Monday, September 8, 2025

სიმღერა, სატრფიალო

სიმღერა
ჩვენ ორ შორის გზები ვეღარ შეიკვეცა,
ვერ დავლიე მთების სუფთა წყარო,
შენი ხილვის მოლოდინი ცეცხლს მიგზნებდა,
აბა მითხარ, სხვა ვით შევიყვარო?!
დავრჩი მთაში გზის პირს შენი მონატრული,
ვიქეც ქუჩიდ, სულ დავკარგე ეშხი,
და სანამდე ვარდს უმღერის მოლაღური,
ნუ მეტყვი, რომ ჩემი ხმა არ გესმის.
მაია დიაკონიძე
31.08.2025 წელი

Thursday, September 4, 2025

არ გეგონოს, მინიმა (პატრიოტული)

არ გეგონოს, სადმე სხვაგან წახვალ,
ისევ ისე შენს პაპებთან მიხვალ,
ვერ დატოვებ იახსარს და ხახმატს,
თუ კი კიდევ კაცად ცოტა ღირხარ.
მაია დიაკონოიძე
02.09.2025 წელი





Wednesday, September 3, 2025

მინიმა, სამშობლოვ, მე და შენ

 ჩვენ ერთმანეთის მუდამ გვესმოდა,

სამშობლოვ, მე და შენ,
მინდოდა მუდამ ცხვრების მწყემსობა,
მითხარ, - ქალი ხარ, ვერ,
ახლა კი გულზე ნემსად მესობა,
სხვა რომ ღებულობს ძღვენს.
მაია დიაკონიძე
2.09.2025 წელი

Tuesday, September 2, 2025

მინიმა

 ახლადმოწველილ რძის სუნი გაქვს, 

ჩემო სამშობლოვ,

მოწნულ ღობესთან მოყვავილე 

ტყემლების ფერი.

Sunday, August 31, 2025

სულის გამთელების ერთადერთი გზა, ესე

                                        

  სულის გამთელების ერთადერთი გზა

ღმერთმა ყველას ჩაგვბერა სული — სუფთა, როგორც ყვავილის ფურცელზე მბრჭყვინავი დილის ნამი; ნაზი და სათუთი, როგორც ახალშობილის სუნთქვა, მაგრამ რატომ ხდება, რომ ეს სინაზე დროთა განმავლობაში ქრება, იკარგება?! აბრეშუმის ძაფით მოქსოვილი ნაზი და სათუთი ქსოვილი უხეშ, ხაოიან მასალად იქცევა? ვინ არის ამაში დამნაშავე?
ბავშვის ცხოვრების პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვა მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. ოჯახი თითქოს ბუდეა, სადაც ბარტყი იზრდება — დაცული, სითბოთი გარშემოხვეული. მაგრამ თუ ბუდეში ქარი შეიპარა, მშობლები ერთმანეთის წინაშე უპატივცემულობას იჩენენ, ჩხუბობენ, უთანხმოებაა და-ძმებს, ნათესავებს შორის მაშინ ბავშვის სული იღებს პირველ ჭრილობას, რომლის მორჩენა-გამთელება ძალიან რთულია. (დადგენილია, რომ მანიაკების უმრავლესობა იმ ოჯახებში გაიზარდნენ, სადაც მამა დედას ფიზიკურად უსწორდებოდა).
შემდეგ, როცა ბავშვი სამყაროში ცხოვრებისეულ გზას გადის: სკოლა, სასწავლებელი, სამსახური,, ათას ვინმეს ხვდება. ზოგიერთთან შეხვედრა თითქოს მზის სხივია — სითბოს ანიჭებს და გულში შუქს უნთებს; ზოგჯერ კი პირიქით, ხვდება ქარიშხალს, რომელიც მის სულს ფოთოლივით აქეთ-იქით აქანავებს და შინაგან სიმშვიდეს ართმევს. ასე ნელ-ნელა, წლების მანძილზე სულს თითქოს მძიმე ქვა აწვება და მის ქვეშ შეიძლება გაიჭყლიტოს კიდეც. ეს ტვირთი იმდენად მძიმე ხდება, რომ ადამიანი საკუთარ ბნელ ლაბირინთში იკარგება და თვითმკვლელობის კარს აღებს. დღეს ძალიან ხშირია თვითმკვლელობები და ამის მიზეზი მრავალია: ადამიანი ვერ ერევა იმ პრობლემებს, რომელიც მის წინაშე დგას,. ეშმაკი თითქოს ბადეში ახვევს და სხვა გამოავალს არ უტოვებს, თუ არა თავისი სული ეშმაკს გადასცეს.
მაგრამ მაინც არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია კაცის შინაგანი სამყაროს განახლება — რწმენა. როცა ქრისტე გულში შემოდის, სული კვლავ წყაროსავით იწმინდება, კვლავ ყვავილობს, როგორც გაზაფხულზე გამოღვიძებული ხე. ღმერთის სიყვარული დაღლილ გულს ფრთებს უბრუნებს და სულიერი ჭრილობაც ნელ-ნელა ხორცდება.
ამიტომ აუცილებელია, ბავშვთა სულში რწმენის ნათელი ჩანასახშივე დაითესოს. მათი სული უნდა დავიცვათ, როგორც უდაბნოში გადარჩენილი ყვავილი, რომ ქარმა ვერ წააქციოს. მხოლოდ ასე გადავარჩენთ მათ და ამით საკუთარ თავსაც.
მაია დიაკონიძე
31.08.2025 წელი

Saturday, August 30, 2025

მინიმა

 სულის საწყაო ვერ შევივსე, ძაან ვეცადე,

მივდევ ამ დღეებს დალოცვილებს, კუმშვად-კვეცადებს,
იქნებ საკმაოდ ვერ ვიტანჯე და ვერ ვეწამე,
რა მანძილი მაქვს გასავლელი ნეტავ ზეცამდე?!
მაია დიაკონიძე
28.08.2025 წელი

სიყვარულის ძალა (სატრფიალო)

სიყვარულის ძალა
შენს სიზმრებში არ გამიღე კარი,
ბილიკები ვერ გავთელე შენკენ,
თითქოს ყელში გამეჩხირა ძვალი,
შეშფოთებით შორს ზარებიც რეკენ.
გამომწყვდეულს ქაჯთა ციხე-კოშკში,
მხოლოდ შავი უშენობა მზარავს,
თუ როდისმე ამ ტკივილით მოვკვდი,
შენ გადმოგცემ სიყვარულის ძალას.
რომ ყოველთვის ახლოს მყავდე მზესთან,
არ გამებნე გარიჟრაჟის ნისლში,
მიითვალე ჩემი გულის ფეთქვა, -
გაზაფხულის სუნთქვა მარადისი.
მაია დიაკონიძე
26.08.2025 წელი