Tuesday, December 30, 2025

შეხვედრა, ..ლექსების გამოფენა", კონკურსისთვის, ,,ასი სიტყვა"

 

 

ავტ. მაია დიაკონიძე, ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. 99 ა, ბინა 25, ტელ. 551080607

 

შეხვედრა

 

   ქალი და კაცი გვერდიგვერდ ისხდნენ ავტობუსში.

- მოგწონთ, ქალბატონო,  მზიან ადგილზე ჯდომა? - ჰკითხა მამაკაცმა.

ქალმა თავი დაუქნია. კაცი ახალგაზრდა იყო, შავგრემანი, - არაბს ჰგავს, -  გაიფიქრა ქალმა.

- მძღოლი ვარ, მანქანაში ჰაერის ტემპერატურა ყოველთვის 22 გრადუსი უნდა მქონდეს. მენატრება მზე.

- სადაური ხარ? - ჰკითხა ქალმა.

- ქართველი, - მოულოდნელი იყო პასუხი.

 - მეც ქართველი ვარ, -  ის იყო ქართულად უნდა დაეწყო ლაპარაკი, კაცმა შეაჩერა:

- იოაკამიძე იყო დიდი პაპა. 1820 წელს ბათუმიდან სტამბულში  გადაასახლეს..  პაპა-ბებია აქ ჩამოვიდა ვენაში, მაგრამ უკან დაბრუნდნენ. დედ-მამა  დარჩა, აქ გავიზარდე.

- ქართული იცი?

- რამდენიმე სიტყვა, დედ-მამამ კარგად იცის. წელს ბათუმშიც ვიყავი. ცოლიც თურქი ქართველი მყავს. 

ქალი ჩასვლისას გერმანულად დაემშვიდობა.

- ნახვამდის, - ქართულად უთხრა კაცმა.

 ცაზე მზე თბილად იღიმებოდა, მაგრამ ქართული მზის მცხუნვარება მონატრებოდა ორ ქართველს.

Saturday, December 27, 2025

ნაძვის ხის სათამაშოები (ზღაპარი)

 ერთ ღამეს ანგელოზებმა ძირს დედამიწაზე გადმოიხედეს, ყველა სახლში შუქი ენთო, გარდა ერთისა. გაუკვირდათ, განა თითო ლამპარი ჩვენ თვითონ არ დავანთეთ ყველა კერიაზე, რომ ბედნიერები შეხვდნენ ბავშვები ახალ წელს?! ჰკითხეს ერთმანეთს ანგელოზებმა, იქნებ გამოგვრჩა რომელიმე  სახლი. 

 - არა, - ნამდვილად დავანთე ლამპარი მაგ სახლში, - წამოიძახა ერთმა ანგელოზმა. გაადევნა თვალი სანთლის შუქს და ის იქვე, სახლის ეზოში, ძაღლის ხუხულაში ენთო. 

 დაეშვნენ ანგელოზები დედამიწისკენ. ხუხულაში შეიხედეს ბიჭს ლამპარი იქ შეეტანა, თავის პატარა მეგობართან. ერთმანეთს ასწრებდნენ ანგელოზები, ყველას უნდოდა დაენახა ბიჭი, რომელიც ახალ წელს ძაღლთან ერთად ხვდებოდა.

  დააფიქრა ამ ამბავმა ანგელოზები. ცხოველებიც ბედნიერები იქნებიან, ახალ წელს თუ სახლში თბილ კერიაზე შეხვდებიანო  ადამიანებთან ერთად. მას მერე ახალი წლის  ღამეს ყველა ცხოველი და ფრინველი სათამაშოდ გადაიქცევა ხოლმე და ნაძვის ხეს ამშვენებს: მგელი, მელია, კურდღელი, ზღარბი, თუთიყუში, თაგვი, რომ თვითონაც გაიხარონ და ადამიანებიც სითბოთი აავსონ.

Friday, December 26, 2025

ვეღარაფრით მაკვირვებ! (სატრფიალო)

 ვეღარაფრით მაკვირვებ!

ვეღარაფრით მაკვირვებ,
ვეღარაფრით გაკვირვებ,
დაფარული არა ჩანს
უკვე აღარფერი,
მაინც ვერა ვნახულობ
შენს თვალებზე საკვირველს
და ვერ მომიძებნია
სიტყვა რამ შესაფერი.
ჩამომსხდარან რტოებზე
შენი ლექსის პწკარები,
სიყვარულით ებრძვიან
ყოფას ნაცრისფერიანს,
ამოავსონ სწადიათ
ჩემი გულის ბზარები
და ყოველდღე ჯიუტად
ზეცის გახსნას ელიან.
ვეღარაფრით მაკვირვებ,
ვეღარაფრით გაკვირვებ,
დაფარული არა ჩანს
უკვე აღარფერი,
მაინც ვერა ვნახულობ
შენს თვალებზე საკვირველს
და ვერ მომიძებნია
სიტყვა რამ შესაფერი.
მაია დიაკონიძე
25.12.2025 წელი

Thursday, December 25, 2025

იესოს ჯვარი!

 გზაზე ცეცხლების მოჩანს ენები,

მეც მწვდება მისი მგზნებარე ალი,

დაწრეტილი მაქვს თითქოს ვენები,

სისხლია ჩემი, მწე - ჯადოქარი.


ანათებს, ელავს, წითლად ხასხასებს,

რომ შემახსენოს ჯიში და გვარი,

და ახლაც ვეტყვი ტაკიმასხარებს,

გოლგოთაზე დგას იესოს ჯვარი!

Saturday, December 20, 2025

მინიმები

 მიკვირს ის, რაც სხვას სულ რომ არ უკვირს,

ლიქნა და ფარსი აცვდება ღიმილს,
სულ მახსენდება ,,კივილი" მუნკის,
ეს ყველაფერი ამცდება მიღმით.
მაია დიაკონიძე
19.12.2025 წელი

დავიწყების ველს მიმეცი,
დავიწყების ეკალ-გვიმრებს,
ნაცარში დევს დიდი კეცი,
ვიღაც ბეცი კარტებს მირევს.
მაია დიაკონიძე
18.12.2025 წელი

Thursday, December 18, 2025

მეთორმეტე მევენახევ!

მეთორმეტე მევენახევ!
გაგახსენდი თუკი გვიან,
ჩემი გახდი მეინახე,
ჭურჭელს დავლევთ, ვიცი, ზიარს,
მეთორმეტე მევენახევ.
ამ ჩემს გულში ღრმად გაქვს ფესვი,
თუმც მოხვედი ძალზე გვიან,
ვახტანგური ერთად შევსვით,
მაშ რადა მღრღნის ეჭვის ჭია.
გაგახსენდი თუკი გვიან,
ჩემი გახდი მეინახე,
ჭურჭელს დავლევთ, ვიცი, ზიარს,
მეთორმეტე მევენახევ.
მაია დიაკონიძე
18.12.2025 წელი


.


კაბა

 კაბა

ჩამორღვევია არშია კაბას,
ვამბობ, ძველმანი რაში მჭირია,
ჩემს მოგონებებს რა ვუყო, აბა,
როცა ეს გული გასაჭირშია.
მახსოვს, ეკიდა, როგორც მერცხალი,
თოკზე, ფრთებს შლიდა შორს გასაფრენად,
ახლა ფრიალებს, როგორც ზეწარი,
მეტაფორებით ვერ ამკობს ენა.
ვერ გავიმეტებ გადასაგდებად,
ადგილს მივუჩენ მზითევის სკივრში,
სუყველაფერი აქ დალაგდება,
და მაინც, კაბის სიბერე მიკვირს.
მაია დიაკონიძე
17.10.2025 წელი

Wednesday, December 17, 2025

ელგუჯა ციგროშვილი ჩემს ზაურის და გიულის. /ფშაურ კილოზე./ (ახალი ლექსი)

 ელგუჯა ციგროშვილი


ჩემს ზაურის და გიულის.
/ფშაურ კილოზე./

,,გაჩერდი,წამო!" აღბეჭდე,
ერთად დგენ ფშავ--ხევ-ელები,
ქართული ლექსის სიწმინდის,
შაირ-კაფიის მცველები.

ფუჭი ლექსების მარგვლაში,
ნურც დაგეღალოთ ხელები,
ახალ თაობას ასწავლეთ,
არ დაივიწყონ ძველები! 
ელგუჯა ციგროშვილი

Monday, December 15, 2025

რატომ გამწირე

რატომ გამწირე
ასე ადვილად რატომ გამწირე,
რად მიმატოვე უკუნ ღამეში,
ნუთუ ვიყავი შენთვის სამიწე,
ზედ ჯოჯოხეთის კართან დავეშვი.
გამომეგებნენ ჭინკა-ქაჯები,
და სიყვარულით შემიპატიჟეს,
ნუთუ მივიღე მკაცრი სასჯელი,
ახლა კი ბედი ჩემი მატირებს.
ვით გავიკვლიო გზა სიბნელეში,
კედლებს მივყვები ხელისცეცებით,
მივდივარ, როგორც ცოცხალი ლეში,
ვეცემი, ვდგები, ისევ ვეცემი...
მაია დიაკონიძე
15. 12.2025 წელი

Saturday, December 13, 2025

იქნებ ისევ დაუბრუნდნენ (პატრიოტული)

იქნებ ისევ დაუბრუნდნენ
ვაზის ჩამომტვრეულ ლერწებს
ტანზე დასდით პაპის ცრემლი,
ძაღლი საჭმელს ტყუილად ეძებს,
ჩამოშლილა ბუდე მერცხლის.
ამვლელ-ჩამვლელს ისე უკვირს,
ყვითელ ყვავილს ხედავს ქვაზე,
ცაში მზე ანათებს თუკი,
ეზოს ეს ხომ ალამაზებს.
ღობეს მოსდგომია გოგო,
მთელი სოფლის ნატვრისთვალი,
უჭვრიტინებს პაპას გოდორს,
ცუგას მოუტანა ძვალი.
გაახსენდეთ იქნებ მერცხლებს
უწინდელი თბილი ბუდე,
და დაღლილნი მძიმე გზებზე
კვლავ ეზო-კარს დაუბრუნდნენ.
მაია დიაკონიძე
11.12.2025 წელი

 






Friday, December 12, 2025

და ლამის... (ეკოლოგია)

და ლამის...
მომშტერებია კლდე ასი თვალით,
იმდენ აივანს, ფანჯარას იტევს,
მახედებს თითქოს თავისკენ ძალით,
დაგმანული მაქვს ზეცისკენ სივრცე.
თბილისში ნეტავ რამ ამოზიდა
ამდენი კლდე და ამდენი კბოდე,
თავს ვეღარ ვიხსნი ამ ქაოსიდან
და ლამის უჟანგბადობით მოვკვდე.
მაია დიაკონიძე
8.12.2025 წელი

მინიმა, მზე

მზე - აწყვეტილი მკერდიდან ბროში,

დაკიდებულა ზეცაში დისკოდ, 

სიცოცხლე არ ღირს არცერთი გროში,

გრძნობის გარეშე და უიმისოდ.

მაია დიაკონიძე

7.12.2025 წელი








Sunday, December 7, 2025

შორიდან მესმის (პატრიოტული)

შორიდან მესმის
სევდის კვირტებს ვკრეფ ამ ღამით ბაღში,
ჭაში არეკლილ მთვარეს ჩავცქერი,
შორიდან მესმის ჰანგები არღნის,
ფქვილივითა ვცრი ფიქრებს საცერში.
დასტიალებენ ჩემს ნატრულ ოდას,
გარს რომ არტყია ეკლის სარტყელი,
აქ ერთ დროს ჩემი ლოგინი მქონდა,
სარკმელს ამტვრევდა ლერწი ატენის.
ქვევრებში ესხა იმისი ღვინო,
ცრემლს ღვრის ტკივილით ახლა ბებერი,
დროვ, უჟამურო, არავის ინდობ,
ვერ გჯობს ქოფაკი - ავი ცერბერი.
სევდის კვირტებს ვკრეფ ამ ღამით ბაღში,
ჭაში არეკლილ მთვარეს ჩავცქერი,
შორიდან მესმის ჰანგები არღნის,
ფქვილივითა ვცრი ფიქრებს საცერში.
მაია დიაკონიძე
7.12.2025 წელი


Thursday, December 4, 2025

მინიმა

 იქნებ, არც სიკვდილს ვუნდივართ,

ჩვენი ქადილი აბრაზებს,
გულზე ხელების ბაგუნით,
მკლავზე გადგვიწვენს ლამაზებს.
მაია დიაკონიძე
3.12.2025 წელი

Wednesday, December 3, 2025

"...თვალნისლა ქალაი ..", ავტ. მანჩო პატაშური

"...თვალნისლა ქალაი .." მე ვარ წარსულის ნისლიდან გამოსული ხმა — გაუქმებული სიმღერის ბგერა, რომელიც მაინც არ ჩერდება ქარში. სევდა მეხვევა მხრებზე, როგორც ნაცნობი შალი, მაგრამ მის ბოჭკოებში იმედი ელავს — მცირე, მაგრამ მუდმივი. ხანდახან მტირალა ვარ, თვალებიდან ზღვა მეხატება, და მაინც, თითო ცრემლი შუქად იქცევა, როცა მზე გულში ჩნდება ჩუმად. მე არ ვშლი წარსულს მხოლოდ ვაფერადებ მის ლანდებს, ვასწავლი სიჩუმეს, როგორ შეიყვაროს ადამიანი, რომელიც ტკივილიდანაც ლამაზად იბადება. და თუ მკითხავ, ვინ ვარ — გიპასუხებ: ფერი ვარ, რომელმაც არ იცის წასვლა. სევდისფერი, იმედისფერი, ნათელი ნისლი. მე ვარ — "თვალნისლა ქალაი,".. დროის ზღვარზე დახატული სული, რომელიც ტირილითაც სიხარულს ფერს აძლევს. 🌫️.თვალნისლა ქალაი". ' მანჩო პატაშური

როგორ გაჩნდა გვირილა დედამიწაზე! (საბავშვო ზღაპარი)

    როგორ გაჩნდა გვირილა დედამიწაზე!

ცაზე თეთრი ღრუბლები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ, გადადიოდნენ, გადმოდიოდნენ, ქარმა ერთად მოკრიფა ეს ყურუმსაღები და წინ გაირეკა, როგორც მწყემსმა ცხვრის ფარა. ჩამორჩა ერთი ღრუბელი, მარტოდმარტო მიჩანჩალებს ცაზე. სად იყო და სად არა, შავი ღრუბელი გამოჩნდა, გამოედევნა თეთრს, მისდევს, როგორც მგელი კრავს.
ქვემოდან უყურებს ამ ყველაფერს დიმო. ეცოდება თეთრი ღრუბელი, არ სტაცოს პირი შავმა და არ ჩაახრამუნოსო. ცა ნელ-ნელა შავმა ღრუბლებმა დაიკავეს. ბიჭმა შავ ღრუბლებში შემალულ მზეს სთხოვა: გამოდი, მიეშველე პატარა თეთრ ღრუბელს, შავი ღრუბელი გააქრეო. ესმის დიმოს თხოვნა მზექალს, უნდა ბიჭს დაეხმაროს, მაგრამ ხელ-ფეხი გაუკრეს შავმა ღრუბლებმა, ცალი თვალით გამოიჭყიტება, რამდენიმე სხივს გადმოაგდებს და ისევ მიიმალება. ქარმა თეთრი ღრუბლები შორს გადარეკა, მხოლოდ მაჩანჩალა თეთრი ღრუბელიღა ჩანს ცაზე.
წამოჟინჟლა.
თეთრი ღრუბელი უფრთხის შავებს. კანკალებს, ეშინია. მაინც არ ტოვებს ცათა სივრცეს, იქნებ ჩემები მოვიდნენო. ბიჭმა ახლა ქარს სთხოვა დახმარება, გეხვეწები, თეთრი ღრუბლები დააბრუნეო. შეისმინა ქარმა ბიჭის თხოვნა. თეთრი ღრუბლები უკან გადმორეკა. ქარბორბალამ შავი ღრუბლები სხვა მხარეს წაიღო, წვიმას ხომ ბევრგან ელიან.
დიდებულად გამობრძანდა მზე ცაზე და ოქროს ტახტზე დაბრძანდა. ნაზირ-ვეზირებივით მიეახლნენ თეთრი ღრუბლები, ფერხთით წამოუწვნენ, გვიბრძანე, რა გავაკეთოთო.
– მომგვარეთ, პატარა მაჩანჩალა ღრუბელი! - ბრძანა მზექალმა. მაშინვე მოიყვანეს დიდმა თეთრმა ღრუბლებმა.
- ვინაიდან თეთრ ღრუბლებს ჩამორჩი, მაგრამ შავებსაც არ შეერიე, ჩემო პატარავ, - ალერსით უთხრა მზემ ღრუბელს, - მინდა დაგაჯილდოვო და ყვავილად გადაგაქციო, ჩემფერი გული გექნება, თეთრი ფურცლები და სიყვარულის ყვავილს დაგიძახებენ! - თქვა მზემ, ხელი მიარტყა პატარა ქუნქულა თეთრ ღრუბელს და მიწაზე ისროლა. დაიფანტა ღრუბელი ათას ნაწილად მთელ დედამიწაზე.
დიმოსაც ქარმა ღრუბლის ფთილა მიაწოდა ხელში, მზემ გამოგიგზავნაო, დახედა დიმომ საჩუქარს, ხელში თეთრი ყვითელგულა ყვავილები ეჭირა.
- ნეტავ, რამე ახალი ყვავილი თუ არისო, გაიფიქრა ბიჭმა, მოჭუტული თვალებით შეხედა მზეს, ხელი დაუქნია და თავი დაუხარა მადლობის ნიშნად. მერე ქარს გადაუხადა მადლობა, თეთრ ღრუბელს რომ დაეხმარა. რა იცოდა, რომ ხელში სწორედ იმ ღრუბლის ნაფლეთი ეჭირა.
ამ მზისგულა ყვავილს ჩვენთან გვირილას ეძახიან.
- ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, - გაიძახიან მთელი დედამიწის გოგო-ბიჭები და მართლაც, ამ მინდვრის ყვავილს სიყვარულის ყვავილი შეარქვეს.
,- ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ
ყვავილიან ველიანს?!
- დიდებო და პატარებო,
გვირილები გელიან!"
მღერის საქართველოს მთა-ბარი.

Monday, December 1, 2025

ძველი ქარგა

ძველი ქარგა
იქნებ მაინც გაიზამთროს
და დაგვხედოს მზემან ჭროღამ,
ხმა გავარდეს ბარისახოს,
რომ მთის წვერზე თოვლი მოლღვა..
სიყვარულში გაგვიმართლოს,
ჩამოქსოვოს ჭრელი ფარდა,
ზარზეიმით გაიმართოს
ჩემი ლექსის ძველი ქარგა..
მაია დიაკონიძე
1.12. 025 წელი

შენ ხომ ტიროდი! პატრიოტული)

ალბათ, ყველამ კარგად იცით სიმღერა; ,,ჰერიო, ბიჭებო", ძალიან ემოციურია და ერთხელ დარბაზში ჩემ უკან კაცი ატირდა მისი მოსმენისას. ეს ლექსი იმათ ეძღვნებათ, ვისაც ჯერ კიდევ ეტირება სამშობლოზე.
შენ ხომ ტიროდი!
არ შემიძლია, რომ არ გითხრა,
- ძმაო, მიყვარხარ,
,,ჰერიო, ბიჭებს", რომ მღეროდნენ,
შენ ხომ ტიროდი,
შენს გულში დენთად ფეთქდებოდა
გრძნობის პიტარდა,
და წინაპრებთან ხმაშეწყობით
შენც დევგმირობდი.
ალესილ მახვილს აგებებდი
გულს და მარჯვენას,
და უმტკიცესი იყო იგი
ნაწრთობ ფოლადზე,
კამკამა ტბა დგას შენს თვალებში,
ძმაო, ამჯერად,
და მლაშე ცრემლის ტკივილიან
ტალღებს მოარღვევს.
მაია დიაკონიძე
1.12.2025 წელი

ელგუჯა ციგროშვილს /ექსპრომტად ახალი კრებულის პრეზენტაციაზე/, ავტ. გელა ციგროშვილი

 ელგუჯა ციგროშვილს

/ექსპრომტად ახალი კრებულის პრეზენტაციაზე/
ე--ხლა რომ ცოცხალი იყოს, იამაყებდა დედაო,
ლ--ოცვა მშობლისა, სამყაროს კიდით კიდემდე სწვდებაო,
გ--ზას გაგინათებს ყოველთვის, არასდროს ჩაგიქრებაო,
უ--ფალი გცდიდა, დასრულდა გამოცდა--შემოწმებაო,
ჯ--ანმრთელად გვყავდი, გვახარებს კრებულის დაბადებაო...
ა--დამის ,,მემკვიდრეობაც" ზეცისგან დაგებედაო,
ც--ა ქვეყნის გამჩენს მადლობა, მოგელის მირონცხებაო,
ი--კურთხოს მშობლების სულმა, ნათელში დავანებაო..
გ--ფარავდნენ, სალოცავებში ,,საკარგყმოც" გელოდებაო;
რ--ამდენა წლები დაჰკარგე, გული ამაზე მწყდებაო,
ო--ცდათერთმეტი გასულა, შემდეგიც უკვე ტყდებაო,
შ--ენს ტკივილს ემიგრანტების ცრემლებიც უერთდებაო,
ვ--ინც მანდ დახუჭა თვალები, პატივით მოგონებაო,
ი--მედს ნუ გადაიწურავთ, სურვილი ხშირად ხდებაო,
ლ--ექსად დაგლოცავ, იხარეთ,მშვიდობით დაბრუნებაო,
ს--აშვილიშვილო საქმე ჰქმენ, ნათელი კვალი გრჩებაო..
სიყვარულითა და პატივისცემით
გელა ციგროშვილი
7.11.25 წ. ერეკლეობა /თელავ ქალაქობა/

ქარიშხალს ვეძებ

 ქარიშხალს ვეძებ, ამომართვა

რომელმაც სული
და თან წაიღო დასალიერს
ჭენებ-ჭენებით,
მას მერე ამ ცრუ წუთისოფლის
გავმხადარვარ მდგმური,
რომ დამიბრუნოს, რაც წაიღო,
მას ვეხვეწები.
გინდაც დედოფლის კაბა მეცვას,
მეჭიროს სკიპტრა,
უფლის საჩუქარს ვერ შემიცვლის
სოფლის დიდება,
ქარებს ვთხოვ, უკან დამიბრუნონ
ეს სული კვირტად,
ვნახო სხეულში, ვით ვარსკვლავი,
როგორ ბრწინდება.
მაია დიაკონიძე
30.11.2025 წელი



მინიმა

 მიბჯენით გავცქერით ჰორიზონტებს,

ჩვენს მზერას ცა და ზღვა მოიზომებს.
მაია დიაკონიძე
30.11.2025 წელი