხზე წამომდგარიყო,

მისი სიკვდილი, მჯეროდა,  რომ გამოცდა იყო.

 

ბევრმა მიბაძა ბაბუაჩემს, ბევრი წავიდა,

ვარსკვლავთა ცვენას ვადევნებდი თვალებს ყანიდან,

ამაგდარ კაცებს, სამშობლო რომ ასე უყვარდათ,

ვაზის ცრემლები, ვით ტარიგი მიაქვთ უფალთან.

მაია დიაკონიძე

22. 02. 2024წელი

 

გაზაფხული მთაში

                                        (მთის კილოზე)

 

რომ გაუთბება მთას გული,

მეც გადმოვდგები ბანზედა...

ვიცი, რომ ეს გაზაფხული

მთებსაც ჩააცმევს ტანზედა;

გაუხსნის შეჭმუხნულ შუბლებს,

ქუხილის ზარებს დარეკავს,

ქარებს მოუხმობს და ღრუბლებს 

მთების გადაღმა გარეკავს.

ხევში ზვავები დნებიან,

იღვიძებს ჭიამაია,

პირმზითში იჭყიტებიან

მორცხვად ენძელა და ია.

გვირილა-ყაყაჩოებით

მორთავს ტყისპირა მდელოებს...

ჩვენც, გაზაფხულის საკადრისს,

ბევრს ვიტყვით სადღეგრძელოებს!

მაია დიაკონიძე

17. 04. 2024 წელი

 

როცა სიკვდილშიც ეძებ რაღაცას!

 

როცა სიკვდილშიც ეძებ რაღაცას

და მოშხამული სითხით ივსები,

ძილს თუ მიეცი თავი საღათას,

რა გაგიკვირდეს გულში ისრები.

 

თუ კი გააქრე შენში მაჯნუნი,

შენი ლეილი ვერ დამინახე,

ნიშნობის შემხსენ მე სამაჯური,

შენი ვით გავხდე მე მეინახე.

 

თუ კი შენც გძლიეს, როგორც კართაგენს,

დროის დინების დიდ ომს დანებდი,

მაშ, სიყვარულის რად თხზავ არაკებს,

ანდა იმედებს რაღად მაძლვდი?!

 

სიოს რომ მოაქვს ნაზი ჩურჩული,

იქნება შენი ტკბილი ხმა არის,

ისევ გიხილო ჩემი მაჯნუნი,

კვლავ გავიგონო დილის საარი..

მაია დიაკონიძე

5.09.2023 წელი

 

მინდა გიყვარდე!

მინდა გიყვარდე,

ჩემკენ ჰქროდეს

შენი ფიქრები,

ვატრიალებდეთ

ორივ ერთად

ცხოვრების ჯარას;

ბედნიერება

ზედ გვათოვდეს,

როგორც ფიფქები,

,,უფალი ჩვენთან!"

ან უკეთესს ვინატრებთ

ს ხ ვ ა  რ ა ს?!

მაია დიაკონიძე

17.01.2023წელი

 

სიზმარში ვნახე!

 

სიზმარში ვნახე, მინდორზე

ჩვენ მივდიოდით ერთად,

შენ  გეცვა ლურჯი პერანგი,

მეც ლურჯი კაბა  მეცვა,

ქარმა წამიღო ცისაკენ ,

შენ დაბლა დარჩი ველზე...

ავგაროზივით გამომყვა,

შენი ნაკოცნი ყელზე.

მაია დიაკონიძე

20.07.2021 წელი

 

 

როცა შენ დაგინახავ!

 

აზარფეშას ავივსებ,

სიყვარულით შეგხარი,

თითქოს შენი  ტუჩიდან

შევსვი ახლა ნექტარი,

თითქოს წყალს დავეწაფე,

უკვდავების წყაროდან,

თითქოს პური მოვიმკე

საცხოვნებლად კალოდან,

სულში უკვე ჩამიდგეს

კალათი ზამბახების,

ანათებენ, ბრწყინავენ,

ამაყნი, ლამაზები,

არითმიის ქარები

ჩემს სხეულში სახლობენ,

როცა შენ დაგინახავ,

ღმერთებიც კი მწყალობენ.

მაია დიაკონიძე

9.06. 2021წელი

 

აღარ მენახოს, რაჭაო!

 

წყალი შემასვი რა ჭიდან?

წყალი იყო თუ მაჭარი,

დადუღდა, სისხლი გამივსო

წითელი შინდის დგას ჯარი.

 

დოქის ტუჩს ტუჩი მივადე,

მუჯერეთული, ხვანჭკარა,

შევსვი და ღმერთი ვადიდე,

მზე, ლამაზი და თაკარა.

 

რამ მოგიყვანა ვენახო,

თვალში სიცოცხლედ მევსები,

აღარ მენახოს, რაჭაო,

მე შენი დანაკვნესები!

 

თორემ ავსა და მტერს!

 

გვეპოტინება ეშმაკი,

ყველა საქმეს ის წყვეტს,

ჭკუა გვჭირდება სედრაქის,

თორემ ავსა და მტერს.

 

ანგელოზები გალობენ,

განა კი გვთხოვენ ბევრს?!

სხვისი სიკეთით ვხარობდეთ,

თორემ ავსა და მტერს.

 

თვალში ვიდგამდეთ ლურჯ იებს,

ვკაფავდეთ ეკალ- ძეძვს,

ვმადლობდეთ ყველა სულიერს,

თორემ ავსა და მტერს.

 

ჩვენც ხომ მოვკვდებით ოდესღაც,

და შევერევით მტვერს,

ვილოცოთ სულთ საცხოვნებლად,

თორემ ავსა და მტერს.

 

გვეპოტინება ეშმაკი,

ჩვენ მაგივრად წყვეტს ბევრს,

გული გვჭირდება სედრაქის,

თორემ ავსა და მტერს.

მაია დიაკონიძე

23.04.2025 წელი

 

შენ რადა სტირი, ადამიანო!

 

ცა ვარსკვლავებით გადაიჭედა,

ზეცაში მთვარის შუქი კიაფობს,

ღმერთი არსებობს ჩვენდა იმედად,

შენ რადა სტირი, ადამიანო!

 

რამ შეგიცვალა ესოდენ ფერი,

ნირი გიცვალა ოქროს ბრჭყვიალმა,

სულს დასდებია ჭუჭყი და მტვერი,

თავს ვეღარა გრძნობ ადამიანად.

 

სად გაქრა შენი მშვენება, ხიბლი,

სამშობლოს ბედზე დაგვა, წუხილი,

დღეები ისე უწყალოდ მიდის,

არც შენ შეგრჩება ძველი  მუნდირი...

 

თუ მხოლოდ ფულში პოულობ შვებას,

თუ ეს, ფიქრობ, რომ რაღაცას მოგცემს,

ნუ მიეცემი ტანჯვას და გვემას,

სამშობლოს როცა მოსჭრიან ტოტებს.

 

მაია დიაკონიძე

28.10.2022 წელი

 

მე და ჩანჩქერი

 

მივდექ, მოვდექ, შევუშვირე მკერდი,

ჩანჩქერის ქვეშ დავისველე კაბა,

ჩამოვუჯექ მერე წყლის ჭავლს გვერდით,

ჩანჩქერმა  რომ მომცეს თავის ძალა.

 

ჩვენ ორ შორის გაბმულია ძაფი,

მექაჩება, მიხმობს მალი-მალად,

მაგრამ ხშირად როგორ მივალ, რავი,

მთებში თოვლი ჩამოუშვებს ფარდას.

 

მე კი გული მხოლოდ მისკენ მიწევს,

ველოდები ახლა ზამთრის წასვლას,

მერე წყალში დავისველებ წვივებს,

ის დამითვლის ოცდაცამეტ მალას.

მაია დიაკონიძე

31.01.2024 წელი

 

თეთრო გიორგი!

 

გველეშაპს თავი მოვჭერი,

ამოეზარდა ისევ,

გოგო-ბიჭების მიცემა

იმისთვის ისევ მიწევს,

 

აღარ გამოჩნდა გიორგი

თავისი თეთრი ცხენით,

გველეშაპი კი მეტს ითხოვს,

გამიზარდეო ძღვენი.

 

სადა ხარ, თეთრო გიორგი,

სადაა შენი გორდა,

გადაარჩინე ქვეყანა,

ჩვენი ჯიში და მოდგმა.

 

მტერს ზვავად ჩამოეშალე

და ნაბადივით გათელე,

შენი იმედი გვაცოცხლებს

შენზედ მონდობილ ქართველებს.

მაია დიაკონიძე

29.11.2024 წელი

 

ნეტავ, როგორღა ვიმართლო თავი?!

 

ბიძია ბონდო ამზადებს ჭურებს,

მსხლის ქვეშ მიწაში რომ ჩაალაგოს,

აფართხუნებენ ძროხები ყურებს,

მიწვევენ თითქოს სალაპარაკოდ.

 

არ ვიცი, ნეტავ რა უნდა მითხრან,

მათ რა ადარდებთ ან რას ელიან,

ალბათ, ითხოვენ ჩალას და თივას,

ხუთიდან ორი კვლავ მეწველია.

 

კუდს აქიცინებს მეზობლის ძაღლი,

გადმოსულია, რომ მოგვიკითხოს,

ბიცოლა ცხელ-ცხელ თონის პურს აწვდის,

ვეღარ დაუთმობს ამაზე დიდ დროს.

 

ქათმებს საკენკის სჭირდებათ დაყრა,

დასდევს ვენერა ბიცოლა ჯამით...

და ახლა როცა  მიწაში წვანან,

მათ წინ როგორღა ვიმართლო თავი.

 

რომ დაცლილია ის ეზო-ყურე,

ვაშლის ხეები მდუმარედ დგანან,

არ ეფერება ბოჩოლა ცურებს,

მხოლოდ ნიავი დუდუნებს ნანას.

მაია დიაკონიძე

9.12.2024 წელი

 

ფანელის კაბა!

 

გახუნებულა ფანელის კაბა,

ძველ ჩემოდანში ჩრჩილები ჭამენ,

არ გადაიხდის არავინ აბაზს,

ჩემთვის კი ნიშნავს ეს კაბა რამდენს...

 

ხსოვნის ზანდუკში ფშვინავენ ხმები:

,,ბებია, კაბა გიხდება როგორ,

ისეთი კოხტა, ლამაზი მყავხარ,

აბა, ვისა ჰყავს ასეთი გოგო!".

 

მზემოკიდებულ მკლავებზე მიწვენს, პაპა,

უჩუმრად მიმღერის ,,ნანას",

,,ისეთი კოხტა, ლამაზი მყავხარ,

ნეტავ ვინ არის აქ შენისთანა!".

 

ბედისწერის ქარს მივყვები აშარს,

გახუნებულა ფანელის კაბა,

სხვა რომ არავინ არ მისცემს აბაზს,

მე ვერაფერში ვერ გავცვლი ამას!

მაია დიაკონიძე

5.07. 2023 წელი

 

მეც ეგრე ვტირი…

 

ფეხს რომ ვარიდებ ყვავილებს,

ვაჟავ, სულ შენი ბრალია...

გიგლა ჭინჭარაული

 

***

ყვავილს ფეხი თუ დავადგი,

მეც ეგრე ვტირი ბავშვივით,

ასეთი საწყალი გული

ჩემი ყოფილა არჩივი,

 

იას ვეფარვი, არ მოკვდეს,

არ შეაფრინდეს ქარცივი,

ვაჟას ლექსები მაცოცხლებს,

ბედს მომდურავი არწივი....

მაია დიაკონიძე

 

არ მინახიხარ!

 

არ მინახიხარ ივლისის მერე,

ახლა მცხუნვარე დადგა აგვისტო,

უდგამენ მუზებს ცადაწვდილ ძეგლებს,

ტაჯ-მაჰალიც ხომ მიტომ აიგო.

 

ხან ცოცხალ ძეგლებს ვხედავთ გზადაგზა,

დაღარულ მუხას ზეცამდე ტანით,

სჯობია ლექსი ზოგჯერ ზარბაზანს,

პოეტის სიტყვა უფალთან ადის...

 

არ მინახიხარ ივლისის მერე,

ახლა მცხუნვარე დადგა აგვისტო,

უდგამენ მუზებს ცადაწვდილ ძეგლებს,

ტაჯ-მაჰალიც ხომ მიტომ აიგო.

მაია დიაკონიძე

2.08.2023 წელი

 

შენ მითხარი!

 

შენ მითხარი, რომ დედოფალს ვგავარ,

ვბრწყინავ ისე, როგორც ცვარი ვარდზე,

ლამაზებშიც გამორჩევით სხვა  ვარ,

თუმც დუმილით დარდს გიმატებ დარდზე.

 

შენ ამბობ, რომ  ავაზა ვარ ჭრელი,

წინწკლებს მითვლი, ქათიბს ეფერები...

მატყვევებენ  ეგ თვალები მწველი

და მათ მიღმა გულის ნადებს  ვხვდები.

 

აშკარაა, ცელქი ვნება გვიტევს,

ჩვენს ნაზ ჩურჩულს შორს წაიღებს ქარი,

სიყვარული მთელ სამყაროს იტევს

და ცხოვრების აზრიც ხომ ეს  არი!

მაია დიაკონიძე

11.10.2023 წელი

 

ღალატი

სულ არ ვიცოდი, რაა ღალატი, -

ამ სიტყვებისთვის, ბეცი მიწოდე,

ხანდახან გკლავენ ტყვიით ნაგანის,

ხანდახან სიტყვით გკლავენ, იცოდე,

 

ხან უთქმელობით იქნება მოგკლან,

დაგწვავენ ცეცხლში, ღრმად ჩაგკირავენ,

ვერ აიცილებ ორლესულს, ორკაპს,

ვით მოყვასს მერე მკერდს ჩაგიკრავენ.

 

სიტყვას მოჰყვება მაცდური სიტყვა

და ცის გამხსნელი ნაზი ღიმილი,

ჩაინაცვლებენ ქირქილით ნიღაბს,

გულში დაგრჩება უცხო ტკივილი.

 

სულ არ ვიცოდი, რაა ღალატი, -

თუნდ, მეგობარო, ბეცი მიწოდე,

ხანდახან გკლავენ ტყვიით ნაგანის,

ხანდახან სიტყვით გკლავენ, იცოდე.

მაია დიაკონიძე

24.03.2025 წელი

 

,,ნიჭი, ძამიკო, ნიჭი"

 

რომ ვეღარსით დაგლანდე,

ცისკენ გადავდგი ბიჯი,

თავი ამოვყავ ,,დალანდზე",

,,ნიჭი, ძამიკო, ნიჭი".

 

ხან ვარსკვლავთვალებს შევეხე,

ვერ რა ვუპოვე ხინჯი,

სამოთხის კარი შევაღე,

,,ნიჭი, ძამიკო, ნიჭი".

 

იქაც რომ ვეღარ გიპოვე,

ჩემს თავს შევხედე იჭვით,

თუ სიყვარულს ვერ მიაგენ,

არაფრისა გაქვს ნიჭი.

 

მიწაზე როცა დავბრუნდი,

პირი დავიტკბე ფიჭით,

უკვდავების წყალს მივაგენ,

,,ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!"

მაია დიაკონიძე

25.04.2024 წელი

 

გალაკტიონს!

 

ღამე თეთრად  გათენდება,

ჯვარს დაიწერს სადღაც მერი,

სიყვარულის ჟამი დგება,

ხელში გრჩება არაფერი.

 

იასამანს არხევს ქარი,

სარკმლიდან ჩანს ცა სხვაფერი,

ნაზად უკრავს სადღაც ქნარი,

ხელში გრჩება არაფერი.

 

მიიჩქარი დიდი ბავშვი,

მზე დახატო აკვარელით,

ეხებოდი მიწას არც კი,

ხელში შეგრჩა არაფერი.

 

თუმცა როგორ არაფერი,

უკვდავების ზიარი ხარ,

შენი ლექსი ისე მღერის,

დავდივარ და მიხარია.

მაია დიაკონიძე

17.03.3034 წელი

 

გალაკტიონს!

 

ზოგჯერ მოდის გაელვებად,

ზოგჯერ კიდევ გრიგალად,

ლვას გაჰყრის ნაპერწკლებად,

გზებს ჭენებით მიგალავს.

 

დროს გაუსწრო დაგლეჯილი

ეპოქალურ ნერვებით,

ააყვავა მან ჯეჯილი,

დარგო სულში ედემი.

 

და ვინ არის ნეტავ მასზე

ჭეშმარიტი, დიადი,

გალაქტიკის თუ არა მზე,

ვარსკვლავების ციაგი.

 

ზოგჯერ მოდის გაელვებად,

ზოგჯერ კიდევ გრიგალად,

ელვას გაჰყრის ნაპერწკლებად,

გზებს ჭენებით მიგალავს.

მაია დიაკონიძე

19.03.2024 წელი

 

ცას რომ აცვია მოსასხამი, მეც მინდა მქონდეს!

 

ცას რომ აცვია მოსასხამი, მეც მინდა მქონდეს,

ლურჯ აბრეშუმზე ვარსკვლავების მესხდეს ქიმები,

მთვარეს კი, როგორც ერთგულ დობილს  ტკბილი ბავშვობის,

თავს შემოვივლებ, ფიანდაზად გავეფინები.

 

ციცინათელებს მოვიზიდავ ბაფთების ქნევით,

იციან... მათთვის წლების წინათ იყო ნიშანი, -

თავს დაგვდგომოდნენ ციცქნა ბავშვებს ნათლის სვეტებად,

მყარად რომ გვევლო, არ ჩაგვშლოდა მიწა-ქვიშანი.

 

შემოვუძღვები ორღობეში მაშვრალ ნისლა ხარს,

ბებოს გავძახებ, დახურული გახსნას ჭიშკარი,

იდუმალებად გადაფენილ სხივთა სუდარას

ხელში ჭმუჭნის და თითქოს სინჯავს ღამე მისანი.

დაჭიმულ ნერვზე, როგორც ჩანგზე, ჩამოვკრავ თითებს,

მოგონებები ტალღებივით აირევიან,

გული ვერაფრით დაიოკებს ჯადოსნურ ფერებს

და სისპეტაკეს აკაციის ყვავილებიანს.

 

მივურბნინებ პაპას დოქით ცივ-ცივ წყაროს წყალს,

აჭრიალდება აივანზე თხმელის ფიცარი

და ძველებური აღტყინებით ისევ დამლოცავს...

ოქროს თმის ღერებს დამიკოცნის ანცი ნიავი.

 

ცას რომ აცვია მოსასხამი, მეც მინდა მქონდეს,

ლურჯ აბრეშუმზე ვარსკვლავების მესხდეს ქიმები...

მთვარეს კი, როგორც ერთგულ დობილს  ჩემი ბავშვობის,

თავს შემოვივლებ, ფიანდაზად გავეფინები.

მაია დიაკონიძე

11.09.2019 წელი

 

სალაღობო

 

ერთხელ გულში ისე დათბა,

ისე გამიმინდორდა,

განა შევძლებ, რომ არა ვთქვა,

მოვიდა, ვინც მინდოდა.

 

ყვავილები ააყვავა,

ია, ტიტა, ნარცისი,

დაიჩხავლა მერე ყვავმა,

გაქრა საით, არც ვიცი.

 

სად არ ვძებნე, რომელ მხარეს,

შავ ზღვასა და ლოპოტას,

მოვიმარჯვე ხელში სახრე,

ხარებს მოვყევ ბოლოდან.

 

ზაფხულს მე არ მოვეწონე,

ცეცხლს ისროდა, ომობდა,

გაახურა დიდი თონე,

მომეჩვენა სოდომად.

 

შემოდგომას შევერიე,

ვით ნეკერჩხლის ფოთოლი,

იმან მაინც სხვა არჩია,

სხვას აუგო გოდოლი.

 

ზამთრის სუსხმა მიმახვედრა,

ვირჯებოდი ამაოდ

და ჩემ თვალწინ გადაშალა

ყინულების მარაო.

 

მაგრამ გული ვერ გათოშა,

კვლავ მზეს ეტრფის ბრიალას,

იმ გაზაფხულს, ვინც მინდვრებში

ვნება ააბრიალა.

მაია დიაკონიძე

28.12.2024 წელი

 

                  ,,კუნწულა” ლექსები

 

შენი საქმე

სამოგზაუროდ გავემგზავრე ოდესღაც ცაში,

მაგრამ მაშინვე ალიკაპი ამომდეს ყბაში,

როგორ ბედავო, თავისუფლად ზეცაში ტრიალს,

შენი საქმეა, წუთისოფელს მოერგო ტიალს.

 

         ნურავის განსჯი

 

ნურავის განსჯი, შენც განგსჯიან ზევით თუ ქვევით,

კენჭისყრისათვის დაიმატე თუნდ ერთი კენჭი,

თუ მადლს დათესავ, სალხინებელს ეწვევი ცაში,

თუ არა, სული ამოგხდება ქვასავით წვაში.

 

          არავის ენდო

 

არავის ენდო, არ დაგინდობს არავინ წამით,

ძაღლებისთვისაც შენ გახდები სახრავი ძვალი,

სჯობს ჩიტის ჭიკჭიკს, ხეთა შრიალს დაუგდო ყური,

ნუ მოჭრი მუხას, სხვა საქმისთვის გადადე ცული.

           

ღირსება

 

მასხარად გიგდებს ზოგჯერ უღირსი,

რადგან არ იცის რაა ღირსება,

შენი არ მოგწონს ქცევა თუ მისი?!

ნურც ნურაფერი გაგიკვირდება.

მაია დიაკონიძე

30.10.2024 წელი

 

ქუჩი ვიყავი...

 

შენ რომ მინდორში მეძებდი,

მინდვრად მოსვლას ვერ ვბედავდი,

გემალებოდი კლდეებში,

კლდესავით შეუხედავი.

 

ქუჩი ვიყავი, ბალახი,

წვრილ-წვრილი მქონდა ფოთლები,

განა პირიმზე ვიყავი,

სათავე ნაზი ოცნების.

 

გამშავებოდა ცხვირ-პირი, -

ქარ-ბუქი ზედ მტვერს მაყრიდა,

გამხუნებოდა ღიმილი,

წამოსულს გუდამაყრიდან.

 

ამ კლდეში შენ არ ამოხვალ,

მოსძებნი სადმე ღიღილოს...

წვიმა როდესაც წამოვა,

იქნებ მეც წავიღიღინო.

 

ოცნებას არვინ მოუკლავს,

მზის მწველ სხივებში დაგიცდი,

იქნება ჩემთვის მოსულხარ

ქვეყნად, არავინ არ იცის.

მაია დიაკონიძე

12.03.2024 წელი

 

არავის ენდოთ!

 

არავის ენდოთ, არ დაგინდობთ

არავინ ქვეყნად,

ჰაერის ყლუპსაც წაგართმევენ,

რომლითაც სუნთქავთ,

არავის ენდოთ, არც ვარსკვლავთა

ზეცაში შეყრას,

არ დაიჯეროთ, რაც სიმღერით,

გალობით უთქვამთ.

 

არავის ენდოთ, არც მეგობარს,

არც თუნდაც მიჯნურს,

თქვენი თავისაც არ გჯეროდეთ,

სულ ერთი წამით,

ნურც დიდ სიყვარულს მიენდობით

ზეციურს, გიჟურს,

რადგან ღიმილით მოგკვეთავენ

თავს დიდი წალდით.

მაია დიაკონიძე

24.07.2024 წელი

 

                                როგორც სანთელი, იწვის ეს ღამეც!

 

როგორც სანთელი, იწვის ეს ღამეც,

ყველა ვარსკვლავი შენს თვალში მოჩანს,

და დაბრუნდება ეს სიყვარული,

ფენიქსებივით ავღდგებით როცა.

 

ხმა ისმის მთებში მწყემსის საყვირის,

ცხვრის ფარას ცისკენ მიერეკება,

კლდეს ეხეთქება შავი არაგვი,

თითქოს მოგვიხმობს არაგველებთან.

 

და სიყვარულის ტალღას მივყავართ,

განთიადს უნდა შევხვდეთ ნათებით,

სანამ ჩვენი დრო დაიწურება,

და აღსრულდება ღვთის განაჩენი.

 

მზე აგვიტაცებს სხივ-ნაქარგებით,

ხელს მოგვხვევს, როგორც პატარა ბავშვებს,

და დავიწვებით, როგორც სანთლები,

რომ ფენიქსივით ფერფლიდან აღვდგეთ.

 

არც რა დაშავდა არათქმით

 

სიცოცხლის დღენი მაკლდება,

ზამთარი შედის ეშხში,

დღეს ვფორიაქობ ნაკლებად,

მადევს სიბერის მეში.

 

ძარღვებში სისხლი მდოვრედ დის,

აღარ თუხთუხებს ქვაბი,

არც შაშვი გალობს ,,დო, რე, მი",

ენისქვეშ მიდევს აბი.

 

გული კი მწყდება, რომ ვერ ვთქვი,

რისი თქმაც შენთვის მსურდა,

არც რა დაშავდა არათქმით,

არ მიიტანდი გულთან..

მაია დიაკონიძე

1.05.2025 წელი

 

***

გაიქეცი, თუ გაქცევა გინდა ჩემგან,

ჩვეული ვარ მთვარესავით სიმარტოვეს,

მე მეგონა შენ ვარსკვლავი იყავ მეგა,

ისე გაქრი, მისამართიც არ დატოვე.

 

***

მარტივია სიმარტოვე,

მარტივით ხარ, ქარობ, გიჟობ,

ხელი მკარი, მიმატოვე,

გაგიმარტდა,  მივხვდი, ბიჭო.

No comments:

Post a Comment