Wednesday, April 30, 2025

კაფიობა, მაია დიაკონიძე, ელგუჯა ციგროშვილი, ეკა ბუღაძე

 კაფიობა: მაია დიაკონიძე, ელგუჯა ციგროშვილი

****
სიბერე შემომპარვია
უჩუმრად, თითქოს კრძალვითა,
პირს ნაოჭები შეჰყრია,
თვალი მიცინის ხათრითღა.
მაია დიაკონიძე
ექსპრომტად მაიას!

დღენი აივლ~ჩაივლიან ,
წლების ჯარი ბევრდება...
თუკი გულში ყვავილია,
გული არა ბერდება!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი
17. 05. 2023 წელი
პასუხად ექპრომტზე!

ყვავილია, თან როგორი,
სულ მზისფერად ანათებს,
რას დააკლებს ცივგომბორის
ქარი, უფრო ალაღებს!
ყვავილია ფერწერული,
ნაქარგი და ბატიკა,
წლები კიდევ ფასადია,
მხოლოდ მათემატიკა.
მაია დიაკონიძე
17.05.2023 წელი

Eka Bugadze
შენ სიბერე რას დაგაკლებს
ისე მშვენიერი ხარ.
ყოველ დილით სიყვარულზე,
სიცოცხლეზე მღერიხარ.
ასაკი ხომ ციფრებია
საბუთებში ათვლილი.
შენ კი ასე მშვენიერი,
ქალღმერთი ხარ ნამდვილი.
1.05.2025 წელი

Tuesday, April 29, 2025

,,ლიტერატურულ საქართველოში" გასაგზავნი ლექსები

 არაგვს!

დამწუხრებულმა, არაგვო,
რო გნახე, გავიხარეო,
სრულიად გამოვიცვალე,
წელშიაც ავიხარეო.
ვაჟა-ფშაველა
ჩემთვის იყავი თითქოს არავინ
და თან იყავი ჩემთვის რამდენი,
ჩამოდიოდი თეთრი არაგვი,
მატკბობდა შენი შემოგარენი.
თავს ჩავიხრჩობდი შენს ლაღ ტალღებში,
ოღონდ ალერსი ჩემთან გეცადა,
დუმილი დამხვდა მე შენს თვალებში,
მტკვარივით ვეღარ მოველ მცხეთასთან.
შენს თითო კენჭსაც ვეთაყვანები,
მოვდივარ, ვკოცნი, ხელით ვეხები,
ამწვანდებიან როცა ყანები,
ჩამოწველიან ნისლებს დევები...
ხელებში ღრუბლებს ათამაშებენ,
შენ გარშემო რომ გორები წვანან,
ჩემი ოცნების სახლს ავაშენებ,
ვაჟიკას ფეხი დაიდგა სადაც.
მაია დიაკონიძე
17.04.2025 წელი

ზღაპარი
(ვაჟა-ფშაველას)
ლურჯია ჩემი ზღაპარი,
შიგ ჯადოსნური რაშებით,
ჭენებით ჩამოივლიან
სულ მზეჭაბუკი ვაჟები.
მათ შორის ერთი იქნება
ბრძენი, ჭკვიანი მინდია...
რომელსაც ,,სიბრძნე- სიცრუის"
ტვირთი ბეჭებზე ჰკიდია.
ისა გრძნობს, წუთისოფელი
ნათელია თუ ბინდია...
სწორედ ის ერთი მიყვარს და
სწორედ ის ერთი
მ ი ნ დ ი ა !
მაია დიაკონიძე
13.07.2021წელი

სურათის აღწერა
სადღაც ღრუბელი ატირდა,
ჩამოემხო და გაქრა,
მზემ გამოიხმო ახლიდან,
შემოამატა ამქარს.
ცა დაიფარა ღრუბლებით,
ჰგავდნენ ხუჭუჭა კრავებს,
თითქოს უფალი ზეცაში
ფარას უღებდა კარებს..
მოაგელვებდა ღრუბლებზე
თეთრონს—- მმუსვრელი ავთა,
უფლისგან ჩვენთან მოგზავნილ
წმინდა გიორგის ჰგავდა!!!...
მაია დიაკონიძე
8.07.2024 წელი

დედაჩემს!
აბლაბუდები ეყარა ნისლის
და ღამეს უფრო მთვარიანს ხდიდა,
რა აწუხებდა მცხუნვარე ივლისს,
საბანს პატარა ბავშვივით მხდიდა.
ბაბუაწვერა ბალიშად მერგო,
თეთრი გვირილა მეყარა ტანზე,
მწვანე ბალახი ქვეშაგად მეგო,
თვალები ჩემი ეკერა ცაზე.
ვხედავდი კოსმოსს, ვხედავდი დედას,
თავსასთუმალთან თეთრკაბა მეჯდა
და დედაჩემის უზღვავი სევდა,
გადამქცეოდა სინდისის ქენჯნად.
მაია დიაკონიძე
30.06.2024 წელი

შენ არაგვივით მოჰყეფდი!
შენ არაგვივით მოჰყეფდი,
მე მტკვარსა ვგავდი ფიქრიანს
და მხოლოდ სვეტიცხოველთან
ერთად ყოფნობამ გვიწია.
შევერთდით გულაჩვილებით,
შენ - ონისე, მე - ძიძია,
თავსაც კი მოგაშვილებდი,
ოღონდ არ გეთქვა: - სხვისია.
ოღონდ სულ შენთან მეთია,
გვხუროდა ცა ვარსკვლავების,
მაგრამ ცხოვრება მეტია,
ვიდრე მოხვევნა მკლავების.
მაია დიაკონიძე
23.06.2024 წელი

ვინც კი გვყავდა... (მინიმა)

 ვინც კი გვყავდა კარგი კაცი,

ყველას თოფით დავედევნეთ,

ტყვია, მოგვხვდა ხელში რაც კი,

დავაჭედეთ მერამდენედ.

რაღად გვიკვირს, ვცხოვრობთ ცუდად,

ჩვენი თავიც გავიმეტეთ,

გონს მოვეგოთ დროზე უნდა,

თორემ ვეღარ ვნახავთ ედემს.


შენ რომ მაჩუქე

შენ რომ მაჩუქე, იმ წითელ ვარდს,
დღემდე აქვს ფერი,
ტკბილ მოგონებას აწმყოსაგან
ვერ მიჯნავს ფარდა...
და ყველაფერი, ჩვენ გარშემო,
თუნდ გახდეს მტვერი,
შენ ჩემს ხსოვნაში სულ დარჩები
იმ წითელ ვარდად!
მაია დიაკონიძე
19.05. 2023 წელი

ვაი, ვერ გამოვიცანი!
ფარისევლობენ, თაფლობენ,
გალობენ, როგორც ბულბულნი,
ჩუმ-ჩუმად გულში ავობენ,
მხადა აქვთ ტყვია-შურდული.
ვაი, ვერ გამოვიცანი,
ბევრი, კეთილი მეგონა,
შემლეწეს გულის ფიცარი,
ავისგან ავი მერგო რა.
შუბლის ძარღვი აქვთ გამწყდარი,
ხელში ლომი და ბარი აქვთ,
გარეთ დარსა თუ ავდარში,
საფლავის მთხრელნი არიან.
მაია დიაკონიძე
30.04.2025 წელი

მგელს!
ვერ გაგხადეს შენ დარაჯი ეზოს,
უწვრთნელია, ვიცი, შენი ჯიში,
მგელი იყო, ძაღლზე უთქვამთ, ერთ დროს,
არა მჯერა, თუნდაც დამცენ მჯიღი.
საყელური დაიმშვენა ძაღლმა,
კუდის ქიცინს არ ეშვება ახლაც,
ოღონდ იყოს თბილადა და მაძღრად,
იხტუნავებს ცირკში მაღლა-მაღლა.
შენ კი მგელო, არ მიიღებ ლუკმას,
არამს, კუთვნილს ღატაკის და ობლის,
რა ვუთხარი დროს, უჟმურს და უკმარს,
ფეხაკრეფით ქვეყნად მიდი-მოდის.
შეგამჩნიეს, თავს აფარებ არტანს,
ადამიანს, როგორც ეშმაკს უფრთხი,
არ დანებდე, ჩემს იმედებს გატან,
თორემ კაცთა გაგიმზადეს ყულფი.
მაია დიაკონიძე
26.02.2024 წელი

ბაბუაჩემი

ბაბუაჩემის თოფი მახსოვს, მისი სიათა,
მერე ერთხელაც უკუნ ბნელში გადაინათა,
ბაბუაჩემის ჩამოვარდა ციდან ვარსკვლავი,
მას მერე მის დამნახველი არვინ არ არი.

ჩხვერავდა მიწას ჩვენი ხარი - მისი ნაზარდი...
ვასაფლავებდით, ჩავძახოდი: - ,,ბაბუ, სადამდი",
გაჭირვებისას ჩქარა ფეხზე წამომდგარიყო,
მისი სიკვდილი, მჯეროდა, რომ გამოცდა იყო.

ბევრმა მიბაძა ბაბუაჩემს, ბევრი წავიდა,
ვარსკვლავთა ცვენას ვადევნებდი თვალებს ყანიდან,
ამაგდარ კაცებს, სამშობლო რომ ასე უყვარდათ,
ვაზის ცრემლები, ვით ტარიგი მიაქვთ უფალთან.
მაია დიაკონიძე
22. 02. 2024წელი

გაზაფხული მთაში

(მთის კილოზე)
რომ გაუთბება მთას გული,
მეც გადმოვდგები ბანზედა...
ვიცი, რომ ეს გაზაფხული
მთებსაც ჩააცმევს ტანზედა;
გაუხსნის შეჭმუხნულ შუბლებს,
ქუხილის ზარებს დარეკავს,
ქარებს მოუხმობს და ღრუბლებს
მთების გადაღმა გარეკავს.
ხევში ზვავები დნებიან,
იღვიძებს ჭიამაია,
პირმზითში იჭყიტებიან
მორცხვად ენძელა და ია.
გვირილა~ყაყაჩოებით
მორთავს ტყისპირა მდელოებს...
ჩვენც, გაზაფხულის საკადრისს,
ბევრს ვიტყვით სადღეგრძელოებს!
მაია დიაკონიძე
17. 04. 2024 წელი

როცა სიკვდილშიც ეძებ რაღაცას!
როცა სიკვდილშიც ეძებ რაღაცას
და მოშხამული სითხით ივსები,
ძილს თუ მიეცი თავი საღათას,
რა გაგიკვირდეს გულში ისრები.
თუ კი გააქრე შენში მაჯნუნი,
შენი ლეილი ვერ დამინახე,
ნიშნობის შემხსენ მე სამაჯური,
შენი ვით გავხდე მე მეინახე.
თუ კი შენც გძლიეს, როგორც კართაგენს,
დროის დინების დიდ ომს დანებდი,
მაშ, სიყვარულის რად თხზავ არაკებს,
ანდა იმედებს რაღად მაძლვდი?!
სიოს რომ მოაქვს ნაზი ჩურჩული,
იქნება შენი ტკბილი ხმა არის,
ისევ გიხილო ჩემი მაჯნუნი,
კვლავ გავიგონო დილის საარი..
მაია დიაკონიძე
5.09.2023 წელი

მინდა გიყვარდე!
მინდა გიყვარდე,
ჩემკენ ჰქროდეს
შენი ფიქრები,
ვატრიალებდეთ
ორივ ერთად
ცხოვრების ჯარას;
ბედნიერება
ზედ გვათოვდეს,
როგორც ფიფქები,
,,უფალი ჩვენთან!"
მის უკეთესს ვინატრებთ
ს ხ ვ ა რ ა ს?!
მაია დიაკონიძე
17.01.2023წელი

სიზმარში ვნახე!

სიზმარში ვნახე, მინდორზე
ჩვენ მივდიოდით ერთად,
შენ გეცვა ლურჯი პერანგი,
მეც ლურჯი კაბა მეცვა,
ქარმა წამიღო ცისაკენ ,
შენ დაბლა დარჩი ველზე...
ავგაროზივით გამომყვა,
შენი ნაკოცნი ყელზე.
მაია დიაკონიძე
20.07.2021 წელი


როცა შენ დაგინახავ!
აზარფეშას ავივსებ,
სიყვარულით შეგხარი,
თითქოს შენი ტუჩიდან
შევსვი ახლა ნექტარი,
თითქოს წყალს დავეწაფე,
უკვდავების წყაროდან,
თითქოს პური მოვიმკე
საცხოვნებლად კალოდან,
სულში უკვე ჩამიდგეს
კალათი ზამბახების,
ანათებენ, ბრწყინავენ,
ამაყნი, ლამაზები,
არითმიის ქარები
ჩემს სხეულში სახლობენ,
როცა შენ დაგინახავ,
ღმერთებიც კი მწყალობენ.
მაია დიაკონიძე
9.06. 2021წელი

მე, შორენა (სატრფიალო)

 მე, შორენა, გავცქეროდი მოოქროსფრო ყანას,

უფალს შიგნით ყაყაჩოთა ჯარი ჩაეხატა,

შენ კი, უტას, ცადამგებელს ,,სვეტიცხოვლის" ტაძრის,

სიყვარულზე უარისმთქმელს, გადაგედო თავი.

 

ანათებდა ოქროს დილა, იღვრებოდა სხივი,

თავზე გედგა დიადემა, ტუჩს გიპობდა ღიმი,

გაეჩქარე, უფალს შეხვდი, იქ დაგიდგეს ტახტი,

უკვდავების წყალს, ჯერ ბავშვი, რძესთან ერთად სვამდი.

 

მე კი, როგორც ანგელოზმა, გამოვისხი ფრთები,

სიყვარულის უარმყოფელს, იქ უფალთან შეგხვდი,

ეამბორა საქართველო შენს მოკვეთილ მარჯვენს,

და ავიდა ,,სვეტიცხოვლის" ზედიდება ცამდე.

 

Friday, April 25, 2025

ზღაპარი

 ზღაპარი

ერთხელ ვარსკვლავებს შორის დაპირისპირება დაიწყო: არა, მე უფრო კარგად ვანათებ, არა - მეო. მილიონი წლის ვარსკვლავმა თავისი ბრწყინვალება ახალგაზრდა ვარსკვლავებისკენ მიმართა, თვალებში ჩაანათა, შემომხედეთ, ტოლს არ გიდებთო, არც ახალგაზრდებმა დაიხიეს უკან, ჩვენი შუქი უფრო კაშკაშა და ფერადიაო. რომ ვერაფერი გადაწყვიტეს, მთვარეს მიაკითხეს დახმარებისთვის, განგვსაჯეო, მაგრამ მთვარემ უარი უთხრა, არ მინდა რომელიმე ნაწყენი დამრჩეთ, დედამიწელებს ჰკითხეთო, ისინი გიყურებენ შორიდან და იმათმა შეგაფასონო. ახლა დედამიწელებმა ატეხეს ერთი ვაი-უშველებელი, ყველას თავისი ვარსკვლავი ჰქონდა ამოჩემებული, არა, ჩემი უკეთესად ანათებს, არა - ჩემიო.
ერთხელ, როცა ცა მოიქუფრა, დაღამდა, არც ერთი ვარსკვლავი აღარ ჩანდა ცაზე, სადღაც მინდორში ბეკეკა აკიკინდა, ზანზალაკს აჟღარუნებდა, მიშველეთო, ტიროდა, ცხვრის ფარას ჩამორჩენოდა. მხოლოდ ერთმა ვარსკვლავმა გაიგონა მისი ხმა, ღრუბლები მიწი-მოწია, ცაზე გამოანთა, მისი შუქი სულ უფრო ძლიერდებოდა მანამ, სანამ მწყემსმა დაკარგულ ბატკანს არ მიაგნო.
ოსანა, შესძახეს დედამიწელებმა, ეს ვარსკვლავია ყველაზე ბრწყინვალე! ვინც სხვისი ტირილი გაიგონა, ვინც ერთი სულიერი მაინც გადაარჩინა დედამიწაზე!
თქვენ როგორ ფიქრობთ?

შენ აპრილობდი... სიმღერა დაწერა და შეასრულა გიული ერგემლიძემ

 შენ აპრილობდი

შენ აპრილობდი, მე კი ვმარტობდი
და გიფუჭებდი ზოგჯერ ხასიათს,
ვეღარასოდეს დავრჩით მარტონი,
ვეღარ განდობდი გულის ხვაშიადს.
მთიდან მონაბერ ნიავსა ჰგავდი,
მე კი ასფალტზე ამოსულ ყვავილს,
დროში, სივრცეში, სუყველგან ამცდი,
შენს გულში ვეღარ ვპოულობ ადგილს.
და მაინც გეტრფი მჩქეფარე აპრილს,
მხიბლავს ლექსებად კვირტის დასკდომა,
და ამ ბწკარედებს ვსუნთქავ ვით არილს,
ვით მარადიულ ახალგაზრდობას.
მაია დიაკონიძე
25.04.2025 წელი

გაიღიმეო, შენ მეუბნები!

 გაიღიმეო, შენ მეუბნები!


გაიღიმეო, შენ მეუბნები,

მაგრამ ღიმილი უკვე გამიცვდა

ჩამომჭკნარია ტუჩ-ალუბლები,
მწვანე ფოთლებიც მოლზე დაცვივდა..
ოქროს ჯინჯილა შემომრჩა ტანზე,
მზედ ბრწყინვალების ნარჩენებს აჩენს,
თუ არ მოიშლის ეს ქარი ავ ზნეს,
სულ მალე ლოცვით ვეწვევი გამჩენს.
მაია დიაკონიძე
25.04. 2025 წელი

Thursday, April 24, 2025

მაიას რჩევები

 მაიას რჩევები:

1. უღირს ადამიანებს ნუ სცემთ პატივს,
პატივში ამოგგანგლავენ, სულში ჩაგაფურთხებენ.
2. სიყვარული ბრმაა, მაგრამ ბრმამაც უნდა ისწავლოს გზის გაკვალვა, თორემ დაიღუპება.
3. თუ ვინმესთვის პრიორიტეტებში მესამე მაინც არ ხართ, ნუ დაეძებთ იმ ადამიანთან სიახლოვეს.
4. კეთილი ადამიანი სანთელივითაა, ყველას უნათებს გზა-სავალს.
5. ჭორაობენ ის ადამიანები, ვისაც საკუთარი სულიერი სამყარო არ გააჩნიათ,შური და ბოღმაა მათ გულებში დასადგურებული.
6. ძალიან ძნელია კავშირი გაწყვიტო ადამიანთან, რომელიც გიყვართ, ყველაფერს აკეთებთ მისთვის, ის კი არ გაფასებთ, მაინც შეეცადეთ, რომ ბოლოს გატეხილ ნავთან არ აღმოჩნდეთ მებადურივით.
7. თუ ადამიანს შეუძლია ტყუილუბრალოდ გაწყენინოთ, გული მოგიკლათ, სხვა დააყენოს თქვენზე წინ, ესე იგი არ უყვარხართ, გაუშვით სასწრაფოდ თქვენი ცხოვრებიდან, არ დაინანოთ, ბევრ გულისწყვეტას ასცდებით
8. ყველასთან იყავით ერთნაირი, მდიდარია თუ ღარიბი, წარმატებული თუ წარუმატებელი, დიდი თუ ბავშვი, რადგან მხოლოდ ღირსეულს შეუძლია ესე მოიქცეს.
9. ნურავის ენდობით ქვეყანაზე, იშვიათია ადამიანი, - არ გიღალატოთ. თუ ასეთი ნახეთ, ღვთისგან საჩუქარი მიგიღიათ

თორემ ავსა და მტერს!

 თორემ ავსა და მტერს!

გვეპოტინება ეშმაკი,
ყველა საქმეს ის წყვეტს,
ჭკუა გვჭირდება სედრაქის,
თორემ ავსა და მტერს.
ანგელოზები გალობენ,
განა კი გვთხოვენ ბევრს?!
სხვისი სიკეთით ვხარობდეთ,
თორემ ავსა და მტერს.
თვალში ვიდგამდეთ ლურჯ იებს,
ვკაფავდეთ ეკალ- ძეძვს,
ვმადლობდეთ ყველა სულიერს,
თორემ ავსა და მტერს.
ჩვენც ხომ მოვკვდებით ოდესღაც,
და შევერევით მტვერს,
ვილოცოთ სულთ საცხოვნებლად,
თორემ ავსა და მტერს.
გვეპოტინება ეშმაკი,
ჩვენ მაგივრად წყვეტს ბევრს,
გული გვჭირდება სედრაქის,
თორემ ავსა და მტერს.
მაია დიაკონიძე
23.04.2025 წელი

Tuesday, April 22, 2025

,,კუნწულა" ლექსები

 ,,კუნწულა" ლექსები

ჩამიხატია გულში მზე და ლურჯი ყვავილი,
მზემ გული ოქროდ, ყვავილმა კი ზეცად აქცია,
ყველასთვისაა აქ ჩემს გულში მცირე ადგილი,
თუ კი არა ხარ ალქაჯი და ვინმე მაქცია.
------------------------
თუ კი არ ძალგიძს, ორიოდე სიტყვა მომწერო,
მჭერმეტყველებას დაესესხე მაშინ ჰომეროსს,
ნუ გააღვიძებ მიძინებულ ჩემში ოტელოს,
და ნუ იქნები შენაც მსხვერპლი იჭვის მომდევნო!
-------------------------------
როცა უყვარხარ, დაფრინავს სული
და ზეცისაკენ ნელ-ნელა იწევს,
ზე მიგაცილებს შაშვების გუნდი,
ყური მხოლოდღა ტკბილ ჰანგებს ისმენს.
--------------------------------
თუ არ უყვარხარ, შავდება ზეცა,
მეხს სტყორცნის, როგორც დამბაჩა გილზებს,
ტკივილს გიყუჩებს ამქვეყნად ვერცრა,
დუმხარ, როგორაც სჩვევიათ გიჟებს.
მაია დიაკონიძე
20.04.2025 წელი

Monday, April 21, 2025

ბაბუაჩემი

ბაბუაჩემი

ბაბუაჩემის თოფი მახსოვს, მისი სიათა,
მერე ერთხელაც უკუნ ბნელში გადაინათა,
ბაბუაჩემის ჩამოვარდა ციდან ვარსკვლავი,
მას მერე მის დამნახველი არვინ არ არი.

ჩხვერავდა მიწას ჩვენი ხარი - მისი ნაზარდი...
ვასაფლავებდით, ჩავძახოდი: - ,,ბაბუ, სადამდი",
გაჭირვებისას ჩქარა ფეხზე წამომდგარიყო,
მისი სიკვდილი, მჯეროდა, რომ გამოცდა იყო.

ბევრმა მიბაძა ბაბუაჩემს, ბევრი წავიდა,
ვარსკვლავთა ცვენას ვადევნებდი თვალებს ყანიდან,
ამაგდარ კაცებს, სამშობლო რომ ასე უყვარდათ,
ვაზის ცრემლები, ვით ტარიგი მიაქვთ უფალთან.
მაია დიაკონიძე
22. 02. 2024წელი





მტრედი და მათხოვარი!

ორიოდე დღის წინ წერეთლის მეტროსთან ასეთი სურათი ვნახე: სკამზე იჯდა კაცი, ცოტა შელახულ სამოსში, უსახლკაროს ჰგავდა, გვერდზე პური მოედო, გაყოფილი, ხელში ნაწილი ეჭირა და ისე გულიანად ჭამდა, ისე ილუკმებოდა, გეგონებოდა, დედამიწის მთელი პურის ყანები ამ ერთ მუჭა პურის ნატეხში ჩატეულიყო მის დასანაყრებლად. გვერდზე ჩიტები - ბეღურები დასკუპებილიყვნენ, მათთვისაც დაეყარა ნამცეცები, ისინიც ჟივილ-ხივილით დასწაფებოდნენ თავიანთ საზრდოს. ვიფიქრე, ალბათ, ვიღაც მადლიანმა უყიდა მეთქი ეს პური.
მივხვდი, იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს ადამიანისთვის, ვიდრე დამშეულის დაპურება და ამ საქმეზე ზრუნვაა.
გამახსენდა ბატონი ელგუჯა ციგროშვილის ეს ლექსიც. სიამოვნებით გთავაზობთ:
მტრედი და მათხოვარი!
ქალმა მათხოვარი ნახა ზინზლიანი,
ნაზად შეისწორა საყურე და...
ხურდად წინ დაუგდო მზერა ზიზღიანი, ­–
ის... პურის ნატეხით მტრედებს აპურებდა.
იმის ჭუჭყიან ხელს მტრედი არ უფრთხოდა,
მაღლით სულიწმიდა დაჰყურებდა...
თვითონ რომ ფიქრობდა, იმ მტრედს კუჭს უძღობდა,
მტრედი მის სულს აქეთ აპურებდა.
კაცს აღარც ახსოვდა თავის მათხოვრობა,
მტრედის საქციელით კვირდებოდა,
თვალები, გულწრფელი ცრემლით ავსებოდა...
იგრძნო, რომ ვიღაცას ისაც სჭირდებოდა!
P.S. ჩვენც ასე, ყველანი ერთმანეთს ვჭირდებით,
ზოგი მტრედი ვართ და ზოგიც მათხოვარი...
და ზიზღით ერთმანეთს თუ მივაჩერდებით,
ჩვენი საქციელით განგვსჯის მაცხოვარი!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 19. 06. 2021 წელი

Sunday, April 20, 2025

სიზმრებად მოდიხარ! (რელიგიური)

სიზმრებად მოდიხარ!
სიზმრებად მოდიხარ, უფალო,
მაჩვენებ დაგლეჯილ მკლავებს,
მინდა რომ წყევლანი ვუგზავნო
ცილისმწამებელთ და ავებს.
მაგრამ მეც ცოდვები მამძიმებს,
ვერ მოვინანიე, ვერა,
სხვას გადავაბარე, ვაძიძე,
მეტი დამიბრუნდა ბევრად.
სიზმრებად მოდიხარ, უფალო,
მაჩვენებ დაგლეჯილ მკლავებს,
და მეც იმათსავით ვდუმვარ, როს,
ჯვარზე გაჭედებენ კავებს.
მაია დიაკონიძე
19. 04.2025 წელი
შეიძლება იყოს 3 people გამოსახულება
ყველა რეაქცია:
Zhorzholiani Leila, ნუგზარ გიგაური და 6 სხვა პიროვნება




მინიმა

 ***

ყველა როლებს ვინაწილებთ,
ვინ ცხვრისას, ვინ - მგელისას,
მე რატომღაც ჩემი წილი
ბალახიც არ მეღირსა!
მაია დიაკონიძე
19.04.2025 წელი