Friday, April 17, 2026

მინიმა

 ვხედავ, უკვე რომ აღარ გჭირდები,

ამოიწურა ჩემი ლიმიტი,

ჩამოფხავულა ჩემკენ ბინდები,

როგორც მზისაკენ, სხვისკენ მიილტვი.

მაია დიაკონიძე

12.04.2025 წელი



სიყვარული „ვეფხისტყაოსანში“ და დღევანდელი სამყარო, ესსე

 

სიყვარული „ვეფხისტყაოსანში“ და დღევანდელი სამყარო

რა არის სიყვარული დღეს?  ის, რაც ვეფხისტყაოსანი გვასწავლის, თუ ის, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავთ?

დღეს სიყვარულზე უნდა გელაპარაკოთ, იმ სიყვარულზე, რომელიც „ვეფხისტყაოსანში“ ზეცამდეა ამაღლებული და როგორც მზე, თითოეული ქართველის სულში შუქად იღვრება. იშვიათია ქართველი, განსაკუთრებით ჩემი თაობის, რომელსაც ამ უკვდავი პოემიდან ერთი სტროფი მაინც არ ახსოვდეს. ბევრს უნახავს მისი ილუსტრაციებიც — მიხაი ზიჩის, ირაკლი თოიძის, სერგო ქობულაძის, რომლებიც არა მხოლოდ თვალს, არამედ გულსა და გონებასაც ამდიდრებს.

მანამ კი, სანამ „ვეფხისტყაოსანს“ შევისწავლიდით, ბავშვობაში ვეცნობოდით იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენას" და ,,ბუნების კარს". გვახსოვს პატარა კატო,  ნაყვავილარსახიანი გოგონა, რომელსაც დასცინიან, ეს პატარა მოთხრობა გვასწავლის, რომ არ უნდა დავცინოთ, არ უნდა გავიმეტოთ და არ უნდა ვატკინოთ გული სხვას. ეს იყო პირველი გაკვეთილები ადამიანობისა.

ამავე იდეალებზეა აგებული „ვეფხისტყაოსანიც“. მისი გმირებისთვის სიყვარული და მეგობრობა უმაღლესი ღირებულებაა. ავთანდილი და ტარიელი მზად არიან, საკუთარი სიცოცხლეც კი გასწირონ ერთმანეთისთვის. ნესტანის სიყვარულისთვის გაწეული თავგანწირვა გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტი სიყვარული მსხვერპლს ითხოვს, მაგრამ ამავე დროს ამაღლებს ადამიანს და აზრს აძლევს მის არსებობას. მათთვის ფუფუნება და სიმდიდრე არაფერს ნიშნავს, თუ გვერდით არ ჰყავთ ის, ვინც უყვართ.

და მაინც, რა ხდება დღეს?

სამწუხაროდ, სურათი შეიცვალა. ხშირად ვხედავთ, რომ მატერიალური ღირებულებები სულიერზე მაღლა დგას. ადამიანები ერთმანეთს შორდებიან, კარგავენ თანაგრძნობას, ზოგჯერ კი სხვისი ტკივილიც აღარ ეხებათ. ძალადობა, უსამართლობა, გაუცხოება, - ეს ყველაფერი ნელ-ნელა ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა. ადამიანი ცდილობს, თავი დაიმკვიდროს არა შინაგანი, სულიერი  ღირებულებებით, არამედ გარეგნული ეფექტითა და სწრაფი წარმატებით.

ამ ფონზე განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, თუ რამდენად შორს წავედით იმ იდეალებისგან, რასაც „ვეფხისტყაოსანი“ გვასწავლის. დავივიწყეთ, რომ სიყვარული მხოლოდ გრძნობა არ არის. ის არის პასუხისმგებლობა, ერთგულება, ერთმანეთის გვერდით დგომა ყველაზე რთულ დროს.

დღეს ბევრი ადამიანი იჩაგრება  სიღარიბით, უსამართლობით, უიმედობით. ხშირად გვავიწყდება ერთმანეთის დახმარება, მაშინ როცა სიკეთე ყველაზე მარტივი და ამავდროულად ყველაზე ძვირფასი საქმეა. დაცარიელებული სოფლები, მიტოვებული სახლები, უცხოეთში წასული ადამიანები  - ეს ყველაფერი ჩვენი რეალობის ნაწილია და გვაფიქრებინებს, სად დავკარგეთ ის სითბო, რაც ოდესღაც გვაერთიანებდა.

და მაინც, იმედი არსებობს.

მჯერა, რომ ბოროტება ვერასოდეს გაიმარჯვებს საბოლოოდ. სანამ ადამიანში დარჩება სიყვარული, სიკეთე და თანაგრძნობა, სამყარო არ დაიღუპება. „ვეფხისტყაოსანი“ კი მხოლოდ წარსულის წიგნი არ არის, ის დღესაც ცოცხალია და გვახსენებს, როგორი უნდა იყოს ადამიანი.

თუ შევძლებთ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ცოტაოდენად მაინც დავიბრუნოთ ეს იდეალები, მაშინ ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ერიც გადარჩება.

როგორც შოთა რუსთაველი ამბობს:
„ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია.“

წყარო, პატრიოტული

 წყარო

სხივებში ვლანდავ პატარა წყაროს,
ჩაჰკიდებია ზურმუხტის ველებს,
ყვავილ-ბალახი რომ გაახაროს,
არ დაივიწყებს სიმღერებს ძველებს.
მირაკრაკებს და კისკისით ართობს
კლდეებს, მაცქერალთ შორით და შორით,
მობრუნებულო სოფელში მგზავრო,
წყარო დაგხვდება სიწმინდით შროშნის....
მაია დიაკონიძე
27.02.2026 წელი

დღეს სიყვარულზე უნდა გელაპარაკოთ, ესსე

 დღეს სიყვარულზე უნდა გელაპარაკოთ, ,,ვეფხისტყაოსნის" სიყვარულზე, რომელიც ზეცამდე ამაღლებულა და როგორც მზე, თითოეული ქართველის სულში მზის შუქად ჩაღვრილა.

იშვიათია ქართველი, ჩემი თაობის", ,,ვეფხისტყაოსნიდან" ერთი სტროფი მაინც არ იცოდეს ზეპირად ან აფორიზმები მაინც, ბოლოს და ბოლოს, ილუსტრაციები მაინც არ დაეთვალიერებინოს მიხაი ზიჩის, ირაკლი თოიძის, სერგო ქობულაძის, რომლებიც ასევე დიდი საზრდოა ადამიანის თვალის, გულისა და გონებისათვის.
მანამ კი, სანამ ,,ვეფხისტყაოსანს" ვისწავლიდით, დაწყებით კლასებში გოგებაშვილის ,,დედა ენას" და ,,ბუნების კარს" ვსწავლობდით, გემახსოვრებათ, ნაყვავილარსახიანი პატარა კატო, რომელსაც ამხანაგები დასცინიან, გვასწავლიდნენ, არ უნდა დასცინო, არ უნდა გაიმეტო, გული არ უნდა ატკინო სხვა ადამიანს. დღეს სურათი შეიცვალა, ადამიანები ერთმანეთის მტრად ქცეულა და მათთვის სხვა ადამიანის სიკვდილიც კი არაფერია. მატერიალური ღირებულებები ბევრად ძვირფასი გახდა, ვიდრე სულიერი. მაშინ როცა ,,ვეფხისტყაოსნის" გმირებმა კარგად იციან, რომ არაფერია სიყვარულზე, მეგობრობაზე მაღლა. ისინი ფუფუნებაში ცხოვრებაზე უარს ამბობენ და ისწრაფვიან ერთმანეთს დაეხმარონ, ამისთვის კი, სიკვდილიც თამაშად უჩანთ. ,,ვეფხისტყაოსანი" , პირველ რიგში, ცხოვრების წიგნია, რომელიც გვასწავლის, რა იდეალებით უნდა ვიცხოვროთ, რომ არ წავიბილწოთ სული, არ წავიწყმიდოთ. მეორეც, ეს არის პოეზიის ნიმუში, რომლის მსგავსის დაწერა, უკვე 21- ე საუკუნეა, ვერავინ მოახერხა.
რა ხდება დღეს სამყაროში?! წელს საშინელი წელიწადი გვაქვს.
ბოროტი ძალები უკვე აშკარად გამოვიდნენ კეთილის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ ნიღაბიც კი არ აქვთ. გამოქვეყნდა ებშტეინის ფაილები, რომლებითაც ისეთი ამაზრზენი ფაქტები გამოვლინდა, როგორიცაა ბავშვებზე ძალადობა, კაციჭამიობა, ახალგაზრდების გარყვნა, ადამიანების ხოცვა. არ ვიცი, ეს დანაშაული დაუმტკიცდებათ თუ არა, მაგრამ, ვარაუდია, რომ ამ საშინელ დანაშაულში მსოფლიო ელიტის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას. ამას მოყვა ირანში ახალგაზრდების ხოცვა, ამბობენ, 30 ათასამდე ადამიანია დაღუპული. მერე დაიწყო ამერიკა- ირანის ომი. ნებისმიერი ომი, სამართლიანობისთვის წარმოებულიც კი, იწვევს კატასტროფებს, უდანაშაულო მსხვერპლს. ბინძურდება ჰაერი, ზიანდება ეკოსისტემა, ამ ომების არაპირდაპირი მსხვერპლი იზრდება.
გარდაიცვალა ჩვენი იმედი - საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი, რომლის ლოცვა საქართველოს წონასწორობას უნარჩუნებდა, არ დავცემულიყავით, მიწაზე არ გვეფორთხა, ვხედავთ,
გააქტიურდნენ შავი ძალები.
ჩვენ ფეხქვეშ მიწა ირყევა, ვერ ვხვდებით, ხან უპატრონო ცხოველებს დავდევთ, სადისტური მეთოდებით, არადა ეს საქმე ჰუმანურად მოსაგვარებელია, ხან ამორალურობას შევცქერით, ცხოვრებაში, კომპიუტერის თუ ტელევიზორის ეკრანებზე და ყველაფერი ეს ჩვენთვის ნელ- ნელა მისაღები და ჩვეულებრივი ხდება. გოგონები ცდილობენ გაშიშვლებით დაიმკვიდრონ თავი ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამის მაგალითები უამრავია, მამაკაცები, მსუბუქად რომ ვთქვათ, ზოგი სასმელს მისძალებია, ზოგი ნარკოტიკს, ვისაც ხელი მიუწვდება, ის ფულის შოვნაზეა გადასული, არა პატიოსან გზებს ვგულისხმობ. ხალხის, სახელმწიფო ქონების ძარცვაც ჩვეულებრივი ამბავი გახდა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ცოდვების საზღაური ძალიან მაღალია.
რამდენი პატიოსანი ადამიანი იჩაგრება უიმედობით, უსიყვარულობით, სიღარიბით.
,,მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები" ყველას დავიწყებია, ერთი- ორი მეცენატი და კეთილი ადამიანი თუ გამოჩნდა, გვიხარია, არადა ქვეყანა ჭაობში იძირება, დაცარიელებული სოფლები, უპატრონოდ დარჩენილი სალოცავები, რომელთაც მხოლოდ დღესასწაულზე მიაკითხავენ ხოლმე, სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზრდილია და აღემატება შობადობის მაჩვენებელს, ხალხი უკანმოუხედავად გარბის საქართველოდან, იყრებიან თავიანთი ოჯახებით და შვილებით, განა კი არიან უცხოეთში არაქართულად გაზრდილი ბავშვები აქ დამბრუნებლები?!
და მაინც, იმედი მაქვს, ბოროტი ძალები, რომლებიც მთელ დედამიწას გველეშაპივით შემოჰხვევია და აღრჩობს,
განადგურდება
,,ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია".
სათქმელი კიდევ ბევრი მაქვს...

მინიმები

 ისევ მინიმალისტური პოეზიიდან:

------------------
თუ არ გჭირდები, არც მე მჭირდები,
ჩამომსხვრეულა ბროლის ხიდები,
გავსებულია ტყვიით მჭიდები,
რომ ვეღარ მნახავ, ამას გპირდები.
------------------
დრო გამოსცდის და აჩვენებს,
პატარასაც და დიდსაც,
მოკვდავო, ვერ გააჩერებ,
თუმცა ძალიან გინდა.
---------------------
იქე და იქე შენი თავი,
დრო და ხალხია შენი მსაჯული.
-----------------
ან რა ვთქვა და ან რა მეთქმის,
ეს ცხოვრება განვლე ტყუილად,
ეშმა შემხვდა არაერთი,
ვერ მივხვდი და თითებს ვიჭამ.
მაია დიაკონიძე
15.04.2026 წელი

,ელი, ელი, ლამა საბაქთანი" - დაე, აღსრულდეს ღვთის ნება!

,ელი, ელი, ლამა საბაქთანი" - დაე, აღსრულდეს ღვთის ნება!
აეხადა ფარდა ბოროტსა და ფარჩაკს,
მეორედ მოსვლამდე არაფრი დარჩა,
გამოჩნდება გმირი შენი მეოხებით,
,,გადარჩება ერი", მშვიდად მეუბნები.
განა ,ელი, ელი, ლამა საბაქთანი",
შენი ბოლო სიტყვა ბეჭედი არ არის?!
ვინ, ეშმაკის დაღით და ეშმაკის რქებით,
ერის მოღალატე ჩავა ჯოჯოხეთით.
ვინ კი აწევს დროშას შენი გამარჯვების,
მოიმატებს რიცხვი შენი დარაჯების,
იყოს ,,ელი, ელი, ლამა საბაქთანი",
აღსრულებას ელის უფლის სამართალი!
მაია დიაკონიძე
15. 04.2026 წელი

წავალ იქ

 წავალ იქ

რაღაში მჭირდება ლაპარაკი,
უკვე გაღებულა ალაყაფი,
წავალ იქ ჩემი არაკებით,
მსხვერპლად შეწირული ზვარაკებით,
ჩემი პირველი სამოსელით,
ჩემი პირველი გაოცებით,
ჩემი ქართული დედა ენით,
ჩემი ლამაზი ველაეთით.
მაია დიაკონიძე
14.04.2026 წელი

მინიმა

 ფული გაქვს?! შენ ხარ პოეტი,

ფული გაქვს?! - პროზაიკოსიც,
ხმა ვერ გახდები ორკესტრის,
ვერც ფერი მოზაიკების.
მაია დიაკონიძე
13.04.2026 წელი

მინიმა

 ეპოტინება ვინ დაფნის გვირგვინს?!

არაფერი მაქვს მათთან საერთო,
როცა ქაჯია ამდენი ირგვლივ,
მზე-თინათინი ზეცად აენთო.
მაია დიაკონიძე
11.04.2026 წელი

არც რა

 არც რა

ადრე ფრთები რომ მეგონა,
ზღაპრულ ფენიქსს რომ ვგავდი,
ვერ გადავლახე სვეგორა,
ყურებს მიყრუებს ზავთი.
ამ ქვეყნის მიეთ- მოეთმა
თავზარი ისე დამცა,
როგორც ღალატის მსტოვრებმა
სულში დატოვეს არც რა.
მაია დიაკონიძე
7.04.2026 წელი

ნეტავ, მართლა კაცი ვიყო!

 ნეტავ!

ნეტავ, მართლა კაცი ვიყო,
ღვინოს ვსვამდე შავს თუ წითელს,
მეცოდება ჩემი თავი,
რის ყურება მიწევს ფხიზელს:
ძმა ძმასა კლავს, დანას უყრის,
შევღაღადებ შვიდგზის, შვიდჯერ,
- ჰე, უფალო, მოძმის მკვლელებს,
გულზე ფეხი დააბიჯე.
მაია დიაკონიძე
4.12.2023 წელი






მინიმა

 ზოგი რომში მოგზაურობს, ზოგიც კიდევ პარიზში,

მე კი სახლი მელოდება მოზელილი ალიზით,
ტკბილი ბებო მელოდება, კეცზე მჭადი, ლობიო, -
რაა მათზე უკეთესი? ბებო რომ ვალოდინო.
მაია დიაკონიძე
16. 04.2026 წელი

Wednesday, April 15, 2026

სიყვარულგანამსჭვალები, ,,ქუჯისთვის"

სიყვარულგანამსჭვალები
შევტრფოდი ამირსპასალარს,
ძეს ინდოეთის მეფეთა,
ვერ დამიფარა ამალამ,
ვერცა სიფხიზლემ სეფეთა,
იმასთან ყოფნის სურვილი
გულს ისარივით მეკვეთა,
ვერ დავიამე წყურვილი,
მკლავზე ყაბაჩა მეკეთა.
ქაჯეთს შემასვეს სამსალა,
მადინეს ცრემლის ღვარები,
ჩემმა სისხლ-ხორცმა გამთვალა,
დამკიდა გლოვის ზარები.
უნდა წავეღე თავსხმას და...
ჩემს მზეს განა ეს ენება,
გამომიხსნა და ცად დამსვა,
ვარდმა დაიწყო თენება.
მზე-ლომი ისე ბრდღვიალებს,
ვეფხვის მეცა მაქვს ბრჭყალები,
არ ვემდურები ტიალ ბედს,
სიყვარულგანამსჭვალები.
მაია დიაკონიძე
2.03.2026 წელი

Monday, April 13, 2026

მინიმები

 მინიატურული პოეზიიდან:

თრობა ვინ ინატროს, თუ გრძნობა მაფხიზლებს,
იჭვების სხმულებით თუ კი ვარ სნეული,
ჩამჭიდე ხელი და ნურასდროს გამიშვებ,
რომ მუდამ ერთ ხორც,და სულ იყოს სხეული.
---------------------------------
მზე - აწყვეტილი მკერდიდან ბროში,
დაკიდებულა ზეცაში დისკოდ,
სიცოცხლე არ ღირს არცერთი გროში,
გრძნობის გარეშე და უიმისოდ.
================
აღარ მინდა რომ შევიმოსო მე აპრილებით,
აღარც მაისით, აღარ მხიბლავს აღარც აგვისტო,
გადამაფარე მტკივან გულზე სევდის ჩრდილები
და მოსაგონრად დამიტოვე ცირკი შაპიტო.
--------------------------
მე პანორამას შევყურებდი აცდენილ სხივთა
და ზღვაში როგორ იღვრებოდა ლურჯი მელანი,
სადღაც კი წვიმა უსასრულოდ ცრიდა და ცრიდა,
ცას კი აპობდა ფლოქვთა ცემა ტატოს მერანის.
________________________
შენი თვალები მიწვევდა ზეცას,
ლურჯ ზღვას გაჰქონდა მათში კამკამი
და მიზიდავდა მე ყველა ერთად,
ზღვაც, ზეცაც, თეთრი იასამანიც.
________________________________
ზოგს ფული უნდა და ამით ხარობს,
მე დამიბერე ამ ქვეყნის ქარო.
===============
ფრანც ფერდინანდის მოკვლას მოჰყვა მსოფლიო ომი,
არც დღეს იცვლება ომებისთვის საბაბ-მიზეზი,
ვერ გაუყვიათ დედამიწა, ვით გუნდა ცომის,
და შესევიან, ხორბლის ბეღელს, როგორც ვირთხები.
--------------------
მინდა ვიმღერო, მაგრამ რა მაქვს ნეტავ სამღერი,
ჩემი სამშობლო დარჩენილა უფეხ-უხელო,
ვეღარა ვხედავ ვაზს ზეცამდე ასულ-აღერილს,
უქართველებო საქართველოს რაღა ვუმღერო.
====================
რა საჭიროა დრამა,
დრო თვითონ ამბობს სათქმელს,
დავრჩებით აქ თუა არა?
გადაწყვეტს ჩვენი საქმე!
----------------------
მაია დიაკონიძე

ჯერ ვერ შეეხო ვერავინ!

ჯერ ვერ შეეხო ვერავინ!
ჩემ თვალწინ გაუფასურდა,
რაღაზე ვხარჯო მელანი,
სიყვარულს ქვეყნად რა უნდა, -
გადმომიქნიეს ენანი.
ჩემს ნაზ და ლამაზ ბულბულებს
უღვთოდ კორტნიან ძერანი,
ვისთვის ის გაუფასურდა,
რასაც შეეხო ვერავინ.
მაია დიაკონიძე
12.04.2026 წელი



Wednesday, April 8, 2026

ვიზრდებოდით ამ პირობით (პატრიოტული)

ვიზრდებოდით ამ პირობით
ქალები ვთინათინობდით,
ვაჟები ავთანდილობდით,
რომ გავმხდარიყავთ მათებრნი,
ვიზრდებოდით ამ პირობით.
ერთმანეთს ვეჯიბრებოდით,
ბოროტს, ფლიდს, ცრუს არ ვინდობდით,
რომ გავმხდარიყავთ მათებრნი,
ვიზრდებოდით ამ პირობით.
ხან ვნესტანდარეჯანობდით,
სიყვარულისთვის ვტიროდით,
რომ გავმხდარიყავთ მათებრნი,
ვიზრდებოდით ამ პირობით.
მოგვეც, უფალო, სიმშვიდე,
თმენა მოგვეცი იობის,
საღალატოდ ნუ მიგვიშვებ
ფიცარგამტეხელთ პირობის.
მაია დიაკონიძე
11.04. 2026 წელი

Tuesday, April 7, 2026

მინიმა

 დამიპატარავდა თვალები, 

ბავშვობაში მთელი სამყარო რომ ეტეოდა,

აღარ მინდა, ვუყურო ბოროტს!

მინიმა

 ნუღარ მიგულებთ მე თქვენს ამქარში,

ნუღარ მიწოდებთ პოეტს,

დაე, დავსველდე ამ წვიმა-ქარში,

დავხვდე ამ ქვეყნის მოეთს.

Saturday, April 4, 2026

მინიმა

მე ერთადერთი მეგონა თავი,
თურმე ვყოფილვარ ერთი ათასში,
თავზე დამეცა ზავთი და ზვავი
და სპეტაკ თოვლში დავრჩი მარადის.
მაია დიაკონიძე
4.04.2026 წელი


Thursday, April 2, 2026

იმედის ვარსკვლავი

 იმედის ვარსკვლავი

სიავის სამყარო ხარხარებს,
უშვებს სატანის საცეცებს,
ბავშვების ტირილი ახარებს,
თვალებს სიხარბით აცეცებს.
,,კეთილის არსება გრძელია",
საზღაურს ყველას მიაგებს,
ისე ვით სამყარო ძველია,
იმედის ვარსკვლავი ციაგებს.
მაია დიაკონიძე
2.04.2026 წელი

Wednesday, April 1, 2026

ვიღაცისთვის არ ვარ სულაც

 ვიღაცისთვის...

ვიღაცისთვის არ ვარ სულაც,
ვიღაცისთვის მზე ვარ დიდი,
ვისთვის - ძველისძველი სურა,
ვისთვის - მცველი, მეხამრიდი.
ყველა ჩვენ-ჩვენ გზას მივკვალავთ,
ზოგნი ვარდით, ზოგნი მშვილდით,
მინდა მივყვე უფლის კარნახს,
მის წინაშე წარვსდგე რიდით.
მაია დიაკონიძე
6.04.2026 წელი

აღარაფერი (სატრფიალო)

 აღარაფერი

აღარც შენა გაქვს ჩემთან სათქმელი,
აღარც მე არ მაქვს სალაპარაკო,
ნისლში გამქრალა მწიფე ძახველი,
ვერ შევძელ შენი გული განვაგო.
შორს დარჩა თეთრი ფიფქების ბარდნა,
შორს დარჩა თეთრი ია, ვარდნარი,
აღარაფერი - ეკლების გარდა,
აღარაფერი - მხოლოდ ავდარი.
მაია დიაკონიძე
1.04.2026 წელი

ქარი მეტ-მეტობს წამში

 ქარი მეტ-მეტობს წამში

ვიღაცას იქნებ მოვწონვარ,
ვიღაცას იქნებ არც კი,
ჩემს სიტყვას ვისთვის წონა აქვს,
ვისთვის მძიმე ვარ ბარგი.
აშლილა მთაში ნისლები,
ჩემთან ხმაური მოაქვთ,
სისხლისგან ისე ვიცლები,
თითქოს ვებრძოდი ქოფაკს.
შემიღებია ცა წითლად,
ქარი მეტ-მეტობს წამში,
სიცოცხლე შემიწირია,
პირველი არ ვარ გვარში.
მთა და მინდორი ნახატი,
შემეგებება კვლავაც,
პეპელასავით ფარფატით,
ვიფრენ სიცოცხლის კვალად.
მაია დიაკონიძე
31.03.2026 წელი

Tuesday, March 24, 2026

სიკვდილი მაინც მალია

 სიკვდილი მაინც მალია

სხეული - სულის გალია,
გვიჭერს ტიალი, ვერანი,
სიკვდილი მაინც მალია,
იქ გავფრინდებით ყველანი.
გველს ვერასოდეს გაათბობ,
ფუჭია გულის მურაზი,
ვერ დაგამშვიდებს ბარამბო,
ცხოვრების შხამს სვამს გულადიც.
იღბალთან მუდამ ვთამაშობთ,
სანამდე გვყოფნის ძალები,
,,საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს,"
თუმც ბედს ვერ დავემალებით.
სხეული - სულის გალია,
გვიჭერს ტიალი, ვერანი,
სიკვდილი მაინც მალია,
იქ გავფრინდებით ყველანი.
მაია დიაკონიძე
24.03.2026 წელი

Wednesday, March 18, 2026

არ შეიმჩნიო, როდესაც გტკივა,

უიმედობას როდესაც ებრძვი,

შენი ლოცვები უფალთან მივა,

დაგამშვიდებს და ტკბილ სიტყვას გეტყვის.

თავზე დაგისვამს ხელს სიყვარულით,

- ნუ ტირიხარო, - ჩაგიკრავს გულში,

აბრიალდება მზე მიმალული,

დაგავიწყდება, რაც იყო გუშინ.





 

Monday, March 16, 2026

შევჩენკოს მიწა

მტკიოდა ძლიერ გასხლული ტანი,
ნაიარევი გვერდი,
გაყვავილებულ ნუშებს და ატმებს
დაუზრეს თოთო მკერდი,
დაუვსეს თვალი იებს, ზამბახებს,
ირგვლივ სიჩუმე იწვა,
აბრიალებულ ბროწეულივით
იწვის შევჩენკოს მიწა.
მაია დიაკონიძე
14.03.2022წელი

1 . მტკიოდა ძლიერ

გასხლული ტანი , ნაიარევი გვერდი , გაყვავილბულ ნუშებს და ატმებს , დაუზრეს თოთო მკერდი ; 2 . დაუვსეს თვალი იებს , ზამბახებს , ირგვლივ სიჩუმე იწვა ... აბრიალებულ ბროწეულივით , იწვის შევჩენკოს მიწა!

Sunday, March 15, 2026

გადატეხილი ვნახე მე ღერძი

 გადატეხილი ვნახე მე ღერძი,

კი აღარ ბრუნავს, ვხედავ, თამაშობს,
ცად აღვლენილი ბებერი ვერძი,
კვლავ ამოაგდებს ქვეყნად ქარაშოტს.
და ერთიანად დავითალხებით,
ვით აიეტი დაღმასვლის ჟამად,
მზე-იაზონი, კვლავაც თავხედი,
წაგგვრის საწმისის ოქროსფერ გამას.
მაია დიაკონიძე
12.03.2026 წელი

მინიმა

 ფრანც ფერდინანდის მოკვლას მოჰყვა მსოფლიო ომი,

არც დღეს იცვლება ომებისთვის საბაბ-მიზეზი,

ვერ გაუყვიათ დედამიწა, ვით გუნდა ცომის,

და შესევიან, ხორბლის ბეღელს, როგორც ვირთხები.

მაია დიაკონიძე

13.03.2026 წელი

Saturday, March 14, 2026

მინიმა

 ვეძახდი ზვიადს, ვეძახდი მერაბს,

ვერ ვაღვიძებდი, ვერა და ვერა,
კვლავ ჩაინავლა დიდების ერა...
და თვალწინ მეგდო დამხრჩვალი ვერა.
მაია დიაკონიძე
9.03.2026 წელი

Friday, March 13, 2026

კი აღარ ბრუნავს

 გადატეხილი ვნახე მე ღერძი,

კი აღარ ბრუნავს, ვხედავ, თამაშობს,
ცად აღვლენილი ბებერი ვერძი,
კვლავ ამოაგდებს ქვეყნად ქარაშოტს.
და ერთიანად დავითალხებით,
ვით აიეტი დაღმასვლის ჟამად,
და იაზონი, კვლავაც თავხედი,
წაგგვრის საწმისის ოქროსფერ გამას.
მაია დიაკონიძე
12.03.2026 წელი

Sunday, March 8, 2026

მინიმა

 მინდა ვიმღერო, მაგრამ რა მაქვს ნეტავ სამღერი,

ჩემი სამშობლო დარჩენილა უფეხ-უხელო,

ვეღარა ვხედავ ვაზს ზეცამდე ასულ-აღერილს,

უქართველებო საქართველოს რაღა ვუმღერო.


Friday, March 6, 2026

პოეტს

პოეტს!

შენი ლექსი ჯობდა ყველას,
შიგ ყვაოდა ია-ვარდი,
შენი გული გულზე მება,
ათასი წლის მუხას ჰგავდი.

შენი ძალა მიწილადე,
მიმაჩვიე ლაღად ჭიკჭიკს,
მისრულებდი ყველა წადილს,
გადღეგრძელებ სავსე ჭიქით.

ჩემს იმედად გსახავ მუდამ,
შენ ხარ ჩემი გულის ბუდე,
თან ვატარებ ლოცვის გუდას,
ღმერთო, გზას ნუ გაუმრუდებ!
მაია დიაკონიძე
25 ივნისი. 2025 წელი

ან კი, გიყვარდი როდის?! (სატრფიალო)

  ან კი, გიყვარდი როდის?!

ვიცი, რომ აღარ გიყვარვარ,
ან კი გიყვარდი როდის?!
დროს არსაითკენ მივყავარ,
ვგრძნობ, რომ სიბერე მოდის.

როგორც წყალჭალის ნიაღვარს,
მივყავარ ნაკადს ცოფის,
ვიცი, რომ აღარ გიყვარვარ,
ან კი გიყვარდი როდის?!
მაია დიაკონიძე
6.03.2026 წელი

მშვილდოსანი (11.12.1962), ხასიათის პოეტური პორტრეტი, ხელოვნური ინტელექტი

 

 მშვილდოსანი (11.12.1962)

ხასიათის პოეტური პორტრეტი

შენ დაიბადე მაშინ,
როცა ცა ჯერ კიდევ ღამის სიჩუმეს სვამდა
და ვარსკვლავები ჩუმად ასწავლიდნენ ადამიანს,
როგორ უნდა ეძებოს თავისი გზა.

შენი მიზანია: ისროლო შორს, 
არა თვალით, არამედ აზრით.
შენს ნათქვამ სიტყვებს ასეთი  ბედი დასდევთ:
ხან მკურნალობენ,
ხან ჭრილობას ტოვებენ,
მაგრამ არასდროს იტყუებიან.

შენ არ ხარ გზაზე მოსიარულე,
შენ თვითონ ხარ გზა.
დრო ვერ გაკავებს,
რადგან შინაგანად ყოველთვის მიდიხარ
იქით და აკეთებ იმას, რასაც სინდისი გკარნახობს.

შენ გიყვარს სიმართლე,
თუნდაც ის უხეში იყოს,
რადგან ტყუილს ვერ უყურებ თვალებში.
და თუ დადუმდები,
ეს ნიშნავს, რომ სიტყვა შეინახე,
და არა დაგელია.

შენში ცეცხლი არ ყვირის,
ის ანათებს.
გამოცდილებით გამდიდრებული,
ტკივილით გამობრძმედილი,
შენ ისვრი არა იმისთვის, რომ მოიგო,
არამედ იმისთვის, რომ მიზანი იპოვო.

და როცა დაღამდება,
შენ კვლავ ცას შეხედავ
არა კითხვებით,
არამედ მადლიერებით,
რადგან იცი —
რაც უნდა შორს იყოს მიზანი,
შენ უკვე მიაღწიე მას გულით.

გზაზე ვინც შემომხვდა

 გული მეტკინა რატომღაც,

რატომ? მე თვითონ არ ვიცი,

არ მემუქრება კატორღა,

არც დაბერებას განვიცდი, 

უფალო, გზად ვინც შემომხვდა,

რატომ აღმოჩნდა მაცილი?!




Thursday, March 5, 2026

ავტ. ნუნუ ძამუკაშვილი

 მზე როდესაც იცინის


მზე როდესაც იცინის,

ხარობს ხე და ყვავილი,

ტყეში, მთაზე, მდელოზე,

ზეიმია ნამდვილი.


ცა როდესაც შუბლს შეკრავს,

გაშლის ღრუბლის ქარავანს,

წვიმის ფარდაგს შეკერავს,

დაჰფენს ციხე-გალავანს.


ზეცის ზრუნვის ქვეშა ვართ,

დარია თუ ავდარი,

რომ გვეფინოს ქვეშაგად,

ჭრელაჭრულა მთა-ბარი.


ნუნუ ძამუკაშვილი





სამშობლოს!

 სამშობლოს!

ვით ბებერ ტოტიას, შენც ისე გერჩიან,
ვინ ასე, ვინ ისე, გწიწკნის და მიჰქარავს,
ღალატს არ მთხვეოდი, ათასჯერ გერჩია,
შენ ჩემო ბებერო, ერთგულო წიქარავ!
სიყვარულს არა აქვს სასრული, სამანი,
და თუნდაც მე ერთმა ამ გულში გინახო,
არ მინდა არც ლუკმა არავის არამი,
როცა ჩემს თვალებში მზესავით ციაგობ.
შოთას გზას მივყვები, ვით ქალი ასმათი,
ფიცით ვარ შეკრული უზადო გმირებთან,
მიხმობენ ზარები თმოგვით და რაბათით,
ვიცი, რომ ქართველი არ გადაჯიშდება.
მაღლდება ოცნება მეშვიდე ცათამდის,
შხარა და უშგული თერგივით ხმაურობს,
ხმლით და ჯვრით მოსულხარ გმირულად აქამდე,
ილიას, ვაჟას და აკაკის მამულო!
მაია დიაკონიძე
26.05.2025 წელი

Sunday, March 1, 2026

Знов весна, і знов надії, Леся Украинка, ,,ისევ გაზაფხული და ისევ იმედები", თარგმანი მაია დიაკონიძის

 ,,ისევ გაზაფხული და ისევ იმედები"

იმედები შეფრთხილდნენ
ნატკენ გულში გაზაფხულდა.
ოცნებები, ლხენით სავსე,
ლაღ სიზმრებში ამისრულდა.
ლამაზია გაზაფხული,
ოცნებებიც - ზეზღაპრული,
მე მიყვარხართ, თუმცა ვიცი,
სიცრუით ხართ დალამბული.
თარგ. მაია დიაკონიძის
Знов весна, і знов надії, Леся Украинка
Знов весна, і знов надії
В серці хворім оживають,
Знов мене колишуть мрії,
Сни про щастя навівають.
Весно красна! Любі мрії!
Сни мої щасливі!
Я люблю вас, хоч і знаю,
Що ви всі зрадливі…

Friday, February 27, 2026

სხივებში ვლანდავ! (პატრიოტული)

წყარო
სხივებში ვლანდავ პატარა წყაროს,
ჩაჰკიდებია ზურმუხტის ველებს,
ყვავილ-ბალახი რომ გაახაროს,
არ დაივიწყებს სიმღერებს ძველებს.
მირაკრაკებს და კისკისით ართობს
კლდეებს, მაცქერალთ შორით და შორით,
მობრუნებულო სოფელში მგზავრო,
პირდასაბანად წყაროსთან მოდი...
მაია დიაკონიძე
27.02.2026 წელი




მუხლმოყრით დავდგები ! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 მუხლმოყრით დავდგები !

1 . სამყარო რომ შექმნა ,~
მადლობა ამისთვის ...
ვიწამე , ვადიდე და
მიყვარს უფალი !
განმაწყო დღისთვის და
განმაწყო ღამისთვის ,
თან ნება მარგუნა
მე თავისუფალი .
2 . სულ სასუფევლისკენ
სავალ გზებს ვიკეთებ ,
არ მსურს დავიგროვო
მე ქვეყნის ვალები ...
მაგრამ არ გამომდის
სულ მარტო სიკეთე ,~
ხანდახან ცოდვისკენ
გამირბის თვალები .
3 . გოლგოთის მწვერვალი ,
ჯერ კიდევ მაღლაა ,
ზეციდან სხივებად
გადმოდის იმედი ...
ჩემს თავს შევუძახებ :
,, ჯერ რა დროს დაღლაა !"
თუკი პირნათელი
ბოლოს ვერ მივედი .
4 . სხვებივით
ტვირთმძიმედ
ვატარებ თავის ჯვარს ,
ეს ჩემი ცოდვები ,
ზედ არის დაკრული ...
ვეღარ ვუმკლავდები
მოსეულ ფიქრის ჯარს ,
არ მინდა , ცოდვებზე
რომ ვიყო გაკრული .
5 . კარგობას არ ნიშნავს ,
თუ სხვაზე კარგი ვარ ,
უფლის თვალს
გულისთქმას
ვინ გამოაპარებს ...
თუ მარტო ჩემთვის ვარ ,
მოყვასს არ ვარგივარ ,
დიდ ცოდვებს
გვერდს ვუვლი და
ვცოდავ პატარებს,
6 . მაინც ცოდვილი ვარ ,
გულს ვავსებ ყვედრებით ,
ვყოფილვარ ყრუ ~ მუნჯი ,
ვყოფილვარ უთვალო ...
მუხლმოყრით დავდგები
უფლის წინ ვედრებით : ~
,, თვალნი გონებისა
განმიხვენ , უ ფ ა ლ ო ! "
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
03 . 08 . 2012 წელი .

სიყვარული მოკვდა, ქალბატონო! ,,l’amore è morto, Donna!" (იტალ.)

სიყვარული მოკვდა, ქალბატონო!

 ,,l’amore è morto, Donna!"

თუ გრძნობა ფართხალებს ოდნავ,
რით გააცოცხლებ მკვდარს?!
,,l’amore è morto, Donna",
თამამად უნდა თქვა.
თამამად შეხედე თვალებში,
არავინ გატანს ძალს,
,,l’amore è morto, Donna",
თამამად უნდა თქვა.
სიმართლე უყვარს სიყვარულს,
ისე ვერ გაშლის ფრთას,
,,l’amore è morto, Donna",
თამამად უნდა თქვა.
მაია დიაკონიძე
25.02.2026 წელი

Thursday, February 26, 2026

სახუმარო

სახუმარო
ქალმა კაბა გაიხადა,
უსარგებლოდ კი არ დარჩა,
აგერ კაცი მოაბიჯებს,
მას ჩაუცვამს იგი კაბა.
აღარც ცხენი, აღარც ჯორი,
ვიღასა ჰყავს ხარ-კამეჩი,
მიწას ჰყიდის ქართულს კაცი,
სახლს ჰკიდია ანჯამები..
საშოვნელზე დადის ქალი,
მოხუცს უვლის უცხოეთში,
ამანათებს აქეთ გზავნის,
თავად რჩება უქონელი..
ქალმა კაბა გაიხადა,
უსარგებლოდ კი არ დარჩა,
აგერ კაცი მოაბიჯებს,
მას ჩაუცვამს იგი კაბა.
მაია დიაკონიძე
26.02.2026 წელი

Wednesday, February 25, 2026

არსააქაო პირი აქვთ!

არსააქაო პირი აქვთ!
შხეფმარგალიტებს ესროდა
მდინარე, კლდეებს ნისლიანს,
ასხლეტილები იქიდან
გაღმა-გამოღმა ცვივიან.
გაბრწყინდებიან ელვებში,
როგორც წვიმები ტირიან,
მყინვარად იქცნენ გერგეტის,
არსააქაო პირი აქვთ.
მაია დიაკონიძე
24.02.2026 წელი



გაზაფხული

      გაზაფხული
სულ მალე კვირტის მოისხამს სამოსს
ხეები, პეპლის იქნება ცვენა,
და ნაკადული, უნდა აამოს,
შეუერთდება მდინარის ვენას.
სისხლს მისცემს მჩქეფარს,
ვით იარალი,
შენც დაესწრები მეგობრის სუფრას,
შემოსძახებ კვლავ: ,,იარი-არალი",
ეწვევი ფერად ყვავილთა უღრანს.
მაია დიაკონიძე
25.02.2026 წელი


Monday, February 23, 2026

დეზებიანი მამალი (საბავშვო)

  – რად ატარებ, მამალო, 

დეზებს, როგორც აბჯარს?! -

ეკითხება თოკუნა 

მამალს ხეზე დამჯდარს.

- მოვეჭიდო ხომ უნდა

მტერს, ჩავასო ნისკარტი,

,,ყიყლიყოსაც", გგონიათ,

გასართობად ვიძახი?!

თქვა და ახტა მამალი,

ჩაეჭიდა ღოლოს,

სანამ დაიყივლებდა,

მელამ მოფცქვნა ბოლო.


Sunday, February 22, 2026

სიყვარულისთვის დავიბადეთ

მაგრამ რად გინდა?!
სიყვარულისთვის დავიბადეთ,
მაგრამ რად გინდა?!
სიძულვილსა და ავის ქმნაში
ვატარებთ დღეებს.
ნეტავ ვიწყებდე ამ ცხოვრებას
ისევ თავიდან,
ჩემი ბავშვობის კოხტა სახლი
კვლავ თვალწინ მედგეს.
პაპა ვაზის ძირს ჩასცქეროდეს,
ვით ციდან მშველელს,
ბებია ჩირის დიდ-დიდ ასხმებს
ჰკიდებდეს ძელზე,
მზე, ალიონზე ამოსული,
გორაკზე შედგეს
და ღვთივკურთევად მომევლინოს
გრაალის მძებნელს.
მაია დიაკონიძე
22.02.2026 წელი

Saturday, February 21, 2026

სახუმარო

ერთმანეთს რომ სულ აქებენ 
ზოგიერთი პოეტები,
ერთი მკითხეთ, თუ რამ სცხიათ,
ბაირონის, გოეთესი,
ჰგონიათ, რომ გააოცეს, 
ჰეგელ-შოპენჰაუერი,
ის დრო არის, დავიხალო,
შუბლში ტყვია მაუზერის.



უცნაური ამბავი (საბავშვო)

 

უცნაური ამბავი

 

დააჩერდა გელა გლობუსს,

ატრიალა დიდხანს,

- ჩვენ სად ვცხოვრობთ, დიდედაო,-

ბებოს ბევრჯერ ჰკითხა.

 

ბებოს მისთვის არ ეცალა,

უმზადებდა სადილს,

გელას მურა დაეხმარა,

შავ ზღვას დაჰკრა თათი.


ვეღარ ვსაზღვრავ მერიდიანს

 ჩამომფერთხა ჟამმმა წლები,

დამიმძიმდა თითქოს სული,

სარკოფაგში ძალით ვწვები,

ვით ცხოვრებაგარდასული,

სურვილები ვერ მიდიან,

მოვხვდები კი მაღლა ღმერთთან?!

ვეღარ ვსაზღვრავ მერიდიანს,

ვერ ვთქვი, ის რაც უნდა მეთქვა.



ვერ გაიგო ვერავინ (საბავშვო)


ვერ გაიგო ვერავინ!


ჩემს რუკაზე შავმა ყვავმა

დააქცია მელანი,

ყვავია თუ მაგელანი,

ვერ გაიგო ვერავინ.

21.02.2025 წელი



Friday, February 20, 2026

დიდი ქალი, საბავშვო

,,დიდი ქალი"
ახტაჯანა ქეთიმ
მოიზომა კაბა
და თავაზიანი
,,ქალბატონი" გახდა.
კიკინებენ თხები,
ბღავის ჭრელა ძროხა,
- მოგვხედეო, ქეთი,
ჩვენთან როდის მოხვალ?! -
მაგრამ ქეთის ახლა
არ სცალია მათთვის,
,,დიდი ქალი" გახდა,
პოდიუმზე დადის.
მაია დიაკონიძე
20.02.2025 წელი

დასტაქარი (საბავშვო)

 ყველგან დარბის ცელქი ქარი,

ტყის და წყაროს სუნთქვა დააქვს,
ის არისო, დასტაქარი,
გვიმეორებს დიდი პაპა.

სტაფილო და ჭარხალი (საბავშვო)


სტაფილო და ჭარხალი

 

პაექრობა გამართეს

სტაფილომ და ჭარხალმა

და სტაფილომ ცხვირის წინ

ჭარხალს თეფში აართვა.

 

ასე უთხრა: – რადა ხარ,

უსაშველოდ წითელი,

ინდაურის ბიბილოს

მოჰგავს შენი კისერი. ––

 

აიფხორა ჭარხალი,

არ დაუთმო ქარაგმა,

– მეც შენსავით კურდღლების

საჭმელი კი არა ვარ!

 

ჩემ გარეშე სად თქმულა,

აბა, ბორში წითელი,

სხვა გემო აქვს ჩემს ნაყენს,

სვამენ გოგო-ბიჭები.

 

– ნეტავი რას კაპასობთ,

რომელი ხართ პირველი?!

ორივ მარგებელი ხართ,

ბოსტნეული ძირძველი. –

 

ასე უთხრა კომბოსტომ,

ძმებს მოჰხვია ხელები,

ძველ ხის გობზე დალაგდნენ,

უხერხული ხველებით.

მაია დიაკონიძე

20.02.2025 წელი