Wednesday, September 10, 2025

დომოფონი თუ წითელი დრაკონი, ესსე

 დიდი ხანია მოდაში შემოვიდა სადარბაზოს კარებებზე დომოფონების დაყენება, კარებების ჩაკეტვა, აქაოდა სადარბაზოში ნარკოტიკებს მალავენ ელექტროგაყვანილობის მავთულებში, ყუთებში, კიბის უჯრედებშიო, მერე უცხო პირები შემოდიან, ეძებენ, ლიფტშიც ისაქმებენო და ა. შ. ჩვენი კორპუსის მეზობლებმაც ბევრი მიზეზი მოძებნეს სადარბაზოს კარების დასაკეტად. სადაც არ მიხვალ სტუმრად, ყველგან დაკეტილია სადარბაზოები, უნდა დარეკო რაღაც ნომერზე, თუ ე.წ. ჩიპი არ გაქვს. ეს ყველაფერი ჩვენი უსაფრთხოებისთვისაა, არადა მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ბინის კარებსაც კი არ ვკეტავდით, მეზობლები, როგორც უნდოდათ, ისე შემოდიოდნენ და გადიოდნენ. ტელეფონი სადარბაზოში მხოლოდ სამ ოჯახს გვქონდა. ერთმანეთს ვენდობოდით, არც არავინ მოვიდოდა უბრალო ხალხის გასაძარცვად. არც ნარკოტიკებით დარბოდა ხალხი, არ ყიდიდა ასე დღისით, მზისით, წამლის ბარიგა კი ყველაზე სამარცხვინო ადამიანად ითვლებოდა. მკვლელი ჯობია მაგათ, ერთს კლავენ, ეგენი - ათასებს. მიკვირს, 30 წელიწადში ასე როგორ შეიცვალა ხალხი, როგორ გადაგვარდა. წამლის ბარიგობა სირცხვილი აღარაა, მაგრამ ათასობით მკვლელობისთვის რა პასუხს აგებენ ღმერთთან?!

დომოფონებთან დაკავშირებით კი ძველი ზღაპრები გამახსენდა, სადაც არ წახვალ, მიადგები ციხე-სიმაგრეს, უნდა შეხსნა ცხრაკლიტული. ჩვენს სახლში შემოღწევა კი ისე რთულია, კარები ისე მძიმედ იღება, ბარგით ხელში რომ მივასკდები, რაღა დრაკონი დაგიმარცხებია და რაღა კარები გაგიღია.
მაია დიაკონიძე
9.09.2025 წელი

No comments:

Post a Comment