Tuesday, January 8, 2019

ძახველი (საბავშვო ზღაპარი)

                      ძახველი

  მაია ბებიას  ლოგინთან ფუსფუსებდა, ხან მის საწოლზე ჩამოჯდებოდა, ხან შუბლზე ხელს დაადებდა, ცხელი აქვს თუ არაო. პაპაც ადგილს ვერ პოულობდა, ოთახიდან ოთახში გადი-გამოდიოდა, ბოლოს მეუღლესთან შედიოდა და ეკითხებოდა: - როგორ ხარო, - ბებიაც,  - ჩახლეჩილი ხმით, ოდნავ გასაგონად პასუხობდა: - არა მიშავსო, - მაგრამ ჩუმად კვნესას განაგრძობდა, პაპას რომ არ გაეგონა და უფრო მეტად არ ენერვიულა, კვნესას ხველაც ემატებოდა. დროდადრო ფანჯრიდან მაიას მეგობარი ჩხიკვი მახარა შემოიხედავდა, ისიც ნერვიულობდა ბებიას ავადმყოფობის გამო, ის კი არა და, თაგვი ნიგოზაც აღარ დარბოდა სხვენზე, კაკლების ჩხარაჩხურმა არ შეაწუხოს ავადმყოფიო,  ძაღლი ბახულაც დუმდა, მისი ყეფაც აღარ აყრუებდა არემარეს. - ბებო, სულ გაგითავდა მამას ჩამოტანილი წამლები? - უკვე მერამდენედ ეკითხებოდა გოგონა ბებიას, - პასუხიც იგივე იყო, - გამითავდა, ბებია გენაცვალოს, ნუ ღელავ, მალე მოვრჩები, ჩვენებიც რამდენიმე დღეში ჩამოვლენ ქალაქიდან, წამლებს ჩამოიტანენ, ასე ნუ განიცდი ამ ამბავს, გზებია ჩაკეტილი, თოვლმა ჩახერგა, თორემ ექიმიც ჩამოვიდოდა და უკვე ფეხზე ვიდგებოდი, - ამბობდა ბებია და შვილიშვილს ხელს მის საწოლთან დახრილ თავზე უსვამდა, რომ დაემშვიდებინა. უცებ ფანჯრის მინაზე ნელი კაკუნი გაისმა, ჩხიკვი მახარა გოგო მაიას გარეთ იხმობდა. ამოიცვა ჩექმები გოგონამ, ქურქიც გადაიცვა, ქუდიც დაიხურა და გარეთ გავიდა. მახარამ ერთი ხის ტოტიდან მეორეზე გადაინაცვლა და დაიწყო: - მახსოვს, ერთხელ გაზაფხულზე ბულბული გაგვიხდა ავად, სამი დღე აღარ მღეროდა, კოდალა ექიმთან ძლივს მივიყვანეთ ჩიტებმა, ისე სუსტად გახლდათ, ძახველის ყვავილები გამოუწერა საჭმელად, ხომ გახსოვს ძახველის თეთრი ყვავილები? - ჩაეკითხა მაიას,  - იმანაც, როგორ არ მახსოვსო, თავი დაუქნია,  - ჰოდა, მაგ ძახველის ყვავილების ჭამამ მოარჩინა ბულბული და ბებიას როგორ ვერ უშველის, თუმცა, ახლა ყვავილები კი აღარ აქვს, წითელი ნაყოფი აბიაო. - ჩხიკვმა ახლა სხვა ტოტზე გადაინაცვლა, თავი ზევით აწია, იქვე ხეზე მჯდარ ყვავებს მტრულად გახედა და თქვა: - ეგენი ახლა სულ მაგ ნაყოფით იტკბარუნებენ პირს და ვერა ხედავ, რა ჯანმრთელად გამოიყურებიან და რამდენს ყრანტალებენო? იქნება, ჩვენს ბებიასაც რამე უშველოსო. -  გოგონამ დიდი მადლობა მოუხადა მეგობარს და სასწრაფოდ შებრუნდა სახლში, პაპასთვის უნდოდა ეს ამბავი რაც შეიძლება სწრაფად ეამბო. პაპამ თავში იტაცა ხელი, - ეგ მე როგორ არ გამახსენდა, ძახველი გაციების წამალიაო, - და გოგონასთან ერთად ტყისკენ გაეშურა. ტყეში თოვლს დაეფარა ხეები, თოვლი ადგილ-ადგილ შეგუნგლულიყო მინდორზე, ხის ტოტებზე და ათასნაირ ცხოველს აგონებდა გოგონას. აგერ, პატარა თეთრი კურდღელი, ღელის პირას ჩაცუცქულა, თითქოს წყალს სვამს, აგერ თეთრი დათუნია ჰკიდია ხეზე, წინა თათებით დაბჯენია მიწას ზღარბუნია, უკანა თათები მაღლა აუშვერია, უნდა გაეცინოს მაიას, მაგრამ ამის დრო ახლა არა აქვს, მაინც ეღიმება, იცის მაიამ, რომ ეს ნამდვილი ცხოველები კი არა, თოვლის გუნდებია, ოღონდ სხვადასხვა ფორმის, ხელს თუ ახლებ, მაშინვე დაიფშვნებიან. აი, ძახველის ხეს მიადგნენ ის და პაპა, ძალიან მაღალი არ არის, მაიასაც შეუძლია ერთი-ორი ტოტი მოტეხოს,  წითელი ნაყოფით დახუნძლული, ლამაზად რომ იჭყიტებიან თოვლის ქვემოდან,  თუმცა კი ეცოდება, მაგრამ ბებიას შველა რომ სჭირდება?! - ძახველი ძალიან სასარგებლო მცენარეა, - ეუბნება პაპა მაიას, - მასში "ცე" ვიტამინია, რომელიც გაციებას ებრძვის, ადამიანის იმუნიტეტს ამაღლებს, თაფლსაც კი შეიცავს მისი  ნაყოფი,  ჩემო გოგონი, კიდევ სხვა მრავალ სასარგებლო ნივთიერებას, მაგალითად, კაროტინს, ამის მერე გეცოდინება, - ამბობს პაპა და სიამოვნებით კრეფს ძახვლის ნაყოფს, თან გემოსაც უსინჯავს და  საუბარს განაგრძობს: - ეს რა კარგად გახსენებია შენს ეშმაკუნა ჩხიკვს ამის შესახებო, - იღიმება. - კაროტინი რა არისო, - ის იყო უნდა ეკითხა მაიას, რომ იქვე ჩხიკვმა მახარამ ატეხა ჩხავილი: - ჩქარა, ჩქარაო! -  იქვე შორიახლოს ხეზე ჩამომჯდარიყო და პაპა-შვილიშვილს უყურებდა, ემანდ არ შეაგვიანდეთ სახლში მისვლაო. ტოტებდახუნძლული მოდიან მოხუცებული და გოგონა გზაზე, სახეები ძახვლის ნაყოფივით უბრწყინავთ. მზე გამოსულა ცის კაბადონზე, გარშემო ყველაფერი ბრდღვიალებს, თვალისმომჭრელად ბზინავს თოვლი, ძახველის ტოტების ჩრდილიც კი ვარდისფრად კიაფობს მასზე. პაპა-შვილიშვილი სახლისკენ მიიჩქარიან, მათ ხომ ბებიასთვის წამალი მიაქვთ.
      რამდენიმე დღის შემდეგ ბებია უკვე თვითონ უდუღებდა მთელ ოჯახს ძახველის ჩაის, პაპას, მაიას, მის დედ-მამას, პატარა ძმას. ორთქლი ასდიოდა მადუღარას, ფინჯნებს. ბუხარში შეშა ტკრციალებდა, მინებიც დაორთქლილიყო, ამიტომ ფანჯარაში მომზირალი ჩხიკვი მახარა სახეებს კარგად ვერ არჩევდა და გული წყდებოდა, ჩხიკვების ცნობისმოყვარეობის ამბავი ხომ ყველამ ვიცით, მაგრამ ეს თვისება ზოგჯერ  საჭიროცაა და აუცილებლიც, ხომ მეთანხმებით ამაში?

1/8/19 12:53 PM

Sunday, January 6, 2019

ტყვე ყოფილა მარტო გულის

ფესვი მძლავრობს სიყვარულის,
სითბოს მოსვლა არ აცალა,
კვირტს კვირტებზე სწრაფად ისხამს,
ყვავილებიც გადაშალა.
ზამთარია, თუმცა, ვხედავ,
ზეიმია სიყვარულის,
არც დრო იცის წელიწადის,
ტყვე ყოფილა მარტო გულის.







Friday, January 4, 2019

სულში ათასი ჭირი ტრიალებს

სულში ათასი ჭირი ტრიალებს და ზამთარს ყინვას ვემათხოვრები,
მსურს, გამიცივოს ეს ჩვილი გული, გახევდეს მორჩი ბოლო ნერვების,
ახდია თავი ჭას და ავსილა, საზამთრო ქარებს შემოაქვთ ჭუჭყი,
დაიწმინდება როდისღა წყალი? უკვდავებისას დადგამენ ჭურჭლით?
კარდბლანშს მაძლევენ თეთრწვერა მთები, - მოისვენეო, აღარ ჩანს გზები,
იქნება სადმე დაგიცდეს ფეხი, ხელმოსაჭიდიც გამხდარა ხმელი,
- გადაჰფარვია ცას შავი ბოლი, ნაფლეთებს ღრუბლის მართმევენ, თითქოს,
გამოიჭყიტავს მზეთამზე ბრძენი, - იმედს ნუ კარგავ, -  ოპტიმიზს ითხოვს.
მეც მებრძოლივით გადვიყრი ნაღველს, როგორც დიდ ხორთუმს ისწორებს სპილო,
დაველოდები თეთრონ აპრილებს, რომ დაგვიტოვებს უამრავ ხვითოს,
ნაწამლი სულით გავეშურები, უპატრონო სახლს დავადგამ წალამს,
ლურჯ იალქნებად ცად  ავიშლები, ჩავაწობ ზღვაში ფრთასა და კალამს.







Thursday, January 3, 2019

ჯოჯოხეთში ვარ თუ მელანდება?

ჯოჯოხეთში ვარ, თუ მელანდება?
მზე ჩადის, ტყეში მალე ღამდება,
ვხედავ, გველების ფერად გრაგნილებს,
ტანში მზარავს და უფრო მაციებს...
წრე შემოუკრავთ დევისთვის ჯოჯოთ,
იმის ფეხებთან ტკეპნიან ღოლოს,
ეს თუ ყოფილა ამათი ღმერთი?
რძის დამაწვნებას სჭირდება კვეთი,
ისე იწოვენ იმის ოხშივარს,
ბილწს და გესლიანს, შხამად მოდინარს,
ნეტავ, არ ჰყოფნით, ამდენი ლაფი?
ტანზე ისხამენ მუჭებით, ხაპით.
აქ გაუმართავთ ჭინკებს აღლუმი,
მოუსხამთ ფრთები, თითქოს, ღამურის,
კაციც ვიცანი ერთი თუ ორი,
იქავე ყრია იმათი მძორი.
რა გააკეთეს ასეთი, ნეტა,
ხედავდეს ამას ამათი დედა,
ქცეულან კერპის მონებად, ხევთან
ეშმაკი ერთი თავებსა სხეპავს.
სხვა კი ატყავებს, ცოცხლად ხორცს აჭრის,
ცეცხლზე ხვლიკებთან დგას დიდი ქვაბი,
შიგნით ყრის, მერე უსინჯავს გემოს,
ენით ეკრობა, წურწურებს წებო.
ჯოჯოხეთის დგას იქვე მაშხალა,
მოარბენინებს დიდ ტახტს ჩქარ-ჩქარა
ორი ეშმაკი, დადგეს მიწაზე,
ყველა გადადის თავით ყირაზე.
უცებ გაისმა გუგუნი მიწის,
შეაზანზარა რქებით და ჩლიქით,
გარშემომყოფებს მოავლო თვალი,
ბანჯგვლიანს უჩანს ტუჩების რკალი.
ქვეშევრდომების გაისმა ოხვრა,
ვეღარ გავუძელ შიშსა და  კოშმარს
და მივეახლე, ვით ერთი მონა,
გავმართე ცეკვა, ტყიური როკვა.
წითელ თვალებში გიზგიზებს ცეცხლი,
მათვალიერებს ბოროტი მზერით,
- აქ რა გინდაო, ადამის ძეო,
ჯერ არ დამდგარა განკითხვის დღეო,
ანგელოზებმა დაგტოვეს, ნუთუ?
ყნოსავდი, ალბათ, ჰაშიშს და ბურნუთს,
ცოდვები თუმცა გაქვს შენაც ბევრი,
ჯერ არ დათვლილა საშენო დღენი.
- მტაცეს ხელი და დამაგდეს იქვე,
ეშმაკთა ზეიმს ვუცქერდი ის დღე,
ზოგიერთ კაცთა ღრეობას ჰგავდა,
ღმერთი შემინდობს... ღირდა კი ნახვად?!


















Wednesday, January 2, 2019

სვენებ-სვენებით აივანზე ვსვამდი მე ყავას

სვენებ-სვენებით აივანზე ვსვამდი მე ყავას,
სვენებ-სვენებით მივყვებოდი ცხოვრების შარას,
სვენებ-სვენებით მეც დავწერე ვნებების ლექსი,
სვენებ-სვენებით დამეფინა ოქრო და ვერცხლი,
ახლა ყვავილებს ჩემს გარშემო ველი და ვეტრფი.

გოგო მაია ტყეში სტუმრად (საბავშვო ზღაპარი)

                              გოგო მაია ტყეში სტუმრად

    მაიას თოვლი ძალიან უყვარდა, მთელი წელი მის მოსვლას ელოდებოდა. შემოდგომის ბოლოს ან დეკემბერში, ისიც მოვიდოდა და გადაიბარდნებოდა ირგვლივ მიდამო, ტყეები, ველები. სოფლიდან შორს წასვლას ვერ ბედავდა, მაგრამ ახლოებში ხშირად გაისეირნებდა ხოლმე. მართალია, ტყისმცველის შვილი იყო, მაგრამ სკოლაში წასვლის დრო რომ დაუდგა, ოჯახი სოფელში გადმოსახლდა, ტყიდან ბავშვი სკოლაში როგორ ივლისო, შენიშნა დედამ და ეს ამბავიც უცებ გადაწყდა. ენატრებოდა მაიას ტყე, შორიდან შესცქეროდა, ჩხიკვი მახარაც ენატრებოდა და თაგვი ნიგოზაც, თავისი ძველი მეგობრები, ძაღლი ბახულაც იქ დარჩა, მამა ხშირად ისევ ტყისმცველის სახლში რჩებოდა, იქ ათენებდა ღამეს. გაეშურა ტყისკენ, რა ეგონა, ასე მალე თუ შემოაღამდებოდა, აღარ გაახსენდა, რომ დეკემბერში ღამეები ყველაზე გრძელია, დღეები კი -  მოკლე. მიდის გოგონა, თოვლში მიაბიჯებს, ამ დროს მგლის ყმუილი შემოესმა, ნაბიჯს აუჩქარა, შეშინდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, ნერვიულობა რას მარგებსო, თავის მეგობრებს დაუძახა - მახარა, მახარა, ბახულა! - დიდი ხნის ჩაძინებულ ჩხიკვს ძახილზე გამოეღვიძა, მეგობრის დასახმარებლად გაფრინდა, თან მეგობარი ჩხიკვებიც გაიყოლია, ისინიც გააღვიძა, ჩემს მეგობარს დახმარება სჭირდებაო, აწიოკდა ტყე, ნელ-ნელა სხვა ჩიტებმა გაიღვიძეს, ფუღუროებიდან ციყვები გამოვიდნენ, რა ხდებაო, იძახდნენ და თვალებს იფშვნეტდნენ,  - გოგო მაია მოდის ტყეში ჩვენს სანახავად და გზაში შემოაღამდა, შველა სჭირდებაო, -  ყრანტალებდნენ ყვავები, ყველას გასაკვირად, თურმე იმათაც ჰქონებიათ გული და მათაც ყვარებიათ გოგო მაია, ირმებიც დაფრთხნენ, ვაითუ მგელმა შეჭამოს გოგონა, ყველა ერთად წავიდეთ, მივეშველოთო. ძაღლი ბახულა რის ბახულა იქნებოდა, აწიოკებული ტყე რომ არ დაემშვიდებინა, - მე მომანდეთ ეგ საქმე, ნუ გეშინიათ, მაიას მთელსა და ჯანმრთელს მოგიყვანთო. ხეებიც შეიშმუშნენ, მაგრამ ძაღლის სიტყვებმა ისინიც დაამშვიდა. ბახულამ მგელს გასძახა, - გოგო მაია მოდის ტყეში და არ შეაშინოო, -  ერთმანეთის მტრები კი იყვნენ მგელი და ძაღლი, მაგრამ გოგო მაია მგელსაც უყვარდა, ისეთი ნაზი და სიფრიფანა იყო, თანაც ტყის ქომაგი და დამცველი. - რას ამბობ, მეგობარო,  - გასძახა ძაღლს, - პატარა გოგონას როგორ შევჭამ, "მაუგლი" არ წაგიკითხავს, მგლებმა გაზარდეს ტყეში დარჩენილი პატარა ბიჭიო, - ცოტა კი შერცხვა ბახულას, მგელს ეს რა ვაკადრეო, მაგრამ თავი დაიმშვიდა, სხვა დროს გადავუხდი პატივისცემასო და გოგონასკენ გაიქცა.
            მიდის გოგო მაია ტყისკენ, ფეხები თოვლში ეფლობა, ძლივს მიიკვლევს გზას. უცებ ჩხიკვები გამოფრინდნენ ტყიდან დიდი აურზაურითა და ჩხავილით, ერთმანეთს ასწრებდნენ ლაპარაკს, ბოლოს მახარამ ყველა გააჩუმა და გოგონას მხარზე შეასკუპდა,  _ წამოდი, გენაცვალე, სახლისკენ მე გასწავლი გზასო, - ყურში ჩასჩურჩულა. გახარებულმა მაიამ ხელი გადაუსვა ჩიტს და ნიკარტზე აკოცა, ხედავს, აგერ ბახულა გამოვიდა ტყიდან, იმას ირმებიც მოჰყვნენ, გახარებული ციყვები ნაძვებზე ადი-ჩამდიოდნენ, არაფერი დაშავებია ჩვენს გოგოსო, ის კი არა და მგელიც, შორიდან უთვალთვალებდა ამ აურზაურს, უხაროდა სიყვარულის ზეიმი, ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან, თუმცა ეს წუთიერი სისუსტე იყო, უცებ ცას შეჰყმუვლა, აბა, თავის ზნეს როგორ მოიშლიდა?! ცოტა კი შეშინდნენ ფრინველები და ცხოველები, მაგრამ ძაღლმა დაამშვიდა, სიხარულისგან ყმუისო. ასე დამთავრდა გოგო მაიას ტყეში სტუმრობის ამბავი. თაგვმა ნიგოზამ ჩხარაჩხური აუყენა კაკლებს, ისეთი ცეკვა-თამაში გააჩაღა სხვენზე, გოგონა რომ სახლში მივიდა. მამაც მალე მოვიდა სამსახურიდან, სხვა ქალაქში წასულიყო საქმეებზე, საყვედური კი უთხრა შვილს, მაგრამ საღსალამათი რომ დაინახა, ძალიან აღარ გაბრაზებულა. გარეთ გავიდა და ტყეს გასძახა, - მადლობა, ჩემო მეგობრებოო! - ტყესაც სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა და მორცხვად დახარა თავი.
2.01.2019 წელი

2.01.2019 წელი

Tuesday, January 1, 2019

ახალი წელი

ღამემ ალურით ჩაგვიარა, ბედაურივით,
ნეტავ, ვინ არის სტუმარი მისი?
ეს აზარფეშა, ავსებული ნდომის სურვილით,
კარგა ხანია, სუფრაზე იცდის.
             _______________
ათასი სანთელი ელავს და ინთება
ვარსკვლავი ზეცაში, სულ მაღლა ასულა,
შემოდის  ნათებით, კაშკაშით, ლიცლიცით
ახალი წელი და ქურქს იცვლის ღამურა.