Wednesday, June 25, 2025

  პოეტი - ემიგრანტი, ელგუჯა  სტეფანეს  ძე  ციგროშვილი, დაიბადა საქართველოში, ქ. თელავში, 1953  წლის  3  ივლისს. დააამთავრა თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტი (1976 წ.) და თბილისის სასულიერო სემინარია ( 1993 წ.). სხვადასხვა დროს მუშაობდა წითელწყაროს (დღევანდელი დედოფლისწყაროს) რ-ნის სოფ. არხილოსკალოსა და ქვემო ქედის საშუალო სკოლების მასწავლებლად, ასევე,  წითელწყაროს (დღევანდელი დედოფლისწყაროს) განათლების განყოფილებაში დირექტორის მოადგილედ თელავის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმსა და იყალთოს პროფტექსასწავლებელში;  რუსთაველის საზოგადოების თელავის რაიონული ორგანიზაციის (თავ-რე – გოგი შათირიშვილი ) პასუხისმგებელ მდივნად; დემოგრაფიული საზოგადოების კახეთის სადროშოს ( თავ-რე, მწერალი ლადო მრელაშვილი) პასუხისმგებელ მდივნად; თელავის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს. 1994 წლიდან დღემდე, 30 წელი,  იმყოფება ემიგრაციაში,  საბერძნეთში, ქ.თესალონიკი. არჩეული იყო ქართული დიასპორის კონფედერაციის თავმჯდომარედ; 2010 წელს მან დააარსა და გახლდათ  ქ. თესალონიკის ვაჟა-ფშაველას სახელობის ქართული საკვირაო სკოლის  ხელმძღვანელი და პედაგოგი. 

2011 წელს მისი თაოსნობით ქ. თესალონიკში ჩატარდა  ,,ვაჟაობის" სახალხო დღესასწაული.

    იგი არის ოთხი პოეტური კრებულის ავტორი: ,,წიქარა", ზღაპარი ლექსად  (გამომცემლობა ,,ცოდნა", 2008 წელი), ,,მე მოვინატრებ" , სატრფიალო ლირიკა  (თბილისი, 2022 წელი, გამომც. ,,მწიგნობარი"), ,,ოღონდ ნუ დამიღონდები"( თბილისი, 2023 წელი, გამომც. ,,მწიგნობარი"), ,,მე ვარ ადამი",100 რჩეული ლექსი (2023 წელი, შპს ,,გრადაციის" სტამბა"). მისი ლექსები იბეჭდება ქართულ პერიოდულ გამოცემებსა და პოეტურ კრებულებში.

   2023 წელს ქ. თესალონიკში, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს,   გადაეცა საპატიო ემიგრანტის წოდება.სხვა ჯილდოებთან ერთად 2024-2025 წლებში თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოსგან მას გადაეცა მადლობის სიგელები განათლებისა და ქართული კულტურის შენარჩუნების საქმეში, ასევე საზღვარგარეთ ქართული პოეზიის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. 

   

No comments:

Post a Comment