Tuesday, November 14, 2023

,,გვირილების აღდგომა"- თამარ შაიშმელაშვილის პოეზია, ავტ. მაია დიაკონიძე

 

,,გვირილების აღდგომა"

  დღეს თამარ შაიშმელაშვილის პოეზიაზე მინდა ვისაუბრო.  ხელში მიჭირავს მისი წიგნი – ,,გვირილების აღდგომა" და სიამაყით მევსება გული, რომ ასეთი პოეტები არსებობენ საქართველოში. ტყუილად არ უთქვამთ; ,,საქართველო პოეტების ქვეყანააო", ,,ყველა ქართველი პოეტიაო", თამარი კი ასჯერ პოეტია, მისი პოეზია მზესავით ანათებს და ბრწყინავს და მზის სხივგამქრალი ადამიანების სულებშიც მზეს ანთებს, რადგან მას ადამიანი უყვარს მთელი მისი ბუნებით. ის ყველას გულშემატკივარია, ვან გოგის მზესუმზირაა, რომელსაც მზის ამოსვლას ადრიან, მზეს დაჰყვება, ჰკრებს მის სხივებს  და მერე სითბოს ყველას უნაწილებს. ლექსში ,,დავალ" ის წერს:

,,დავალ შენს ბილიკზე, მზეო,

ტირის ფეხისგულზე ნამი...

სადღაც, ამ ღრუბლების ზემოთ,

გიცდი გაზაფხულის გავლით..."

გაზაფხულივით ნაზი და სათუთია პოეტის სული, რომელიც სავსეა ყვავილების სურნელით, თაფლის სიტკბოთი. თითოეული ლექსი სულის პეიზაჟს ჰქმნის, ყველას თავისი ტონალობა, ჟღერადობა, მუსიკა აქვს. ლექსში ,,ვარდის ღამეა" ის გვეუბნება:

 ,,ვარდის ღამეა,

ღვივის ცრემლი, —

თეთრი მოცხარი,

შენთვის

გვირილებს შემოდგომის

ისევ ვახარებ...

მზის ბარაკონზე

დაწინწკლული სევდით

სძოვს ცხვარი,

სიცოცხლისა და იმედების

მშვიდი მახარე,"

დიახ, სიცოცხლე იმედის გარეშე მტკივნეული და გაუსაძლისია, ცხვარი კი სიცოცხლის, სიმდიდრის, ბარაქის სიმბოლოა. ის ღვთის სამწყსოა, შევხედავთ მთაზე შეფენილ ცხვარს და ჩვენი გული სიმშვიდით ივსება. ცრემლი ადამიანის მუდმივი თანამგზავრია. ის ხან სიხარულისაა და ხან მწუხარების, საოცრად ლამაზია თეთრ მოცხართან შედარებული ცრემლი.

  თვითონ წიგნის სათაური: ,,გვირილების აღდგომა" სიმბოლურია. წაკითხვისთანავე წინ წარმომიდგა გვირილების ველი ჩამავალი მზის სხივებით გადაწითლებული. საოცარი სანახაობაა. აღდგომა სიკვდილის დამარცხებაა, ძლევა სიავისა, ბოროტებისა. რას, თუ არა სილამაზეს, ხელოვნებას შეუძლია დაამარცხოს სიკვდილი. სწორედ ხელოვნებაში იძენს ადამიანი უკვდავებას. ხელოვნებაა ის ჩერო, რისთვისაც პოეტს თავი შეუფარებია. იქ ეძებს ის იმედს, სიყვარულს, სურვილების ასრულებას.

,,ჩემო სიყვარულის ნისლო,

ჩემო გვირილების ჩეროვ...

სურვილს სალბუნივით ვიშრობ,

თეთრი სიზმარივით გჩემობ".

პოეტის სიზმრები თეთრია, სადაც საქართველო ბრწყინავს, ელვარებს, სადაც არაა ომი, სადაც არ არის ღალატი.,,ღალატის ემბაზში არ მღერის ღიღილო", წერს პოეტი ლექსში ,,ღალატის ღამე". თამარი სიყვარულს მიიჩნევს დედამიწის მამოძრავებელ ძალად და სხვა რა უნდა გვინდოდეს მართლაც დედამიწაზე ადამიანებს?! საოცარი ლექსია ,,წვეთი". ქართული ანდაზა გამახსენდა: ,,ზღვა წვეთ-წვეთობით დაილიაო", ზღვა ხომ წვეთია, ასობით, ათი ათასობით, მილიონობით.

                                 წვეთი

წვეთი

ყველაზე ძლიერია,

წვეთი ზღვა არის...

ჩვენ წვეთ-წვეთობით

ამ ზღვას ვქმნით და

მასვე ვეკუთვნით...

ჩვენ ამ სიყვარულს

ჩვენს სულებში

ვზრდით და

ვაცოცხლებთ...

სხვა რა გვინდოდეს

წუთიერში, ნეტავ,

აქ –

ცოცხლებს?!

მართლაც, რა უნდა გვინდოდეს ადამიანებს, ღვთის შვილთ, დედამიწაზე სიყვარულის გარდა, მაგრამ სამწუხაროდ, დედამიწა სავსეა სიავით. ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ბოღმას, შურს, გაუტანლობას დაუსადგურებია მათ გულებში. რისი შედეგიცაა შემდგომ ომები, შიმშილობა, ბავშვთა სიკვდილი, განადგურებული ქალაქები, მიტოვებული სახლები. ერთ უსათაურო ლექსში პოეტი წერს:

,,თოვლი. სიმშილი.

ანძა გამხდარი.

მუნჯი ქალაქის

დროშა გამხდარი.

ვით დახლიდარი

ჩასაფრებია

ღვთის ანაბარად

დარჩენილ სულებს –

შუქიან პეპლებს

თუ წარმავლობის

სევდით გამთბარებს,

ამ უმწეობას

ვით შეიკედლებს

მზე მწუხარე და

გულმოფართქალე."

ამ ლექსის წაკითხვის მერე მიწასთან გასწორებული, ნანგრევებად ქცეული უკრაინის ქალაქი მარიუპოლი გამახსენდა და ღვთის ანაბარად მიტოვებული შუქიანი პეპლები - ბავშვები, რომელთაგან ბევრი დაიღუპა კაცობრიობის სამარცხვინოდ. მზესაც კი არ შეუძლია ამოავსოს ყველა ჭუჭრუტანა, ადამიანის სულის შავბნელი ხვეულები, რომლებიც ლაბირინთებივით ირევიან და ზოგჯერ ქვადქცეული ადამიანების გულებიდან გამოსვლის საშუალებას არ გვიტოვებენ.

  ახალი ეპოქა აჩქარებული ტემპით ცხოვრებას გვთავაზობს. დაღლილობა, დეპრესია ადამიანების სულიერი ხვედრია და რა საოცარია თამარ შაიშმელაშვილის ლექსი: ,,შემოდგომის ხე", რომელიც ჩვენ ადამიანებს ამ რუტინული ცხოვრებიდან გამოსავალს იმით გვთავაზობს, რომ ბუნებას ვუცქიროთ, დავტკბეთ მისი სილამაზით. მხოლოდ ამას შეუძლია ჩვენი გადარჩენა.

                  ხე შემოდგომის

დილით, როდესაც

კარს გაიხურავ

და მხრებზე ირგებ

რუტინას დროის...

გადაგიდგება გზაზე

უეცრად

ხე შემოდგომის...

ფოთლების მოლით...

გაგაჩერებს და

რაღაცას გეტყვის,

უთუოდ გეტყვის

სევდის რიალით

და საიდუმლოდ

საღრუბლეთისკენ

სურვილს გაგტაცებს

ფრიალ-ფრიალით.

   თამარის ლექსები სიყვარულის სიტყვასკვნილებითაა მოქარგული: ,,რტოებნატირალი", ,,სამანმჩენი", ცრემლჩაწნულები", ,,სანთელნარღვევი",  ,,მზემთვლემარე",  ლოცვასავით დაჰყვება მის ლექსებს ღვთის სადიდებელი. არ შეიძლება მისი ლექსები წაიკითხო და მისი  ჭასავით უძირო, ღრმად მოაზროვნე ბუნება არ დაინახო, რომელიც სამშობლოს სიყვარულით იწვის. მას ენატრება თვალებში სხივჩამდგარი საქართველო, აყვავებული თუშეთითა და ხევსურეთით, კახეთით და იმერეთით;

,,მენატრები და...

ვაღებ ფანჯარას,

შემომეყრება ტოტი

ნუშისა...

ჯვარი,

მზეზე აყვავებული."

აყვავებული საქართველოა მისი ოცნება:

,,ეს სიყვარულზე მეტია,

ეს სამყაროზე მეტია...

რაც სულში ვერ ჩაეტია,

რაც ცრემლში ვერ ჩაეტია...

სიზმარ-ცხადები გეტყვიან,

ჩემი თვალები გეტყვიან...

 დიახ, თამარის თვალები ყველაფერს ამბობენ, ის რაც ლექსში განფენილა, რითაც სუნთქავს მისი ლექსი.

  ქართველ მხატვართაგან კი მის პოეზიას ზურაბ ნიჟარაძის ფერწერას შევადარებდი, მზიანს და ოქროსფერს. ზურაბ ნიჟარაძის ფერწერული ტილოების სიუჟეტების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ქალია, სისხლსავსე, ფერხორციანი. ის ძლიერ ქალებს ხატავს, რომლებიც მყარად დგანან მიწაზე, მაგრამ ამავე დროს მათი სულიერი სამყარო დიდი და დიადია.  ქალი სამყაროს მამოძრავებელი ძალაა, მას შეუძლია იყოს გმირიც და იყოს ნაზი სატრფოც, ხან მახვილით ხელში მოგვევლინოს და ხან - არფით, რომ დაატკბოს გარშემომყოფნი მუსიკის მომხიბლავი ჰანგებით. ზურაბ ნიჟარაძის ქალებიც ხან ზეცაში დაფრინავენ ფაფუკ ღრუბლებთან ერთად საყვირებით ხელში, ხან ყვავილებით ხელდამშვენებულები შემოგვცქერიან, ხან სოფლის უბრალო ქალები არიან მამლით მოსიარულენი, მოგზაურობენ ვირით და მასზეც მსხდარნიც მაინც დედოფლები არიან. რაღაცით ისინი თამარის ლირიკულ გმირებს მაგონებენ, ალბათ, სულის სინატიფით, შეუპოვრობით, ტრფიალების სინაზით. როგორ მაგონებს ზურაბ ნიჟარაძის ქალ-პერსონაჟს თამარის დედა თუნგით ხელში, რომელიც მის ლექსში: ,,თუნგი“ წარმოჩნდება:

 

ეს გაზაფხული ვერცხლისფერი

დედის თუნგია -

აყვავებული...

ცრემლის ზედაშე.

 

დედამ მზისფერი ჩქერალები

ჩამოწურა სპილენძის ნისლში,

ზანზალაკებად ჩაუდგა სევდა,

თეთრი ტკივილი,

როგორც ვენახში წინგორგოლაზე,

მღერის სული, სიტკბოებას ნაზიარევი... 

 

ხოლო როცა თამარ შაიშმელაშვილის ,,ხარისთვლა“ წავიკითხე, ზურაბ ნიჟარაძის ერთი ჩანახატი დამიდგა თვალწინ :,,ვაჟა-ფშაველა“, როგორ შეესაბამება ამ ლექსის სტრიქონები დიდ ვაჟას, სამყაროს აღქმის უზარმაზარი უნარი ჩანს აქ.

 

ელვარება ეცვა ღამეს,

შენი სევდის სისხლი მღლიდა,

შენს ნაღველში მოღუღუნე

სამღერალი დამიღვინდა...

შენს ხელებში მობიბინე

მზის ჯეჯილი ამიღიმდა...

ეს ტკივილი მიღმიერი,

ეს სიცოცხლე ამად ღირდა.

 

  როცა მხატვრის და პოეტის შემოქმედებაში პარალელებს ვავლებთ, ვხვდებით, რომ ხელოვნება ერთიანია, ეს არის გადასვლა ერთი ფორმიდან მეორეში, შინაარსი კი უცვლელია, ის ზოგადსაკაცობრიო იდეალებს ემსახურება. როგორც ლეონარდო და ვინჩი ამბობდა: მხატვრობა მუნჯი პოეზიაა, ხოლო პოეზია – ბრმა მხატვრობაა. თამარიც წერს და ქმნის პორტრეტებს(,,შენ, მამაჩემო“, ,,დედაჩემი“, ,,ქეთევან დედოფალს“, ,,ტრფობის პატიმარი“(ლევან გოთუას), ,,ერგნეთში“(ციცინო ბაბუციძეს) და სხვ.), პეიზაჟებს (,,თებერვლისა“, ,,მარტის ოქტომბერი“, თვითონ სათაურიც მიუთითებს ბუნების სასწაულზე).

 

როგორ გეძახი ამარტისფრად

და კვლავ სასწაულს როგორ ველი...

და მარტოობის ნანატრ სიზმარს

მარტავს ფოთლებით ოქტომბერი...

                   (,,მარტის ოქტომბერი“)

 

   არ შეიძლება პოეტის შემოქმედებაში არ გაესვას ხაზი სატფიალო ლირიკას. ის სიყვარულის ისეთ ბადეს ქსოვს, რომელშიც გაბმულს, - სატრფოს,  სიყვარულის მთელი სილამაზე უნდა აგრძნობინოს და არა ჟინმორეული ქალივით ვნებებისგან დაცალოს, ქანცი გაუწყვიტოს. თამარის სიყვარული ნაზი და ფაქიზია, იას ჰგავს, რომლის გათელვაც ფეხით ადვილად შეიძლება, მაგრამ ღრუბლებად ქცეული ის მიუწვდომელი და უსასრულოა. ის ჯემალ ქარჩხაძის  ,,ზებულონის“ ერთ-ერთ გმირს - ნესტანს მაგონებს, რომელსაც მსხვერპლშეწირვა შეუძლია, სატრფოს და სამშობლოს ბედი მისთვის უპირველესია. ბევრი ჩვენგანი ინატრებდა ასეთ ზებუნებრივ სიყვარულს, თოვლივით წმინდას, რომელსაც არ შეიძლება ტალახი, ადამიანური სისუსტენი   შეეხოს.  ის ლექსში ,,თეთრი ვარდებით“ ასე მიმართავს სატრფოს:

,,რომ გაზაფხული დაგიბრუნო

ცისფერპერანგა

სულიდან ლექსში, ლექსში სიზმრით აგიბიბინდე,

ჩემს ღამეებში თბილ ნისლად ვინ

მოგიფერადა,

რად ენატრები მოწკრიალე სულს,

ნაგვირილევს...“

    პოეტის სული მოწკრიალე ზარია, რომელიც უხმობს სატრფოს ზღაპრული ფერადი ყვავილების სამყაროში, რომ სულში გაზაფხული ჩაუსახლოს. მისი სიყვარული მოდილიანის სიყვარულია, უდიდესი მხატვრის, რომლის სატრფო - მუზა  მისი უძვირფასესი მეუღლეა.

 

ჩამოითოვლა სიზმარივით

ეს დღეც

ნოემბრის 

ნუშისთვალება სიყვარული

მოდილიანის.

 

წავიკითხავთ ამ სტრიქონებს და მაშინვე მოდილიანის ნუშისთვალება გრძელკისერა ულამაზესი ქალები წარმოგვიდგება თვალწინ.

   ლექსში ,,მზეს ეფარებიან"    კარგად ჩანს პოეტის პრინციპულობა, არ დაზავდეს ბოროტებას, სიავეს.  რაც არ უნდა ეცადონ გარეწრებმა, ის მათთან ალიანსში არასოდეს შევა. მისი სული პეპელასავით სუფთა და შეურყვნელი დარჩება მუდამ.

 

ავსიტყვის ზუსტი დამიზნებით                       

გულს ეკალ-ისრებს უმზადებენ...

დღეს დააბნელებენ კუპრი მზერით

და დიდ სიყვარულს მურს ადებენ...

და წრფელ ოცნებებს ეხლებიან...

დაულეწიათ ავჟანდები,

წყვდიადის კვამლში ვერ ხვდებიან,

ბოროტებასთან არ ვზავდები!

 

 თამარ შაიშმელაშვილის პოეზია საბადოა მეტაფორების.

ლექსში ,,სიცოცხლის ხე“ ის წერს:

 

ჩემი სამშობლო

სიცოცხლის ხეა,

უდაბნოში დარჩენილი

საქსაულივით -

დასაბამიდან ღვთის თვალებს

რომ ქსოვს....

 

ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ, არანაირი შეკითხვა აღარ გვებადება, – ვინ არის თამარი?! ყველაფერი დღესავით ნათელია, ის დიდი პოეტია.

   ეს მცირედია, რაც დავწერე თამარის რამდენიმე ლექსის წაკითხვის შემდეგ, ამოვთქვი რაც სულმა ვერ დაიტია. მკითხველს დიდი სიამოვნება ელის წინ, წარმატებებს ვუსურვებ თამარს, მკითხველის სიყვარულს და აღტაცებას, რაც ასე სჭირდება თითოეულ ხელოვანს!

პატივისცემით, მაია დიაკონიძე

26.10.2023 წელი

კლდე და სიყვარული (სატრფიალო, ახალი წიგნიდან ამოღებული ლექსები)

 

 

კლდე და სიყვარული

 

კლდის ნაპრალებში ღრმა სიბნელეა,

კალთებზე თოვლის მოჩანს ნაფიფქი,

ნეტავ გაყინულს რა ეშველება,

გულში ტორტმანებს გრძნობა ფაქიზი.

ირყევა, იძვრის, თითქოს თამაშობს,

თითქოს გამხდარა ნორჩი და ქორფა,

მაგრამ კლდეა და ,,ტანო ტატანო"ს,

ვერ ამბობს, სწუხს და ბავშვივით მოთქვამს.

ვინც რომ ერჩივნა ყველას და თავსაც,

ვინც რომ გრძნობების ზღვაში ჩაძირა,

მას ელოდება ესოდენ ნაზად

და აღარ ითვლის დროს და მანძილსაც.

გაზაფხულდება, დადნება თოვლი,

ია შეხედავს თვალებით ლურჯით,

კლდეც მომთმენია, გაუძლებს ლოდინს,

თუ ეს ლოდინი არ იქნა ფუჭი.

26.01.2023 წელი


რად არ მიშუშებ?!

 

რად არ მიშუშებ, ღმერთო, იარებს,

რად ვერა ვხედავ ახლოს მის სახეს,

მომძახის ქარი, -  დაიგვიანე,

ნუღარ ახსენებ შენ იმის სახელს.

 

დიდი ხანია სხვისია, სხვისი,

სხვას ხურავს უკვე ჭრელი მანდილი

და მე სუნი მცემს ნოტიო მიწის,

ცრემლით დამბალი ოქროს სათიბის.

 

ბაგეზე ვიგრძნობ მის ტუჩთა გემოს,

ხელების ცახცახს და აღმაფრენას,

მაგრამ მზის სხივში იმ ხეთა ჩეროს,

შენაცვლებია სულ სხვა არენა.

 

და მე მივყვები დამფრთხალ მზეწვიებს,

რომ არ აცალეს ცაში გაფრენა,

და ვთხოვ გამიშვას მამაზეციერს,

ნამსხვრევი ფრთების შევძლო აწევა.

20.10.2022 წელი


 

ყოველთვის მახსოვდი...

 

ყოველთვის მახსოვდი, ყოველთვის მიყვარდი,

ცის ანგელოზივით თან მდევდი  მეგზურად,

და ერთხელ მომეცი შენ ჯადო - ნიშანი,

რომ უნდა მენახე მქუხარე ენგურთან.

მდინარის შხუილში შენი ხმა არ მესმა,

ვერც მე გაგაგონე, ვერ გითხარ, რაც მსურდა,

და ჩვენ რას ვიზამდით, ღმერთს ასე ენება,

ეს ჩვენი გრძნობები გაფრინდა ფასკუნჯად.

ერთხელაც ფრთა მოსძვრა და ნაზად შემეხო,

დამწვრობაც მომირჩა და გულის იარაც,

მივხვდი, გაგახსენდი, შენ, ჩემო ვამეხო,

შენთან შესახვედრად ვამზადებ ტიარას.

დედოფლის სამოსით მინდა რომ გეწვიო,

ზღვისფერი ფარჩებით, ასე რომ გხიბლავდა,

რომ შენ თქვა: ,,ასულო, მიწის და ზეცისო,

შენა ხარ ის ქალი, ასე რომ მიყვარდა!"

11.08.2022წელი


პოეტს!

 

შენ ფერგამკრთალი შემოდგომა იყავი მაშინ,

არა გატყუებ, შენს თვალებში ზღვები იძვროდა,

გამაჟრიალა, უცბად სისხლი აჩქეფდა ტანში,

ნეტავ ვინ ვიყავ მაშინ შენთვის, ნაზი იზოლდა?!

ჟღერდა შენი ხმა, როგორც გონგი, მიჰქონდა ზეცას,

სულის შეკვრამდე შემძრა შენმა რითმა-სიტყვებმა,

არ დაიჯერო, რომ უყვარდე სხვას ჩემზე მეტად,

ასეთი გრძნობა არც არის და აღარც იქნება.

მაია დიაკონიძე

28.09.2022წელი


შემომხსენ ჯაჭვი!

 

ბევრჯერ მატირა უშენობის მწარე რეალმა,

შემომხსენ ჯაჭვი, თუ ამ ქვეყნად ვეღარ გიხილე,

ნუთუ იმისთვის დავიბადე, ცრემლად მეწვიმა,

შენს სიყვარულზე დავკითხვოდი მხოლოდ გვირილებს.

დავიმალები მოვარდისფრო ღრუბელთ ფარჩებში,

დამინანავებს ალმაცერი მინდვრის ნიავი,

შენ ალბათ ჩემგან ასე უღვთოდ მიტომ წახვედი,

რომ ვერ მეპოვე, ცხოვრებისგან განაწირალი.

ვიყავით მთელი, შენ ვერ ნახე შენი ადგილი,

მე მომენატრა ჩემი სახლი, ჩემი ბავშვობა,

შენ სადღაც გრიგალს მაღლა მთებში ქროლვით გაჰყევი,

მე  აღარ შემრჩა სინატიფე, აღარც ანცობა

და ვდგავარ ახლა, არსებობის გზაგასაყარზე,

შენი ნახვის და მოფერების იმედით სავსე,

მაგრამ თუ ამის ბოლო შანსსაც აღარ მიტოვებ,

მოდი და გულზე შემოკრული ჯაჭვები ჩამხსენ.

მაია დიაკონიძე

23.05.2022წელი


ციკლიდან: ,,დალი და მონადირე"

(ხალხურ მოტივებზე)

 

დღისით ჯიხვებზე ნადირობ,

ღამით სუფრას ვშლით მე და შენ,

გინდა, რომ მომინადირო,

სიყვარულის ვსვათ ზედაშე,

 

ვარსკვლავებ ზედ გადმომაყრი,

ვბრწყინავ უფრორე მინაზე,

ჩემი ოქროის დალალი,

ბზინავს ვით ვარდი სინაზე,

 

დაეფინება მთა-ველებს,

შენც გაგხვევს შუქში დილამდე,

სადაც რომ არ უნდა იყო,

მას მერე სულ მე მინატრებ.

28.04.2022წელი


სიკვდილი კი არ ეწვევა გელათს!

 

ახლა სამოსელს ვიკერავ სულ თეთრს,

გადმომახურავს ღრუბლები ფარჩას,

სანამ ვეწვევი ზეციურ სულეთს,

დავლოცავ, რაც რომ მიწაზე დარჩა.

 

ვიტყვი, რომ სიკვდილს მე სულ არ ვუფრთხი,

დაე, მომცელოს, იმისმა ცელმა,

არა ვყოფილვარ არასდროს ქურდი,

არ მოვიპარავ დღეებს, ვით მელა.

 

ამ ქვეყნად მე ვარ სულ ერთი ქანჩი,

რომ არ გაქრება სიცოცხლე, მჯერა,

ყველა მივიღებთ იმ ჩვენ- ჩვენ არჩივს,

სიკვდილი კი არ ეწვევა გელათს.

21.10.2023 წელი


მე მომწონს!

 

მე მომწონს შენი თვალი და შუბლი,

ასე უწყვეტად რომ მაყრის სხივებს,

სულის ჭურჭელი სამყაროს უდრის,

და დაუტეველ სიყვარულს იტევს.

და მიხარია, რომა ხარ ერთი,

რომ შენნაირი აღარსად სახლობს,

შენა ხარ ჩემი სამყაროს ცენტრი,

და აღარაფერს აღარა ვნაღვლობ.

ვიცი, რომ ჩემთან მოგიყვანს ღმერთი,

ამინთებს თვალში მზესა და მთვარეს,

და სულიწმინდის სახება თეთრი

შენზე გამოვლით ჩემამდე აღწევს.

6.04.2023წელი


კოცნა (სატრფიალო - სალაღობო)

შენ მეუბნები, ნუღარ მიწვევო,
როცა გიგზავნი კოცნას,
სადაც ხარ, ნეტავ, იქაც გიწევდეს
ცად აფრენილი ლოცვა.
სულში არეულ ქარიშხალს ვგავდე,
და ბობოქრობას ფიქრის,
ოღონდაც შენი სურვილი მანდე,
გულამღვრეული ნისლით.
და მე შენს სახეს ხატებად ვაქცევ,
ქარს გამოვყვები როცა,
ლოყებზე ტკბილად მოგიალერსებ,
რომ დაგამჩნიო კოცნა.
მაია დიაკონიძე

20.01.2023 წელი

სიმღერა

ტუჩზე მინდა შენი ტუჩის ნაკვალევი
მემჩნეოდეს და მიკრავდეს სუნთქვას,
ღვინო მქონდეს შენს ბაგეთგან დანალევი
და ჩემს სისხლში ჩხრიალებდეს მუდამ.
თორემ ისე რა აზრი აქვს ამ ცხოვრებას,
თუ აისებს ეგებები მარტო,
არ მოუკლავს ჯერ არავინ ლაღ ოცნებას,
ამიტომაც ჩემს სულს სულ შენ განდობ.
მაია დიაკონიძე
4.01.2022წელი

,,ოცნებების ასრულების დამდგარიყო ღამე"
ოცნებების ასრულების დამდგარიყო ღამე
და შენს თმაზე ცა აფენდა საფირებს და ლალებს,
ირეოდა შიგ სხივები მრავალ ათას ფერად,
სწორედ ამ დროს, სიყვარულის, უფრო მეტად მჯერა.
ვეხებოდი ტბებს, შენს თვალებს, დავცურავდი მათში,
თითქოს ჩემთვის დამდგარიყო სულ ახალი ერა,
ვლივლივებდი და ვბრწყინავდი, ვით ვარსკვლავი ცაში,
სწორედ ამ დროს სიყვარულის უფრო მეტად მჯერა.
როცა შენი ლალის ტუჩი შეეწება ჩემსას,
სიყვარულმა დამიარა ნაკვერჩხლად და ღველფად,
ჩემს სხეულში დაიკლაკნა ცეცხლებად და ელვად,
სწორედ ამ დროს სიყვარულის უფრო მეტად მჯერა.
მისამღერი:
გარედან ცეცხლის ალები მწვავდა,
შიგნიდან ტრფობის, ულევი ვნების,
მკლავდა მე შენი სილურჯე თვალთა
და ხელთა ნაზი შეხება შენი.
ამოუცნობი იყავი საგა,
დღემდე ვკითხულობ და ვერა ვხვდები,
ოდესღაც ჩემი გეჭირა მაჯა,
რატომ ვერ მიცან, როდესაც შეგხვდი.
მაია დიაკონიძე
21.01.2022წელი

მაგ შენი ლურჯი თვალების მიღმა...

მაგ შენი ლუჯი თვალების მიღმა
ხან ზაფხულია, ხან გაზაფხული
და რომ გიყურებ თბილსა და მღიმარს
ზეიმი მიდგას ჯერარნახული.
ელავს ვარსკვლავთა უძირო ზეცა,
თვალების შუქი მიღმიერს გასცდა
და მაინც ენით აუწერელი,
მუდამ თანა მდევს ტკივილის განცდა.
ჩემთან ხარ თითქოს, თითქოს სხვისა ხარ,
მოდის ვნებები ტოტების მტვრევით
და რომ გიყურებ ამ ჩემს ნისლა ხარს,
გადააბრუნო იქნება მთებიც...
მიპოვო ოღონდ, სანამ ვარსებობ,
სანამ ფილტვები ღონივრად სუნთქავს,
შენთან შევჭამო პური არსობის
და მერე დავდნე ფიფქივით თუნდაც.
მაია დიაკონიძე
27.12.2022წელი

ჩვენ!
ხეების მწკრივებს ჩავუარეთ ედემის ბაღის,
განა და მართლა არის ედემის, ასე ვეძახით,
და ვით მტევნები ცად აწვდილი ცოცხალი ვაზის,
ჩვენი ფიქრებიც ლამაზია, ყვავილ-ფერადი.
ასე მგონია ღმერთი გვისმენს, როცა ვსაუბრობთ,
როცა ერთმანეთს ვეფერებით და ვნებით ვკოცნით,
და განა ვინმეს, შენ გგონია შენს თავს დავუთმობ,
როცა შენ ერთი მოგიპოვე მხურვალე ლოცვით.
მაია დიაკონიძე
11.12.2022წელი

მაგ თვალებში გუშინღამ რომ ჩამახედე,
ო, რა დიდი მოდიოდა სითბო,
და რა ვუყო ამ გულს შენგან განახელებს,
ჩვილ ბავშვივით სიყვარულს რომ ითხოვს.
ამიტაცე მაღლა ცაში, მასეირნე,
ღრუბელთ წყება მინდორია თითქოს,
მზის აკვანი იყოს ჩვენი გოჯი-ციხე,
და გავცვალოთ ჩვენ კოცნები თითო.
მომიკრიფე მზის გულიდან ალმასები,
ჩამაწანი მოოქროვილ თმებში,
გავიღვიძებ შენთან ტრფობით ანავსები,
გვირგვინივით გავბრწყინდები მთების.
მაია დიაკონიძე
8.12.2022წელი

რომ გიყვარვარ (სატრფიალო)
რომ გიყვარვარ, განა, ჩემო, მე არ ვიცი?!
ჩემ წინ დგახარ ვით უმწეო ნაზი ბარტყი,
არ მავიწყებ არც გულიან ღიმილ-სიცილს,
შენი სახლი იქვე მდგარი ხეა არყის.
მოფრინდები და ამივსებ სულის ჭურჭელს,
იღიმი და ამიჟღერებ სულის სიმებს,
მათქმევინებ შენთვის სიტყვებს, ჯერაც უქმელს,
,,შენთვის ვკვდები, საყვარელო, გამიღიმე!"
შენს ღიმილში იხატება მზეც და მთვარეც,
შემოსეულ ვარსკვლავებსაც რაღა ვუყო,
ო, მომეცი, ღმერთო მეტი სითამამე,
გაგიტაცო, საქმენი ვქნა საჩაუქო.
მაია დიაკონიძე
6.12.2022წელი

წვიმდა, წვიმდა
(სიმღერა)
წვიმდა, წვიმდა და არაფრით გადაიღო,
ჩამოიქცა ლამის მთელი ზეცა,
შენს თვალებში მაინც მზე და მთვარე იყო,
ვერაფერი ვერ უცვლიდა ფერს და...
წვიმდა, წვიმდა, მოჟღურტულე შოშიებსაც,
ფოთლების ქვეშ მოენახათ ბინა,
მე და შენ კი განა წვიმა გვაშინებდა,
ერთად ყოფნის სიხარული გვჭირდა.
მაია დიაკონიძე
20.11,2022წელი

ექსპრომტი

მე შენს ხელებში ვისრისები, როგორც ფოთოლი,
ნაწილაკებად, ნაწილებად, ფერად, გამებად,
და აუხდენი, მიუღწევი შენ ხარ გოდოლი,
და მელოდება ერთადერთი — გარდაცვალება.
ვისთვის კიაფობს შემოდგომა - ტყეების ტევრი,
წვება ჩემს გულში ზურმუხტებად, ქარვა-ლალებად,
და მრჩება მხოლოდ ცივზამთარი, თოვლივით თეთრი
სხვა არაფერი, შენს თვალებში გარდაცვალება.
მაია დიაკონიძე
16.11.1022წელი

 

ქარო!

შენ სიხარულის ჩემის, დარდის თანაზიარო,
ქარო, მიაპობ ტრამალებს და უბელო ცხენის
ჟინი და ლტოლვა დაგუფლებია, არ გინდა მეტი,
ის ერთადერთი სიყვარული იპოვო შენი.
ეჟვნის ჟღარუნით გინდა ამცნო ყველას და ყოველს,
რომ გიყვარს, ნატრობ, მასთან იყო ყოველი წუთი,
ჟამთმდინარება მაგ შენს გრძნობებს ღეჭავს და ცოხნის
და ვერ განსაზღვრე, როგორც ვხედავ, შენ აზიმუტი.
მაია დიაკონიძე
13.11. 2022წელი

არ ვიცი!

თოვლია, ნამქერი, ქარბუქი,
ცივ მიწას ეწვია, კვალსა შლის,
არ ვიცი, გელოდო როდემდის,
არ ვიცი, გელოდო, სადამდის.
ფიფქებმა მიდამო დაფარა,
მზე ჩადის, ირიბად ეშვება,
დავეძებ სუყველგან შენს გზა-კვალს,
ფიქრები რუხ კვამლში ეხვევა,.
მე მაინც დაგიცდი ბოლომდის,
ვერ მოხვალ? არც შენი ბრალია,
ყოველთვის აზრი აქვს მოლოდინს,
თუ გიყვარს ჩემსავით ძალიან.
მაია დიაკონიძე

გულგახეთქილი დაეშვა ციდან,
და შემოგეჭრა მაგ ლურჯ თვალებში,
ნეტავ ჩემზე თუ იეჭვიანა,
მზის სხივია თუ პირისფარეში.
შემოეხვია შენს სხეულს სულ მთლად,
მე კი მიჩხვლიტა გულის არეში,
და, ღმერთო, მომეც წამები თუნდაც,
მეც ვიბანავო სხივთა ზვარეში.
მაია დიაკონიძე
10.11.2022წელი
21.07.2022წელი

სალაღობო
სიყვარულზე ვწერე ბევრი, გამოვიდა ერთი წიგნი,
მაგრამ ტრფობის ავან-ჩავანს ვერც სხვა მიხვდა, ვერც მე მივხვდი,
ვარსკვლავებსაც ვდიე ცაში, სიტყვა ვიცან არსთგამრიგის,
არც ეწვევა სიყვარული, ზოგჯერ კაცი ისე მიდის.
შენ კი ჩემო ბედისწერავ, რა ხანია უკვე გიცდი,
მომაპყარი ზღვის თვალები, პარაკლისს რომ ცაში მიხდის,
რომ ჩემი ხარ, ისიც ვიცი, გაგიმეტა ჩემთვის ბედმა,
გამოგგზავნა ლურჯი ჩიტი ჩემს მფარველად და იმედად..
მაია დიაკონიძე
29.10. 2022წელი

არ დაიჯერო!
შემოიჭერი, როგორც სინათლე,
ღამის წყვდიადში ფრთები გაშალე,
ახლაც არ ვიცი, ნეტავ უშენოდ,
რას ვაკეთებდი, ჩემო, აქამდე.
სულში ორპირი გაქრა ქარები,
და შემიხორცდა წლების ბზარები,
ჭა ამომშრალი წყალით შეივსო,
ზეცად ჩამოჰკრეს ცისკრის ზარები.
და მოდი ჩემთან, ნუღარ მაწვალებ,
რომ შენი ტუჩის გემო ვიგემო,
და თუ გითხარი, აღარ მიყვარხარ,
შენ არასოდეს არ დაიჯერო.
მაია დიაკონიძე
23.10.2022წელი

ისევ სატრფიალო:
ამ სხეულს ჩემსას, ლამაზ ამფორას,
ხან სევდით, ხანაც ვნებით ავსებდი,
და მე მეგონა ხშირად რატომღაც,
რომ არ გიყვარდი ზღვა გატაცებით.
ჩვენს ოთახს მთვარის შუქი ავსებდა,
და ლურჯ სიზმრებში გხვდებოდი მუდამ,
დაგკარგე, გდარდობ, დამრჩი სახებად,
იმედად, რომ კვლავ გიპოვო უნდა.
მაია დიაკონიძე
15.10.2022წელი

სახუმარო-სალაღობო ლექსები:
სადაცა ხარ, თუ გარშემო
სხვები სხივთმებს გიშლიან,
ბროლის კოშკი რომ აგიგო,
მე მასაც დამიშლიან.
ირგვლივ შემოგერტყმებიან
ვით მაცდური ალები,
ჩემს მაგივრად რომ გიკოცნონ
ეგ ზღვისფერი თვალები.
მე არ დაგთმობ, თუნდ დაიქცეს,
ირგვლივ მთა და ბარია,
თვით ამურიც, ამ საქმეში,
ჩვენი მოისარია!
მაია დიაკონიძე
28.09.2022წელი

როცა შენთან ვარ!
დილით ვიღვიძებ დანაყრებული, ვით თოთო ბავშვი,
დედა რომ კვებავს მთელი ღამე, ალერსით ავსებს,
ბაგეს მისველებს რძე, ტუჩს მადგას შენი სახელი,
მკლავებში მიმწყვდევ სიყვარულის შიკრიკს და მაცნეს.
მე ვიძირები ლურჯ თვალებში, – ზეცის სიღრმეში,
ასე მგონია, რომ ქალი ვარ ქვეყნად პირველი,
ვინც აღტაცებით იფრინა და გიმზერს ღიმილით,
გაბრუებული სურნელებით ნორჩი იელის.
ამიყვან ხელში და მატარებ ვარდების ბაღში,
დამეფინება ბროლის მკერდზე ფურცლები ვარდის,
ბედნიერების სათუთ კოცნას მომახლის ქარი,
და მაშინ ვხვდები, ზოგჯერ თხოვნა ზეცაში ადის.
მაია დიაკონიძე
20.06.2022წელი

ისევ დალისა და მონადირის სიყვარულზე ქართული მითოლოგიიდან:
დღისით ჯიხვებზე ნადირობ,
ღამით ჯიხვის რქას მომართმევ,
გინდა, რომ მომინადირო,
სიყვარულ შევსვათ ზედაშე,
ვარსკვლავებ ზედ გადმომაყრი,
გამაბრჭვინ-გამაბრდღვიალებ,
ჩემი ოქროის დალალი,
ბზინავს ვით ,,ვარდი სინაზე",
დაეფინება მთა-ველებს,
შენც გაგხვევს შუქში დილამდე,
სადაც რომ არ უნდა იყო,
სულშეძრულ სულ მე მინატრებ.
------------------------------
პირიმზის სანახავადა
ეშურებოდი მაღლითა,
გზაი ჩაგიჭერ, დაგიდექ
წინ ოქროთმით, დალალითა,
ვეღარ გაუძელ ცდუნებას,
პირს დამეკონე მალითა,
მინდა სისხლ დაგიდიოდე,
ჩემ სიყვარულის ძალითა.
მაია დიაკონიძე
28.04.2022წელი

მოგაყრდენი მე სათუთი ნაზი მხრები,
ჩემს ლამაზ მკერდს სიყვარულის მძივით ამკობ,
თვალში მიდგას მთვარე, მზე და ვარსკვლავები,
და - მიყვარხარ, - მიხარია, როცა ამბობ.
ზღვაზე რომ ჩანს შორეული თეთრი გემი,
მოიჩქარის, ზვიგენივით ტალღებს აპობს,
იქა ხარ და შენ მოგყვება გულიც ჩემი,
დანარჩენი?! ველოდები შენს ნაზ ამბორს.
მაია დიაკონიძე
25.01.2022წელი

მიპატიჟება ღამის პაემანზე (სახუმარო-სალაღობო):
გელოდები, მუხის ძირში, სანთელი არ დაგავწყდეს,
იქ რომ დიდი კუნძებია, იქ გაგიშლი სუფრას მცირეს,
წამოგიღებ ხილს უთუოდ და თან გული რომ არ დაგწყდეს,
ამ ჩემს გულსაც მოვაყოლებ, შენი სიყვარულით სავსეს.
თან მეცმევა ფარჩის კაბა, ზურმუხტ-ლალით მოფენილი,
თავს გვირგვინი დამიმშვენებს, ალმასებით მოჭედილი,
სადედოფლო ქოშით, იტყვი, ტყეში ნეტავ როგორ ივლი?!
კი არ ვივლი, მოვფრინდები ოცნებით და შენზე ფიქრით.
მაია დიაკონიძე
1.08. 2021წ.

ისევ სატრფიალო:
ამ ღამით სუფრას გამიშლი ცის ქვეშ,
ზედ დაგვნათოდეს ვარსკვლავნი, მთვარე,
მე ფეხშიშველი მოვივლი მინდორს,
სურვილით, ნდომით ავავსებ არეს,
რომ მოგეახლო ჩემს რჩეულ რაინდს,
მოგაყრდნო მხარზე ნატეხი ფრთები,
შენ ღამით ჩემი იქნები ზევსი,
მე შენი ლედა ოქროოსფერ თმებით.
მაია დიაკონიძე
28.07.2021წ

ისევ სატრფიალოები:
მე შენი ტრფობის ბურუსში ვარ კვლავ გახვეული
და ფთილა-ფთილა იმედებით გული მევსება,
იქნებ გიყვარვარ, იქნებ გსურვარ, იქნებ გჭირდები,
თვითონ მიპოვე, არ დამჭირდეს ხელის ცეცება.
-------------------------------
ო, ჩემო ზევსო, წუხილისთვის კვლავ გამიმეტე,
სიტყვას არ მეტყვი, ჩაგვეშალა დღენი თაფლობის,
თუ გინდა ისევ შენი ნაზი ლედა ვიქნები
და აღარ ჰქონდეს ჩვენს სიყვარულს დღე დასასრულის..
მაია დიაკონიძე
24. 07. 2021წ.

შენ!

შენ

სიყვარული მოგქონდა ჩემთვის,

მეც მომეტანა, ვცდილობდი ამას,

და როგორც შენი მოჭრილი ფესვი,

რომ აღვმდგარიყავ, ვიკრებდი ძალას.

მივიწყებულ

,,მეს" სულ გახსენებდი,

დროდადრო სიზმრად გევლინებოდი,

იქნებ

დროს და ჟამს უკვე მინებდი,

აღარ გახსოვდი, აღარც მელოდი.

მძინარეს

ახლა გამომეღვიძა,

როს

შენი კოცნა ტუჩზე ვიგემე,

და თუ შეხვედრა შენთან მეღირსა,

უფალს გამოვთხოვ ჩვენ წილ სიკეთეს.

24.09.2022წელი


Saturday, November 11, 2023

ალბათ, ღირსი ვარ ამისა! (ხალხურ მოტივებზე)

 

ალბათ, ღირსი ვარ ამისა!

 

ქვეყნად რაც რამე შამემთხვა,

ალბათ ღირსი ვარ ამისა,

მეგობარ ვერ შავარჩიე

ჩემი ფერის და ყანდისა.

ღმერთო, მასწავლე გარჩევა,

მოკეთისა და ავისა,

სანამ შენ მოგეკედლები,

აღარ მივენდო არვისა.

 

25. 09.2023 წელი

კაფიობა, მაია დიაკონიძე, ელგუჯა ციგროშვილი

ამაღამ, შენ რომ გეძინა, სანთლის გამოვყევ ნათელსა, მინდოდა მოგფერებოდი,
ღვინოს გასმევდი ,,ატენსა", ვნახე, გვერდს სხვა გიმშვენებდა,
თმებ მავჭერ იმ ჩვენ გამყრელსა, მიკვირს, როგორ ვარ ცოცხალი ან როგორ ვითმენ ამდენსა.
მაია დიაკონიძე
27.10.2023 წელი


ერთი ლექსის კომენტარად .
1 . მე მუდამ მარტო ვიძინებ, ტყუილადა გღრღნის ეჭვია, ჩემ გვერდზე კატა წოლილა , ბნელში ის გაგიკრეჭია . 2 . დილით ატეხა კნავილი , ვამშვიდებ წვალებ~წვალებით , კატები დამცინებენო , ~ სახეს იხოკავს ბრჭყალებით . 3 . ეჭვმა ანგრია კოშკები , რაც სიყვარულით აიგო ,
ეჭვი რომ მავნებელია ,~ ოტელომაც კი გაიგო . ელგუჯა ციგროშვილი . ქ . თესალონიკი . 27 . 10 . 2023 წელი .

უდაბნოში

უდაბნოში
მე უდაბნოში ამოვტეხე ერთი ადგილი,
რომ ვქცეულიყავ საქსაულად ან პირამიდად,
არ მეცოტავა მაღლა ცამდე დრო და მანძილი,
უნდა მომეწყო იქ ბაღები სემირამიდას.
ზევით ზეციდან რომ მიმეღო რამე ნიშანი,
გაკიდულ ვარდებს აისისას ავწევდი მხრებით,
კვლავ შემახსენეს, როს მივიღე უცხო ფირმანი,
,,შენ ხომ უბრალო კაცის ძე ხარ და არა ღმერთის".

და მაინც მე ხომ სურვილების ახდენად ვიქეც,
მდგომი უდაბნოდ, საქსაული თუ პირამიდა,
ზევიდან ზეცა ცისფერთვალა დანდობით მიცქერს,
მეც ვშლი ტოტებს და მზისკენ ვიწევ, მეტი რა მინდა?!
მაია დიაკონიძე
11.11. 2023 წელი