Monday, April 4, 2022

მინიმა

 არ ვიცი, იყავი თუ არც კი იყავი,

გულში კი დატოვე, ვარდი და ფიქალი,


Saturday, April 2, 2022

რა საოცარი ხმა ჰქონია დასკდომას კვირტის (სატრფიალო)


ისიც კი მესმის!


რა საოცარი ხმა ჰქონია დასკდომას კვირტის,

ისიც კი მესმის, კვირტი კვირტს რომ ეჩურჩულება,

შრიალი მესმის, სიოს ნაზი შეხებაც მესმის,

როგორ იღვიძებს და მშვენდება ჩვენი ბუნება.

მესმის შენი ხმაც, შორეული ჩურჩულიც მესმის,

გულის ხმაც მესმის, დედამიწის მაჯის ტონია,

სულში რომ მოდის, იმ ბგერების ხმაურიც მესმის,

დაბადებიდან შენი სმენის ნიჭი მქონია.



პოეტს! (სატრფიალო)

პოეტს!

მე არ ვიცი, ვისთვისა წერ ლექსებს,
შენს ფაქიზ სულს ვისი სული ხიბლავს,
მაგრამ, ვიცი, უტოლდები ღმერთებს,
შეამჩნევენ შენს გულსა და ნიჭსაც.
და თავს იკლავს ამ ღამეში ტანგოს
რითმში სადღაც მოცეკვავე წყვილი,
მიამსგავსე, ალბათ, გრეტა გარბოს,
შენ იმ ქალის პროფილი და ჩრდილი,
და ტირიან საყვირი და დოლი,
ეს ჰანგები მერე ვიღას ანდონ,
ტრფობის აღვირს მოქაჩავენ ორნი,
ნუ მოიკლავ თავს, ძვირფასო, მარტო.
მაია დიაკონიძე
2.04.2022წელი 

არ გავიგონო!

 მომესმის სადღაც კვნესა ლერწამის,

ქვითინებს, როგორც პატარა ბავშვი,

ბედისწერაა იქნებ  ეს წამი...

მე სავარძელში ვისვენებ სახლში.

შრიალი მესმის ფოთოლთა ცვენის,

წამი წამს უხმოდ, მდუმარედ ებმის,

მე კი საწოლში მკვდარივით ვწვები,

არ გავიგონო სიჩუმის ხმები.



Friday, April 1, 2022

სიმღერა (ხალხურ მოტივებზე, სატრფიალო)

სიმღერა
(ხალხურ მოტივებზე)
გაბრწყინდი ჩემო ვარსკვლავო,
ნუ გამდოვრდები ფერადა,
ფეხსავალ გზებ გამინათე,
ნურც გადმამხედამ ცერადა.
იბრწყინე, როგორც აროდეს,
უნდა გებრწყინა, გენათა,
შენია ზეცის კარავი,
შენია მთელი ქვეყანა.
მაჰფინე შუქი მთა-ველებ,
მეც მამეც, გითხარ წეღანაც,
შუქ შენი მუდამ მჭირია,
თორემ ჯანღ გადამეყარა.
მაია დიაკონიძე
1.04.2022წელი

მე შენ დამარქვი! (სატრფიალო)

მე შენ დამარქვი სიყვარულის ნაზი მადონა
და ლამაზ მუზად ჩამისახლე სპეტაკ სხეულში,
ამ გაზაფხულმა ალუჩების ფიფქით დამთოვა
და გულს ოცნებას სანეტაროს შენსას ვერ ვუშლი.
ამახმიანე პოეზიის ჟღერად სიმებად
და ვით ყურძენი გამომწურე უტკბეს ლექსებად,
ჩვენი შეხვედრა დასაბამით ღმერთმა ინება,
სიტყვების ექო ყურს მიფონებს, მეალერსება.
მე შენ დამარქვი სიყვარულის ნაზი მადონა
და ლამაზ მუზად ჩამისახლე სპეტაკ სხეულში,.
გჯეროდეს, ჩემო, შთაგონება მარტო არ მოვა,
პირბადრი მთვარეც გარიჟრაჟზე მუდამ მზეს უცდის.
მაია დიაკონიძე
1.04.2022წელი





მინდა შენთვის ვლამაზობდე (სატრფიალო, ხალხურ მოტივბზე)

სიმღერა
(ხალხურ მოტივებზე)

მინდა შენთვის ვლამაზობდე,

მარადიულ ვიქცე ევად,

გატყვევებდეს სილამაზე

ჩემთა თვალთა, ბაგე-მზეთა,

ყველა სურვილეს აგიხდენდე,

თუ კი ქვეყნად რამ გქონია,

არასოდეს აღარ მორჩეს

სიყვარულის აგონია.