კიდევ ერთხელ...
კიდევ ერთხელ ჩამოდგა შემოდგომა მზისფერი,
ქარვისფერი ყურძენი კიდევ აამზიანა,
დასდგომიან ღრუბლები ლურჯ მთებს როგორც ძიძები,
დასცქერიან ხეობებს მედიდურად, ზვიადად.
ჩამოვივლი ბილიკებს, იქნებ დევს გადავაწყდე,
ვიცი, მომეგებება, მიცნობს ადამიანად,
წყაროს თავზე იმისთვის კარგი სუფრა გავაწყვე,
და იმანაც, მეგობარს, გვერდი არ ამიარა.
ჩვენი მღერა-ხუმრობა მთებს და ველებს ესმოდა,
ვთხოვე, აღარ დაკეტოს წყაროს წყალის სათავე,
წასვლისას გადმომძახა თავის სახლის ერდოდან,
,,მე არ დამიკეტია, სულ ტყუილად მაბრალებ.
თუ კაცი ხარ, ერიდე, მოღალატეს, გამყიდველს,
შენი მოდგმის ცოდვებს კი, ზურგზე მე ნუ ამკიდებ,
მე შენი მეგობარი დავიტოვებ ამ იმედს,
უფლის ნებით წყაროს წყალს აღარ მოისაკლისებთ."
კიდევ ერთხელ ჩამოდგა შემოდგომა მზისფერი,
ქარვისფერი ყურძენი კიდევ აამზიანა,
დასდგომიან ღრუბლები ლურჯ მთებს როგორც ძიძები,
დასცქერიან ხეობებს მედიდურად, ზვიადად.
მაია დიაკონიძე
3.10.2026 წელი
No comments:
Post a Comment