Wednesday, October 21, 2026

მე მეგონა

მე მეგონა

მე მეგონა გმირი ვიყავ,

არაფერი არ ვიყავი,

,,რად მოგაქვსო თავი ნიყვად,

ტყუილად ნახე ეგ სიზმარი.

არც ფული გაქვს,არც დიდება,

ვერც სამშობლოს არგე რამე",

მხოლოდ უფალი მპირდება 

მაღლა საქმეს მომიგვარებს!

მაია დიაკონიძე

21.10.2026 წელი



მინიმა

 მინიმალისტური პოეზიიდან:

მაკლდება თვალში თანდათან შუქი,
და ეს თვალებიც დაპატარავდა,
და ახლა მხოლოდ უფალმა უწყის, -
მზის ნაცვლად ღამე შემრჩა არადა.
მაია დიაკონიძე
20.10.2026 წელი

Sunday, October 18, 2026

ქუდი ისე დაიხურე! (სიმღერა), ინგლისურად თარგმნა მზია კვირიკაშვილმა( Mzia Lawrence )

 ქუდი ისე დაიხურე!

ქუდი ისე დაიხურე,
არ მითხარი ,,ნახვამდის",
ისე ჩადი საფეხურებს,
თვალებს ჩემგან მალავდი.
გაგატანდი ზურგზე კოცნებს,
შენზე იყოს ,,ჰალალი",
არა მკითხე: ,,ახჩიკ, ვონცეს",
ვერც მე მოგეც სალამი.
არ მკითხულობ, არც გიკითხავ,
აგრევია გზა-კვალი,
მხოლოდ ერთი დამრჩა კითხვა,
ვინ იპოვე სხვა ქალი?!
*
You put on your hat like that,
Without saying "goodbye",
You walked down the steps, as if
You were hiding your eyes from me.
I would kiss your back and shoulders,
With words: "Halal be upon you."
You didn't ask me: "Akhchik, Vontse",
And I couldn't even greet you.
You don't call me... and I do the same,
It seems you have lost your way
I only have one question left:
Whom have you found? A new woman?

Friday, October 16, 2026

ჩემი ნაწარმოებების სია, 2026 წელი

1. ლექსები: ,,ლექსი გამიდიდგორდა", ,,თეთრო გიორგი", ,,არაგვს", ,,დედაჩემს!", ,,შენ არაგვივით მოჰყეფდი", ,,შენ რომ მაჩუქე", ,,ვაი, ვერ გამოვიცანი!", მგელს!", ,,როცა სიკვდილშიც ეძებ რაღაცას!", ,,მინდა გიყვარდე!", ,,სიზმარში გნახე!", ,,როცა შენ დაგინახე!", ,,ღმერთო!", ,,ბაბუაჩემი", ჟურნალი ,,ოლე", N 2 (77), 2026 წელი, გვ. 20-23

2. ,,ოსტატი და მისი ნახელავი, კავშირები და უკუკავშირები", გვ.4, ,,ლიტერატურული საქართველო", 23 თებერვალი, 2026 წელი, N 4,(4117)

3. მინიატურები: ,,არკანზასის საავადმყოფოში", ,,წითელი ფეხსაცმელები", ,,ნაკვალევი თოვლში", ,,ლიტერატურული საქართველო", 29 ივნისი,  N 13,(4126), 2026 წელი

საბავშვო ლიტერატურა:

1. ,,მხიარული დილა", ჟურნალი ,,დილა", N 1-2, 2026 წელი, გვ.4, 

2. ,,როგორ გაჩნდა გვირილა", ჟურნალი ,,დილა", N3, 2026 წელი, გვ.16-17

3. ,,გაფრენა მთვარეზე", ჟურნალი ,,დილა", N5, 2026 წელი, გვ. 20-21

4. მხიარული ლექსები: ,,გაშვილება", ,,უცნაური ამბავი", ,,ზაზა და ზუზუ", ,,გოჭი და თეო",

ჟურნალი ,,დილა", N6,  2026 წელი, გვ. 4 -5

5. ,,სამი მარია", ჟურნალი ,,დილა", N 7- 8, 2026 წელი, გვ.6-7

ქუდი ისე დაიხურე! (სიმღერა)

ქუდი ისე დაიხურე!

ქუდი ისე დაიხურე,
არ მითხარი ,,ნახვამდის",
ისე ჩადი საფეხურებს,
თვალებს ჩემგან მალავდი.
გაგატანდი ზურგზე კოცნებს,
შენზე იყოს ,,ჰალალი",
არა მკითხე: ,,ახჩიკ, ვონცეს",
ვერც მე მოგეც სალამი.
არ მკითხულობ, არც გიკითხავ,
აგრევია გზა-კვალი,
მხოლოდ ერთი დამრჩა კითხვა,
ვინ იპოვე სხვა ქალი?!
მაია დიაკონიძე
16.10.2026 წელი




Wednesday, October 14, 2026

სამშობლოს! (პატრიოტული) ეძღვნებათ ემიგრანტებს

სამშობლოს!
არც ცოტნე ვარ, არც ქაქუცა
და არც ქეთევანი,
ფერფლად ვიქეც მე მას უკან,
რაც დავტოვე ვანი.
სხვის მიწაზე ჩამოვდნი და
გადავიქეც სანთლად,
მზე აქ ვეღარ ამოვიდა,
ან სხივები ამცდა.
განსაცდელსაც გავუძლებდი,
ქარს და გრიგალს ცხრაპირს,
შვილი შენი გაუძღები
თუ ვნახავდი ნაპირს.
თუ კი ჩემი სულის სითბო
გაალღობდა თოვლსაც,
ჩემს დანახვას თუ კი ითხოვ,
უსათუოდ მოვალ.
მაია დიაკონიე
14.10.2026 წელი

სახუმარო-სალაღობო

სახუმარო
გაცვდა ეგ შენი სიტყვები,
როგორც ზამთრებში პალტო.
არც სიყვარულში მიტყდები,
არც პალტოს ყიდვას ლამობ.
სულში ხინჯად რომ არ დამრჩეს,
როცა დავრჩები მარტო,
სანამ დამიდებ განაჩენს,
პალტოს ყიდვას შენ განდობ.
მაია დიაკონიძე
14.10.2026 წელი

Monday, October 12, 2026

აღარ გვაღვიძებს!

 ერთდაიგივე ტაქტი, რითმა,

მოზომვა მაჯის,
ვენის გადაჭრა, მიძინება
მერე ღუმელთან,
ბოლავს თბილისი,
ბუღი დადგა ცემენტის, გაჯის,
აღარ გვაღვიძებს ქართლის დედის
დარდიანი ხმა.
მაია დიაკონიძე
12.10.2026 წელი

მიხარია

მიხარია
მიხარია, რომ ვიღვიძებ დილით,
მზე სხივს მაფენს, გარეთ შაშვი გალობს,
ცა იმშვენებს ცისარტყელას ღიმილს
და ამისთვის ზევით უფალს ვმადლობ.
მიხარია, გული ისევ ფეთქავს,
როცა ვხედავ მინდვრად გაშლილ ყვავილს,
ანეულზე კაცი ავლებს ერქვანს,
მთად ირემი ლოკავს ქვიდან მარილს.
მინდორ-მინდორ დაქრის ნიავქარი
და უწეწავს ოქროს ყანას კულულს,
დაფარულა თეთრად იალაღი,
იქ ისინჯავს თერგი კლდეზე მუსკულს.
მიხარია, რომ ვიღვიძებ დილით,
მზე სხივს მაფენს, გარეთ შაშვი გალობს,
ცა იმშვენებს ცისარტყელას ღიმილს,
ყველაფრისთვის ზევით უფალს ვმადლობ.
მაია დიაკონიძე
10.10.2026 წელი

Wednesday, October 7, 2026

გმირო ქართველო! (შოთაობისთვის)

 

გმირო ქართველო!
რატომ გადაგიმალავს
შენ ჭედური ხატები,
ოპიზრების ნიჭით და
სიყვარულით შემკული,
დრო მოსულა სნეული,
უშნო და ალმაცერი,
აღარ ინდობს არაფერს,
გამოჭამა სხეული.
დაემსგავსა სამშობლო
მზით გადამხმარ მდელოებს,
აღარ ჰყვავის ყვავილი,
გვალვა ვით მოერია,
შენ თუ სხვათა იმედზე
გაზაფხულებს ელოდე,
ვინ გვანახოს რომ ცაზე
ბევრი ოქროსფერია.
ავსებულა საწყაო
დარდებით და ფიქრებით,
ნუთუ ქვეყნის მომავალს
დღე აღარ უწერია,
დღეს ვართ, ხვალ, სამწუხაროდ,
ჩვენ კი აღარ ვიქნებით,
იცრიცება კრწანისზე
ლანდები უთენია.
შენ კი, გმირო ქართველო,
რად ჩამოგდის ცრემლები,
ნუთუ ჩვენი სამშობლო
უკვე არაფერია,
შეიმოსე რწმენით და
აგვავსე იმედებით,
თორემ ბრძოლით დაღლილებს
ძალა გამოგველია..
მაია დიაკონიძე
9.09.2026 წელი

კიდევ ერთხელ... (პატრიოტული)

კიდევ ერთხელ...
კიდევ ერთხელ ჩამოდგა შემოდგომა მზისფერი,
ქარვისფერი ყურძენი კიდევ აამზიანა,
დასდგომიან ღრუბლები ლურჯ მთებს როგორც ძიძები,
დასცქერიან ხეობებს მედიდურად, ზვიადად.
ჩამოვივლი ბილიკებს, იქნებ დევს გადავაწყდე,
ვიცი, მომეგებება, მიცნობს ადამიანად,
წყაროს თავზე იმისთვის კარგი სუფრა გავაწყვე,
და იმანაც, მეგობარს, გვერდი არ ამიარა.
ჩვენი მღერა-ხუმრობა მთებს და ველებს ესმოდა,
ვთხოვე, აღარ დაკეტოს წყაროს წყალის სათავე,
წასვლისას გადმომძახა თავის სახლის ერდოდან,
,,მე არ დამიკეტია, სულ ტყუილად მაბრალებ.
თუ კაცი ხარ, ერიდე, მოღალატეს, გამყიდველს,
შენი მოდგმის ცოდვებს კი, ზურგზე მე ნუ ამკიდებ,
მე შენი მეგობარი დავიტოვებ ამ იმედს,
უფლის ნებით წყაროს წყალს აღარ მოისაკლისებთ."
კიდევ ერთხელ ჩამოდგა შემოდგომა მზისფერი,
ქარვისფერი ყურძენი კიდევ აამზიანა,
დასდგომიან ღრუბლები ლურჯ მთებს როგორც ძიძები,
დასცქერიან ხეობებს მედიდურად, ზვიადად.
მაია დიაკონიძე
3.10.2026 წელი

Saturday, October 3, 2026

ვით ძველისძველი ხელადა (პატრიოტული ლირიკა)

ვით ძველიძველი ხელადა
ვისაც სამშობლო კვლავ გიყვართ,
საშველად არ აგვიანებთ,
იცით, რომ თქვენი ჯერია,
მისდიოთ არაგვიანებს.
ვისაც ჯერ კიდევ სულში გაქვთ
შაირი მესხი მელექსის,
თქვენს მკერდში ქვეყნის გულია
და მისი ძგერა ერს ესმის.
როცა კლდეს სტყდება ნატეხი,
თქვენს ხმაშიც ზარი ჩნდება და,
გაუძლებთ მრავალ ქარტეხილს,
ვით ძველისძველი ხელადა.
ვაჟას, ილიას, აკაკის
მოგვასმენინებთ მრავალჯერ,
კვლავაც ჭირგადანახადნი
აახმიანებთ სამარხებს.
ზეცა შავი ზღვის ფერია,
ალაგ წვიმს, ალაგ იალებს,
იცით, რომ თქვენი ჯერია,
მისდიოთ არაგვიანებს.
მაია დიაკონიძე
9.09.2026 წელი

Thursday, October 1, 2026

მერაბ კოსტავას!

ძველი ლექსებიდან
მერაბ კოსტავას!
შენ ყველაფრისგან თავისუფლდები,
მიეახლები როდესაც უფალს,
აღარ გჭირდება დაცვა უფლების,
აქ ხომ გიშლიდნენ ამ მთებით სუნთქვას.
გაღხრჩობდნენ გესლით, ცილისწამებით,
გულგრილობით და შურით გაღრჩობდნენ,
მანდ ვარსკვლავების მირიადებით
გამოგიჭრიან გმირის სამოსელს.
მაია დიაკონიძე
13 ოქტომბერი, 1089 წელი

Monday, September 28, 2026

ამცნობთ საქართველოზე (პატრიოტული)

 ჩემი თავი მეგონა უძლეველი სიმაგრე 

და თუ ასე კენჭებად მიწყივ დავიშლებოდი,
გავხდებოდი ყვავების და ყორნების სამიზნე,
ჟამთა სიავისაგან მიწით ავივსებოდი,
არ მეგონა ნამდვილად, შუბლი მქონდა მაღალი,
ქონგურებზე არწივნი დაეძებდნენ ჩეროებს,
ზოგჯერ ცათა სილურჯეს დავცქეროდი მაღლიდან,
ყაყაჩოებს ვუმზერდი, გვირილების მდელოებს.
აღარც მომსვლელი არის, აღარც ბრძოლის ყიჟინა,
სოფლად ვინც დარჩენილა ეხეტება მძინარე,
მე კი ათასწლეულმა ისე გამანიავა,
კალთაში ჩავეშლები აქაფებულ მდინარეს.
მოდით, ხელი შემახეთ ( არც თუ ისე ნაზი ვარ),
კენჭი კენჭს მიაწებეთ, ცად აზიდეთ ლოდები,
ჩემთან გიხმობთ სუყველას, ვინც ლელო ბურთს გაიტანთ
და ქუხილით სამყაროს ამცნობთ საქართველოზე. 
მაია დიაკონიძე
5.09. 2026 წელი

Saturday, September 26, 2026

ეფინებოდა წვიმები სოფელს

ეფინებოდა წვიმები სოფელს
ეფინებოდა წვიმები სოფელს
და ჩემს გულს სევდა-ჭმუნვისკენ ხრიდა,
გადავყურებდი მდელოებს ,,სოველს",
ძაღლი დამარხულ ხელნაწერს თხრიდა.
და წამკითხველიც არ იყო ვინმე,
გამოეჭამა სოფელი ვირთხას,
წვიმა არხევდა გიტარის სიმებს,
ძაღლი ჩემს გულზე სამარხებს თხრიდა.
მაია დიაკონიძე
26.09.2026 წელი

მინიმა

 ახლა სოლოს ცეკვავს წვიმა მაგიდაზე,

ერთ დროს ბებიების ხაჭაპური ეწყო.

მინიატურა

 მინიატურა

სკოლაში გოგოებმა თავიანთი სიზმრები მოყვნენ, ზოგს მონატრებული ბებია დასიზმრებოდა, ზოგს თავისი კატა, ზოგს ზოოპარკი. სოფოსაც უნდოდა მეგობრებისთვის სიზმარი მოეყოლა, მაგრამ ენა არ მოუბრუნდა, არ შევაშინო ბავშვებიო. იმ ღამეს ეშმაკი ესიზმრა, შორს იჯდა და ჯოჯოხეთს აყურებინებდა, როგორ ატყავებდნენ ადამიანებს, როგორ აწამებდნენ. გახსენებაზე გოგონას ტანში გასცრა. დედას მოუყვა დილით ეს სიზმარი. გაოცებულმა დედამ ჰკითხა, როგორიაო ეშმაკი. დიდი, მოწითალო, რქებით და ჩლიქებით, ტანით ადამიანს ჰგავს, ტანზე ძველებური წვივებამდე შარვალიც კი ეცვა. - უპასუხა სოფომ. იმ დღეს ჩახატა კიდეც.
განა შეიძლება, ბავშვებს ეშმაკები ესიზმრებოდნენ?! გაიფიქრა დედამ და პირჯვარი გადაიწერა.

Thursday, September 24, 2026

მინიმა

როგორც ყოველთვის, მლიქვნელობის
ვმოსილვართ სენით,
ჯვარს ვაკრავთ ქრისტეს, მივესევით,
როგორც ტურები,
მონანიებაც გვიანდება,
ვერაფრით გვშველის
და ერთურთისკენ ხელებს ვიშვერთ
საყვედურებით.
მაია დიაკონიძე
23.2026 წელი

                      -------------------------------

ზღაპარში არის: ,,კომბლებსა თლის და აწყობს ჭერში",

ჩვენ კი იმ გმირი კომბლესაკენ არც ვიყურებით.

მინიმა

 სანამ სჭირდები, გიცინიან, გუნდრუკს გიკმევენ,

გაქებენ პირში, პირს უკან კი გაქილიკებენ,
არ დაჭირდები, იქნებ გითხრან სალამი არც კი,
მაგრამ იგივეს მოიმკიან ეფექტით სარკის.
მაია დიაკონიძე
23.09.2026 წელი

Wednesday, September 23, 2026

ბეჟო ბეჟიტაშვილმა დაწერა სიმღერა

 ვარსკვლავი გაბრწყინდა ცაზე

შობის ღამე დგებაო,

დიდებსაც და პატარებსაც

ყველას გვემღერებაო.

ღამე არის ჯადოსნური,

ციმციმებენ სანთლებიო,

ბრჭყვიალებენ ნათურები,

გააქვთ აურზაურიო.

გაიხსნება ზეცის კარი, 

ძირს წამოვა ფანტელიო,

ყველას პირზე გვაკერია

ყრმა იესოს სახელიო..

ჩვენც ალილო შემოვძახოთ,

მადლი ვუძღვნათ გამჩენსო,

საიდუმლო საიდუმლოდ

აღარ უნდა დარჩესო.

დიდი და პატარა მღერის, 

ალილო და ალილო,

დაგებედოთ დიდ სუფრებზე

ბარაქა და ხვავიო.


.