სიყვარული „ვეფხისტყაოსანში“ და დღევანდელი სამყარო
რა არის სიყვარული დღეს? ის, რაც ვეფხისტყაოსანი გვასწავლის, თუ ის, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავთ?
დღეს სიყვარულზე უნდა გელაპარაკოთ, იმ სიყვარულზე, რომელიც „ვეფხისტყაოსანში“ ზეცამდეა ამაღლებული და როგორც მზე, თითოეული ქართველის სულში შუქად იღვრება. იშვიათია ქართველი, განსაკუთრებით ჩემი თაობის, რომელსაც ამ უკვდავი პოემიდან ერთი სტროფი მაინც არ ახსოვდეს. ბევრს უნახავს მისი ილუსტრაციებიც — მიხაი ზიჩის, ირაკლი თოიძის, სერგო ქობულაძის, რომლებიც არა მხოლოდ თვალს, არამედ გულსა და გონებასაც ამდიდრებს.
მანამ კი, სანამ „ვეფხისტყაოსანს“ შევისწავლიდით, ბავშვობაში ვეცნობოდით იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენას" და ,,ბუნების კარს". გვახსოვს პატარა კატო, ნაყვავილარსახიანი გოგონა, რომელსაც დასცინიან, ეს პატარა მოთხრობა გვასწავლის, რომ არ უნდა დავცინოთ, არ უნდა გავიმეტოთ და არ უნდა ვატკინოთ გული სხვას. ეს იყო პირველი გაკვეთილები ადამიანობისა.
ამავე იდეალებზეა აგებული „ვეფხისტყაოსანიც“. მისი გმირებისთვის სიყვარული და მეგობრობა უმაღლესი ღირებულებაა. ავთანდილი და ტარიელი მზად არიან, საკუთარი სიცოცხლეც კი გასწირონ ერთმანეთისთვის. ნესტანის სიყვარულისთვის გაწეული თავგანწირვა გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტი სიყვარული მსხვერპლს ითხოვს, მაგრამ ამავე დროს ამაღლებს ადამიანს და აზრს აძლევს მის არსებობას. მათთვის ფუფუნება და სიმდიდრე არაფერს ნიშნავს, თუ გვერდით არ ჰყავთ ის, ვინც უყვართ.
და მაინც, რა ხდება დღეს?
სამწუხაროდ, სურათი შეიცვალა. ხშირად ვხედავთ, რომ მატერიალური ღირებულებები სულიერზე მაღლა დგას. ადამიანები ერთმანეთს შორდებიან, კარგავენ თანაგრძნობას, ზოგჯერ კი სხვისი ტკივილიც აღარ ეხებათ. ძალადობა, უსამართლობა, გაუცხოება, - ეს ყველაფერი ნელ-ნელა ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა. ადამიანი ცდილობს, თავი დაიმკვიდროს არა შინაგანი, სულიერი ღირებულებებით, არამედ გარეგნული ეფექტითა და სწრაფი წარმატებით.
ამ ფონზე განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, თუ რამდენად შორს წავედით იმ იდეალებისგან, რასაც „ვეფხისტყაოსანი“ გვასწავლის. დავივიწყეთ, რომ სიყვარული მხოლოდ გრძნობა არ არის. ის არის პასუხისმგებლობა, ერთგულება, ერთმანეთის გვერდით დგომა ყველაზე რთულ დროს.
დღეს ბევრი ადამიანი იჩაგრება სიღარიბით, უსამართლობით, უიმედობით. ხშირად გვავიწყდება ერთმანეთის დახმარება, მაშინ როცა სიკეთე ყველაზე მარტივი და ამავდროულად ყველაზე ძვირფასი საქმეა. დაცარიელებული სოფლები, მიტოვებული სახლები, უცხოეთში წასული ადამიანები - ეს ყველაფერი ჩვენი რეალობის ნაწილია და გვაფიქრებინებს, სად დავკარგეთ ის სითბო, რაც ოდესღაც გვაერთიანებდა.
და მაინც, იმედი არსებობს.
მჯერა, რომ ბოროტება ვერასოდეს გაიმარჯვებს საბოლოოდ. სანამ ადამიანში დარჩება სიყვარული, სიკეთე და თანაგრძნობა, სამყარო არ დაიღუპება. „ვეფხისტყაოსანი“ კი მხოლოდ წარსულის წიგნი არ არის, ის დღესაც ცოცხალია და გვახსენებს, როგორი უნდა იყოს ადამიანი.
თუ შევძლებთ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ცოტაოდენად მაინც დავიბრუნოთ ეს იდეალები, მაშინ ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ერიც გადარჩება.
როგორც შოთა რუსთაველი ამბობს:
„ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია.“
No comments:
Post a Comment