ლურჯ ზეცაში გაბნეულო ვარსკვლავებო,
დღეს რა ჩუმად და ფერმკრთალად ციმციმებთ?
უნატიფეს სხივებს უძღვნით მთას და მდელოს
და უამებთ ამქვეყნიურ ტკივილებს.
სად მთავრდება საქართველო - დედის ხსენი,
ან სიყვარულს თუ აქვს სადმე სამანი?
წყაროს წყალი მომაწოდეთ ერთი პეშვი,
დაგილოცოთ თეთრი იასამანი!
სხვა ძალა აქვს ამბროზიას, ყვავილს ნექტრის,
ზურმუხტ ველზე მიმობნეულ გვირილებს,
ნაზ ღრუბლებზე მოჯირითე ლურჯა ცხენიც
სულ სხვაგვარი სიამაყით ჭიხვინებს...
გავიხსენოთ დავით მეფე, ბრძენთაბრძენი,
ოქროს ქოში უტურფესი თამარის,
ისევ გავისიგრძეგანოთ რწმენა ჩვენი, -
სააქაო-საიქიოს საგზალი.
მომავალი გამოზომილ ნაბიჯს ელის,
როგორც დილა - შუქმფინარე მზის სხივებს,
ოქროს წყალში განბანილი ყმაწვილებით
მივეახლოთ თვალშეუდგამ ცის კიდეს.
საიდან და სადამდე ხარ, ცაო ჩემო,
ან მეორე საქართველო სად არის?
ლურჯ ზეცაში გაბნეულო ვარსკვლავებო,
დამილოცეთ თეთრი იასამანი!
ეს ლექსი ,,ხვარამზეობისთვის" დავწერე
ერთით მეტი ვარ ყველაზე
თავზე მეტადაც მიყვარხარ,
მსურს, მოვისროლო ბადე,
იმ ბილიკებზე დაგხვდე,
განა, ყომრალი ფიქრია
ნაოცნებარი ბევრის,
ნიავზე სწრაფად მიქრიან
საათები და წლები,
წაწალს წაგართვა მიჯნური,
ჩამოვაბურო ფარდა,
რომ ვეღარსაით დაგლანდოს,
ჩამოიღვენთოს დარდად.
ერთით მეტი ვარ ყველაზე, -
ასე არავინ გნატრობს,
შენი თვალების მინანქარს
მსურს შევხაროდე მარტო,
ცის სილურჯეს და ზღვის სივრცეს
სასწაულად რომ იტევს...
ჩავიძირები, მოვკვდები
და გავცოცხლდები ისევ.
ცა გინანავებს მზის აკვანს
და მზესთან ერთად გარწევს...
რა სავალალოდ შემომხვდი
ბრმა წუთისოფლის გზაზე!
მაია დიაკონიძე
14.09.2014 წელი