Wednesday, October 2, 2024

ჩემი მყოფადი დანახული

 ჩემი მყოფადი დანახული

ანწლის ხე იდგა ჩვენს ეზოში,
ანწლის წვენი კი კარადაში,
ნატვრა ყველასი ხის ჩეროში, -
ბებიას კერძი მათლაფაში.
ხის გობზე - ფხალი ეკალასი,
მჭადი კეცებზე გამომცხვარი,
ხეჭეჭურს თავზე - მზე ხალასი,
ჩემს ხელში გოჭი საწოვარით.
მზეზე გამთბარი წყაროს წყალი,
ვარცლში ხტუნვა და ბაყაყური,
ბებოს ლამაზი მწვანე თვალით,
ჩემი მყოფადი დანახული.
მაია დიაკონიძე
1.10.2024 წელი

Tuesday, October 1, 2024

კუნწულა ლექსი, მინიმა

 კუნწულა ლექსი

გულს გტკენენ, არად მიაჩნით,
სახეს მალავენ ჩადრითა,
ცაში სწყურიათ კიაფი,
უნდა, გიცქირონ მაღლიდან,
მაგრამ უფალი იმას სცნობს,
ვინც თავმდაბლობა ადიდა.
მაია დიაკონიძე
1.10.2024 წელი

ვაზის სიმღერა

 ვაზის სიმღერა

მე ჩემი მიწა სამოსად მეცვა,
ყვავილჩითილა ვატარე კაბა,
მწვანე მოლები იცვლიდნენ ფერს და...
შემოდიოდა ყვითელი გამა.
თავს დავიბერტყე ქარვა და ლალი,
ხე ვიყავ, ვაზი, მღეროდა ქორო,
ღვინო-ბარძიმის რომ გეგრძნოთ ძალი,
სიყვარულს გთხოვდით მხოლოდ და მხოლოდ.
ზამთარი არტახს დამაკრავს ყინვის,
ალმასის მძივებს დამკიდებს თოვლი,
სანამ მთლიანად გავხდები მიწის,
კიდევ მრავალჯერ გახარებთ მოსვლით.
მაია დიაკონიძე
1.10.2024 წელი

ჩემი ხარ შენ საფიცარი (სატრფიალო)

ჩემი ხარ შენ საფიცარი
მე დღე ვარ, შენ კი ღამე ხარ,
შენ - დაისი, მე - ცისკარი,
მუხას გავცქერი ნამეხარს,
მოხვდა ელვისა ისარი.
დავიწვი, როგორც ის მუხა,
ჩემი ხარ შენ საფიცარი,
სიყვარულს შევრჩი უხუნარს,
ვით ბნელს - ცა - ჭრელი ციცარი.
მაია დიაკონიძე
10.01.2024 წელი

ქიმერები


ქიმერები
სძინავთ ჩემთან ქიმერებს,
გახვეულებს საბანში,
და როდესაც იელვებს,
წარმოდგენაც მზად არის,
იწონებენ ისინი
თავს თხის ტანით, კუდებით,
გველისა აქვთ, ტირილით,
ფიქრობ, გაიგუდები.
ლომისა აქვთ თავ-მკერდი,
ექიდნეას ასულებს,
ანგელოზებს კვლავ ვვედრი,
შეებრძოლონ ავსულებს.
ბელეროფონტს მიგზავნის
კეთილი მზე ზეციდან,
პეგასის ფრთის ზიგზაგი
ო, რა კარგად მენიშნა.
ასე, ყოველღამეა,
ვინარჩუნებ მეობას,
სიავეს ვერ ვალაღებ,
სანამ ძალა მეყოფა.
მაია დიაკონიძე
30.09.2024 წელი
ქიმერა (Chimaira, "ნორჩი თხა", ლათ. Chimaera.) — ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული, რომელსაც ჰქონდა ლომის თავ-მკერდი, თხის ტანი და გველის ბოლო. ტიფონისა და ექიდნეს ასულია, გუდავს და სპობს ყოველ ცოცხალ არსებას,
ბელეროფონტის და ქიმერას ბრძოლა, როგორც კეთილისა და ბოროტის

მე შევეცდები! (სატრფიალო)

მე შევეცდები!
შენი თვალიდან როგორ იყრება
ვნების მარცვლები და ნაპერწკლები,
ძნელია ამის გადავიწყება,
მაგრამ რას ვიზამ, მე შევეცდები.
შენი მკლავები, ტარიელისა,
დამმარცხებელი ლომთა, ვეფხვების,
ძნელია მათი გადავიწყება,
მაგრამ რას ვიზამ, მე შევეცდები.
რაინდო, ჩემთა ღამეთა კერპო,
ღრმად გაგიდგია გულში ფესვები,
ძნელია შენი გადავიწყება,
მაგრამ რას ვიზამ, მე შევეცდები.
მაია დიაკონიძე
29.09.2024 წელი

დედა

 დედა

ამოვერცხლილი თვალებიდან
ჟონავს წვიმები,
უნებურ ცრემლებს მოიწმენდს და
შვილს ეტყვის ღიმით,
თუ დრო არა გაქვს, არ მოცდე და
არ ჩამოხვიდე,
არ გამიცივდე, შეიკარი
პერანგზე ღილი.
მანქანასთან მდგომ დედას შვილი
შეხედავს სევდით,
თვალით აზომავს ეზოს, ვენახს,
ნალიას ასგზის,
კარს გაიხურავს, შეაწუხებს გზად
ფიქრი ერთი,
დედა რომ წავა... ამ ყველაფერს
ექნება ფასი?!
მაია დიაკონიძე
30.09.2024 წელი