Friday, November 1, 2024

მაცაცო (საბავშვო მოთხრობა)

                                    მაცაცო

       ერთ სოფელში პატარა გოგონა ცხოვრობდა. ძალიან უყვარდა თავისი სახლი და ეზო, არასოდეს დავტოვებო სოფელს, - ამბობდა გულში. უკვირდა, სხვები რომ ასე უდარდელად ემშვიდობებოდნენ იქაურობას და ქალაქში გარბოდნენ. აი, მისი მეზობელი გოგლა სტუდენტი გახდა და მას მერე სოფელში იშვიათად თუ გამოჩნდებოდა, ზაფხულობითაც კი არ უნდოდა ჩამოსვლა, ნასწავლი კაცი ვარ და თოხნა ჩემი საქმე არ არისო. თვითონ გოგონა პაპას სათოხარშიც მიყვებოდა, სამწყესურშიც. ახლომახლოებში თითოეული ხე და ბუჩქი ზეპირად იცოდა, ესიყვარულებოდა და ეფერებოდა. მაყვალი რომ დამწიფდებოდა, მეზობელ გოგონებთან ერთად ჩამოივლიდა სოფლის ორღობეებს და სავსე კალათით ბრუნდებოდა სახლში. ბებიაც ლოცავდა, პაპაც, დედაც და მამაც, ეს რა მშრომელი გოგო გვეზრდებაო.  ეზოს შუა მდგარი კაკალი გულს უხარებდა ბავშვს ზაფხულში ჩრდილით და შემოდგომაზე გემრიელი ნაყოფით. ბებიამ ასწავლა, რომ მისი ფოთლები ჩრჩილის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოადგებოდა, რადგან მათ საკმაოდ მკვეთრი სუნი აქვს, მათი ნახარში კი უებარი წამალია სხვადადსხვა დაავადებებისთვის. კაკლის უღელი რომ იმუნიტეტს ამაღლებს, გოგონამ უკვე იცოდა, რადგან სოფიო დეიდა, რომელიც ქალაქში ცხოვრობდა, ხშირად სთხოვდა ხოლმე დედამისს, შემიგროვე, ბავშვებისთვის მჭირდება, ეს ოხრები სულ ავად არიან, ჟანგბადისგან დაიცალა ქალაქიო. ჩვენთან ხომ ჟანგბადი ბევრიაო, შეშინებული ჰკითხავდა ხოლმე მაცაცო დედას, ასე ერქვა ამ მთიანი სოფლის პატარა ასულს. დედაც სიხარულით პასუხობდა, რა თქმა უნდა ბევრია, ხომ ხედავ, ავად არასოდეს ხდებით აქაური ბავშვები, ქალაქელებიც ზაფხულობით აქ ჩამოდიან, ჰაერი რომ გამოიცვალონო. გახარებული გოგონა ბებიას ქათმების საჭმელს ჯამში ჩააყრევინებდა და ფრინველებს გამოკვებავდა. სულ ზეპირად იცოდა, რა საჭმელი უყვარდათ წიწილებს, რა - მოზრდილ ქათმებს. პატარებს ფეტვს ან ხორბალს დაუყრიდა, დიდებს - სიმინდს. ქათმებმაც კარგად იცოდნენ, მათი დამპურებელი ვინ იყო და მაცაცოს დანახვისთანავე გაშლიდნენ ფრთებს და მისკენ გარბოდნენ.
         ერთ დღეს ამბავი გავრცელდა, მეზობელ სოფელში ფრინველის ჭირი გაჩნდაო. შეშფოთდნენ ოჯახის წევრები, რა გვეშველება, ქათმები რომ დაგვეხოცოსო. ყველაზე მეტად მაინც მაცაცო დადარდიანდა, გადიოდა ეზოში და თავის გამოზრდილ ფრინველებს ეფერებოდა, ღმერთს შესთხოვდა, არაფერი დაემართოთო.  დანაღვლიანებულ ბავშვს რომ უყურებდა, დედას გული უკვდებოდა, ქალაქში გადარეკა, თვითონ სოფელში ვეტერინარი არ ჰყავდათ და იქიდან გამოიძახა. ეზოში თეთრხალათიანი კაცის გამოჩენამ მაცაცო ცოტა შეაშინა, მე ხომ არ უნდა გამსინჯოს ექიმმაო, მაგრამ როცა უთხრეს, რომ ფრინველების და ცხოველების ექიმი არის და ვეტერინარი ჰქვიაო,  მაშინვე დაუმეგობრდა ძია ვეტერინარს. მაცაცომ ძია ვეტერინარისგან ქათმებისთვის აცრის გაკეთებაც ისწავლა, თუმცა დიდ ქათმებს ვერ ერეოდა და წიწილებს გაუკეთა ნემსი, ისიც, რა თქმა უნდა, დედას დახმარებით. გადარჩნენ ამ სოფლის ქათმები გაწყვეტას, მაგრამ კიდევ რომ არ დაავადებულიყვნენ, ექიმმა განუმარტა, რომ მათთვის პერიოდულად საჭირო იყო ვაქცინაციის ჩატარება ანუ მათთვის ამ დაავადების წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავება. მაცაცომ, როგორც იქნა, დაიმახსოვრა სიტყვა "ვაქცინაცია" და დედას ყოველ წელს ახსენებს, ქათმების ვაქცინაცია არ დაგავიწყდესო. იმუნიტეტი რომ ავადმყოფობებისგან თავდაცვას ნიშნავს,  მზრუნველმა გოგონამ უკვე იცოდა სოფიო დეიდასგან.
      ახლა ისევ გამოაქვს ჯამით საჭმელი თავისი ქათმებისთვის მაცაცოს, წიწილებს ხორბალს ან ფეტვს უყრის, გადაყლაპვა რომ არ  გაუჭირდეთ, დიდებს - სიმინდს. გაიძახის : "წია, წია", თანაც ოცნებობს, ვეტერინარი გახდეს და მის სოფელში არასოდეს დაავადდეს არც ცხოველი და არც ფრინველი.
28.06.2018 წელი

No comments:

Post a Comment