მინიატურული პოეზიიდან:
თრობა ვინ ინატროს, თუ გრძნობა მაფხიზლებს,
იჭვების სხმულებით თუ კი ვარ სნეული,
ჩამჭიდე ხელი და ნურასდროს გამიშვებ,
რომ მუდამ ერთ ხორც,და სულ იყოს სხეული.
---------------------------------
მზე - აწყვეტილი მკერდიდან ბროში,
დაკიდებულა ზეცაში დისკოდ,
სიცოცხლე არ ღირს არცერთი გროში,
გრძნობის გარეშე და უიმისოდ.
================
აღარ მინდა რომ შევიმოსო მე აპრილებით,
აღარც მაისით, აღარ მხიბლავს აღარც აგვისტო,
გადამაფარე მტკივან გულზე სევდის ჩრდილები
და მოსაგონრად დამიტოვე ცირკი შაპიტო.
--------------------------
მე პანორამას შევყურებდი აცდენილ სხივთა
და ზღვაში როგორ იღვრებოდა ლურჯი მელანი,
სადღაც კი წვიმა უსასრულოდ ცრიდა და ცრიდა,
ცას კი აპობდა ფლოქვთა ცემა ტატოს მერანის.
________________________
შენი თვალები მიწვევდა ზეცას,
ლურჯ ზღვას გაჰქონდა მათში კამკამი
და მიზიდავდა მე ყველა ერთად,
ზღვაც, ზეცაც, თეთრი იასამანიც.
________________________________
ზოგს ფული უნდა და ამით ხარობს,
მე დამიბერე ამ ქვეყნის ქარო.
===============
ფრანც ფერდინანდის მოკვლას მოჰყვა მსოფლიო ომი,
არც დღეს იცვლება ომებისთვის საბაბ-მიზეზი,
ვერ გაუყვიათ დედამიწა, ვით გუნდა ცომის,
და შესევიან, ხორბლის ბეღელს, როგორც ვირთხები.
--------------------
მინდა ვიმღერო, მაგრამ რა მაქვს ნეტავ სამღერი,
ჩემი სამშობლო დარჩენილა უფეხ-უხელო,
ვეღარა ვხედავ ვაზს ზეცამდე ასულ-აღერილს,
უქართველებო საქართველოს რაღა ვუმღერო.
====================
რა საჭიროა დრამა,
დრო თვითონ ამბობს სათქმელს,
დავრჩებით აქ თუა არა?
გადაწყვეტს ჩვენი საქმე!
----------------------
მაია დიაკონიძე
No comments:
Post a Comment