Tuesday, January 20, 2026

თოვლის გუნდა (მოგონებებიდან)

  თოვლის გუნდა

(მოგონებებიდან)

დედას ყვავილები უყვარდა და აივანზე მიწით სავსე ხის ყუთები გვედგა. რა არ ხარობდა ამ ყუთებში: ბალბა, სხვადასხვა ფერის ვარდები, ასტრები, გეორგინები. ჩემს ბავშვობაში თბილისში ბლომად თოვლი მოდიოდა და აივანზე მდგარი ყუთები და ქოთნებიც თოვლით იფარებოდა. იმასაც ვახერხებდით პატარები, რომ აივანზე პატარა თოვლის ბაბუა ჩაგვედგა ხოლმე. სარეცხი რომ გაეკიდა დედას, ხელს უშლიდა ჩვენი ნახელავი, ამიტომ რომელიმე ქოთანში გადაიტანდა ხოლმე, მეხუთე სართულზე ვცხოვრობდით და ეზოდან კარგად ჩანდა ჩვენი თოვლის კაცი. ქუჩიდან ყველა ხელისაწევით ესალმებოდა. ყინვები მაშინ კარგა ხანს გრძელდებოდა, ჩვენი თოვლის ბაბუაც მედგრად იდგა ხოლმე და გვილამაზებდა ბავშვობას, სტაფილოს ცხვირით, შავი ღილების თვალებითა და წითელი ძაფის ყურებამდე გახეული პირით. ერთხელაც თოვლმა ლღობა დაიწყო, თოვლის ბაბუას ადგილზე ერთი დიდი გუნდა დარჩა, ზედ დარჩა სტაფილო, შავი ღილები და წითელი შალის ძაფის ნაგლეჯი, თითქოს შიგნით ჩაეზარდა. არა და არ დნებოდა თოვლის გუნდა, შავ თვალებს აკვარკვალებდა, სტაფილოს ცხვირიც ადგილზე ჰქონდა და წითელი ძაფიც პირივით მისდევდა სახეზე.
ერთხელ სტუმარი მოგვივიდა. შეზარხოშებული აივანზე გავიდა და მალევე გაფითრებული სახით უკან შემობრუნდა. - იქ აივანზე მოჩვენებაა...- ძლივს წაილუღლუღა. დედ-მამა მაშინვე გაიქცა აივანზე, ჩვენ სახლში მივიმალ-მოვიმალეთ. მალე დედა სიცილით შემობრუნდა უკან: - თოვლის ბაბუას ნარჩენებია, - აუხსნა სტუმარს, - ეს ერთი გუნდა დარჩა და არა და არ დნება...
ყველამ ბევრი ვიცინეთ, მას მერე იმ თოვლის გუნდას ,,მოჩვენება" შევარქვით, ,,თოვლის გუნდა - მოჩვენება", ასეთი მაინც არავის ეყოლება, ასე მგონია.
მაია დიაკონიძე
17.01.2025 წელი

No comments:

Post a Comment