ერთ ღამეს ანგელოზებმა ძირს დედამიწაზე გადმოიხედეს, ყველა სახლში შუქი ენთო, გარდა ერთისა. გაუკვირდათ, განა თითო ლამპარი ჩვენ თვითონ არ დავანთეთ ყველა კერიაზე, რომ ბედნიერები შეხვდნენ ბავშვები ახალ წელს?! ჰკითხეს ერთმანეთს ანგელოზებმა, იქნებ გამოგვრჩა რომელიმე სახლი.
- არა, - ნამდვილად დავანთე ლამპარი მაგ სახლში, - წამოიძახა ერთმა ანგელოზმა. გაადევნა თვალი სანთლის შუქს და ის იქვე, სახლის ეზოში, ძაღლის ხუხულაში ენთო.
დაეშვნენ ანგელოზები დედამიწისკენ. ხუხულაში შეიხედეს ბიჭს ლამპარი იქ შეეტანა, თავის პატარა მეგობართან. ერთმანეთს ასწრებდნენ ანგელოზები, ყველას უნდოდა დაენახა ბიჭი, რომელიც ახალ წელს ძაღლთან ერთად ხვდებოდა.
დააფიქრა ამ ამბავმა ანგელოზები. ცხოველებიც ბედნიერები იქნებიან, ახალ წელს თუ სახლში თბილ კერიაზე შეხვდებიანო ადამიანებთან ერთად. მას მერე ახალი წლის ღამეს ყველა ცხოველი და ფრინველი სათამაშოდ გადაიქცევა ხოლმე და ნაძვის ხეს ამშვენებს: მგელი, მელია, კურდღელი, ზღარბი, თუთიყუში, თაგვი, რომ თვითონაც გაიხარონ და ადამიანებიც სითბოთი აავსონ.
No comments:
Post a Comment